შსს-ს ინფორმაციით, მახინჯაურის გვირაბთან ორი სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოავარიის გამო გვირაბთან მოძრაობა დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში შეფერხებული იყო.
როგორც შსს-ში გვითხრეს, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.
კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა და ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის” გავრცელების გამო, მსოფლიოში საპრევენციო ზომები მკაცრდება.
„გარდიანი“ წერს, რომ ესპანეთში, კატალონიის რეგიონმა მოიპოვა სასამართლოს თანხმობა, ღამის პერიოდში კომენდანტის საათის ამოქმედებაზე. კატალონია, რომელიც გარს აკრავს ქალაქ ბარსელონას, დღეიდან უკრძალავს მოსახლეობას სახლების დატოვებას ღამის 1 საათიდან დილის 6 საათამდე.
ესპანეთის სხვა რეგიონებმა ნაკლებად მკაცრი მიდგომა გამოიყენეს. მაგალითად, სამხრეთ მურსიამ ბარებსა და რესტორნებს, რომლებიც სხვა დროს დილამდე ღიაა, ნება დართო მხოლოდ ღამის პირველ საათამდე იმუშაონ.
ხუთშაბათს, ესპანეთში კოვიდის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი – 72 900 იყო.
„როიტერსის“ ცნობით, ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდისა ფონზე ეკვადორმა განაცხადა, რომ Covid-ის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება.
ეკვადორის მთავრობა აცხადებს, რომ მას აქვს საკმარისი ვაქცინები მთელი მოსახლეობის იმუნიზაციისთვის. სამშაბათის მდგომარეობით, ეკვადორში 17.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 77% იყო ვაქცინირებული. ეკვადორში დაახლოებით 33.600 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდისგან.
იტალიამ და საბერძნეთმა აკრძალეს საშობაო და საახალწლო ღონისძიებების გამართვა და სავალდებულო გახადეს ღია სივრცეებში პირბადის ტარება. საპრევენციო ზომები დღეს, 24 დეკემბერს ამოქმედდა.
შოტლანდიაში ღამის კლუბები 27 დეკემბრიდან სამი კვირით დაიხურება.
27 დეკემბრიდან მალტაში იკრძალება ღონისძიებები, სადაც დამსწრეები ფეხზე იდგებიან, ნაცვლად იმისა რომ ისხდნენ, გარდა ქორწილებისა და დაკრძალვისა.
ავსტრალია 4 იანვრიდან ამცირებს ბუსტერამდე ინტერვალს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ხუთიდან ოთხ თვემდე, 31 იანვარს კი ეს პერიოდი სამ თვემდე შემცირდება.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები სწრაფი ზრდის გამო, მოსახლეობას საახალწლოდ სავარაუდოდ ვაქცინის მეოთხე დოზით აცრა დასჭირდება. გერმანიამ ასევე დაადასტურა ქვეყანაში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
___________________________________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GEORGE VITSARAS
24 დეკემბერის მდგომარეობით აჭარაში კორონავირუსის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ორი კერძო სკოლა ბათუმში და 111 კლასი სხვადასხვა საჯარო სკოლაში.
ბათუმში დისტანციურად სწავლობს 80 კლასი
ქობულეთში 19 კლასი
ხელვაჩაურში 12 კლასი
მიმდინარე კვირაში კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 2,9 და მოსწავლეების 2,1 პროცენტს.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. „ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6 პროცენტი“.
24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1976 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, მათ კი დასახმარებლად მიმართეს არა სამართალდამცველებს, არამედ სხვა „ავტორიტეტებს“.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს – პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ.
ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ, თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და „ქურდული გარჩევის“ გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დღეს, 24 დეკემბერს ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიების ვერსიით, „ქურდული სამყაროს“ ერთმა წევრმა მეორეს დაავალა ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და ბიზნესმენზე ზეწოლის შეწყვეტა.
„გადაწყვეტილების „ქურდული წესით“ აღსრულება კი, ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეში დევს აუდიოჩანაწერები. ნივთმტკიცებად კი, ამოღებულია ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
დაკავებულებს შორის კიდევ ერთი ბრალდებულია, რომელიც 15 ათასი დოლარის გადახდას, ასევე ძვირადღირებული ავტომანქანის დათმობას ქუთაისელ ბიზნესმენს სთხოვდა. ამ შემთხვევაშიც ბიზნესმენს არ მიუმართავს პოლიციისთვის. მას „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ფული გადაუხდია.
„კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა,“ – აღნიშნავენ შსს-ში.
ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
ლონდონის სასამართლომ დუბაის 72 წლის მმართველსა და პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედს, 550 მილიონი ფუნტის (730 მილიონზე მეტი დოლარი) გადახდა დააკისრა ყოფილი მეუღლისათვის, პრინცესა ჰაიასთვის.
ამ განქორწინებას ინგლისის მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულს უწოდებენ.
სასამართლოს განცხადებით, განქორწინების შედეგად მიღებული თანხის დიდი ნაწილი ყოფილი ცოლ-ქმრის შვილების უსაფრთხოების დაცვას მოხმარდება. საფრთხე მათ სწორედ მამისგან ემუქრებათ.
პრინცესა ჰაია, იორდანიის მეფის, ჰუსეინის შვილი და დუბაის მმართველის, შეიხ მუჰამედის უკვე ყოფილი, რიგით მეექვსე ცოლი, 2019 წელს შვილებთან ერთად გაიქცა არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. მან თქვა, რომ აშინებდა შეიხის დამოკიდებულება სხვა ორი შვილის – პრინცესა ლატიფასა და პრინცესა შამსას მიმართ. ორივე პრინცესა გაიტაცეს და დუბაიში დააბრუნეს მათი ნების საწინააღმდეგოდ.
2019 წელს წარუმატებლად დამთავრდა დუბაის მმართველის ქალიშვილის, პრინცესა ლატიფას მცდელობა, ქვეყანა მალულად დაეტოვებინა და საზღვარგარეთ ახალი ცხოვრება დაეწყო. ახლა არავინ იცის, რა მდგომარეობაშია იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელთან კავშირიც გასულ წელს მთლიანად გაწყდა.
ეს არ ყოფილა დუბაის სამეფო ოჯახიდან გაქცევის ერთადერთი მცდელობა: 2000 წელს გაქცევა სცადა ლატიფას უფროსმა დამ, პრინცესა შამსამ და ინგლისის ქალაქ კემბრიჯში არდადეგებზე წასული იქვე დარჩა. მცდელობა მარცხით დამთავრდა: საამიროების აგენტებმა პრინცესა იპოვეს და იძულებით წაიყვანეს ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი – დუბაიში. მას შემდეგ შამსა საჯაროდ აღარ გამოჩენილა.
სწორედ ამ შემთხვევების გამო დატოვა დუბაის მმართველის მეექვსე ცოლმა, პრინცესა ჰაიამ ქვეყანა 2019 წელს და დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.
გაბრაზებულმა შეიხმა ცოლს ბრიტანეთის სასამართლოში უჩივლა და მასთან ერთად მყოფი ორი შვილის დუბაიში დაბრუნება მოითხოვა. სასამართლოს მიმართა ჰაიამაც. საბოლოოდ, საქმე დუბაის მმართველისთვის არასახარბიელოდ დასრულდა.
მედიის ცნობით, ბრიტანეთში ცხოვრებისას პრინცესა ჰაია რეგულარულად იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიხმა მუჰამედმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში ერთჯერადად უნდა გადაიხადოს 330 მილიონზე მეტი დოლარი. ეს თანხა მოხმარდება პრინცესა ჰაიას სასახლის შენახვას დიდ ბრიტანეთში და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებს.
„მინდა, რომ მე და ჩემი შვილები ვიყოთ თავისუფალი,“ – განაცხადა პრინცესა ჰაიამ ჩვენების მიცემის დროს ლონდონის სასამართლოს სხდომაზე, რომელიც თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა.
შეიხი ასევე ვალდებულია გადაიხადოს თითქმის 4 მილიონი დოლარი მათი 14 და 9 წლის შვილების განათლებისთვის.
____________
ფოტოზე: დუბაის მმართველი და პრინცესა ჰაია. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/STR
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში ორ მეტრამდე თოვლი მოვიდა.
„1.80 მე ვარ, თოვლი იქნება 1.90 სიმაღლის,“ – ამბობს ნაღვარეველი იური თავდგირიძე.
იური თავდგირიძე
აჭარის მთიან სოფლებში თოვლს პრობლემები მოჰყვა.
ნაღვარევში ამ დრომდე არ აქვთ დენი, რამდენიმე დღეა მთიანი აჭარის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგია მიეწოდებათ, სკოლაში სწავლა დისტანციურია.
„როდესაც დედაჩემი ემიგრაციაში წავიდა, მეგონა, მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ მხოლოდ 7 წლის შემდეგ დაბრუნდა,“ – ასე იწყებს გულნარა ლეფსაია დედაზე საუბარს.
გულნარა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შვილია, რომელიც „ბათუმელებს“ ინტერვიუზე და დედის ემიგრაციის შესახებ საუბარზე დათანხმდა. ემიგრაციის თემაზე მუშაობის დროს აღმოჩნდა, რომ ის, რაზეც ხმამაღლა და თავისუფლად ლაპარაკობენ ემიგრანტი დედები, რთულია შვილებისთვის სალაპარაკოდ.
გულნარა დედაზე საუბრისას ამბობს, რომ არ ახსოვს დრო, როცა დედა არ მუშაობდა. თუმცა დაბალმა და გაწეული შრომის შეუსაბამო ანაზღაურებამ მისი დედა, ისევე როგორც ათასობით ქალი ამ ქვეყანაში, აიძულა სხვა ქვეყანაში წასულიყო.
„როცა დედაჩემი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, მაშინ ასეთი ადვილი არ იყო კომუნიკაცია. ყველა ტელეფონში არ იყო ინტერნეტი და სოციალური ქსელი. უფრო სწორად ბევრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, უფრო მეტად შუა ასაკის ადამიანებისათვის. მახსოვს, როგორ გვიჭირდა კომუნიკაცია – როგორ იმგზავრა, როგორ ჩავიდა, მივიდა თუ არა. არ იცოდა ენა, პირველად იყო ემიგრაციაში და ეს განსაკუთრებით გვანერვიულებდა ოჯახის წევრებს.
იყო პერიოდი, როდესაც კვირაში ერთხელ ვურეკავდით იმ ადამიანს მობილურზე, ვისთანაც მუშაობდა ოჯახში. ეს რაღაც ერთწუთიანი საუბარი, მისი ხმის გაგონება, იყო დიდი იმედის მომცემი და დიდი ბედნიერება.
თურქეთში მუშაობდა და სამ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა. მახსოვს, როცა პირველად ჩამოვიდა, მასთან ერთად ვინც მგზავრობდა, იმას ვეკონტაქტებოდით ხოლმე. „გადმოკვეთე დედა საზღვარი? რას შვრები? როგორ ხარ?
სამთვიანი განშორება სადღაც სარფის საზღვართან უკვე მთავრდებოდა. სულ ველოდებოდით ხოლმე სარფში, იმდენად გვენატრებოდა. რამდენიმე დღეში უკან ბრუნდებოდა.
მერე მივეჩვიეთ ჩვენც. ალბათ მასაც უჭირდა.
ორი წლის შემდეგ სოციალურ ქსელშიც დარეგისტრირდა და გაიოლდა კონტაქტი. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვრეკავდით და თითქოს ინტერნეტმა მანძილი შეამცირა,“ – იხსენებს გულნარა.
გულნარას თქმით, მაშინ, როცა დედები ამხელა შრომას სწევენ, ეგოისტობაა შვილებმა თავიანთ სირთულეებზე ილაპარაკონ.
„ყველაზე რთული ალბათ იყო მაინც დედაჩემისთვის. სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო კულტურა, უცხო ენა, არავის არ იცნობდა საერთოდ. ეს იყო მისთვის ასმაგად მძიმე, ვიდრე ჩემთვის. შუა ასაკის ადამიანისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილიშვილების დაბადება, ამ ყველაფერს არ დასწრებია.
მახსოვს, როდესაც მეორე შვილი შემეძინა, სანამ არ გამოვჯანმრთელდი სრულად და უკეთესად არ ვიყავი, მანამდე არც კი ვუთხარი, რომ არ ენერვიულა. ასე იყო ყოველ ჯერზე, ჩემი ძმისშვილების შეძენის შემთხვევაშიც. რთული იყო დედაჩემისთვისაც – შვილიშვილი რომ იბადება, სხვა ემოციაა და გინდა, რომ პირველივე დღეები, საათები, მასთან ერთად გაატარო, ნახო და ა.შ. ჩემი შვილების შემთხვევაში ეს ეტაპები არ გაუვლია.
თუმცა ახლა ამ ყველაფერს ანაზღაურებს. როცა თავისუფალია და არ მუშაობს, ავტომატურად ნიშნავს, რომ ბებიის როლშია. მისი არყოფნა რთული იყო ჩემთვისაც, როგორც ახალბედა დედისთვის, რომელსაც მშობლის რჩევა-დარიგება სჭირდება, გვერდში დგომა სჭირდება. ეს რაღაცები გამოვტოვეთ.
შეიძლება ძალიან ისე გამომდის, მაგრამ ცივი შვილი ვიყავი. დიდად სიყვარულის გამოხატვა არ მახასიათებდა. იმ შვიდწლიანმა განშორებამ გააქრო ეს ბარიერი. დედაჩემის მხრიდან არ იყო ეს ბარიერი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში უფრო დამაახლოვა, დამამეგობრა ამ შვიდმა წელმა.
ალბათ ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც შეიძლება დედაჩემის ემიგრაციას ვუპოვო, არის ეს, უფრო ახლოს მივედი მასთან, უფრო დავმეგობრდი და უფრო მეტი საერთო გამოგვიჩნდა“.
ემიგრანტი დედის შვილობა
„სამწუხაროდ, ემიგრანტი დედები უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე შვილები. ალბათ იმიტომ, რომ შვილები ამ გარემოში ვიზრდებით და თითქოს მივეჩვიეთ ამ ყველაფერს.
ემიგრანტი დედის შვილობა გულის სიღრმეში მაინც ნიშნავს იყოს მარტო. იმიტომ, რომ დედის როლი შვილისთვის არის განუზომელი. ირგვლივ სხვა ადამიანები გყავდეს, დედა მაინც შეუცვლელია.
ყველა შვილი უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ემიგრაციიდან დედა. ამისთვის უნდა გააკეთონ მაქსიმუმი. ის კი არა, რომ წავიდა და იქიდან რაღაცას მიგზავნის და ამას მივეჩვიეთ.
პირიქით. უნდა ვეცადოთ ჩვენ გვერდით იყოს მშობელი და ჩვენც მხარში დავუდგეთ.
არ ვაძლევთ უფლებას თავს ეს ემოციები გამოვხატოთ, ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ. საკუთარ თავს კი არა, როცა მარტო ვრჩებით, მაშინაც არ ვუტყდებით საკუთარ თავს, რამდენად რთულია ემიგრაციაში მყოფი დედისთვის ოჯახისგან შორს ყოფნა.
ასევე საქართველოში მყოფი ბავშვებისთვის. დიდი ნაწილისთვის, ვინც ახლა არ საუბრობს, დარწმუნებული ვარ, მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ვერ ამბობს ხმამაღლა, რამდენად რთულია მშობლის გარეშე ყოფნა.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო შვილების, არამედ სახელმწიფოს მხრიდან მათ დასაბრუნებლად, აბსოლუტური ჩართულობა უნდა იყოს. ისე კი არ უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფო, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი გაედინებოდეს სხვაგან, არამედ პირიქით, ვინც წასულია, იმათთვის უნდა იყოს ის პირობა, რომ საქართველოში დაბრუნდნენ. შეიძლება არა იმ ანაზღაურებით, რაც უცხოეთშია, მაგრამ უნდა უღირდეთ საქართველოში. უნდა შეძლონ, რომ შვილს ნორმალური განათლება მისცენ. ვისურვებდი, რომ საქართველოში ქალებისა და ბავშვების მზარდი გადინების ნაცვლად ბრუნდებოდნენ უკან.
რა უნდა გააკეთონ შვილებმა
როცა შენი შრომის გარეშე მოდის შენამდე ფული, არ იცი ამ ფულის ყადრი. არ იცის, რისი შედეგია, თუნდაც შენი განათლების მისაღებად რას აკეთებს მშობელი.
მე, მაგალითად, ძალიან კარგად ვიცი, როგორი იყო დედაჩემის ყოველდღიურობა, როცა უკვე ხშირი კომუნიკაცია გვქონდა. ძალიან ადრე უწევდა ადგომა. იყო შემთხვევები, როდესაც მთელი დღე ფეხზე იდგა. ეს იმდენად დასამახსოვრებელი იყო, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.
მშობლები, რომლებიც ემიგრაციაში არიან, ხშირად არ ეუბნებიან შვილებს თავიანთ გასაჭირს და ამბობენ: „იცი, რა, კარგად ვარ“. არა, ხშირად უნდა უთხრან რა უჭირთ, როგორია მათი ყოველდღიურობა, რისი გადატანა უწევთ იმისათვის, რომ შვილებს კარგი განათლება მისცენ.
ეს ყველაფერი მშობლებმა უნდა უთხრან შვილებს და, რა თქმა უნდა, შვილებმაც უნდა გაიაზრონ.
ამ შრომის საპირწონე რა იქნება? მინიმუმ მადლიერების გამოხატვა. მშობლებს ავიწყდებათ დაღლა, თუკი ხედავენ, რომ შვილები, რომელთა განათლებისთვისაც არიან წასულები, წარმატებას აღწევენ. რომ მათ მიერ გამოგზავნილი ფული წყალში არ არის გადაყრილი. ეს არის ერთგვარი მადლიერების გამოხატვაც და დაფასებაც იმის, რის გამოც ჩვენი მშობლები იძულებულები გახდნენ, რომ წასულიყვნენ უცხო ქვეყანაში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს კარიერული წინსვლის ახალი შესაძლებლობა ეძლევათ.
2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება.
ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.
ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ,“-აცხადებს სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. „მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა“.
„იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა,“-ამბობს სამინისტრო.
მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს.
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე“.
სამინისტროს განცხადებით, ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
მათივე ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, უნებართვოარქეოლოგიურისამუშაოებისფაქტზემიმდინარეგამოძიებისფარგლებში, დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტები და სხვა ნივთები ამოიღეს.
სამსახურის განმარტებით, მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები.
ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი.
მონეტა უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულებისაა და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება შეუფასებელია.
დღემდე მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ, ლონდონშია დაცული.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იგი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს:
„რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი.“
გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია.
ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის – 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით.
აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ, მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით- „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძემ პრემია „საბა“ მიიღო ნომინაციაში – წლის საუკეთესო კრიტიკა.
ნანა ტრაპაიძის წიგნი – „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ ბათუმის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.
ეს ნანა ტრაპაიძის მეორე „საბაა“. ავტორმა პირველი „საბა“ 2017 წელს მიიღო კრიტიკული წერილების კრებულისთვის – „ლიტერატურა და ლიტერატურა“, გამომცემლობა – „კალმოსანი“.
პრემია „საბას“ გამარჯვებულების შესახებ 23 დეკემბერს გახდა ცნობილი.
ნანა ტრაპაიძესთან ერთად ნომინაციაში – წლის საუკეთესო კრიტიკა, „საბა“ გადაეცა ნინო დიანოსაშვილს – „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, „ჰერაკლე“, „ორესტესი“ – გამომცემლობა „ლოგოსი“.
ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 1976 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 78 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების1 976ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარაში – 145, იმერეთში – 246, ქვემო ქართლში – 88, შიდა ქართლში –117, გურიაში – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთში –117, კახეთში –119, მცხეთა-მთიანეთში -57, სამცხე-ჯავახეთში –40, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -23.
თოვლი ბათუმში. 24 დეკემბერი, 2021 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძეთოვლი ბათუმში. 24 დეკემბერი, 2021 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძეთოვლი ბათუმში. 24 დეკემბერი, 2021 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძეთოვლი ბათუმში. 24 დეკემბერი, 2021 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძეთოვლი ბათუმში. 24 დეკემბერი, 2021 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძეთოვლი ბათუმში. 24 დეკემბერი, 2021 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძეთოვლი ბათუმში. 24 დეკემბერი, 2021 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე
„გამამართლეს, რადგან ცეკვა დანაშაული არ არის,“ – ამბობს ბათუმელი რომა მახარაძე, რომელიც სუს-თან მუსიკის დინამიკებში ჩართვის და ცეკვის შემდეგ დააკავეს, ზუსტად 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვეს, ხოლო შემდეგ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 500 ლარით დააჯარიმა.
ამ მოსამართლის გადაწყვეტილება სუს-თან დაკავებულების საქმეზე უკვე მეორედ შეცვალეს სააპელაციო სასამართლოში.
რომა მახარაძემდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ისევ სუს-ის შენობასთან აქტივისტის თემურ გორგაძის დაკავება. თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ის 5 დღით დააპატიმრეს. სუს-თან დააკავეს გიორგი ფუტკარაძეც. მის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
ჯერ უცნობია დასაბუთება, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა კალანდაძემ მიიჩნია, რომ რომა მახარაძეც მართალია.
„მაშინ უნდა გამოჩენილიყო, რომ დაგვსაჯეს, ცხელ სიტუაციაში სურდათ ამის ჩვენება, ახლა კი, ეს ინტერესი აღარ არსებობს… მე მართლა ვერ გავიგე, რისთვის დამაკავეს,“ – აღნიშნა რომა მახარაძემ „ბათუმელებთან“. მისი თქმით, ის მაშინ დააკავეს პოლიციელებმა, როცა ტროტუარზე იყო და წესრიგს არ არღვევდა.
„დინამიკი მივიტანე სუს-თან და იუთუბიდან ჩავრთე მუსიკა… როგორც კი მითხრეს პოლიციელებმა გათიშეო, გავთიშე. მერე, ჟურნალისტებმა მთხოვეს, კადრის გადაღება გვინდა და ცოტა ხნით კიდევ ჩართეო. გამორთული მქონდა დინამიკი, როცა ისევ მოვიდა პოლიციელი და მითხრა, რომ დარეკეს თქვენზე, უნდა წახვიდეთ აქედანო. ვუთხარი, მომაკითხავს ახლა მეგობარი, ავიღებ დინამიკებს-მეთქი და მაგ დროს დამაკავეს. არანაირი შელაპარაკება მე არ მქონია,“ – ამბობს რომა მახარაძე.
რომა მახარაძის პერფორმანსი სუს-ის ბათუმის ოფისთან 12 ნოემბერს
„პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იმდენად სუსტი არგუმენტი იყო, რომ ამ ნაწილში საქმისწარმოება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემაც შეწყვიტა. ჩანდა ვიდეოკადრებიდან, რომ არავითარი წინააღმდეგობა რომა მახარაძეს პოლიციელებისთვის არ გაუწევია. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ის მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმა,“ – ამბობს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე. ეს ორგანიზაცია იცავდა სასამართლოში სუს-თან დაკავებული ადამიანების ინტერესებს.
საია-ს იურისტები მიიჩნევენ, რომ სამართალდარღვევის ნიშნები ცალსახად არ იკვეთებოდა და არც გაკვირვებიათ, როცა სააპელაციო სასამართლომ სუს-თან დაკავებულები გაამართლა.
„წვრილმანი ხულიგნობის ნაწილშიც არანაირი მტკიცებულება არ იყო, რაც დაადასტურებდა იმას, რომ რომა ილანძღებოდა, იგინებოდა და ასე შემდეგ,“ – დასძინა მირზა მამულაძემ.
„მე ვაპირებ დავას, რომ ამინაზღაურონ მორალური ზიანი,“ – ამბობს რომა მახარაძე.
„მოდის ახალი წელი და ჩვენი თხოვნაა მოსახლეობისადმი, რომ ყველა დაწესებულებაში, რომელიც ექვემდებარება მწვანე პასპორტით მუშაობას, დაცული იყოს ის რეგულაციები, რაც დღეს არსებობს, ანუ არ უნდა მოვდუნდეთ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 22 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ქვეყანაში კორონავირუსის შემაშფოთებლად შეფასებული შტამის, „ომიკრონის“ 24 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ამირან გამყრელიძე გვირჩევს მკაცრად დავიცვათ რეგულაციები:
„ომიკრონი ჩვენ გვერდს არ აგვივლის, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემთხვევები გაიზრდება“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
ამავე დღეს საკოორდინაციო საბჭომ საჯარო დაწესებულებებისთვის 10 იანვრამდე არდადეგების გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, სკოლები კი 17 იანვრამდე დაისვენებენ.
ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებების მასშტაბი და ხარჯები იზრდება და ქვეყნის მასშტაბით 10 მილიონამდე ლარს აღწევს. აქედან ყველაზე მეტი, 4 მილიონ-ნახევარი ლარი თბილისსა და ბათუმზე მოდის.
ბათუმი
თბილისი
თბილისის მერმა, კახა კალაძემ წელს საახალწლო ღონისძიებების მასშტაბი გაზარდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში მერია განმარტავს, რომ დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად, წინა წლისგან განსხვავებით, მასშტაბურ და მრავალფეროვან ღონისძიებებს გეგმავს.
ღონისძიებები თბილისში 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან – 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე უნდა გაიმართოს. კახა კალაძემ საჭირო მომსახურებების შესყიდვის მიზნით, გამარტივებული პროცედურის გამოყენების უფლება მოითხოვა და თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე საქართველოს პრემიერის განკარგულებაც ატვირთა.
ამ განკარგულებით პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერიას უფლებას აძლევს საახალწლო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული 3 მილიონ 556 000 ლარი შესყიდვების გამარტივებული წესის გამოყენებით განკარგოს.
გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას, საავტორო უფლებების გარდა, თბილისის მერია COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვებითაც ხსნის:
„მსოფლიოში და საქართველოში არსებული პანდემიის პირობებში და ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წინასწარ არ იყო განსაზღვრული რა ფორმით მოხდებოდა შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, არ იყო შესაძლებელი იმის დაგეგმვა, თუ რა მასშტაბის, ტიპის, რაოდენობის ღონისძიებები და აქტივობები გაიმართებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა“.
ბათუმი
საახალწლო ღონისძიებებისთვის თბილისის შემდეგ ყველაზე მეტს ბათუმის მერია ხარჯავს. ბათუმის კულტურის ცენტრმა საახალწლო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად 433 400 ლარის ღირებულების მომსახურების შეზღუდულ ვადებში შესყიდვის უფლება მოითხოვა, ქალაქის საზეიმოდ მორთვისა და მთავარი ნაძვის ხის მონტაჟისთვის კი ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველომ გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 699 910 ლარია.
ქალაქის მორთვის სამუშაოებს ბათუმში ბოლო ათი წელია შპს „აჭარგანათება“ ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპანია უკონკურენტო მიმწოდებელია, როცა მერია ქალაქში განათებებთან დაკავშირებულ მომსახურებებზე აცხადებს ტენდერს.
წელს ბათუმის მერიას ახალი ილუმინაციები არ შეუსყიდია, მხოლოდ სცენის გასანათებელი მოწყობილობები დაამატეს, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადეს. 699 910 ლარი კი მხოლოდ ქალაქის საახალწლოდ მორთვის სამუშაოში იხარჯება. გასულ წელს ბათუმის მერიამ ამ თანხაზე ცოტა მეტი – 788 623 დახარჯა ჯამურად საახალწლო ღონისძიებებისთვის.
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ქედაში, შუახევში და ხულოში საახალწლო მორთულობებისა და ღონისძიებებისთვის ჯამში 150 000- ზე მეტი ლარი იხარჯება.
ქუთაისი
ქუთაისის მერია ქალაქის საახალწლოდ მოსართავად, 31 დეკემბრის გალა კონცერტისა და 7 იანვრის საშობაო ღონისძიებისთვის 16 320 ლარს დახარჯავს. ამ ხარჯში შედის ასევე მცირე საჩუქრები – ნუგბარი ბავშვებისთვის.
მერიას კიდევ რამდენიმე გასართობი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. რაც შეეხება საახალწლო მორთულობას, ქუთაისის მერიამ 2022 წლის საახალწლო მორთულობისთვის ახალი ილუმინაციების შესაძენად 290 000-მდე ლარი დახარჯა, საერთო ჯამში კი საახალწლო ხარჯის სახით ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი დაიხარჯება.
რუსთავი
რუსთავის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გაითვალისწინა, საბოლოოდ კი შესყიდვა შპს „ბრავოსთან“ 83 000 ლარის ღირებულების მომსახურებაზე გააფორმა.
რუსთავი
ზუგდიდი
ზუგდიდის მერიის „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ საახალწლო განათებები შპს „ქოლორფულ სფირითსისგან“ ტენდერის საფუძველზე შეიძინა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი დაიხარჯა.
თბილისი
შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის გასანათებელი მოწყობილობები საქართველოს 15-მდე ქალაქმა შეისყიდა, რისთვისაც ჯამში 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან, სხვა ქალაქებში კი გასულ წლებში შესყიდულ ილუმინაციებს გამოიყენებენ.
გასართობი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხები დაგეგმილი ღონისძიებების მასშტაბების შესაბამისად 12 000 – დან 150 000 ლარამდეა, გარდა ბათუმისა და თბილისისა.
საერთო ჯამში კი, საქართველოს ქალაქებში ახალი წლის აღნიშვნის, მასთან დაკავშირებულო მოწყობილობებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვისთვის ქვეყნის მასშტაბით 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ახალი წლის ხარჯები და კორუფციის ნიშნები
საახალწლო შესყიდვები ძირითადად შეზღუდულ ვადებში და უკონკურენტო გარემოში ტარდება. ამის მიზეზად ახლა უკვე პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახელებენ, თუმცა საახალწლო შესყიდვები პანდემიამდეც გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით შეზღუდულ ვადებში ტარდებოდა.
დასაბუთების გარეშე მსგავსი ტიპის შესყიდვებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განიხილავს, როგორც პრობლემურს.
ფონდმა მწვანე ზრდისთვის (GGF) ახალი პლატფორმის განვითარება დაიწყო. „მწვანე გზა“, ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ასახავს მწვანე ფინანსების ბიზნეს და გარემოსდაცვით სარგებელს და იმას, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ფონდის პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. პლატფორმა რეალური მაგალითებით აღწერს პარტნიორი არასაბანკო და საბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვლილ გზას და იმას, თუ როგორ შეძლეს მათ მიეღოთ ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებები.
ადვილად ნავიგაციური რუქით აღჭურვილ მიკრო-საიტზე გაზიარებულია წარმატებული ისტორიების სერია, რომელიც აცოცხლებს ფონდის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების გამოცდილებას.
GGF-ის თავმჯდომარე, ოლაფ ზიმელი: ”ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მწვანე ფინანსები არის მომავალი. ამ პლატფორმის საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინეს ჩვენმა პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკუთარი პორტფოლიოს დივერსიფიკაცია, შექმნეს ახალი პროდუქტები და გაზარდეს კლიენტების ბაზა სტრატეგიების მდგრადობის საფუძველზე. ჩვენი მხარდაჭერით, ვიმედოვნებთ, რომ სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც მოტივირებულნი იქნებიან დაიწყონ საკუთარი მწვანე გზა”.
„თიბისი ლიზინგი“ მწვანე გზის პარტნიორია. მისი გენერალური დირექტორი გაგა გოგუა მოხარულია სპეციალური სალიზინგო პროდუქტების წარმატებით: „განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ჩვენს პარტნიორ GGF-თან ერთად შექმნილი პროდუქტების წყალობით, დავაფინანსეთ არაერთი პროექტი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ფაქტობრივად, ჩვენი მწვანე პორტფელი წელიწადში საშუალოდ 100%-ით იზრდება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია“.
გაეცანით ამ და სხვა რეალურ მაგალითებს მწვანე გზის მიკრო-საიტზე და შეისწავლეთ როგორ უჭერს მხარს GGF ფინანსურ ინსტიტუტებს მწვანე ფინანსების მიმართულებით.
GGF-ის შესახებ
ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართულია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით.
GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH. ტექნიკურ კონსულტაციებს კი MACS Management and Consulting Services GmbH, ფრანკფურტი, უზრუნველყოფს.
GGF-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ggf.lu და ტვიტერზე: @GreenGrowthFund
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის არდადეგები სტუდენტებისთვის 30 დეკემბერს დაიწყება და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბსუ-ში სწავლა ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს პირველი და მეორეკურსელებისთვის, ხოლო მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები სრულად ონლაინ სწავლობენ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 11 ოქტომბერს ჰიბრიდულად დაიწყო და ამ დრომდე ჰიბრიდულად გრძელდება.
______________
შესწორება: მასალაში, ბსუ-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეწერა, რომ ბსუ-ში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა. მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბსუ-ს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ უნივერსიტეტში 30-31 დეკემბერი სამუშაო/სასწავლო დღეებია.
თუ თქვენი ჰემოგლობინის დონე ნორმაზე დაბალია, ეს ნიშნავს, რომ სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა გაქვთ – ანემია. ჰემოგლობინი არის ცილა სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც მიაქვს ჟანგბადი სხეულის ორგანოებსა და ქსოვილებში და გადააქვს ნახშირორჟანგი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან ფილტვებში.
ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, ნინო წულუკიძე ამბობს, რომ ანემიას შეიძლება ჰქონდეს მრავალი განსხვავებული მიზეზი, მათ შორის ვიტამინის დეფიციტი, სისხლდენა და ქრონიკული დაავადებები. მას ჰემოგლობინის დაწევის მიზეზებზე ვესაუბრეთ.
ქალბატონო ნინო, რა შეიძლება გახდეს სისხლში ჰემოგლობინის დაწევის მიზეზი?
თუ ჰემოგლობინის დონე ნორმაზე დაბალია, შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ანემია. ანემიის მრავალი ფორმა არსებობს, თითოეულ მათგანს განსხვავებული მიზეზი აქვს.
ანემია შესაძლოა იყოს პოსტჰემორაგიული, ანუ როცა ანემია ვითარდება სისხლის დაკარგვის დროს. ქალებში ეს შესაძლოა განპირობებული იყოს გინეკოლოგიური პრობლემებით, კაცებში – კუჭ-ნაწლავის წყლულის დროს განვითარებული სისხლდენით, ასევე ჰემოროიდული კვანძებით.
მეორე მიზეზია ჰემოლიზური ანემიები. ეს შეძენილი ანემიებია, განვითარებული ინტოქსიკაციების, რომელიმე ვირუსული ან ქრონიკული დაავადების ფონზე.
აქვე შეიძლება განვიხილოთ რკინადეფიციტური და B12-დეფიციტური ანემიები. ანემია ვითარდება ქრონიკული დაავადებების დროსაც – მაგალითად, თირკმლის უკმარისობის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ ან ჰიპოფუნქციის დროს და ა.შ.
ძირითად მიზეზად ამ კლასიფიკაციას საფუძვლად მაინც უდევს საერთო პათოგენეზი, პერიფერიულ სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება და პლუს ამას ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება.
საყურადღებოა, რომ შესაძლოა ანემიის დროს ჰემოგლობინის ძალიან გამოხატული ნაკლებობა არ დაფიქსირდეს, თუმცა სახეზე იყოს რკინის ან B12-ის დეფიციტი.
როგორ შეიძლება ამოვიცნოთ დაბალი ჰემოგლობინი გარეგანი ნიშნებით?
პირველ რიგში ახასიათებს ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, უფრო დეპრესიისკენ მიდრეკილება, ძილიანობა, ანუ ის ზოგადი სიმპტომატიკა, რაც შეიძლება ნებისმიერ დაავადებას ახლდეს.
თუ კი ღრმა ანემიებზეა საუბარი, შეიძლება სახეზე გამოხატული იყოს სიფერმკრთალე, უფრო მოყვითალო ელფერი, თვალის სკლერები გაყვითლებული ან მოცისფრო შეფერილობისაა.
B12-ის დეფიციტის დროს ხდება ტუჩის კუთხეების დაზიანება [ანგულარული სტომატიტი], სტომატიტი პირის ღრუში, ენა შესაძლოა იყოს მოწითალო ჟოლოსფერი, ასევე ახასიათებს ენის, ხელების, ფეხების ბჟუილი.
რკინის დეფიციტის დროს გვხვდება წითელი პრიალა შელესილი ენა [ჰუნტერის გლოსიტი], ის ხშირია გასტრიტული დაავადებების ფონზე მიმდინარე რკინის დეფიციტის დროს. ასევე, რკინის დეფიციტის დროს ხშირად ქალებს აღენიშნებათ ფრჩხილების, თმის მტვრევადობა, მშრალი კანი და კანის გაუხეშება.
როგორ გრძელდება მკურნალობა, როცა ჰემოგლობინის დონე ძალიან დაბალია?
როდესაც ჰემოგლობინის მაჩვენებელი გარკვეულ ზღვარზეა, ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის დროსაც განიხილება ჰემოტრანსფუზია ანუ სისხლის გადასხმა.
თანამედროვე მაჩვენებლებით, თუ კი ადამიანს არ აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და უცებ დაუდგინდა ანემია და ჰემოგლობინის დონე 70 გ/ლ-ზე დაბალია, მიიჩნევა, რომ პაციენტი უნდა განთავსდეს სტაციონარში და გაუკეთდეს ჰემოტრანსფუზია.
სხვა შემთხვევაში, იმის მიხედვით, ერითროციტების როგორი ფორმა გვაქვს, როგორია ფერადობა, ვიკვლევთ ანემიის მიზეზს, რკინის, ფერიტინის, B12-ის რაოდენობას პერიფერიული სისხლის შრატში და ვნახულობთ ფოლიუმის მჟავის მაჩვენებელს. მკურნალობა იგეგმება იმის მიხედვით, თუ რომელი ვიტამინის დეფიციტითაა განპირობებული ანემია. შესაძლოა დაინიშნოს ინტრავენური რკინის მედიკამენტები, მერე უკვე ვნიშნავთ მედიკამენტებსა და დიეტას.
MayoClyinc: შესაძლოა ჰემოგლობინის ტესტმა აჩვენოს ნორმაზე მაღალი დონე, რასაც რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის – პოლიციტემია [დაავადება, რომლის დროსაც ძვლის ტვინში წარმოიქმნება ნორმალურზე მეტი რაოდენობით ერითროციტები. ერითროციტების ასეთი დიდი რაოდენობა სისხლს ასქელებს, ართულებს მის დინებას სისხლძარღვებში], სიმაღლეზე ცხოვრება, მწეველობა და დეჰიდრატაცია.
რა ხილი და ბოსტნეულია რეკომენდებული დაბალი ჰემოგლობინის დროს?
ორგანიზმი რკინას ადვილად ითვისებს ხორციდან, თუმცა არსებობს რკინის შემცველობის მცენარეული საკვებიც. რკინის დეფიციტის დროს საჭიროა ასეთი პროდუქტების რაოდენობის გაზრდა რაციონში. აღსანიშნავია მწვანე ბოსტნეული, ბროკოლი, კიტრი, სალათის ფურცლები, ჭარხლის ნახარში, ბროწეული, ვაშლი, ასევე მარცვლეული.
MayoClinic-ის მიერ რეკომენდებული მცენარეული პროდუქტები ჰემოგლობინის დონის მოსამატებლად:
რკინით მდიდარი პროდუქტები: მარცვლოვანები, ისეთი წვანეფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა, მაგალითად, სატაცური; ასევე გამომშრალი ხილი – ქიშმიში და გარგარის ჩირი, პური, მაკარონი, ბარდა.
ფოლიუმით მდიდარი საკვები: მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილი, მაკარონი და ბრინჯი, ასევე ხილი და ხილის წვენები.
დღეს, 23 დეკემბერს, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინების ვარგისიანობის ვადებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ საქართველოში არსებული ვაქცინების მარაგი ვარგისია აპრილამდე.
„მარაგები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ვარგისია აპრილის დასაწყისამდე, ანუ პირველ აპრილამდე. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მათი გამოყენება მომდევნო სამი თვე, ამდენი დროა, სულ მცირე, დარჩენილი იმისთვის, რომ მათი ათვისება სრულად მოხდეს.
ამავე დროს, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმაზე, რომ დამატებითი დოზების მობილიზება მოხდეს, რომლებიც ვარგისი იქნება უკვე მომავალი წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ასევე, გვაქვს იმედი, რომ ახალი ვაქცინა, რომელიც შესაძლებელია ომიკრონის პასუხად შეიქმნას, გახდება ჩვენთვის ხელმისაწვდომი” – თქვა მან.
მეორე დღეა უშუქოდ არის დარჩენილი აჭარის მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აჭარის მთაში უმეტესობას ელექტროენერგიაუ უკვე მიეწოდება, თუმცა ადგილზე პირიქით გვითხრეს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შუქი ამ დრომდე არ აქვს.
„ეტაპობრივად მიმდინარეობს ელექტროენერგიის ჩართვის სამუშაოები,“ – ამბობს ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე. ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხულოში დაახლოებით 5 ათას აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია [ხულოში სულ 12 ათასი აბონენტია].
შუახევში შუქი ამ ეტაპზე მხოლოდ ხიჭაურის დასახლებაში აქვთ. შუახევის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის აღდგენას დღის განმავლობაში ეტაპობრივად ელოდებიან, რადგან აღდგენის სამუშაოები გრძელდება.
რაც შეეხება ქედას, 11 სოფელში აქვთ ელექტროენერგიის პრობლემა და ეტაპობრივად რთავენ შუქს. ქედაში სულ 64 სოფელია.
შუახევსა და ხულოში თოვლის საფარმა თითქმის ერთ მეტრს მიაღწია, რის გამოც ჩაიკეტა სოფლებთან მისასვლელი გზებიც. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25 დეკემბრიდან გამოიდარებს.
რამდენიმე წუთის წინ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ბუსტერ დოზამდე ინტერვალი, რომელიც აცრის მეორე დოზიდან აითვლება, ყველა ვაქცინისთვის 3 თვემდე შემცირდა.
აქამდე ბუსტერ დოზის გაკეთება “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინისთვის მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი, “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემთხვევაში კი ეს ინტერვალი 3 თვეს შეადგენდა. ამიერიდან, საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ დოზის ჩატარება უკვე შესაძლებელია მესამე თვიდან.
“ბუსტერ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტები კეთდება, გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად აშკარად იკვეთება ბუსტერის გაკეთების აუცილებლობა. დღეს საბჭომ გაუწია რეკომემნდაცია ბუსტერ დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან, ყევლა ვაქცინისთვის” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
დიდთოვლობის გამო ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში სწავლება 23-24 დეკემბერს ონლაინ, დისტანციურად მიმდინარეობს.
„ორი დღით საგაკვეთილო პროცესის ონლაინ ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება რესურსცენტრებთან და საჯარო სკოლის დირექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
აუცილებლად განვახორციელებთ მონიტორინგს, 22-23 დეკემბერს მოსწავლეები შეძლებენ თუ ვერა ონლაინ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.
თუ რომელიმე სკოლის დირექტორი დაგვიდასტურებს, რომ ვერ მოხდა რომელიმე სკოლის, კლასის ჩართვა ონლაინგაკვეთილებზე, გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურება მოხდება. ჯერ არ მიგვიღია შეტყობინება, რომ ვერ ახერხებენ მოსწავლეები დისტანციურ სწავლების პროცესში ჩართვას.
ხულოში ოთხშაბათს რამდენიმე კლასში საერთოდ არ გამოცხადებულან მოსწავლეები ამინდის გაუარესების გამო,“ – გვითხრეს აჭარის განათლების პრესსამსახურში.
ძლიერმა თოვამ დააზიანა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დილიდან ინტენსიურად მუშაობენ ავარიული შემთხვევების აღმოსაფხვრელად. რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო აღდგენითი სამუშაოები ფერხდება“, – ამბობენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში”.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამივე მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზებისა და ცენტრალური გზის თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა 22 დეკემბერს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზეთქვა, რომ მისი რწმენით, პანდემია მომავალ წელს დასრულდება, რადგან მისი დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტები მასთან საბრძოლველად.
„საქმე ის არის, რომ სრულყოფილად უნდა განვახორციელოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც გვაქვს – ვაქცინა, პლუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ზომები და როცა ამას გავაკეთებთ, თანასწორობაზეც უნდა ვიზრუნოთ.
თუ ჩვენ არ ჩავატარებთ ვაქცინაციას მთელ მსოფლიოში, თუ არ გამოვიყენებთ ყოვლისმომცველ/კომპლექსურ მიდგომას მთელ მსოფლიოში, არ ვფიქრობ, რომ შევძლებთ დავასრულოთ ეს პანდემია.
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უკეთ ვიცნობთ ვირუსს, ჩვენ გვაქვს ეფექტური ინსტრუმენტები,“ – თქვა მან.
„2022 წელი უნდა იყოს COVID-19 პანდემიის დასასრული, მაგრამ ეს ასევე უნდა იყოს სხვა რამის – სოლიდარობის ახალი ერის დასაწყისი“.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ვაქცინების არასწორი გადანაწილება მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის და აღნიშნა, რომ ჯანმოს პროგნოზის მიხედვით, ვაქცინების მარაგი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი კვარტალისთვის მოხდეს მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაცია და მაღალი რისკის მქონე პოპულაციების ბუსტერიზაცია გლობალურად.
„2021 წელს მეცნიერებამ მოგვცა იმედი ვაქცინების სახით, რომლებმაც უდავოდ გადაარჩინეს ბევრი სიცოცხლე ამ წელს. მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ამ ვაქცინების არათანაბარმა გადანაწილებამ მრავალი სიცოცხლე შეიწირა.
2021 წელს ჩვენ COVID19-ის გამო დავკარგეთ 3.5 მილიონი ადამიანი – უფრო მეტი ვიდრე აივ-ით, მალარიით და ტუბერკულოზით ერთად 2020 წელს.
ახლაც, COVID19 ყოველ კვირაში დაახლოებით 50 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს,“ – თქვა მან.
24 დეკემბერს, სილქფესტის ერთდღიანი აქციით, სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები, კოდით *202# ჩაირთავენ და ერთ თვის განმავლობაში ისარგებლებენ შემდეგი პირობებით:
20 GB ინტერნეტი – 12 ლარი
30 GB ინტერნეტი – 15 ლარი
ულიმიტო სასაუბროს + 10 GB ინტერნეტი – 18 ლარი
თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე დაერიცხება 1MB -ზე 15 თეთრი;
სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის, ასანეტის მიმართულებებზე და სპეციალური დანიშნულების მოკლე ნომრებზე.
პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია.
სილქფესტის აქციები ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
საახალწლო პიროტექნიკისგან ყოველწლიურად ათობით ბავშვი და ზრდასრული ზიანდება საქართველოში. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩის ცხოველებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაწარმის მიყიდვა საქართველოში 2018 წლიდან დასჯადია, პიროტექნიკა, ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის რომ ხელმისაწვდომია, ამაში ჯერ კიდევ წინასაახალწლო პერიოდში ქუჩაში გავლისასაც დარწმუნდებით.
პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია-გამოყენებაზე ეფექტური შეზღუდვების დაწესებასა და ზედამხედველობის გამკაცრების მოთხოვნით, მოაქალაქეები მთავრობას პეტიციით მიმართავენ.
„არებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქებისა ან აალების შედეგად ხშირად აქვს ადგილი ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს, მათ შორის, დამწვრობებსა და იმგვარ ტრავმებს, რაც კიდურის ამპუტაციის საჭიროებას წარმოშობს.
არსებული სტატისტიკით, 2017 წლის დასაწყისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა. 2018 წლის იანვარში, თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებულ იქნა 44 ადამიანი, მათ შორის, 24 არასრულწლოვანი. პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად სხეულის დაზიანებები დაფიქსირდა ასევე 2019 წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კერძოდ, 3 იანვრის მონაცემებით, თბილისში არსებულ დამწვრობის ცენტრს მიმართა 30-მა პაციენტმა. ქუთაისში დაშავდა 11, რუსთავში – 4 (მათ შორის, 2 მცირეწლოვანი ბავშვი), ხოლო, ბათუმში 10-მდე ადამიანი. 2021 წლის 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით დაშავდა 81 ადამიანი.
პიროტექნიკის საშუალებების გამოყენება მომეტებული საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ გარემომცველი ცოცხალი სამყაროსთვის, ცხოველებისა და ფრინველებისთვის. აღნიშნული განსაკუთრებით მძიმედ აისახება ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებზე. ამ დრომდე, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტომასალით დასტურდება, რომ მას უკვე ემსხვერპლა არაერთი ცხოველი.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საშუალებების გამოყენება მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოზე. მაგალითად, ცნობილია, რომ ფეიერვერკები შემადგენელი ნივთიერებების საშუალებით წარმოქმნის დამაბინძურებლების 8-ჯერ მაღალ კონცენტრაციას ატმოსფეროში. გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის ბევრი ნაკეთობა შეიცავს ოქსიდატორებს (ასევე, ცნობილია როგორც პერქლორატები), რაც აბინძურებს მდინარეებს, ტბებსა და სასმელ წყალს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები ნორმატიულ დონეზე. ასევე, მოვითხოვთ, რომ მოხდეს ეფექტური ზედამხედველობა ამ შეზღუდვების პრაქტიკაში აღსრულებაზე,” – წერია პეტიციაში.
პეტიციას 5000 ხელმოწერა სჭირდება. ამ დროისთვის მას 2364 ადამიანი აწერს ხელს.
დღეს, 23 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა კვორუმი არ შედგა და სხდომა ჩაიშალა. სხდომის ინიციატორი საკრებულოს ოპოზიციური პარტიები იყვნენ. დღის წესრიგში ორი საკითხი იყო – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.
სხდომას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების საკრებულოს წევრები ესწრებიან. სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრები არ მივიდნენ. იმისათვის, რომ კვორუმი შედგეს, საკრებულოს 18 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს სხდომას.
გახარიას პარტიის წევრმა საკრებულოში, აკაკი გვიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არც დღეს გამოცხადდა სხდომაზე და ამით კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.
„საკრებულოს უნდა ასრულებდეს მოვალეობას და აკონტროლებდეს აღმასრულებელ ორგანოს, თუმცა, როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნება“ დაადგა კრიზისის გზას. „ქართულმა ოცნებამ“ გაწირა ეს ქალაქი, ის ბოიკოტით არის დაკავებული და არ ატარებს ხალხის ინტერესებს“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.
გახარიას პარტიის წევრები საკრებულოს პირველ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა შეიცვალა ახლა, გვიანიძე ამბობს, რომ მათ არ უნდოდათ პასუხისმგებლობის აღება მოლაპარაკებების გარეშე. „ახლა კი ჩვენი აქ მოსვლით მივეცით შანსი, რომ მოლაპარაკებები დაგვეწყო. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ ვიყოთ დამბალანსებლები არც ერთ პარტიას უმრავლესობა რომ არ ჰქონდეს საკრებულოებში“, – ამბობს გვიანიძე. მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ სხდომებს დაესწროს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამბობს, რომ ამ სხდომის მოწვევის მიზანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა იყო. თუმცა მმართველი პარტიის წევრებმა ეს ნაბიჯი არ გადადგეს. „ეს არის მათი პასუხისმგებლობა. როცა კობახიძე ამბობს, რომ ქუჩიდან დარბაზებში უნდა გადაინაცვლოს დიალოგმაო, ვეკითხები, სად არიან „ოცნების“ წევრები? თუკი უნდათ, რომ პროცესებმა ქუჩიდან საკრებულოში გადმოინაცვლოს, აგერ ბატონო დარბაზი“, – ამბობს ხარაზი.
ოპოზიციის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძეა. რეზო ხარაზის თქმით, დღეს იყო შესაძლებლობა, რომ ირაკლი კუპრაძე გამხდარიყო საკრებულოს თავმჯდომარე, „სწორედ ამიტომ არ გამოცხადდა „ქართული ოცნება“ სხდომაზე.
„ან უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ან მმართველმა პარტიამ უნდა აღიაროს, რომ საკრებულოს უმრავლესობაში არის ოპოზიცია“, – ამბობს ხარაზი.
„ქართული ოცნების“ წევრებს არ განუმარტავთ, რატომ არ გამოცხადდნენ დღევანდელ სხდომაზე.
ბათუმის ახალ საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა ოპოზიციამ, თუმცა პირველი სხდომის გამართვამდე ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, რის შემდეგადაც ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ შანსები გათანაბრდა.
მოგვიანებით გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ნუგზარ ფუტკარაძეს ორი პირი ბათუმის საკრებულოში „ნეიტრალობას“ სთხოვდა, რის სანაცვლოდაც სავარაუდოდ მას თანხას სთავაზობდნენ. ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სახელით ახდენდნენ ზეწოლას ნუგზარ ფუტკარაძეზე და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მაპროვოცირებელი.
იმ ოლქში, სადაც ნუგზარ ფუტკარაძე იყრიდა კენჭს, განმეორებითი არჩევნები 2022 წლის მაისში უნდა ჩატარდეს.
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მაშინ კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე ვერც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს.
ამ დროისთვის ოპოზიციის წევრებმა ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადეს და „ქართულ ოცნებას“ სხდომაზე დასწრების დრო მისცეს.
23 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 68 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დაფიქსირდა 2 164 ახალი შემთხვევა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის, 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 918 641-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.94%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 13 289 პირი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარაში – 149, იმერეთში – 291, ქვემო ქართლში – 89, შიდა ქართლში – 142, გურიაში – 79, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 113, კახეთში -111, მცხეთა-მთიანეთში -70, სამცხე-ჯავახეთში – 26, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 32 148, მათგან: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 221, აჭარაში – 521, იმერეთში – 1 064.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 130, იმერეთში – 390.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 34, იმერეთში – 35.
1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 639 – თბილისში, 243- აჭარაში.
25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 ადამიანი.
ბათუმში ზღვამ პირსის ნაწილი დაშალა. პირსი ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა.
შტორმის დროს პირსის შუა ნაწილი ჩაიშალა. დაზიანებულია იქვე მდებარე რესტორნის შენობაც.
ბათუმში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. პირსი სწორედ შტორმის შედეგად ჩამოიშალა.
პირსზე განთავსებული კაფეს კედელი გაბზარულიაშტორმის შედეგად დაშლილი პირსი ბათუმის ახალ ბულვარში. ირაკლი მიქელაძის ფოტოები
შტორმის შედეგად დაშლილი პირსი ბათუმის ახალ ბულვარში. ირაკლი მიქელაძის ფოტოებიშტორმის შედეგად დაშლილი პირსი ბათუმის ახალ ბულვარში. ირაკლი მიქელაძის ფოტოები
პირსი 2021, ნოემბერი
ბათუმში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებად წვიმდა.
ახალი წელი ფასდაკლებების და აქციებისთვის განსაკუთრებით აქტიური პერიოდია. საახალწლო აურზაურში კი, უამრავ შეთავაზებას შორის შენთვის რეალურად ხელსაყრელი წინადადების შერჩევა საკმაოდ რთულია.
თუ ახალ წელს, ახალი ავეჯითა და განახლებული ინტერიერით შეხვედრას გეგმავ, ჩვენ გთავაზობთ 10 გამორჩეულ ნივთს, რომელსაც განსაკუთრებული ფასდაკლებით, ავეჯის ამერიკულ კომპანია „ეშლი ჰოუმსთორიში“ შეიძენთ.
ახალი წელი წარმოუდგენელია სტუმრების გარეშე. სტუმრების მიღება კი განსაკუთრებით სასიამოვნოა განახლებულ ინტერიერში. მაგიდა-სკამების კომპლექტი, რომელიც ექვს ადამიანზე არის განკუთვნილი, ეშლი ჰოუმსთორში შეგიძლიათ 3290₾-ის ნაცვლად 2290₾-ად შეიძინოთ.
თუ მცირე ზომის სამზარეულოსთვის ეძებთ მაგიდა-სკამებს, არ გამოგრჩეთ ბარის მაგიდა-სკამების შეთავაზება 1590₾-დან 2290₾-ის ნაცვლად. ბარის კომპლექტი განსაკუთრებით პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის და თქვენს ინტერიერში განსაკუთრებულ შტრიხს შემოიტანს.
სტუმრების მისაღებად არანაკლებ მნიშვნელოვანია რბილი ავეჯის შერჩევა. ამერიკული რბილი ავეჯი გამოირჩევა განსაკუთრებული კომფორტით, რაც აუცილებლად უნდა სცადოთ თქვენ თვითონ. სწორედ რბილი ავეჯი უზრუნველყოფს იმ კომფორტს, რომელიც სახლში უნდა იგრძნოთ. ეშლი ჰოუმსთორში რბილი ავეჯის ძალიან დიდი არჩევანი დაგხვდებათ. განსაკუთრებული შეთავაზებებიდან კი ამოვარჩიეთ კომპაქტური დივანი, რომლის შეძენაც 4420₾-ის ნაცვლად 2990₾-ად არის შესაძლებელი და თეთრი სავარძელი 1450₾-ის ნაცვლად 990₾-ად.
როდესაც რბილ ავეჯზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ცალკე აღვნიშნოთ ამერიკული მექანიზმიანი სავარძელი ანუ „რექლაინერი“. დატვირთული დღის შემდეგ, მისწრებაა „რექლაინერში“ ნებივრობა და ხშირად ხდება ოჯახის წევრებს შორის კამათის საგანიც, თუ ვის ეკუთვნის პირველ რიგში ამერიკულ კომფორტში მოკალათება. „რექლაინერი“ ძალიან კომპაქტურია და მცირე ზომის ოთახშიც შეიძლება მისი განთავსება. საახალწლოდ კი შეგიძლიათ ოჯახის წევრს ან სულაც საკუთარ თავს განსაკუთრებულ ფასად 2190₾-ის ნაცვლად 1490₾-ად აჩუქოთ.
რბილ ავეჯთან ერთად, აუცილებელია ჟურნალის მაგიდის შერჩევა. გთავაზობთ ყურადღება მიაქცით თანამედროვე კომპლექტს, მსუბუქი ოქროსფერი ფეხებითა და ოვალური ფორმის ზედაპირით, რომელიც თითქმის ყველა ტიპის ინტერიერს მოუხდება. ყველაზე საინტერესოა, რომ აღნიშნული ჟურნალის მაგიდას კომპლექტში მოყვება ორი მცირე ზომის მაგიდა, რომელიც დამატებით ფუნქციონალს შემოიტანს თქვენს სასტუმრო ოთახში. საახზალწლო შეთავაზებით ჟურნალის მაგიდის სამ ნაჭრიანი კომპლექტი 1790₾-ის ნაცვლად 1290₾-ად შეგიძლიათ შეიძინოთ.
განსაკუთრებული შეთავაზებების მომზადების დროს გვერდი ვერ ავუარეთ ულამაზეს კონსოლს, რომელიც ვინტაჟური დეტალებისგან შედგება, მაგრამ თანაბრად უხდება როგორც ვინტაჟურ ასევე ინდუსტრიულ და თანამედროვე ინტერიერს. თუ თქვენი ინტერიერისთვის ეძებთ რაიმე ლამაზს და განსხვავებულს, ეშლი ჰოუმსთორის კონსოლი ის არის რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. საახალწლო ფასდაკლებით მისი შეძენა 2190₾-ის ნაცვლად 1590₾-ად შეგიძლიათ.
მცირე ზომის ოთახებისთვის, საწერი მაგიდებიც არ დაგვავიწყდა. თქვენი ინტერიერისთვის შესაბამისი სამუშაო სივრცისთვის საოფისე მაგიდები შეგიძლიათ 390₾-დან შეარჩიოთ.
და ბოლო, განსაკუთრებული შეთავაზებები ვერ იქნებოდა სრულყოფილი პრაქტიკული და კომპაქტური საწოლები გარეშე. ეშლი ჰოუმსთორში შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც რკინის, ასევე ნაჭრის საწოლები 1290₾-დან.
29 წლის მაია შაინიძე, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ზამთრობით შეშის ღუმლით თბებიან. ბათუმის გარეუბანში მცხოვრებმა ოჯახმა გაზის სახლამდე შეყვანა ვერ შეძლო. აბონენტად დასარეგისტრირებლად 800 ლარია საჭირო.
როგორც მაია გვეუბნება, ოჯახისთვის ძვირია გაზის გამათბობელიც, რაც ოთახის სიდიდეს უნდა შეესაბამებოდეს, კარგად რომ გაათბოს სახლი. გაზის გამათბობლის ყოველთვიურ ხარჯებსაც, როგორც მაია გვეუბნება, ოჯახი ვერ გადაიხდის ზამთრობით.
მთელი ზამთრის განმავლობაში შეშით გათბობა ოჯახს გაცილებით ხელმისაწვდომად გამოსდის. შეშას მაიას მეუღლე სოფელში ამზადებს, ხშირად მდინარე რიყავს ხის მოზრდილ ნაჭრებს ან სპეციალური ბილეთით ჭრიან ზამთრისთვის შეშას.
სტატისტიკა არ გვაქვს, რამდენი ადამიანი თბება შეშის ღუმეით საქართველოში. თუმცა არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო, 2021 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც შეშის კვამლი ისევე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, როგორც ავტომანქანების გამონაბოლქვი თუ სამშენებლო მტვერი.
ამავე კვლევის მიხედვით, ჰაერის დამაბინძურებელ ერთ-ერთ ყველაზე მავნე გამონაბოლქვად სწორედ შეშის კვამლია მიჩნეული.
ამავე კვლევის მიხედვით, მსოფლიოში დაახლოებით 2, 6 მილიარდი ადამიანი ამზადებს საკვებს ისეთი საწვავის საშუალებით, როგორიცაა ნახშირი და შეშა.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ შეშასა და ნახშირს გათბობის საშუალებებად ძირითადად საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში იყენებენ.
22 დეკემბერს „მოგზაურ ბიბლიოთეკას“ ბათუმის №2 საჯარო სკოლის 1ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
პირველკლასელებმა წიგნები აჩუქეს „მოგზაურ ბიბლიოთეკას“ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები თანატოლებისთვის.
„პეპი გრძელი წინდა“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „წითელქუდა“, „ანა ფრანკის დღიური“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და კიდევ ბევრი სხვა წიგნი მოუტანეს პირველკლასელებმა თანატოლებს.
პირველკლასელების მხარდაჭერა „მოგზაურ ბიბლიოთეკას“პირველკლასელების მხარდაჭერა „მოგზაურ ბიბლიოთეკას“პირველკლასელების მხარდაჭერა „მოგზაურ ბიბლიოთეკას“პირველკლასელების მხარდაჭერა „მოგზაურ ბიბლიოთეკას“
„მიხარია, რომ თქვენს პროექტში ჩავერთეთ და გსტუმრობთ მოსწავლეებთან ერთად. მოვედით საჩუქრებით, გვინდა წიგნები გავუგზავნოთ ბავშვებს, რომელთაც წიგნებზე წვდომა არ აქვთ.
სკოლა მაღალმთიან რაიონში დავამთავრე და კარგად ვიცი, თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება იდგნენ იქაური მოსწავლეები, ამიტომ შესაძლებლობის გამოჩენისთანავე ჩავერთე პროექტში, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ბავშვების წიგნებით მომარაგებას.
მინდა მოვუწოდო ყველა მასწავლებელს, რომლებიც მუშაობენ ქალაქში, დაუკავშირდნენ „მოგზაურ ბიბლიოთეკას“ და ერთად ვაკეთოთ სიკეთე, ამის გაკეთება ძალიან მარტივია.
პირველკლასელების მხარდაჭერა „მოგზაურ ბიბლიოთეკას“
ჩემი კლასიდან ყველა მოსწავლე ჩაერთო „მოგზაური ბიბლიოთეკისთვის“ წიგნების ჩუქების აქტივობაში.
ძალიან გახარებულები იყვნენ მშობლები, როცა მოვუყევი „მოგზაური ბიბლიოთეკის“ შესახებ, მაშინვე აიტაცეს ეს ამბავი და დღეს ყველანი ერთად ვსტუმრობთ „მოგზაურ ბიბლიოთეკას“.
გავაზიაროთ ცოდნა და მივცეთ ამის შესაძლებლობა ჩვენს მოსწავლეებსაც, მეტი რა შეგვიძლია? ჩვენ ამას ვემსახურებით“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე, ბათუმის №2 საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგი.
პირველკლასელები „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მონახულების შემდეგ „ბათუმელების“ რედაქციას ეწვივნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს „ბათუმელების“ სამუშაო სივრცე, მოუსმინეს ზღაპრებს, ითამაშეს და უამრავი ფოტო და ვიდეო გადაიღეს.
„მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“ მაღალმთიანი აჭარის 28 სოფელში უკვე მიიტანა წიგნები, განახლდა 17 სასოფლო და 11 სასკოლო ბიბლიოთეკის ფონდი.
პირველკლასელები „ბათუმელებში“პირველკლასელები „ბათუმელებში“პირველკლასელების მხარდაჭერა „მოგზაურ ბიბლიოთეკას“პირველკლასელების მხარდაჭერა „მოგზაურ ბიბლიოთეკას“პირველკლასელების მხარდაჭერა „მოგზაურ ბიბლიოთეკას“პირველკლასელების მხარდაჭერა „მოგზაურ ბიბლიოთეკას“პირველკლასელები „ბათუმელების“ ნიუსრუმში
წელს დაარსებული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ ალექს ჩიღვინაძისა და ანა ჯანელიძის წიგნმა [გამომცემლობა „ზოლიანი კატა“] მიიღო ნომინაციაში -„წლის საუკეთესო პროზაული კრებული“.
„ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ – ასე ეწოდება წიგნს, რომლის შექმნის ინსპირაცია პანდემიური ცხოვრება გახდა.
„პანდემიის დაწყების შემდეგ ვფიქრობდით, როგორ და რა შეიძლებოდა ამ თემაზე შექმნილიყო.
საბოლოოდ, დავწერეთ წიგნი ბავშვზე, რომელიც რჩება სახლში თვითიზოლაციის პირობებში და ვეღარ ახერხებს გარეთ გასვლას.
სახლში შეგვიძლია მთელი სამეფო აღმოვაჩინოთ და შეუზღუდავად მოვიფიქროთ, რას გავაკეთებთ მოწყენილობის განსაქარვებლად. წიგნის სახელიც აქედან მოდის.
შინაარსის მიხედვით, გარეთ დაძრწის ურჩხული, რომელიც თვალით უხილავია და აღწერილია, როგორ შეიძლება ამას ბავშვი ხედავდეს, როგორ აღიქვამდეს“ – ამბობს ალექს ჩიღვინაძე.
ალექს ჩიღვინაძე და ანა ჯანელიძე ცოლ-ქმარია. მათ მიერ შექმნილი წიგნის მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი მათი შვილია.
„მთავარი სათქმელი წიგნისა, ალბათ, ის არის, რომ ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობაში მშობელთა შემოქმედებითობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული – როგორ ვუსმენთ ბავშვებს, როგორ ვიგებთ მათ ნათქვამს და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ ურთიერთობისთვის“ – ამბობს ალექსი.
„ტანტალა მეფის სამეფო თამაშები“ ალექსისა და ანას მეოთხე ერთობლივი წიგნია.
მუშაობის პროცესი თანმიმდევრულია – ჯერ იქმნება ტექსტი დამუშავებული იდეის მიხედვით, ბოლოს კი ილუსტრაციები:
„ასე ვმუშაობთ ხოლმე, გაგვიჩნდება იდეა, შემდეგ ტექსტის პირველ ვერსიას ვამუშავებთ. როცა შევთანხმდებით ტექსტზე, მე ვწერ და ანა იწყებს ხატვას. ორივე საკმაოდ დაკავებულები ვართ, ასე რომ, როგორც კი თავისუფალი დრო ჩაგვივარდებოდა ხელში, ასე ვაგრძელებდით მუშაობას. ინტენსიური, შრომატევადი და საინტერესო პროცესია“ – ამბობს ალექსი.
„ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“
ოჯახს საბავშვო წიგნების შექმნის სურვილი ყოველთვის ჰქონდა და შვილის დაბადებამ ამ სურვილის ხორცშესხმას მისცა ხელი:
„სულ გვინდოდა საბავშვო ლიტერატურაც შეგვექმნა, რადგან ქართულ ბაზარზე ცოტაა ხარისხიანი სურათებიანი წიგნი. ჩვენი შვილის გაჩენიდან 1 თვის შემდეგ იყო ჩვენი პირველი წიგნის პრეზენტაცია“.
ალექს ჩიღვინაძე თვლის, რომ ილუსტრაციები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტექსტი:
„ილუსტრაციაც ჰყვება ამბავს, ეს არ არის მხოლოდ განათება და დეკორაცია წიგნისთვის, ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექსტი და ისინი ერთმანეთს ავსებენ.
ეს არის ის, რითაც ბავშვი საერთოდ სწავლობს რა არის წიგნი, რა არის კითხვა, სწავლობს იმას, ჩვენი აზრები როგორ შეიძლება გამოვხატოთ წიგნებით, ნახატებით და სწორედ იმ ხარისხზე, რომელსაც ბავშვი პირველად აიღებს ხელში, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული – მისი გემოვნება, მისი მსოფლმხედველობა და ა.შ.
ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ასაკის შესაბამისი ლიტერატურა ჩაუვარდეს ხელში თავიდანვე, რომ კითხვაზე გული არ აიცრუოს და ამიტომ სიტყვა და ნახატი ერთად და ის თემები, რომლებიც მათთვის იმ ასაკში მნიშვნელოვანია, ჯამში გვაძლევს ისეთ შედეგს, როგორიც საჭიროა“.
ანა ჯანელიძე და ალექს ჩიღვინაძე პრემია „ნაკადულის“ დაჯილდოების ცერემონიაზე
„ტანტალა მეფის საშინაო თამაშების“ ილუსტრატორის, ანა ჯანელიძის თქმით, ილუსტრაციები ბავშვს ტექსტის გაგებასა და აღქმაში ეხმარება:
„წიგნები, რომლებიც მიეკუთვნება „ტანტალა მეფის საშინაო თამაშებს“, ძირითადად არის იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯერ კითხვა არ შეუძლიათ და წიგნს უკითხავს მშობელი, შესაბამისად, წაკითხვის პროცესში ბავშვი უყურებს ილუსტრაციებს და ასე ცდილობს გაიგოს შინაარსი.
როცა 6 წლამდე ასაკის ბავშვების წიგნებს ეხება საქმე, აქ ილუსტრაციას ტექსტზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ხშირად მსმენია, რომ მშობლები ჩივიან – ბავშვს ვუკითხავ ზღაპრებს, მაგრამ ვერაფრით დავაინტერესეო. სინამდვილეში პრობლემა არასწორად შერჩეულ წიგნებშია, ამ დროს ზუსტად ილუსტრაცია ეხმარება ბავშვს,რომ ადვილად შევიდეს წიგნის სამყაროში“ – ამბობს ანა.
იგი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საბავშვო ლიტერატურაში ქართველი ავტორების ორიგინალური ნაწარმოებებიც გაგვაჩნდეს, რადგან კითხვა ადრეული ასაკის ბავშვებს სწორედ სურათებიანი წიგნის მეშვეობით შეიძლება შეუყვარდეთ და ქართულ სოციალურ გარემოსთან ადაპტირებული ილუსტრირებული წიგნი ქართველი მკითხველისთვის მეტად ნაცნობი იქნება, ვიდრე უცხოური:
„ერთი მხრივ, თარგმანიც ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი კარგი უცხოური წიგნია და კარგი იქნება, რომ ქართულადაც იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ავტორებიც ქმნიდნენ ილუსტრირებულ წიგნებს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ეს გარემო და პერსონაჟები შეიძლება უფრო ავთენტური იყოს ქართველი ბავშვისთვის, ვიდრე უცხოურ წიგნებში აღწერილი“.
„ტანტალა მეფის საშინაო თამაშების“ ავტორებმა მკითხველისგანაც მოისმინეს შეფასებები:
„ბავშვებისგან დადებით შეფასებებს ვისმენთ, ბევრისგან მოვისმინეთ, რომ საკუთარი თავი ამოიცნეს.
სულ ვფიქრობდით მშობლების პოზიციაზეც, იმიტომ, რომ ეს წიგნი ეხება იმ დროს, როდესაც სახლში ჩავიკეტეთ, შეიძლება, რაღაც-რაღაცები პირდაპირ არ წერია, მაგრამ ყველა ამოიცნობს თავის თავს, ვისაც პატარა ბავშვთან ერთად მოუწია ამ დროის გატარება, თან მუშაობა და ა.შ.
ჩვენთვისაც რთული იყო პანდემიის პერიოდი და ამ წიგნის დაწერა რაღაცნაირად ოპტიმისტურ განწყობას ტოვებს, რომ ყველაფერი მაინც კარგად არის – ვითამაშებთ, მოვიგონებთ ათას რაღაცას და გავერთობით, თუკი ბავშვის თვალთახედვით შევხედავთ რაღაცებს“ – ამბობს ანა ჯანელიძე.
ახლა ანა და ალექსი გეგმავენ შექმნან ხელშეწყობის პროგრამა ავტორ-ილუსტრატორებისთვის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ განავითარონ სურათებიანი წიგნების იდეები და გაუწიონ პოპულარიზაცია ილუსტრირებული წიგნების გამოცემას.
საბავშვო ლიტერატურულო პრემია „ნაკადული” წელს დაარსდა„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით.
შუახევის მუნიციპალიტეტის პატარა სოფლის, ნენიის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა გაიმარჯვა აჭარის სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის ნომინაციაში – „პირველი ავტოგრაფი“, საუკეთესო სპექტაკლი მაღალმთიანი აჭარიდან.
ნენიელმა მოსწავლეებმა ბათუმში სპექტაკლი „მიწის ყივილი“ წარმოადგინეს, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
ნენიის სკოლაში, სადაც სულ 53 მოსწავლეა, თეატრალური დასი საგანგებოდ ფესტივალისთვის შეიქმნა.
„ჩვენთან მხოლოდ ტელევიზორია, არც თეატრია, არც კინო. სპექტაკლის მზადების პროცესი ბავშვების გამოცოცხლებას ჰგავდა, ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ სხვა სპექტაკლებზეც ვიმუშაოთ.
სკოლაში არ გვქონდა არანაირი გამოცდილება თეატრალურ დადგმაზე. თავს ვიკავებდი, როცა დირექტორმა დასის ხელმძღვანელობა შემომთავაზა.
სცენარი მზად მქონდა ოქტომბრის ბოლოსთვის. ნოემბერში დავიწყეთ რეპეტიციები. მოსწავლეების მონდომება ენერგიით მავსებდა“, – ამბობს შორენა ქამადაძე, დასის ხელმძღვანელი, რომელიც ნენიის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
სცენა სპექტაკლიდან
თეატრალურმა დასმა სოფლის პატარა სკოლაში 10 მოსწავლე გააერთიანა. შორენამ დასისთვის აირჩია მე-11 კლასის მოსწავლეები და ერთიც მეათეკლასელი.
„მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩვენი დასის სახელი. შევთანხმდით „მთიებზე“.
გავითვალისწინე მოსწავლეების შესაძლებლობები, დაველაპარაკე ბავშვებს ჩემ მიერ შერჩეულ ნაწარმოებზე, წავუკითხე სცენარი, გადავწყვიტეთ, ვინ უნდა ყოფილიყო მთავარ როლებში და მუშაობა დავიწყეთ.
მოსწავლეები მთხოვდნენ დასვენების დღეებშიც გვემუშავა სპექტაკლზე. გამოუცდელი მოსწავლეები, გამოუცდელი მასწავლებელი – ყველას გვეშინოდა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმალურად დავიხარჯეთ.
მოსწავლეებს წინასწარ ვამზადებდი და ვეუბნებოდი, ძალიან კარგი იქნება, თუ გავიმარჯვებთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის-მეთქი.
ერთ-ერთ მთავარ როლში დავით მამულაძე იყო. აღფრთოვანებულები იყვნენ, თუ როგორ ოსტატურად თამაშობდა. მახსოვს, სცენისთვის მუსიკას ვარჩევდით, ვუთხარი, დათო, მხოლოდ სიტყვები წარმოსთქვი განცდის გარეშე-მეთქი, მეცოდებოდნენ მოსწავლეები ამდენი რეპეტიციისთვის, ვერ შეძლო, მომიბოდიშა, მასწავლებელო, უნებლიეთ მეტირებაო.
მომავალი გვეტყვის დასის სამომავლო გეგმებზე, ჯერ არ ვიცით, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“, – გვითხრა შორენა ქამადაძემ.
სოფელ ნენიის საჯარო სკოლის თეატრალური დასი „პირველ ავტოგრაფზე“ დაჯილდოებისას
„ბათუმელები“ ნენიის სკოლის თეატრალური დასის წევრებსაც ესაუბრა.
XI-კლასელი დავით მამულაძე ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა სპექტაკლში.
„შორენა მასწავლებელმა გვითხრა „პირველ ავტოგრაფზე“ და მალევე დავიწყეთ მზადება ფესტივალში მონაწილეობისთვის.
რეპეტიციები სკოლაში გვქონდა. სპექტაკლის მომზადებისას გვჭირდებოდა მიკროფონები, განათება, მაგრამ არ გვქონდა არაფერი.
ჩემთვის პირველი იყო სპექტაკლი „მიწის ყივილი“, რომელშიც ვითამაშე და ნომინაციაში გამარჯვებამ უდიდესი მოტივაცია მომცა ისევ ვითამაშო.
თავიდან ყველა ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ დარბაზში ჩვენი მშობლების დანახვა გვამშვიდებდა, ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას და ნერვიულობამაც გადაგვიარა“, – გვითხრა მან.
XI კლასელი ლიზა მიქელაძე ამბობს, რომ მსახიობობა უნდა და სცენაზე ყოფნამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავის არჩევანში.
სცენა სპექტაკლიდან
„ყოველთვის მსახიობობა მინდოდა. „მიწის ყივილში“ მონაწილეობამ დამარწმუნა, რომ მსახიობი მინდა გავხდე.
ეს იყო ჩემი პირველი შეხება თეატრთან, აქამდე მაყურებლის როლშიც კი არასდროს ვყოფილვარ.
რეპეტიციებზე მასწავლებელი გვეუბნებოდა – „ბოლოს ტაშს დაგიკრავენ“. ჩვენ გვაკვირვებდა მისი სიტყვები, ტაშის დაკვრას არ ველოდით.
ბათუმში რომ სპექტაკლი დავდგით, როცა დავასრულეთ, ყველა ვტიროდით. ტიროდნენ მაყურებლები, ფესტივალის ორგანიზატორები, ჩვენც ვტიროდით და ძალიან გვიხაროდა, ემოციების გამოწვევა რომ მოვახერხეთ მაყურებელში.
გამარჯვება აღმაფრთოვანებელი იყო ჩვენთვის. საზეიმოდ დაგვხვდნენ სოფელსა და სკოლაში,“ – გვითხრა ლიზა მიქელაძემ.
ნენიის საჯარო სკოლაში „მიწის ყივილი“ ჯერ არ უჩვენებიათ, რადგან სკოლაში არ აქვთ სათანადო სივრცე, სადაც ყველა მოსწავლის ერთად შეკრება უსაფრთხო იქნება კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე.
საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“დეკემბრის დასაწყისში გაიმართა ბათუმში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით.
ამ ფესტივალის მთავარი მიზანი თეატრის პოპულარიზაციაა ახალგაზრდებში.
„აქ ხალხს სცემენ“, `არა პოლიციურ რეჟიმს“, „აქ არიან ჯალათები“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან საპროტესტო აქცია „ლელოს“ წევრებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ რეაგირებას პოლიციის შენობაში პოლიციელთა მიერ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე, რაზეც მოქალაქეები ჰყვებიან.
2 დღის წინ, 20 დეკემბერს, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების პოლიციელები ფიზიკურ ძალადობაში ჟურნალისტებმა – გიორგი არობელიძემ და რატი რატიანმა დაადანაშაულეს. ეს უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა, რაც მედიამ გააშუქა და რასაც ადამიანები აღწერენ, როგორ სცემეს მათ ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში.
პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების სამივე შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა, მაგალითად, 2016 წელს დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც ასევე ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებას ეხება, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
„ჩვენი მოთხოვნაა პასუხისმგებლობა დაეკისროთ ძალადობის მთავარ აქტორებს, ვინც ამ დაწესებულებაში მუშაობენ, რადგან მსგავსი ფაქტები წამახალისებელია და ჩვენ ამის ფაქტობრივი, ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, მაგალითად, ლუკა სირაძის შემთხვევა.
რეალურად ამ სამართალდამცველების მთავარი ღირებულებაა არა დემოკრატიის დაცვა და ფასეულობების დაცვა. მათ გააჩნიათ განსხვავებული, ჩვენთვის აუხსნელი დღის წესრიგი, რაც დაუშვებელია,“ – აღნიშნა ალექსანდრე ფიფიამ „ბათუმელებთან“, იგი „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია ბათუმში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის საბჭო განიხილავს მათ რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ მალე სრულად აცრილად ჩაითვალოს არა მხოლოდ ორჯერადად აცრილი, არამედ ბუსტერ დოზით აცრილი ადამიანი.
„ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს უკვე არა ორჯერ აცრილი ადამიანი, არამედ ბუსტერიზებული ადამიანი,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
დღეს, 22 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ბუსტერი იცვლება ერთ-ერთ მთავარ დაცვის მექანიზმად კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების პრევენციისთვის.
მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოზე, რომელიც ხვალ, 23 დეკემბერს გაიმართება, განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ბუსტერამდე ინტერვალის შემცირება იქნება.
„მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინების შემდეგ ისედაც გვაქვს დაწესებული სამი თვე ბუსტერისთვის და ახლა საუბარია ასტრაზენეკასა და ფაიზერით აცრილებზე და ასაკზე,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.
დღეის მონაცემებით საქართველოში 54000 ბუსტერ დოზაა გაკეთებული.
ამირან გამყრელიძემ ბუსტერის მეორე დოზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, რაღაც ეტაპზე, აცრის მეოთხე დოზა საქართველოშიც გახდეს საჭირო:
„დარწმუნებული ვარ, მეოთხე დოზაც რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება. პირველი ქვეყანა, ვინც გადაწყვეტილება მიიღო ამის შესახებ, არის ისრაელი“.