Batumelebi | დაიწყო მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია დაიწყო მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

დაიწყო მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია

დღეს, 6 დეკემბერს, ამოქმედდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის შედეგად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია/ქვეკატეგორია:  სატრანსპორტო საშუალების „AM“ კატეგორია, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს; სატრანსპორტო საშუალების „A2“ ქვეკატეგორია, რაც ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.

ცვლილების მიხედვით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი განისაზღვრა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებად. შესაბამისად, „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და მათ სამართავად საჭირო იქნება შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება.

შს სამინისტროს ცნობით, დღეიდან დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები და მოიპოვონ შესაბამისი მართვის უფლება, ხოლო 2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.

„AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარია 16 წელი.

მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.

თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.

გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც.

შს სამინისტროს ცნობით, 2022 წლის 26 თებერვლამდე, “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას მცირდება კანონით დადგენილი საფასური.

________________

ფოტო: unsplash

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com