მთავარი,სიახლეები

ახალი წლის ღონისძიებებზე საქართველოში 10 მილიონამდე ლარი იხარჯება

23.12.2021 • 1878
ახალი წლის ღონისძიებებზე საქართველოში 10 მილიონამდე ლარი იხარჯება

„მოდის ახალი წელი და ჩვენი თხოვნაა მოსახლეობისადმი, რომ ყველა დაწესებულებაში, რომელიც ექვემდებარება მწვანე პასპორტით მუშაობას, დაცული იყოს ის რეგულაციები, რაც დღეს არსებობს, ანუ არ უნდა მოვდუნდეთ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 22 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ქვეყანაში კორონავირუსის შემაშფოთებლად შეფასებული შტამის, „ომიკრონის“ 24 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ამირან გამყრელიძე გვირჩევს მკაცრად დავიცვათ რეგულაციები:

„ომიკრონი ჩვენ გვერდს არ აგვივლის, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემთხვევები გაიზრდება“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

ამავე დღეს საკოორდინაციო საბჭომ საჯარო დაწესებულებებისთვის 10 იანვრამდე არდადეგების გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, სკოლები კი 17 იანვრამდე დაისვენებენ.

ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებების მასშტაბი და ხარჯები იზრდება და ქვეყნის მასშტაბით 10 მილიონამდე ლარს აღწევს. აქედან ყველაზე მეტი, 4 მილიონ-ნახევარი ლარი თბილისსა და ბათუმზე მოდის.

ბათუმი

  • თბილისი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ წელს საახალწლო ღონისძიებების მასშტაბი გაზარდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში მერია განმარტავს, რომ დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად, წინა წლისგან განსხვავებით, მასშტაბურ და მრავალფეროვან ღონისძიებებს გეგმავს.

ღონისძიებები თბილისში 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან – 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე უნდა გაიმართოს. კახა კალაძემ საჭირო  მომსახურებების შესყიდვის მიზნით, გამარტივებული პროცედურის გამოყენების უფლება მოითხოვა და თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე საქართველოს პრემიერის განკარგულებაც ატვირთა.

ამ განკარგულებით პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერიას უფლებას აძლევს საახალწლო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული 3 მილიონ  556 000 ლარი შესყიდვების გამარტივებული წესის გამოყენებით განკარგოს.

გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას, საავტორო უფლებების გარდა, თბილისის მერია COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვებითაც ხსნის:

„მსოფლიოში და საქართველოში არსებული პანდემიის პირობებში და ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წინასწარ არ იყო განსაზღვრული რა ფორმით მოხდებოდა შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, არ იყო შესაძლებელი იმის დაგეგმვა, თუ რა მასშტაბის, ტიპის, რაოდენობის ღონისძიებები და აქტივობები გაიმართებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა“.

  • ბათუმი

საახალწლო ღონისძიებებისთვის თბილისის შემდეგ ყველაზე მეტს ბათუმის მერია ხარჯავს. ბათუმის კულტურის ცენტრმა საახალწლო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად 433 400 ლარის ღირებულების მომსახურების შეზღუდულ ვადებში შესყიდვის უფლება მოითხოვა, ქალაქის საზეიმოდ მორთვისა და მთავარი ნაძვის ხის მონტაჟისთვის კი ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველომ  გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 699 910 ლარია.

ქალაქის მორთვის სამუშაოებს  ბათუმში ბოლო ათი წელია შპს „აჭარგანათება“ ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპანია უკონკურენტო მიმწოდებელია, როცა მერია ქალაქში განათებებთან დაკავშირებულ მომსახურებებზე აცხადებს ტენდერს.

წელს ბათუმის მერიას ახალი ილუმინაციები არ შეუსყიდია, მხოლოდ სცენის გასანათებელი მოწყობილობები დაამატეს, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადეს. 699 910 ლარი კი მხოლოდ ქალაქის საახალწლოდ მორთვის სამუშაოში იხარჯება. გასულ წელს ბათუმის  მერიამ ამ თანხაზე ცოტა მეტი – 788 623 დახარჯა ჯამურად საახალწლო ღონისძიებებისთვის.

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ქედაში, შუახევში და ხულოში საახალწლო მორთულობებისა და ღონისძიებებისთვის ჯამში 150 000- ზე მეტი ლარი იხარჯება.

  • ქუთაისი

ქუთაისის მერია ქალაქის საახალწლოდ მოსართავად, 31 დეკემბრის გალა კონცერტისა და  7 იანვრის საშობაო ღონისძიებისთვის 16 320 ლარს დახარჯავს. ამ ხარჯში შედის ასევე მცირე საჩუქრები – ნუგბარი ბავშვებისთვის.

მერიას კიდევ რამდენიმე გასართობი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. რაც შეეხება საახალწლო მორთულობას, ქუთაისის მერიამ 2022 წლის საახალწლო მორთულობისთვის ახალი ილუმინაციების შესაძენად 290 000-მდე ლარი დახარჯა, საერთო ჯამში კი საახალწლო ხარჯის სახით ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 350 000  ლარი დაიხარჯება.

  • რუსთავი

რუსთავის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გაითვალისწინა, საბოლოოდ კი შესყიდვა შპს „ბრავოსთან“ 83  000 ლარის ღირებულების მომსახურებაზე გააფორმა.

რუსთავი

  • ზუგდიდი

ზუგდიდის მერიის „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ საახალწლო განათებები შპს „ქოლორფულ სფირითსისგან“ ტენდერის საფუძველზე შეიძინა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი დაიხარჯა.

თბილისი

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის გასანათებელი მოწყობილობები საქართველოს 15-მდე ქალაქმა შეისყიდა, რისთვისაც ჯამში 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან, სხვა ქალაქებში კი გასულ წლებში შესყიდულ ილუმინაციებს გამოიყენებენ.

გასართობი ღონისძიებებისთვის  გათვალისწინებული თანხები დაგეგმილი ღონისძიებების მასშტაბების შესაბამისად 12 000 – დან  150 000 ლარამდეა, გარდა ბათუმისა და თბილისისა.

საერთო ჯამში კი, საქართველოს ქალაქებში ახალი წლის აღნიშვნის, მასთან დაკავშირებულო მოწყობილობებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვისთვის ქვეყნის მასშტაბით 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

  • ახალი წლის ხარჯები და კორუფციის ნიშნები

საახალწლო შესყიდვები ძირითადად შეზღუდულ ვადებში და უკონკურენტო გარემოში ტარდება. ამის მიზეზად ახლა უკვე პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახელებენ, თუმცა საახალწლო შესყიდვები პანდემიამდეც გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით შეზღუდულ ვადებში ტარდებოდა.

დასაბუთების გარეშე მსგავსი ტიპის შესყიდვებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განიხილავს, როგორც პრობლემურს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: