მთავარი,სიახლეები

„ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ – პანდემიისას შექმნილმა წიგნმა პრემია „ნაკადული“ მიიღო

22.12.2021 •
„ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ – პანდემიისას შექმნილმა წიგნმა პრემია „ნაკადული“ მიიღო

წელს დაარსებული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ ალექს ჩიღვინაძისა და ანა ჯანელიძის წიგნმა [გამომცემლობა „ზოლიანი კატა“] მიიღო ნომინაციაში -„წლის საუკეთესო პროზაული კრებული“.

„ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ – ასე ეწოდება წიგნს, რომლის შექმნის ინსპირაცია პანდემიური ცხოვრება გახდა. 

„პანდემიის დაწყების შემდეგ ვფიქრობდით, როგორ და რა შეიძლებოდა ამ თემაზე შექმნილიყო.

საბოლოოდ, დავწერეთ წიგნი ბავშვზე, რომელიც რჩება სახლში თვითიზოლაციის პირობებში და ვეღარ ახერხებს გარეთ გასვლას.

სახლში შეგვიძლია მთელი სამეფო აღმოვაჩინოთ და  შეუზღუდავად მოვიფიქროთ, რას გავაკეთებთ მოწყენილობის განსაქარვებლად.  წიგნის სახელიც აქედან მოდის.

შინაარსის მიხედვით, გარეთ დაძრწის ურჩხული, რომელიც თვალით უხილავია და აღწერილია, როგორ შეიძლება ამას ბავშვი ხედავდეს, როგორ აღიქვამდეს“ – ამბობს ალექს ჩიღვინაძე. 

ალექს ჩიღვინაძე და ანა ჯანელიძე ცოლ-ქმარია. მათ მიერ შექმნილი წიგნის მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი მათი შვილია. 

„მთავარი სათქმელი წიგნისა, ალბათ, ის არის, რომ ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობაში მშობელთა შემოქმედებითობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული –  როგორ ვუსმენთ ბავშვებს, როგორ ვიგებთ მათ ნათქვამს და  ჩვენ რას ვაკეთებთ ამ ურთიერთობისთვის“ – ამბობს ალექსი.

„ტანტალა მეფის სამეფო თამაშები“ ალექსისა და ანას მეოთხე ერთობლივი წიგნია.

მუშაობის პროცესი თანმიმდევრულია – ჯერ იქმნება ტექსტი დამუშავებული იდეის მიხედვით, ბოლოს კი ილუსტრაციები:

„ასე ვმუშაობთ ხოლმე, გაგვიჩნდება იდეა, შემდეგ ტექსტის პირველ ვერსიას ვამუშავებთ. როცა შევთანხმდებით ტექსტზე, მე ვწერ და ანა იწყებს ხატვას. ორივე საკმაოდ დაკავებულები ვართ, ასე რომ, როგორც კი თავისუფალი დრო ჩაგვივარდებოდა ხელში, ასე ვაგრძელებდით მუშაობას. ინტენსიური, შრომატევადი და საინტერესო პროცესია“ – ამბობს ალექსი. 

„ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“

ოჯახს საბავშვო წიგნების შექმნის სურვილი ყოველთვის ჰქონდა და შვილის დაბადებამ ამ სურვილის ხორცშესხმას მისცა ხელი:

„სულ გვინდოდა საბავშვო ლიტერატურაც შეგვექმნა, რადგან ქართულ ბაზარზე ცოტაა ხარისხიანი სურათებიანი წიგნი. ჩვენი შვილის გაჩენიდან 1 თვის შემდეგ იყო ჩვენი პირველი წიგნის პრეზენტაცია“. 

ალექს ჩიღვინაძე თვლის, რომ ილუსტრაციები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტექსტი:  

„ილუსტრაციაც ჰყვება ამბავს, ეს არ არის მხოლოდ განათება და დეკორაცია წიგნისთვის, ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექსტი და ისინი ერთმანეთს ავსებენ.

ეს არის ის, რითაც ბავშვი საერთოდ სწავლობს რა არის წიგნი, რა არის კითხვა, სწავლობს იმას, ჩვენი აზრები როგორ შეიძლება გამოვხატოთ წიგნებით, ნახატებით და სწორედ იმ ხარისხზე, რომელსაც  ბავშვი  პირველად აიღებს ხელში, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული – მისი გემოვნება, მისი მსოფლმხედველობა და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია,  ბავშვს ასაკის შესაბამისი ლიტერატურა ჩაუვარდეს ხელში თავიდანვე, რომ კითხვაზე გული არ აიცრუოს  და ამიტომ სიტყვა და ნახატი ერთად და ის თემები, რომლებიც მათთვის იმ ასაკში მნიშვნელოვანია,  ჯამში გვაძლევს ისეთ შედეგს, როგორიც საჭიროა“. 

ანა ჯანელიძე და ალექს ჩიღვინაძე პრემია „ნაკადულის“ დაჯილდოების ცერემონიაზე

„ტანტალა მეფის საშინაო თამაშების“ ილუსტრატორის, ანა ჯანელიძის თქმით, ილუსტრაციები ბავშვს ტექსტის გაგებასა და აღქმაში ეხმარება:

„წიგნები, რომლებიც მიეკუთვნება „ტანტალა მეფის საშინაო თამაშებს“, ძირითადად არის იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯერ კითხვა არ შეუძლიათ და წიგნს უკითხავს მშობელი, შესაბამისად, წაკითხვის პროცესში ბავშვი უყურებს ილუსტრაციებს და ასე ცდილობს გაიგოს შინაარსი. 

როცა 6 წლამდე ასაკის ბავშვების წიგნებს ეხება საქმე, აქ ილუსტრაციას ტექსტზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ხშირად მსმენია, რომ მშობლები ჩივიან – ბავშვს ვუკითხავ ზღაპრებს, მაგრამ ვერაფრით დავაინტერესეო. სინამდვილეში პრობლემა არასწორად შერჩეულ წიგნებშია, ამ დროს ზუსტად ილუსტრაცია ეხმარება ბავშვს,რომ ადვილად შევიდეს წიგნის სამყაროში“ – ამბობს ანა. 

იგი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საბავშვო ლიტერატურაში ქართველი ავტორების ორიგინალური ნაწარმოებებიც გაგვაჩნდეს, რადგან კითხვა ადრეული ასაკის ბავშვებს სწორედ სურათებიანი წიგნის მეშვეობით შეიძლება შეუყვარდეთ და ქართულ სოციალურ გარემოსთან ადაპტირებული ილუსტრირებული წიგნი ქართველი მკითხველისთვის მეტად ნაცნობი იქნება, ვიდრე უცხოური:

„ერთი მხრივ, თარგმანიც ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი კარგი უცხოური წიგნია და კარგი იქნება, რომ ქართულადაც იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ავტორებიც ქმნიდნენ ილუსტრირებულ წიგნებს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ეს გარემო და პერსონაჟები შეიძლება უფრო ავთენტური იყოს ქართველი ბავშვისთვის, ვიდრე უცხოურ წიგნებში აღწერილი“.

„ტანტალა მეფის საშინაო თამაშების“ ავტორებმა მკითხველისგანაც მოისმინეს შეფასებები:

„ბავშვებისგან დადებით შეფასებებს ვისმენთ, ბევრისგან მოვისმინეთ, რომ საკუთარი თავი ამოიცნეს.

სულ ვფიქრობდით მშობლების პოზიციაზეც, იმიტომ, რომ ეს წიგნი ეხება იმ დროს, როდესაც  სახლში ჩავიკეტეთ, შეიძლება, რაღაც-რაღაცები პირდაპირ არ წერია, მაგრამ ყველა ამოიცნობს თავის თავს, ვისაც პატარა ბავშვთან ერთად მოუწია ამ დროის გატარება, თან მუშაობა და ა.შ.

ჩვენთვისაც რთული იყო პანდემიის პერიოდი და ამ წიგნის დაწერა რაღაცნაირად ოპტიმისტურ განწყობას ტოვებს, რომ ყველაფერი მაინც კარგად არის – ვითამაშებთ, მოვიგონებთ ათას რაღაცას და გავერთობით, თუკი ბავშვის თვალთახედვით შევხედავთ რაღაცებს“ – ამბობს ანა ჯანელიძე. 

ახლა ანა და ალექსი გეგმავენ შექმნან ხელშეწყობის პროგრამა ავტორ-ილუსტრატორებისთვის, სადაც მათ საშუალება მიეცემათ განავითარონ სურათებიანი წიგნების იდეები და გაუწიონ პოპულარიზაცია ილუსტრირებული წიგნების გამოცემას.

საბავშვო ლიტერატურულო პრემია „ნაკადული” წელს დაარსდა „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: