მთავარი,სიახლეები

ქვის მაგიდა და 2 სკამი პარკში 6500 ლარად – კიდევ რა იყიდა ბათუმის მერიამ 1 მილიონად

05.12.2021 • 5841
ქვის მაგიდა და 2 სკამი პარკში 6500 ლარად – კიდევ რა იყიდა ბათუმის მერიამ 1 მილიონად

რატომ ჩათვალა ბათუმის მერიამ, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკს ქვის ახალი სკამები სჭირდებოდა და ბათუმელებს მოეწონებოდათ ის დიზაინი, რაც მერიამ ერთპიროვნულად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეარჩია? – კითხვა 3 დეკემბერს, ბათუმის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.

ბათუმის მერიამ ცენტრალური პარკისთვის ახალი ინვენტარის შესაძენად 1 მილიონ ლარამდე, ზუსტად კი, 997 600 ლარი დახარჯა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულიც ის გახდა – შპს „გეოლოდი“. ხელშეკრულებაში, რომელიც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და „გეოლოდს“ შორის გაფორმდა, აღწერილია, რა ფასად მიაწოდა ქალაქს კომპანიამ ქვის სკამები, მაგიდები, ქვის სხვა მონუმენტები.

ბათუმის ცენტრალურ პარკში ადამიანები ქვის სკამებზე ჩამოჯდომას ისევ ძველი ხის სკამებს ამჯობინებს, რომლებიც ამ დრომდე პარკიდან არ გაუტანიათ.

ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ განმარტებებს ამ საკითხზე საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოში გააკეთებდნენ. ამ მუნიციპალურ ორგანიზაციაში კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა დღის განმავლობაში სამმართველოში პასუხის გასაცემად ვერ მოიცალეს.

პარკში უკვე განთავსებულია ქვისგან დამზადებული და შავად შეღებული, უზურგო სკამები. შესაბამისად, ტბის პირას განთავსებულ სკამებს ვეღარ მიეყრდნობით.

პარკში განათავსეს ქვის პუფებიც, თეთრი ქვის სკამები და ქვის მონუმენტებიც.

რატომ არ ჩათვალა ბათუმის მერიამ საჭიროდ საზოგადოების ჩართვა, რომ გაეგო, რისი განთავსება სურდათ ადამიანებს პარკში თავისივე ფულით? – ბათუმის მერიამ  ეს კითხვაც უპასუხოდ დატოვა.

ქვის ამ სკამის და მაგიდის შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 6500 ლარი დაიხარჯა. უცნობია, რატომ ჩათვალა ბათუმის მერიამ, რომ პარკში ქვის სკამები იყო საჭირო, უზურგო და შავად შეღებილი

ბათუმის პარკიდან ჯერ არ გაუტანიათ ხის სკამები, თუმცა ხალხი უმეტესად ქვის ახალ სკამებს ისევ ძველ სკამებს ამჯობინებს.

თეთრი ქვის სკამების ფასი 3700 ლარია. აქაც ახალი სკამები ცარიელი დაგვხვდა. ადამიანები ტირიფების ქვეშაც ძველ სკამზე ისხდნენ.

ბათუმის ცენტრალურ პარკში ასეთი სკამებიც დაგხვდებათ. ესეც ქვისაა

 

ამ მონუმენტში ბათუმის ბიუჯეტიდან 33 ათასი ლარი დაიხარჯა

 

„ბიჭი წიგნით“ – ასე ჰქვია ამ მონუმენტს, რაშიც ბათუმის მერიამ 28 500 ლარი დახარჯა

 

ცენტრალურ პარკში უზურგო შავი სკამები მაგიდებთან ერთად ოთხ ადგილას დაგხვდებათ, მათ შორის, რუსთაველის ქუჩაზე გადასასვლელთან

 

ქვის პუფიც დაგხვდებათ ცენტრალურ პარკში. ამ პუფისთვის 3400 ლარი დაიხარჯა. პარკისთვის მერიამ 5 ქვის პუფი შეიძინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: