მთავარი,სიახლეები

„საქართველოში ემიგრანტი ქალის ძეგლი უნდა იდგეს აეროპორტში“ | პოდკასტი

07.12.2021 •
„საქართველოში ემიგრანტი ქალის ძეგლი უნდა იდგეს აეროპორტში“ | პოდკასტი

51 წლის ნინო მახარაძემ ფული ისესხა და ბათუმიდან იტალიაში ერთი წლის წინ წავიდა სამუშაოდ. შინ მეუღლე, მოხუცი დედა, შვილები და შვილიშვილები დარჩნენ. ნინომ, ემიგრანტების უმრავლესობის მსგავსად, ქვეყანა სიდუხჭირის გამო დატოვა.

ნინო ოჯახის წევრებს საღამოობით ვიდეოთვალით ხედავს, შინ დაბრუნებაზე ოცნებობს და საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

თითქოს არაფერი განსხვავებული. ყველა ზემოთ ნახსენები  ამბავი მეორდება ემიგრანტებთან, მაგრამ ნინო ჰყვება ბევრს, ჰყვება ყველაფერზე და თან ამბობს, რომ შეუძლებელია ერთ ინტერვიუში ილაპარაკოს ყველაფერზე, რაც ემიგრანტობის წლებს სდევს თან.

ნინო მახარაძის ნაამბობი:

დილა მოხუცის გაღვიძებით იწყება, რომელიც ვერ გცნობს, ვერ გელაპარაკება, ალცჰაიმერი აქვს. როგორც პატარა, უსუსურ ბავშვს, ისე უნდა მოუარო. დღე იწყება მისი მოვლით, გაღვიძებით, წამალი უნდა მისცე, უნდა დაბანო, აჭამო შენი ხელით, მერე უნდა დაასვენო და ისე სათუთად უნდა მოუარო, რომ ერთი შენიშვნაც კი არ უნდა დაიმსახურო შვილებისგან, მისგან.

ხანდახან სიბრალულის გრძნობა გიჩნდება, გეცოდება, ხანდახან გიყვარს კიდეც.

ზუსტად წუთი წუთზე უნდა მისცე წამალი, დროზე უნდა ასადილო, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დააძინო, გააღვიძო, არაფერი არ უნდა შეგეშალოს.

ყველა მისი ამბავი, ინფორმაცია შვილებს უნდა გადასცე, უამბო, როგორ მოუარე და ბოლოს ფოტო უნდა გაუგზავნო.

ხანდახან ვერ იტან ვერც მას, ვერც საკუთარ თავს და ამ ყოფაში ხარ. ასეთ დროს თუ თავი ხელში არ აიყვანე, თუ ისევ თვალწინ არ დაგიდგა სიტუაცია, რაც დატოვე ბათუმში, ჩაალაგებ ბარგს და წახვალ.

  • ძალიან გაჭირვებული უნდა იყოს ქვეყანა და ადამიანი, ამხელა გზაზე რომ ჩამოვიდეს ასეთ სამუშაოზე, თან ამ ფასად

თავიდან ენა არ ვიცოდი და ძალიან გამიჭირდა, თან ისე გიყურებენ მოხუცის შვილები, რახან ასეთ სამუშაოს დათანხმდი და ამხელა გზაზე ჩამოხვედი… ჰგონიათ, რომ არაფერი იცი, შენს ქვეყანაში თანამედროვე არაფერია, არც კერძის მომზადება იცი, არც ცნობა, არც გემოვნება და განათლება გაქვს.

ეს ყველაფერი რომ დაანახო სანამ ენას ისწავლი, მუნჯურად ძალიან ძნელია. ღმერთს მადლობა, ენა მალე ვისწავლე. გამუდმებით ვუსმენდი გაკვეთილებს.

რასაც ემიგრანტებს გვიხდიან, ეს არ არის ის თანხა, რითაც აქ ადამიანმა შეიძლება იცხოვროს.

აქ ყველაფერია: ხილი, საკვები, ბუნება, ჰაერი და არაფერს აქვს ისეთი სურნელი და გემო, როგორც საქართველოში. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ემიგრანტი ვარ საქართველოდან, მართლა ვგრძნობ ამ სხვაობას.

ნინო მახარაძე, ქართველი ემიგრანტი იტალიაში

  • საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე აგებს პასუხს იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდეს ქვეყანა

აქ სახელმწიფო მოხელეები ქვეყანაზე და  საკუთარ ხალხზე ფიქრობენ.

სადაც ვცხოვრობთ, ამ რეგიონში მდინარეც კი არ არის, მაგრამ არავის უჭირს ისე, რომ ვერ იყიდოს წყალი – ონკანის წყალი არ ისმევა. ამ სახელმწიფოსი შეგშურდება.

რატომ უნდა გვშურდეს ქართველებს სხვა ქვეყნის, როცა ყველაფერი გვაქვს, გაჭირვებულები რომ არ ვიყოთ.

საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე აგებს პასუხს იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდეს ქვეყანა. ჯერ არ ვთვლი თავს განწირულად. მადლობა ღმერთს ამ ძალისთვის, რომ აქ ჩამომიყვანა და ჩემს ოჯახს ვეხმარები, მაგრამ მომავალი თაობა?

51 წლის ვარ. არ მინდა ჩემი შვილები იძულებულები გახდნენ ოჯახის დასახმარებლად ემიგრაციაში წავიდნენ.

ევროპა კარგია, როცა კარგი სამსახურის შემდეგ აიღებ ერთკვირიან შვებულებას, დაათვალიერებ, გაეცნობი საოცრად ნაშენებ ძველ იტალიას. აქ ისეთი ქუჩები, სახლები და ეკლესიებია! დასათვალიერებლად ნამდვილად ღირს, მაგრამ აქ ემიგრაციაში ყოფნა რთულია.

ყველაზე მეტად მიჭირს საღამოს, როცა დაღამდება, წაიკითხავ ლოცვას, დაწვები, ბებოსაც დააწვენ, რთულია გაცნობიერება, რომ ახლობლებისგან შენთან ახლოს არავინაა. ათობით კილომეტრზე კი არა, ასობით კილომეტრზეც არავინ გყავს ახლობელი, ნათესავი.

  • დედაჩემი გადარჩა, გამოჯანმრთელდა. იმედია, წლების შემდეგ რომ დავბრუნდები, დამხვდება

ბათუმიდან მარტოდმარტო წამოვედი იტალიაში. 2 დღე-ღამის განმავლობაში წყალიც კი არ დამილევია, სანამ ადგილზე არ ჩამოვედი. ისეთი დაძაბული ვიყავი… ნასესხები ფულით წამოვედი, რთული პერიოდი იყო კოვიდის გამო და უკან გამობრუნების დიდი საფრთხეც არსებობდა.

უკან რომ გამოვებრუნებინე ვინმეს, ეს ვალი კიდევ ვალს დაემატებოდა, ამაზე ვწუხდი, ვიდრე წყლისა და საკვების მიღებაზე. მოხუცი დედა დავტოვე ძალიან ცუდად, პატარა ხატები მქონდა წამოღებული და 2 დღე მეჭირა ხელში. ღმერთს ვთხოვდი, ოღონდ აქ, ჰაერში ნუ გამაგებინებ დედაჩემის გარდაცვალების ამბავს-მეთქი. დედაჩემი გადარჩა, გამოჯანმრთელდა და იმედი მაქვს, წლების შემდეგ რომ დავბრუნდები, დამხვდება.

ეს არის ყველაზე რთული საფიქრალი ემიგრანტისთვის. გინდა ყველა ისეთი ცოცხალი და ჯანმრთელი დაგხვდეს, როგორიც დატოვე.

არ ვწუწუნებ ემიგრაციაში ყოფნის გამო, არასდროს არავისთვის არაფერი დამიმადლებია და არც ამ შრომას დავამადლებ, მით უფრო ჩემს შვილებს და ჩემს ოჯახს. მაგრამ ძალიან რთულია, ძალიან ძნელი და დამამცირებელია.

ემიგრანტი ქალები, მეგობრები, როცა ერთმანეთს ვნახულობთ ხოლმე, ვამბობთ: საქართველოში მიგრანტი ქალის ძეგლი უნდა იდგეს სადმე, აეროპორტის ტერიტორიაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: