მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რაზე მიგვანიშნებს დაბალი ჰემოგლობინი | ექიმის რჩევები

23.12.2021 • 18673
რაზე მიგვანიშნებს დაბალი ჰემოგლობინი | ექიმის რჩევები

თუ თქვენი ჰემოგლობინის დონე ნორმაზე დაბალია, ეს ნიშნავს, რომ სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა გაქვთ – ანემია. ჰემოგლობინი არის ცილა სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც მიაქვს ჟანგბადი სხეულის ორგანოებსა და ქსოვილებში და გადააქვს ნახშირორჟანგი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან ფილტვებში.

ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, ნინო წულუკიძე ამბობს, რომ ანემიას შეიძლება ჰქონდეს მრავალი განსხვავებული მიზეზი, მათ შორის ვიტამინის დეფიციტი, სისხლდენა და ქრონიკული დაავადებები. მას ჰემოგლობინის დაწევის მიზეზებზე ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნინო, რა შეიძლება გახდეს სისხლში ჰემოგლობინის დაწევის მიზეზი?

თუ ჰემოგლობინის დონე ნორმაზე დაბალია, შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ანემია. ანემიის მრავალი ფორმა არსებობს, თითოეულ მათგანს განსხვავებული მიზეზი აქვს.

ანემია შესაძლოა იყოს პოსტჰემორაგიული, ანუ როცა ანემია ვითარდება სისხლის დაკარგვის დროს. ქალებში ეს შესაძლოა განპირობებული იყოს გინეკოლოგიური პრობლემებით, კაცებში – კუჭ-ნაწლავის წყლულის დროს განვითარებული სისხლდენით, ასევე ჰემოროიდული კვანძებით. 

მეორე მიზეზია ჰემოლიზური ანემიები. ეს შეძენილი ანემიებია, განვითარებული ინტოქსიკაციების, რომელიმე ვირუსული ან ქრონიკული დაავადების ფონზე.

აქვე შეიძლება განვიხილოთ რკინადეფიციტური და B12-დეფიციტური ანემიები. ანემია ვითარდება ქრონიკული დაავადებების დროსაც – მაგალითად, თირკმლის უკმარისობის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერ ან ჰიპოფუნქციის დროს და ა.შ. 

ძირითად მიზეზად ამ კლასიფიკაციას საფუძვლად მაინც უდევს საერთო პათოგენეზი, პერიფერიულ სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება და პლუს ამას ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება.

საყურადღებოა, რომ შესაძლოა ანემიის დროს ჰემოგლობინის ძალიან გამოხატული ნაკლებობა არ დაფიქსირდეს, თუმცა სახეზე იყოს რკინის ან B12-ის დეფიციტი.

  • როგორ შეიძლება ამოვიცნოთ დაბალი ჰემოგლობინი გარეგანი ნიშნებით?

პირველ რიგში ახასიათებს ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, უფრო დეპრესიისკენ მიდრეკილება, ძილიანობა, ანუ ის ზოგადი სიმპტომატიკა, რაც შეიძლება ნებისმიერ დაავადებას ახლდეს.

თუ კი ღრმა ანემიებზეა საუბარი, შეიძლება სახეზე გამოხატული იყოს  სიფერმკრთალე, უფრო მოყვითალო ელფერი, თვალის სკლერები გაყვითლებული ან მოცისფრო შეფერილობისაა.

B12-ის დეფიციტის დროს ხდება ტუჩის კუთხეების დაზიანება [ანგულარული სტომატიტი], სტომატიტი პირის ღრუში, ენა შესაძლოა იყოს მოწითალო ჟოლოსფერი, ასევე ახასიათებს ენის, ხელების, ფეხების ბჟუილი.

რკინის დეფიციტის დროს გვხვდება წითელი პრიალა შელესილი ენა [ჰუნტერის გლოსიტი], ის ხშირია გასტრიტული დაავადებების ფონზე მიმდინარე რკინის დეფიციტის დროს. ასევე, რკინის დეფიციტის დროს ხშირად ქალებს აღენიშნებათ ფრჩხილების, თმის მტვრევადობა, მშრალი კანი და კანის გაუხეშება.

  • როგორ გრძელდება მკურნალობა, როცა ჰემოგლობინის დონე ძალიან დაბალია?

როდესაც ჰემოგლობინის მაჩვენებელი გარკვეულ ზღვარზეა, ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის დროსაც განიხილება ჰემოტრანსფუზია ანუ სისხლის გადასხმა.

თანამედროვე მაჩვენებლებით, თუ კი ადამიანს არ აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და უცებ დაუდგინდა ანემია და ჰემოგლობინის დონე 70 გ/ლ-ზე დაბალია, მიიჩნევა, რომ პაციენტი უნდა განთავსდეს სტაციონარში და გაუკეთდეს ჰემოტრანსფუზია.

სხვა შემთხვევაში, იმის მიხედვით, ერითროციტების როგორი ფორმა გვაქვს, როგორია ფერადობა, ვიკვლევთ ანემიის მიზეზს, რკინის, ფერიტინის, B12-ის რაოდენობას პერიფერიული სისხლის შრატში და ვნახულობთ ფოლიუმის მჟავის მაჩვენებელს. მკურნალობა იგეგმება იმის მიხედვით, თუ რომელი ვიტამინის დეფიციტითაა განპირობებული ანემია. შესაძლოა დაინიშნოს ინტრავენური რკინის მედიკამენტები, მერე უკვე ვნიშნავთ მედიკამენტებსა და დიეტას.

MayoClyinc: შესაძლოა ჰემოგლობინის ტესტმა აჩვენოს ნორმაზე მაღალი დონე, რასაც  რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის – პოლიციტემია [დაავადება, რომლის დროსაც ძვლის ტვინში წარმოიქმნება ნორმალურზე მეტი რაოდენობით ერითროციტები. ერითროციტების ასეთი დიდი რაოდენობა სისხლს ასქელებს, ართულებს მის დინებას სისხლძარღვებში], სიმაღლეზე ცხოვრება, მწეველობა და დეჰიდრატაცია.

  • რა ხილი და ბოსტნეულია რეკომენდებული დაბალი ჰემოგლობინის დროს?

ორგანიზმი რკინას ადვილად ითვისებს ხორციდან, თუმცა არსებობს რკინის შემცველობის მცენარეული საკვებიც. რკინის დეფიციტის დროს საჭიროა ასეთი პროდუქტების რაოდენობის გაზრდა რაციონში. აღსანიშნავია მწვანე ბოსტნეული, ბროკოლი, კიტრი, სალათის ფურცლები, ჭარხლის ნახარში, ბროწეული, ვაშლი, ასევე მარცვლეული.

MayoClinic-ის მიერ რეკომენდებული მცენარეული პროდუქტები ჰემოგლობინის დონის მოსამატებლად:

  • რკინით მდიდარი პროდუქტები: მარცვლოვანები, ისეთი წვანეფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა, მაგალითად, სატაცური; ასევე გამომშრალი ხილი – ქიშმიში და გარგარის ჩირი, პური, მაკარონი, ბარდა.
  • ფოლიუმით მდიდარი საკვები: მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილი, მაკარონი და ბრინჯი, ასევე ხილი და ხილის წვენები.
  • B-12 ვიტამინით მდიდარი საკვები: კვერცხი, B-12-ით გამდიდრებული მარცვლეული [მიუსლი], ყველი, იოგურტი.
  • C ვიტამინით მდიდარი საკვები: ბროკოლი, ციტრუსის ხილი და წვენები, მარწყვი, მწვანე წიწაკა, პომიდორი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: