განათლება,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„ეს იყო ჩვენი პირველი შეხება თეატრთან“ – ფესტივალზე გამარჯვებული ნენიის სკოლის დასი

22.12.2021 • 1927
„ეს იყო ჩვენი პირველი შეხება თეატრთან“ – ფესტივალზე გამარჯვებული ნენიის სკოლის დასი

შუახევის მუნიციპალიტეტის პატარა სოფლის, ნენიის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა გაიმარჯვა აჭარის სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის ნომინაციაში – „პირველი ავტოგრაფი“, საუკეთესო სპექტაკლი მაღალმთიანი აჭარიდან.

ნენიელმა მოსწავლეებმა ბათუმში სპექტაკლი „მიწის ყივილი“ წარმოადგინეს, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. 

ნენიის სკოლაში, სადაც სულ 53 მოსწავლეა, თეატრალური დასი საგანგებოდ ფესტივალისთვის შეიქმნა. 

„ჩვენთან მხოლოდ ტელევიზორია, არც თეატრია, არც კინო. სპექტაკლის მზადების პროცესი ბავშვების გამოცოცხლებას ჰგავდა, ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ სხვა სპექტაკლებზეც ვიმუშაოთ. 

სკოლაში არ გვქონდა არანაირი გამოცდილება თეატრალურ დადგმაზე. თავს ვიკავებდი, როცა დირექტორმა დასის ხელმძღვანელობა შემომთავაზა.

სცენარი მზად მქონდა ოქტომბრის ბოლოსთვის. ნოემბერში დავიწყეთ რეპეტიციები. მოსწავლეების მონდომება ენერგიით მავსებდა“, – ამბობს შორენა ქამადაძე, დასის ხელმძღვანელი, რომელიც ნენიის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

სცენა სპექტაკლიდან

თეატრალურმა დასმა სოფლის პატარა სკოლაში 10 მოსწავლე გააერთიანა. შორენამ დასისთვის აირჩია მე-11 კლასის მოსწავლეები და ერთიც მეათეკლასელი.

„მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩვენი დასის სახელი. შევთანხმდით „მთიებზე“. 

გავითვალისწინე მოსწავლეების შესაძლებლობები, დაველაპარაკე ბავშვებს ჩემ მიერ შერჩეულ ნაწარმოებზე, წავუკითხე სცენარი, გადავწყვიტეთ, ვინ უნდა ყოფილიყო მთავარ როლებში და მუშაობა დავიწყეთ. 

მოსწავლეები მთხოვდნენ დასვენების დღეებშიც გვემუშავა სპექტაკლზე. გამოუცდელი მოსწავლეები, გამოუცდელი მასწავლებელი – ყველას გვეშინოდა. 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმალურად დავიხარჯეთ. 

მოსწავლეებს წინასწარ ვამზადებდი და ვეუბნებოდი, ძალიან კარგი იქნება, თუ გავიმარჯვებთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის-მეთქი. 

ერთ-ერთ მთავარ როლში დავით მამულაძე იყო. აღფრთოვანებულები იყვნენ, თუ როგორ ოსტატურად თამაშობდა. მახსოვს, სცენისთვის მუსიკას ვარჩევდით, ვუთხარი, დათო, მხოლოდ სიტყვები წარმოსთქვი განცდის გარეშე-მეთქი, მეცოდებოდნენ მოსწავლეები ამდენი რეპეტიციისთვის, ვერ შეძლო, მომიბოდიშა, მასწავლებელო, უნებლიეთ მეტირებაო. 

მომავალი გვეტყვის დასის სამომავლო გეგმებზე, ჯერ არ ვიცით, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“, – გვითხრა შორენა ქამადაძემ. 

სოფელ ნენიის საჯარო სკოლის თეატრალური დასი „პირველ ავტოგრაფზე“ დაჯილდოებისას

„ბათუმელები“ ნენიის სკოლის თეატრალური დასის წევრებსაც ესაუბრა.

XI-კლასელი დავით მამულაძე ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა სპექტაკლში.

„შორენა მასწავლებელმა გვითხრა „პირველ ავტოგრაფზე“ და მალევე დავიწყეთ მზადება ფესტივალში მონაწილეობისთვის. 

რეპეტიციები სკოლაში გვქონდა. სპექტაკლის მომზადებისას გვჭირდებოდა მიკროფონები, განათება, მაგრამ არ გვქონდა არაფერი. 

ჩემთვის პირველი იყო სპექტაკლი „მიწის ყივილი“, რომელშიც ვითამაშე და ნომინაციაში გამარჯვებამ უდიდესი მოტივაცია მომცა ისევ ვითამაშო. 

თავიდან ყველა ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ დარბაზში ჩვენი მშობლების დანახვა გვამშვიდებდა, ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას და ნერვიულობამაც გადაგვიარა“, – გვითხრა მან. 

XI კლასელი ლიზა მიქელაძე ამბობს, რომ მსახიობობა უნდა და სცენაზე ყოფნამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავის არჩევანში.

სცენა სპექტაკლიდან

„ყოველთვის მსახიობობა მინდოდა. „მიწის ყივილში“ მონაწილეობამ დამარწმუნა, რომ მსახიობი მინდა გავხდე. 

ეს იყო ჩემი პირველი შეხება თეატრთან, აქამდე მაყურებლის როლშიც კი არასდროს ვყოფილვარ.

რეპეტიციებზე მასწავლებელი გვეუბნებოდა – „ბოლოს ტაშს დაგიკრავენ“. ჩვენ გვაკვირვებდა მისი სიტყვები, ტაშის დაკვრას არ ველოდით.

ბათუმში რომ სპექტაკლი დავდგით, როცა დავასრულეთ, ყველა ვტიროდით. ტიროდნენ მაყურებლები, ფესტივალის ორგანიზატორები, ჩვენც ვტიროდით და ძალიან გვიხაროდა, ემოციების გამოწვევა რომ მოვახერხეთ მაყურებელში. 

გამარჯვება აღმაფრთოვანებელი იყო ჩვენთვის. საზეიმოდ დაგვხვდნენ სოფელსა და სკოლაში,“ – გვითხრა ლიზა მიქელაძემ.

ნენიის საჯარო სკოლაში „მიწის ყივილი“ ჯერ არ უჩვენებიათ, რადგან სკოლაში არ აქვთ სათანადო სივრცე, სადაც ყველა მოსწავლის ერთად შეკრება უსაფრთხო იქნება კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე. 

საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ დეკემბრის დასაწყისში გაიმართა ბათუმში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით. 

ამ ფესტივალის მთავარი მიზანი თეატრის პოპულარიზაციაა ახალგაზრდებში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: