მთავარი,სიახლეები

ნაპოვნია აღმაშენებლის პერიოდის მონეტა, დღემდე მისი მოჭრილი ერთადერი მონეტა ლონდონში ინახებოდა – სუსი

24.12.2021
ნაპოვნია აღმაშენებლის პერიოდის მონეტა, დღემდე მისი მოჭრილი ერთადერი მონეტა ლონდონში ინახებოდა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტები და სხვა ნივთები ამოიღეს.

სამსახურის განმარტებით, მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები.

ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი.

მონეტა უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულებისაა და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება შეუფასებელია.

დღემდე მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ, ლონდონშია დაცული.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იგი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს:

„რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი.“

გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია.

ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის – 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით.

აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ, მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით- „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.

ეს არტეფაქტები, ასევე, გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: