მთავარი,სიახლეები

4-წლიანი დავა ალიმენტზე დასრულდა, მაგრამ ბავშვებს მაინც არაფერი შეხვდათ

02.12.2021 • 1863
4-წლიანი დავა ალიმენტზე დასრულდა, მაგრამ ბავშვებს მაინც არაფერი შეხვდათ

ისტორია, რომელიც ერთი ქალის განქორწინებას და ბავშვების ალიმენტს ეხება, 2018 წელს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამ უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე. შემდეგ იყო სასამართლო პროცესები, სადაც გადაწყდა, რომ უნდა გაიყიდოს კაცის და ქალის საკუთრებაში არსებული ერთადერთი საერთო ქონება – მიკროავტობუსი, რათა ბავშვების ალიმენტის დავალიანება დაიფაროს.

მიკროავტობუსის 50% სასამართლომ ქალს მიაკუთვნა, 50% კი – კაცს. 

ნახეთ, როგორ დასრულდა გულნაზ ა-ს და მისი შვილების ოთხწლიანი დავა ალიმენტზე.

წელს, 4 ნოემბერს, კაცის კუთვნილი მიკროავტობუსის 50% სახელმწიფომ 4550 ლარად გაყიდა. საპატრულო პოლიციამ მიკროავტობუსი ახალ მესაკუთრეს ისე გაატანა, რომ მეორე მესაკუთრეს – გულნაზ ა-ს არაფერი შეატყობინა, არადა, ავტომანქანის 50 % სწორედ მისი საკუთრებაა.

ავტომანქანის გაყიდვის მიუხედავად, ბავშვებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ არც ერთი თეთრი ალიმენტისთვის დადგენილი თანხიდან. ბავშვების დედამ არც ის იცის, ამ თანხიდან საერთოდაც თუ შეხვდებათ რამე მის შვილებს. სამაგიეროდ აღმასრულებელმა იცის ზუსტად, რომ მიკროავტობუსის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის 7%-ს თავად მიიღებს.

ავტომანქანის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი შესაძლოა პარკინგის გადასახადში გაიხარჯოს: გულნაზ ა-ს წარმომადგენელს აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, რომ მანქანა საპატრულო პოლიციის ფასიან ავტოსადგომზე იყო გაჩერებული დაახლოებით 810 დღე. 

შსს-ს პრესცენტრში არ მოგვაწოდეს ინფორმაცია კითხვაზე: რა თანხის გადახდაა საჭირო დღეში დაყადაღებული ავტომანქანის ფასიან ავტოსადგომზე გაჩერებისთვის.

ფასიან ავტოსადგომზე მანქანის გაჩერების საფასური ზოგადად დღე-ღამეში 6 ლარია.

„გაუგებარია, რატომ გადაიყვანეს საერთოდ ფასიან ავტოსადგომზე, როცა აღსრულებას აქვს უფასო ავტოსადგომი და როცა საქმე ალიმენტს ეხება, ანუ პირი არ იხდის ალიმენტის ფულს,“ – ამბობს გულნზა ა.-ს წარმომადგენელი.

ბათუმში მცხოვრებ გულნაზ ა-ს ორი მცირეწლოვანი შვილის ალიმენტის მისაღებად სამართლებრივი დავა აქვს 2018 წლიდან. სწორედ ამ დავის დროს გამოჩნდა, რომ მიკროავტობუსი იყო ერთადერთი ქონება, რაც განქორწინების შემდეგ ბავშვების მამას, გელა ბ-ს აღმოაჩნდა. შესაბამისად, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ შვილების დედა – გულნაზ ა. მიკროავტობუსის თანამესაკუთრედ მიიჩნია. რადგან კაცი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ალიმენტს არ იხდიდა, იძულებითი აღსრულების წესით, მისი კუთვნილი 50 პროცენტი აუქციონზე გასხვისდა.

„4 ნოემბერს გაიმართა აუქციონი, 7 ნოემბერს თანხა ჩაერიცხა სახელმწიფოს, მაგრამ ამ დრომდე აღსრულებას თანხა არ მიუცია შვილების დედისთვის…“ – ამბობს გულნაზ ა-ს კანონიერი წარმომადგენელი.

საქმის მასალებს ერთვის გულნაზ ა-ს წერილებიც, რომელთა მიხედვითაც ის თანახმაა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე მიკროავტობუსის მისი წილიც გაასხვისოს, მაგრამ მქალს ამაზე უარს ეუბნებიან.

„აღსრულება თავდაპირველად გვეუბნებოდა, რომ მანქანას საერთოდ ვერ გაიტანდა აუქციონზე, რადგან მანქანას ორი მესაკუთრე ჰყავს, ეს უცნაურია და ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ გვქონიაო. ოფიციალური წერილიც მაქვს, რომ აუქციონზე მაქვს მიღებული აღსრულებიდან, რომ ამ მიზეზით შეუძლებელი იქნებოდა აღსრულება…

აღსრულებაში გვითხრეს ისიც, რომ ფასიანი ავტოსადგომის თანხას გადაიხდიდა გულნაზიც, როგორც თანამესაკუთრე. მანქანა აუქციონში ვინც იყიდა, მას ისე გაატანეს, რომ ჩვენთვის არაფერი  შეუტყობინებია საპატრულო პოლიციას,“ – განმარტავს გულნაზის წარმომადგენელი.

აღმასრულებელს შვილების დედისთვის დღემდე არ უთქვამს, გაყიდული ავტომანქანიდან მას რამდენი ლარი ერგება. გულნაზს მხოლოდ ის აცნობეს, რომ მიკროავტობუსი 4550 ლარად გაიყიდა და ის ვინმე ხვიჩა ბ-მ შეიძინა. აღმასრულებლის წერილის მიხედვით ასევე ირკვევა ის, რომ ბავშვების ალიმენტის თანხიდან 7 %-ს ითხოვს სახელმწიფო აღმასრულებელი.

წერილში არაა ნახსენები, რამდენი ლარი აქვთ გადასახდელი მიკროავტობუსის თანამესაკუთრეებს იმის გამო, რომ ავტომანქანა იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყებიდან ანუ 2019 წლიდან 2021 წლის ნოემბრამდე ფასიან ავტოსადგომზეა გაჩერებული.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე და 38-ე მუხლის შესაბამისად, გეძლევათ წინადადება დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით შეასრულოთ ზემოთ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნა და გადაიხადოთ დაკისრებული თანხა. რომელიც შეადგენს 4681.25 ლარს, საიდანაც 4375 ლარი წარმოადგენს კრედიტორის კუთვნილ თანხას, ხოლო 306.25 ლარი აღსრულების საფასურს (დაკისრებული თანხის 7%) აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ, თანახმად სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნისა, ყოველთვიურად უნდა
გადაიხადოთ 374.5 ლარი, საიდანაც 350 ლარი წარმოადგენს კრედიტორის კუთვნილ თანხას, ხოლო 24.5 ლარი აღსრულების საფასურს (დაკისრებული თანხის 7%),“ – ეს ამონაწერია ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების პროცესში მისწერა ბავშვების მამას.

გულნაზის წარმომადგენლებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აშფოთებთ – მაგალითად, ის, რომ თუკი ახალ მესაკუთრეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააჯარიმებენ და ამ თანხას ის არ გადაიხდის, ჯარიმის გადახდის ვალდებულება დაეკისრება ბავშვების დედასაც, რადგან დოკუმენტების თანახმად, ამ მიკროავტობუსის 50 პროცენტი ისევ მისი საკუთრებაა.  

რატომ ითხოვს სახელმწიფო პროცენტს ალიმენტიდან? -„ბათუმელები“ აღსრულების ბიუროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ისინი იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვითაც აღსრულების საფასური 7 პროცენტია. იუსტიციის მინისტრის 144-ე ბრძანება არ აწესებს ცალკე რეგულაციას ალიმენტზე.

„კანონი არ ირღვევა, მაგრამ იუსტიციის მინისტრს შეეძლო მიეღო ცალკე რეგულაცია ალიმენტის კუთხით,“ – განმარტავს საია-ს იურისტი ილონა დიასამიძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც აღსრულების საფასურის განსაზღვრის დროს აღსრულების ეროვნული ბიურო ხელმძღვანელობს, 2010 წელსაა მიღებული და მას შემდეგ იუსტიციის არც ერთი მინისტრი არ დაბრუნებია ბრძანებას, რომელიც ალიმენტიდან პროცენტის ჩამოჭრას ითვალისწინებს.

რატომ მიაჩნია სამართლიანად სახელმწიფოს აღსრულების საფასურის ჩამოჭრა და რატომ არის ეს 7 პროცენტი, როცა საქმე ალიმენტს ეხება, ანუ იმას, რომ ბავშვი მშიერი არ დარჩეს – კითხვებით იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ.

პასუხი ვერ მივიღეთ.

„ჩვეულებრივი პროცედურა გაიარა,“ – მოგვწერეს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრიდან კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო აღსრულებას, ან რატომ ვერ ჩაერიცხა ამ დრომდე ბავშვების დედას 4 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის თანხა. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გულნაზ ა-მ 2019 წელს მიმართა, მას შემდეგ, რაც 2018 წელს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება ალიმენტის შესახებ ნებაყოფლობით შეუძლებელი გახდა.

რატომ გაატანეს მიკროავტობუსი საჯარიმო ავტოსადგომიდან ერთ მესაკუთრეს – ხვიჩა ბ-ს , როცა ამ მოძრავ ქონებას მეორე მესაკუთრეც ჰყავს? – ეს შს სამინისტროში ვიკითხეთ. შსს-ში ამ თემაზე კომენტარი ვერ მოგვცეს.

საპატრულო პოლიციას ასევე ვკითხეთ, რა უნდა ქნას გულნაზ ა-მ, თუკი ახალი თანამესაკუთრე დაჯარიმდება, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბების გამო და არ გადაიხდის ჯარიმებს?

„პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ მოსამართლეს უნდა განესაზღვრა თანასაკუთრებაში გადაცემული ქონებით სარგებლობის წესები, მაგრამ ეს არ დაუდგენია სასამართლოს,“ – ამბობს შვილების დედის წარმომადგენელი, ვისაც ოთხწლიანი უშედეგო დავის შემდეგ ახალი დილემა აქვს: რა უყოს მიკროავტობუსის 50% წილს, როცა ახალი თანამესაკუთრე მისი წილის გამოსყიდვაზე უარს ამბობს?

„ვესაუბრე ახალ თანამესაკუთრეს და მითხრა, არც ვიცოდი, თუ თანამესაკუთრე არსებობდაო. ის უარს აცხადებს გამოსყიდვაზე. გამოდის, სახელმწიფო ალიმენტის საქმეზე აიძულებს დედას უარი თქვას საერთოდ ქონებაზე ან ისევ სასამართლოს უნდა მივმართოთ,“ – დასძინა გულნაზ ა-ს წარმომადგენელმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: