„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, მათ კი დასახმარებლად მიმართეს არა სამართალდამცველებს, არამედ სხვა „ავტორიტეტებს“.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს – პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ.
ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ, თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და „ქურდული გარჩევის“ გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დღეს, 24 დეკემბერს ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიების ვერსიით, „ქურდული სამყაროს“ ერთმა წევრმა მეორეს დაავალა ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და ბიზნესმენზე ზეწოლის შეწყვეტა.
„გადაწყვეტილების „ქურდული წესით“ აღსრულება კი, ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეში დევს აუდიოჩანაწერები. ნივთმტკიცებად კი, ამოღებულია ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
დაკავებულებს შორის კიდევ ერთი ბრალდებულია, რომელიც 15 ათასი დოლარის გადახდას, ასევე ძვირადღირებული ავტომანქანის დათმობას ქუთაისელ ბიზნესმენს სთხოვდა. ამ შემთხვევაშიც ბიზნესმენს არ მიუმართავს პოლიციისთვის. მას „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ფული გადაუხდია.
„კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა,“ – აღნიშნავენ შსს-ში.
ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.