მთავარი,სიახლეები

სუს-თან მუსიკის ჩართვისთვის დაკავებული კაცი სააპელაციოს მოსამართლემ გაამართლა

23.12.2021 • 1460
სუს-თან მუსიკის ჩართვისთვის დაკავებული კაცი სააპელაციოს მოსამართლემ გაამართლა

„გამამართლეს, რადგან ცეკვა დანაშაული არ არის,“ – ამბობს ბათუმელი რომა მახარაძე, რომელიც სუს-თან მუსიკის დინამიკებში ჩართვის და ცეკვის შემდეგ დააკავეს, ზუსტად 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვეს, ხოლო შემდეგ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 500 ლარით დააჯარიმა.

ამ მოსამართლის გადაწყვეტილება სუს-თან დაკავებულების საქმეზე უკვე მეორედ შეცვალეს სააპელაციო სასამართლოში.

რომა მახარაძემდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ისევ სუს-ის შენობასთან აქტივისტის თემურ გორგაძის დაკავება. თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ის 5 დღით დააპატიმრეს. სუს-თან დააკავეს გიორგი ფუტკარაძეც. მის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ –  ასეთი იყო საია-ს შეფასება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამივე შემთხვევაში სამართლდარღვევა დაინახა.

ჯერ უცნობია დასაბუთება, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა კალანდაძემ მიიჩნია, რომ რომა მახარაძეც მართალია.

„მაშინ უნდა გამოჩენილიყო, რომ დაგვსაჯეს, ცხელ სიტუაციაში სურდათ ამის ჩვენება, ახლა კი, ეს ინტერესი აღარ არსებობს… მე მართლა ვერ გავიგე, რისთვის დამაკავეს,“ – აღნიშნა რომა მახარაძემ „ბათუმელებთან“. მისი თქმით, ის მაშინ დააკავეს პოლიციელებმა, როცა ტროტუარზე იყო და წესრიგს არ არღვევდა.

„დინამიკი მივიტანე სუს-თან და იუთუბიდან ჩავრთე მუსიკა… როგორც კი მითხრეს პოლიციელებმა გათიშეო, გავთიშე. მერე, ჟურნალისტებმა მთხოვეს, კადრის გადაღება გვინდა და ცოტა ხნით კიდევ ჩართეო. გამორთული მქონდა დინამიკი, როცა ისევ მოვიდა პოლიციელი და მითხრა, რომ დარეკეს თქვენზე, უნდა წახვიდეთ აქედანო. ვუთხარი, მომაკითხავს ახლა მეგობარი, ავიღებ დინამიკებს-მეთქი და მაგ დროს დამაკავეს. არანაირი შელაპარაკება მე არ მქონია,“ – ამბობს რომა მახარაძე.

რომა მახარაძის პერფორმანსი სუს-ის ბათუმის ოფისთან 12 ნოემბერს

„პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იმდენად სუსტი არგუმენტი იყო, რომ ამ ნაწილში საქმისწარმოება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემაც შეწყვიტა. ჩანდა ვიდეოკადრებიდან, რომ არავითარი წინააღმდეგობა რომა მახარაძეს პოლიციელებისთვის არ გაუწევია. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ის მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმა,“ – ამბობს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე. ეს ორგანიზაცია იცავდა სასამართლოში სუს-თან დაკავებული ადამიანების ინტერესებს.

საია-ს იურისტები მიიჩნევენ, რომ სამართალდარღვევის ნიშნები ცალსახად არ იკვეთებოდა და არც გაკვირვებიათ, როცა სააპელაციო სასამართლომ სუს-თან დაკავებულები გაამართლა.

„წვრილმანი ხულიგნობის ნაწილშიც არანაირი მტკიცებულება არ იყო, რაც დაადასტურებდა იმას, რომ რომა ილანძღებოდა, იგინებოდა და ასე შემდეგ,“ – დასძინა მირზა მამულაძემ.

„მე ვაპირებ დავას, რომ ამინაზღაურონ მორალური ზიანი,“ – ამბობს რომა მახარაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: