მთავარი,სიახლეები

დუბაის მმართველმა ყოფილ ცოლს 730 მილიონზე მეტი დოლარი უნდა გადაუხადოს

24.12.2021
დუბაის მმართველმა ყოფილ ცოლს 730 მილიონზე მეტი დოლარი უნდა გადაუხადოს

ლონდონის სასამართლომ დუბაის 72 წლის მმართველსა და პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედს, 550 მილიონი ფუნტის (730 მილიონზე მეტი დოლარი) გადახდა დააკისრა ყოფილი მეუღლისათვის, პრინცესა ჰაიასთვის.

ამ განქორწინებას ინგლისის მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულს უწოდებენ.

სასამართლოს განცხადებით, განქორწინების შედეგად მიღებული თანხის დიდი ნაწილი ყოფილი ცოლ-ქმრის შვილების უსაფრთხოების დაცვას მოხმარდება. საფრთხე მათ სწორედ მამისგან ემუქრებათ.

პრინცესა ჰაია, იორდანიის მეფის, ჰუსეინის შვილი და დუბაის მმართველის, შეიხ მუჰამედის უკვე ყოფილი, რიგით მეექვსე ცოლი, 2019 წელს შვილებთან ერთად გაიქცა არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. მან თქვა, რომ აშინებდა შეიხის დამოკიდებულება სხვა ორი შვილის – პრინცესა ლატიფასა და პრინცესა შამსას მიმართ. ორივე პრინცესა გაიტაცეს და დუბაიში დააბრუნეს მათი ნების საწინააღმდეგოდ.

2019 წელს წარუმატებლად დამთავრდა დუბაის მმართველის ქალიშვილის, პრინცესა ლატიფას მცდელობა, ქვეყანა მალულად დაეტოვებინა და საზღვარგარეთ ახალი ცხოვრება დაეწყო. ახლა არავინ იცის, რა მდგომარეობაშია იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელთან კავშირიც გასულ წელს მთლიანად გაწყდა.

სწორედ ამ შემთხვევების გამო დატოვა დუბაის მმართველის მეექვსე ცოლმა, პრინცესა ჰაიამ ქვეყანა 2019 წელს და დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.

გაბრაზებულმა შეიხმა ცოლს ბრიტანეთის სასამართლოში უჩივლა და მასთან ერთად მყოფი ორი შვილის დუბაიში დაბრუნება მოითხოვა. სასამართლოს მიმართა ჰაიამაც. საბოლოოდ, საქმე დუბაის მმართველისთვის არასახარბიელოდ დასრულდა.

მედიის ცნობით, ბრიტანეთში ცხოვრებისას პრინცესა ჰაია რეგულარულად იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიხმა მუჰამედმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში ერთჯერადად უნდა გადაიხადოს 330 მილიონზე მეტი დოლარი. ეს თანხა მოხმარდება პრინცესა ჰაიას სასახლის შენახვას დიდ ბრიტანეთში და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებს. 

„მინდა, რომ მე და ჩემი შვილები ვიყოთ თავისუფალი,“ – განაცხადა პრინცესა ჰაიამ ჩვენების მიცემის დროს ლონდონის სასამართლოს სხდომაზე, რომელიც თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა.

შეიხი ასევე ვალდებულია გადაიხადოს თითქმის 4 მილიონი დოლარი მათი  14 და 9 წლის შვილების განათლებისთვის.  

____________

ფოტოზე: დუბაის მმართველი და პრინცესა ჰაია. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/STR

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: