მთავარი,სიახლეები

„ყველა შვილი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს დედა“, – ყოფილი ემიგრანტის შვილი

24.12.2021 • 2143
„ყველა შვილი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს დედა“, – ყოფილი ემიგრანტის შვილი

„როდესაც დედაჩემი ემიგრაციაში წავიდა, მეგონა, მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ მხოლოდ 7 წლის შემდეგ დაბრუნდა,“ – ასე იწყებს გულნარა ლეფსაია დედაზე საუბარს.

გულნარა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შვილია, რომელიც „ბათუმელებს“ ინტერვიუზე და დედის ემიგრაციის შესახებ საუბარზე დათანხმდა. ემიგრაციის თემაზე მუშაობის დროს აღმოჩნდა, რომ ის, რაზეც ხმამაღლა და თავისუფლად ლაპარაკობენ ემიგრანტი დედები, რთულია შვილებისთვის სალაპარაკოდ.

გულნარა დედაზე საუბრისას ამბობს, რომ არ ახსოვს დრო, როცა დედა არ მუშაობდა. თუმცა დაბალმა და გაწეული შრომის შეუსაბამო ანაზღაურებამ მისი დედა, ისევე როგორც ათასობით ქალი ამ ქვეყანაში, აიძულა სხვა ქვეყანაში წასულიყო.

„როცა დედაჩემი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, მაშინ ასეთი ადვილი არ იყო კომუნიკაცია. ყველა ტელეფონში არ იყო ინტერნეტი და სოციალური ქსელი. უფრო სწორად ბევრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, უფრო მეტად შუა ასაკის ადამიანებისათვის. მახსოვს, როგორ გვიჭირდა კომუნიკაცია – როგორ იმგზავრა, როგორ ჩავიდა, მივიდა თუ არა. არ იცოდა ენა, პირველად იყო ემიგრაციაში და ეს განსაკუთრებით გვანერვიულებდა ოჯახის წევრებს.

იყო პერიოდი, როდესაც კვირაში ერთხელ ვურეკავდით იმ ადამიანს მობილურზე, ვისთანაც მუშაობდა ოჯახში. ეს რაღაც ერთწუთიანი საუბარი, მისი ხმის გაგონება, იყო დიდი იმედის მომცემი და დიდი ბედნიერება.

თურქეთში მუშაობდა და სამ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა. მახსოვს, როცა პირველად ჩამოვიდა, მასთან ერთად ვინც მგზავრობდა, იმას ვეკონტაქტებოდით ხოლმე. „გადმოკვეთე დედა საზღვარი? რას შვრები? როგორ ხარ?

სამთვიანი განშორება სადღაც სარფის საზღვართან უკვე მთავრდებოდა. სულ ველოდებოდით ხოლმე სარფში, იმდენად გვენატრებოდა. რამდენიმე დღეში უკან ბრუნდებოდა.

მერე მივეჩვიეთ ჩვენც. ალბათ მასაც უჭირდა.

ორი წლის შემდეგ სოციალურ ქსელშიც დარეგისტრირდა და გაიოლდა კონტაქტი. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვრეკავდით და თითქოს ინტერნეტმა მანძილი შეამცირა,“ – იხსენებს გულნარა.

გულნარას თქმით, მაშინ, როცა დედები ამხელა შრომას სწევენ, ეგოისტობაა შვილებმა თავიანთ სირთულეებზე ილაპარაკონ.

„ყველაზე რთული ალბათ იყო მაინც დედაჩემისთვის. სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო კულტურა, უცხო ენა, არავის არ იცნობდა საერთოდ. ეს იყო მისთვის ასმაგად მძიმე, ვიდრე ჩემთვის. შუა ასაკის ადამიანისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი  შვილიშვილების დაბადება, ამ ყველაფერს არ დასწრებია.

მახსოვს, როდესაც მეორე შვილი შემეძინა, სანამ არ გამოვჯანმრთელდი სრულად და უკეთესად არ ვიყავი, მანამდე არც კი ვუთხარი, რომ არ ენერვიულა. ასე იყო ყოველ ჯერზე, ჩემი ძმისშვილების შეძენის შემთხვევაშიც. რთული იყო დედაჩემისთვისაც – შვილიშვილი რომ იბადება, სხვა ემოციაა და გინდა, რომ  პირველივე დღეები, საათები, მასთან ერთად გაატარო, ნახო და ა.შ. ჩემი შვილების შემთხვევაში ეს ეტაპები არ გაუვლია.

თუმცა ახლა ამ ყველაფერს ანაზღაურებს. როცა თავისუფალია და არ მუშაობს, ავტომატურად ნიშნავს, რომ ბებიის როლშია. მისი არყოფნა რთული იყო ჩემთვისაც, როგორც ახალბედა დედისთვის, რომელსაც მშობლის რჩევა-დარიგება სჭირდება, გვერდში დგომა სჭირდება. ეს რაღაცები გამოვტოვეთ.

შეიძლება ძალიან ისე გამომდის, მაგრამ ცივი შვილი ვიყავი. დიდად სიყვარულის  გამოხატვა არ მახასიათებდა. იმ შვიდწლიანმა განშორებამ გააქრო ეს ბარიერი. დედაჩემის მხრიდან არ იყო ეს ბარიერი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში უფრო დამაახლოვა, დამამეგობრა ამ შვიდმა წელმა.

ალბათ ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც შეიძლება დედაჩემის ემიგრაციას ვუპოვო, არის ეს, უფრო ახლოს მივედი მასთან, უფრო დავმეგობრდი და უფრო მეტი საერთო გამოგვიჩნდა“.

ემიგრანტი დედის შვილობა

„სამწუხაროდ, ემიგრანტი დედები უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე შვილები. ალბათ იმიტომ, რომ შვილები ამ გარემოში ვიზრდებით და თითქოს მივეჩვიეთ ამ ყველაფერს.

ემიგრანტი დედის შვილობა გულის სიღრმეში მაინც ნიშნავს იყოს მარტო. იმიტომ, რომ დედის როლი შვილისთვის არის განუზომელი. ირგვლივ სხვა ადამიანები გყავდეს, დედა მაინც შეუცვლელია.

ყველა შვილი უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ემიგრაციიდან დედა. ამისთვის უნდა გააკეთონ მაქსიმუმი. ის კი არა, რომ წავიდა და იქიდან რაღაცას მიგზავნის და ამას მივეჩვიეთ.

პირიქით. უნდა ვეცადოთ ჩვენ გვერდით იყოს მშობელი და ჩვენც მხარში დავუდგეთ.

არ ვაძლევთ უფლებას თავს ეს ემოციები გამოვხატოთ, ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ. საკუთარ თავს კი არა, როცა მარტო ვრჩებით, მაშინაც არ ვუტყდებით საკუთარ თავს, რამდენად რთულია ემიგრაციაში მყოფი დედისთვის ოჯახისგან შორს ყოფნა.

ასევე საქართველოში მყოფი ბავშვებისთვის. დიდი ნაწილისთვის, ვინც ახლა არ საუბრობს, დარწმუნებული ვარ, მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ვერ ამბობს ხმამაღლა, რამდენად  რთულია მშობლის გარეშე ყოფნა.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო შვილების, არამედ სახელმწიფოს მხრიდან მათ დასაბრუნებლად, აბსოლუტური ჩართულობა უნდა იყოს. ისე კი არ უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფო, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი გაედინებოდეს სხვაგან, არამედ პირიქით, ვინც წასულია, იმათთვის უნდა იყოს ის პირობა, რომ საქართველოში დაბრუნდნენ. შეიძლება არა იმ ანაზღაურებით, რაც უცხოეთშია, მაგრამ უნდა უღირდეთ საქართველოში. უნდა შეძლონ, რომ შვილს ნორმალური განათლება მისცენ. ვისურვებდი, რომ საქართველოში ქალებისა და ბავშვების მზარდი გადინების ნაცვლად ბრუნდებოდნენ უკან.

რა უნდა გააკეთონ შვილებმა

როცა შენი შრომის გარეშე მოდის შენამდე ფული, არ იცი ამ ფულის ყადრი. არ იცის, რისი შედეგია, თუნდაც შენი განათლების მისაღებად რას აკეთებს მშობელი.

მე, მაგალითად, ძალიან კარგად ვიცი, როგორი იყო დედაჩემის ყოველდღიურობა, როცა უკვე ხშირი კომუნიკაცია გვქონდა. ძალიან ადრე უწევდა ადგომა. იყო შემთხვევები, როდესაც მთელი დღე ფეხზე იდგა. ეს იმდენად დასამახსოვრებელი იყო, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.

მშობლები, რომლებიც ემიგრაციაში არიან, ხშირად არ ეუბნებიან შვილებს თავიანთ გასაჭირს და ამბობენ: „იცი, რა, კარგად ვარ“. არა, ხშირად უნდა უთხრან რა უჭირთ, როგორია მათი ყოველდღიურობა, რისი გადატანა უწევთ იმისათვის, რომ შვილებს კარგი განათლება მისცენ.

ეს ყველაფერი მშობლებმა უნდა უთხრან შვილებს და, რა თქმა უნდა, შვილებმაც უნდა გაიაზრონ.

ამ შრომის საპირწონე რა იქნება? მინიმუმ მადლიერების გამოხატვა. მშობლებს ავიწყდებათ დაღლა, თუკი ხედავენ, რომ შვილები, რომელთა განათლებისთვისაც არიან წასულები, წარმატებას აღწევენ. რომ მათ მიერ გამოგზავნილი ფული წყალში არ არის გადაყრილი. ეს არის ერთგვარი მადლიერების გამოხატვაც და დაფასებაც იმის, რის გამოც ჩვენი მშობლები იძულებულები გახდნენ, რომ წასულიყვნენ უცხო ქვეყანაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: