როცა შეშა არ მაქვს და ცივა, საწოლიდან ვერ ვდგები – შშმ ქალი, რომელიც ხულოში მარტო ცხოვრობს

65 წლის ეთერ ცეცხლაძე დაბა ხულოში მარტო ცხოვრობს, პატარა ბინაში, რომელიც ძმამ დაუთმო. ეთერი ბავშვობიდან შშმ პირია. 10 წლის წინ ხელჯოხების დახმარებით გადაადგილდებოდა, მაგრამ ახლა ეთერი ეტლით მოსარგებლეა.

ეთერის თქმით, მისი ბინა ისეთი ვიწროა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ორი ადამიანის ერთად ცხოვრება.

„ეს ბინა ჩემმა ძმამ დამითმო, შევეცოდე, თვითონ კი ქირით გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად. ადრე ყავარჯნების დახმარებით შემეძლო სიარული, ახლა აღარ შემიძლია.

როცა ჩემი ძმა აქეთ იყო, ყურადღებას მაქცევდა, მაგრამ მას და მის ცოლსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და წასული არიან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. უკვე 4 თვეა, რაც სრულიად მარტო ვარ“, – ამბობს ეთერი.

ეთერის შემოსავალი პენსიაა. მან გვითხრა, რომ პენსია წამლებისთვისაც კი არ არის საკმარისი და ხანდახან თავად ექიმები ეხმარებიან წამლების შეძენაში.

„პენსიაზე ვარ დამოკიდებული, ისეთი შემთხვევებიც მქონია, ექიმი რომ წამლებს გამომიწერს, შევეცოდები და ფულსაც მაძლევს მათ შესაძენად, 15-20 ლარს.

წამლებზე 200-ლარიანი ვაუჩერი გვაქვს წელიწადში, 200 ლარი ერთ თვეში გაიხარჯება და შემდეგ რა უნდა ვქნათ?! შეიძლება უჭმელობა მოითმინო, მაგრამ წამლის, გამაყუჩებლების გარეშე ვერ გაძლებ“.

ქალი სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მან გვითხრა, რომ მალე შეშაც გაუთავდება და ხულოს ცივ ზამთარში გათბობის გარეშე დარჩება.

„ამ თვის ბოლომდეც არ მეყოფა ალბათ შეშა, რაც მორჩენილი მაქვს და შემდეგ რას ვიზამ, არ ვიცი.

მქონია დღეები, როცა შეშის უქონლობის გამო გათბობა საერთოდ არ მქონდა. ასეთ დღეებში ვცდილობ, რომ საწოლიდან საერთოდ არ ავდგე, მაგრამ გშივდება ადამიანს, ხომ უნდა ჭამო, ილოცო, რამდენ ხანს შეიძლება იწვე“, – ამბობს ეთერი.

მისი თქმით, ადრე კერვა და ქარგვა შეეძლო, მაგრამ ახლა აღარ შეუძლია, რადგან მუდმივად აწუხებს ხელების ტკივილი და უღონობა.

„მეზობლები მიდგანან გვერდში. ამ სახლში ჩემმა ძმამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ როგორმე ჩემით საჭმელი მოვიმზადო. ადრე შემეძლო ხელსაქმე, ახლა აღარ შემიძლია, ხელებიც მტკივა და ამიტომ მიჭირს“, – გვითხრა მან.

ეთერის თქმით, გარეთ შემოდგომის შემდეგ არ ყოფილა, რადგან ხულოში წელს დიდთოვლიანი ზამთარია, ეთერი კი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. ამასთან, ხულოს ინფრასტრუქტურა მოხერხებული არ არის ეტლით მოსარგებლეებისთვის.

„მხოლოდ ერთი მეზობელი მყავს, ვისთანაც შემიძლია მივიდე, პანდუსი აქვს, სხვაგან ვერსად მივდივარ. ეტლის გარეშე მე ვერ წავალ, ეტლი არ მიდის ადამიანებთან.

შემოდგომის შემდეგ არ ვყოფილვარ გარეთ. ელექტროეტლი რამდენიმე წელია რაც მაქვს, თუ მეზობლები არიან ახლოს, ისინი მეხმარებიან, თუ არავინაა, ჩემით გადავჯდები ხოლმე, მიჭირს, მაგრამ როგორღაც ვახერხებ“, – ამბობს ეთერი.

ეთერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეტლით მოსარგებლეებისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ხულოში და მით უმეტეს მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებით მდებარე სოფლებში, ცხოვრება ხანგრძლივ და ცივ ზამთარში რთულია – მათ ხშირად სჭირდებათ ექიმების დახმარება, ეტლით მოსარგებლეებისთვის კი გადაადგილება არამხოლოდ ზამთარში, ზაფხულშიც ძალიან რთულია.

ქალის თქმით, გასულ წელს 4-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში, გადაიტანა კოვიდიც.

„ხშირად ვხვდები ავად და ექიმები ხანდახან თვითონ მოდიან ჩემთან. მე თაგოდან ვარ, ხულოში ბინა მქონდა, რომელიც დამეწვა. გამგეობაში მეუბნებოდნენ, წადი და სოფელში დაჯექიო, მაგრამ ყოველთვის, მაგალითად, ზამთარში, როცა მაღალია თოვლის საფარი, ექიმი მოვა და დახმარებას გამიწევს? ექიმებთან ახლოს უნდა ვიყო, რადგან სულ მჭირდება მათი დახმარება.

ჩვენი საჭიროებების მქონე ადამიანების ცხოვრება სოფლებში ძალიან რთულია. ჩვენ არ შეგვიძლია შორს წასვლა, ამიტომ აუცილებელია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი  იყოს ხულოში. ხელში უნდა ამიყვანონ, რომ მანქანაში გადამიყვანონ და სადმე წავიდე.

ადრე, როცა ექიმთან ვიყავი წასასვლელი, ჩემს ძმას ავყავდი ხელში, მსვამდა მანქანაში და ასე მივყავდი საავადმყოფოში, ახლა მარტო ვარ დარჩენილი“, – ამბობს ეთერი.

ეთერი ამბობს, რომ ხულოში ბინა მამისგან დარჩა, რომელიც გაიფორმა კიდეც, მაგრამ შენობა დაიწვა და მის ნასახლარზე იუსტიციის სახლი ააშენეს, თვითონ წინააღმდეგი იყო და ბინით დაკმაყოფილებას შეჰპირდნენ.

„ჩემს ნასახლარზე უკვე ააშენეს სხვა შენობა. ანზორ ბოლქვაძე [პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი აჭარიდან] შემპირდა, ამ შენობას მე ვაშენებ და ბინით დაგაკმაყოფილებო. ახლა მეუბნებიან, შენ ბინა გქონდა გაფორმებული და არა მიწაო“, – ამბობს ეთერი.

შავი ჯიპი ბათუმის მერიის წინ ტროტუარზე – პარკირების წესების 156 დარღვევა 1 დღეში | ფოტო

დღეს, 23 თებერვალს, პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 156 მძღოლი დააჯარიმა, მათგან 27 ტროტუარზე დგომის გამო.

პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დააჯარიმეს 111 ადამიანი, 5 – ნიშანში დგომისთვის, 9 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მათგან 2 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 1 – შშმ პირის ტრანსპორტისათვის განსაზღვრულ ადგილზე, 1 კი – ველობილიკზე.

ეს ფოტოები ბოლო ორი დღის განმავლობაში, 22-23 თებერვალსაა გადაღებული.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“ 
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

იუნკრების ხსოვნის დღე ბათუმში ბელარუსების მონაწილეობით

დღეს, 23 თებერვალს, ოკუპაციიდან 101-ე წელს, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან შეიკრიბნენ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები, მოქალაქეები უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს, რომლის ტერიტორიებს რუსეთი კვლავაც იტაცებს მცოცავი ოკუპაციით, ასევე უკრაინასა და ბელარუსს, სადაც მიმდინარე პროცესები რუსეთის აგრესიის გაგრძელებაა.

მემორიალთან შეკრებილებმა დღეს საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ იუნკრების მემორიალი მისთვის სიმბოლური ადგილია, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ ჩვენი თანამემამულეები.

„ეს ბრძოლა არ დასრულებულა და დღესაც ვიბრძვით ჩვენთანაც, უკრაინაშიც და ბელარუსშიც. თავისუფლებისთვის ბრძოლას არ აქვს საზღვრები. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ბელარუსს და პატივს მივაგებთ ჩვენს გარდაცვლილ იუნკრებს, რომლებიც შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისუფლების ანტონიმად იქცა თანამედროვე მსოფლიოში”, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ბელარუსიის მოქალაქე აქციაზე ბათუმში

ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან იმყოფებოდა დღეს ბელარუსიდან გამოქცეული სერგეი კრუჩკოვიც ბელარუსის სხვა მოქალაქეებთან ერთად.

„ჩემს ქვეყანაში ახლა ათი ათასამდე რუსი ჯარისკაცი დგას. მინდა წავიდნენ ჩემი ქვეყნიდან. პუტინს მიაჩნია, რომ ქვეყნები „ცუდად” გრძნობენ თავს რუსეთის გარეშე. პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს. მადლობა, მაგრამ არ სჭირდებათ ჩვენს ქვეყნებს რუსეთის მოტანილი „სიკეთეები“, მიხედონ საკუთარ ქვეყანას. ჩემი აქ დგომით მინდა პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას და მხარი დავუჭირო უკრაინას ამ მისთვის რთულ დროს.

მინდა ასევე ვისურვო, რომ ჩემი სამშობლო, ბელარუსი, სადაც აღარ ჩამესვლება, მალე იქცეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნად. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ჩემს ბელარუს ხალხს, ვისაც პუტინის მიერ მხარდაჭერილ, დიქტატორ ლუკაშენკოს რეჟიმში უწევს ცხოვრება“, – ამბობს ბელარუსის მოქალაქე სერგეი კრუჩკოვი.

სერგეი კრუჩკოვი

საქართველოში დღეს 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში, თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში რუსეთის წინააღმდეგ, დაიღუპნენ 20-25 წლის იუნკრები თბილისის სამხედრო სკოლიდან.

იუნკრების ხსოვნის დღე, 23 თებერვალი, 2010 წლიდან აღინიშნება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

რატომ გვხვდება გვარი სოფლის სახელწოდებაში

აჭარაში ბევრი სოფელია, რომელთა სახელწოდებაშიც გვარი გვხვდება. მაგალითად: ქოქოლაძეები, ირემაძეები, ხაბელაშვილები და მრავალი სხვა. სოფლების ამგვარი სახელდების ისტორია დღემდე კვლევის საგანია. როგორ და რატომ დაარქვეს სოფლებს გვარი? – ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს – მამია ფაღავასა და რამაზ ხალვაშს ვესაუბრეთ. 

ბსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი მამია ფაღავა ამბობს, რომ სოფლის გვარით სახელდების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ტოპონიმიკას უკავშირდებოდეს. 

„როცა ტოპონიმიკაზე ვსაუბრობთ, ვიხსენებთ ერთ ცნობილ გამონათქვამს, რომ ტოპონიმიკა არის მიწის ენა. მიწას ყოველთვის ეტყობა იქ მცხოვრები ხალხის ნაკვალევი, იქაური ფლორა-ფაუნა და ზოგადად, ყველაფერი აისახება ტოპონიმებში.

სახელდების ნიშანი შეიძლება გაქრეს, მაგრამ ისტორია ტოპონიმში განაგრძობს არსებობას, ამიტომაც ტოპონიმიკის კვლევას აქვს ძალიან დიდი ლინგვისტური და ისტორიული მნიშვნელობა. 

კონკრეტული მაგალითი რომ გითხრათ – როდესაც სახელმდებელმა ამ ტერიტორიას დაარქვა „ბათუმი“, მან საამისოდ რაღაც ნიშანი აიღო. დრო გავიდა და ეს ნიშანი დავიწყებას მიეცა, მაგრამ „ბათუმი“ დარჩა. საუკუნეებს ითვლის ეს სახელწოდება“ – ამბობს მამია ფაღავა. 

როგორც ის აღნიშნავს, კონკრეტული გვარით სოფლის სახელწოდების მიზეზი ამ ადგილას მცხოვრები, დომინანტი გვარის არსებობით აიხსნება: 

„გვარი, დღევანდელი გაგებით, ქართულ (და არა მარტო) კულტურაში შედარებით გვიანი წარმონაქმნია.  თავდაპირველად უნდა გვქონოდა ოჯახის (ქოხის – სახლის მნიშვნელობით) სახელწოდება, რომელთაგან ბევრი მომავალში საფუძვლად დაედო გვარ-სახელს, რითაც აღინიშნა ამ ოჯახის საცხოვრისიც.

სოფელში ოჯახები ქმნიდნენ უბნებს და თავდაპირველად იყო ერთი დიდი უბანი, ზოგჯერ – სოფელიც, პატრიარქალური ოჯახის საცხოვრისად გამოყოფილი. აქედან იწყება ასეთი გეოგრაფიული სახელების წარმოქმნა.

შემდეგ, როდესაც გაჩნდა ძე-ზე, შვილზე, იან-ზე, ვა-ზე და ა.შ. დაბოლოებული გვარები, ბუნებრივია, ესეც აისახა სოფლების სახელწოდებებზე. 

მაგალითად, ირემაძეები – ამ სოფელში შეიძლება სხვა გვარებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ დომინანტი გვარი ეს იყო და დაერქვა მისი სახელწოდება. აქვე შეიძლება დავასახელოთ: გოგაძე/გოგაძეები და ხაბელაშვილები.

სოფელი ირემაძეები, ხულო

უფრო ძველი არის -იან და –ეთ სუფიქსიანი გეოგრაფიული სახელები, რომლებიც პატრიარქალური ოჯახის სამოსახლოს აღნიშნავენ სოფელში და ქმნიან უბანს. სხვაზე კარგად ისინი შემოინახა მაჭახელმა. აქ გვხდება ასეთი გეოგრაფიული სახელები: ძნელიეთიძნელას ოჯახის საცხოვრისი,  სოფლის უბანი (ძნელა ადამიანის საკუთარი სახელია, რაც მოგვიანებით დაედო საფუძვლად გვარს ძნელაძე – ძნელასძე); კახიეთი – კახის ოჯახის საცხოვრისი; ქოქლიეთი – ქოქოლას ოჯახის საცხოვრებელი ადგილი; მოსლიეთი – მოსულას სამოსახლო და მრავალი სხვა.

რაც შეეხება -იან სუფიქსიან ტოპონიმებს, ასეთი გვხვდება ისტორიულ ტაოში: ბასლიანი (ბასილიანი – ბასილეთი), ნაბიანი, თოფლიანნი, ხოჯიანი… ჩამოთვლილ გეოგრაფიულ სახელებს ზოგს ადამიანის საკუთარი სახელი უდევს ფუძედ, ზოგსაც – მეტსახელი.

სხვათა შორის, ჭოროხის ხეობაში დასახლების ერთ-ერთი პრინციპი იყო ოჯახების მიხედვით განაწილება, ე.წ. „ქოხის სახელების“ ასახვა სოფლის უბნებში. 

ეს პრინციპი საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვხვდება, თუმცა აქ განსაკუთრებით შეიმჩნევა.

აი, ჩემს სოფელს რომ ვუყურებ, ორთაბათუმს ვგულისხმობ, იქაც ასე ჩანს დასახლების პრინციპი – ერთი გვარი და ნათესაობა სოფელში ერთ უბანშია თავმოყრილი – ბრუნჯაძეები, გურგენიძეები, ფაღავები და მერე ფაღავების შტო განსხვავებულ ადგილებზე. დანაწილების ეს პრინციპი, როგორც ჩანს, ყველგან არის დაცული“. 

ტოპონიმიკის ვერსიასა და საკუთარ სახელთაგან წარმოშობილი გვარებით სოფლების სახელდებას ეთანხმება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი რამაზ ხალვაშიც.

რამაზ ხალვაში

„როგორც წესი, გვარ-სახელში აისახება წინაპრის სახელი ან ზედმეტსახელი. ასეთია, მაგალითად, სოფელი ქოქოლაძეები ან ჭინკაძეები ქედაში. შესაძლოა, ქოქოლა იყო სახელი ან ზედმეტსახელი, ჭინკაც ასევე, მერე ფორმირდა გვარად და სოფელსაც შესაბამისად ეწოდა სახელი.

აი, მაგალითად, აჭარაში დასახლებას ჰქვია ხელვაჩაური. ჩემთვის სარწმუნო ვერსიით, ხელვაჩაური არის ხალვაშაური, ხალვაშების გვარს უკავშირდება ამ ტოპონიმის წარმოშობა. აჭარული დიალექტისთვის ნიშანდობლივი მოვლენით -შ შეიცვალა -ჩ ბგერით და ასე გახდა ხალვაშაური ჯერ ხალვაჩაური, საბოლოოდ, ხელვაჩაური“ – ამბობს რამაზ ხალვაში. 

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა გვარებად წოდებული სოფლებიდან იმ გვარის მქონე მოსახლეობა მთელ საქართველოში გაფანტულა, თუმცა სახელწოდება ადგილს მაინც შეუნარჩუნებია:

„სოფელი სიხალიძეები მდებარეობს ქედაში, მერისის თემში. სახელწოდება მომდინარეობს სიხარულიძეების გვარიდან, ოღონდ ქედის რაიონისთვის დამახასიათებელი ფონეტიკური ცვლილება განუცდია, ამოვარდნილა ბგერა -რ და შეერქვა სიხალიძეები.

სავარაუდოდ, სიხარულიძეები ოსმალების შემოსევის დროს გადასახლებულან გურიაში და ამ გვარის არცერთი წარმომადგენელი აღარ ცხოვრობს სიხალიძეებში.

აი, თუნდაც ოქრუაშვილები. ისინი ქართლში ცხოვრობენ, სავარაუდოდ, ხულოს რაიონიდან უნდა იყვნენ წარმოშობით, სოფელ ოქრუაშვილებიდან, სადაც ერთი ოქრუაშვილიც აღარ ცხოვრობს“. 

მსგავს შემთხვევაზე საუბრობს მამია ფაღავაც:

„ბუნებრივია, გეოგრაფიულ სახელში აქ მცხოვრები გვარების თუ ოჯახების სახელებიც გვხვდება და თან ძალიან ხშირად. 

საინტერესოა გვართა მიგრაციის თვალსაზრისით ამის შესწავლა.

მაგალითად: ზემო აჭარაში არის სოფელი ხაბელაშვილები, დღეს არც ერთი ხაბელაშვილი იმ სოფელში აღარ ცხოვრობს, მაგრამ მიწამ, გეოგრაფიულმა სახელმა, შეგვინახა ინფორმაცია, რომ იქ ოდესღაც ხაბელაშვილები სახლობდნენ. 

ასეთი მრავალი შემთხვევის დასახელება შეიძლება: პაპოშვილები – აღარცერთი პაპოშვილი იქ აღარ სახლობს; კავკასიძეები – ისინი ქართლში გადასახლდნენ; ციციშვილები ფანასკერტიდან არიან მოსული; უზნაძეები, მუხაძეები და კიდევ მრავალი სხვა, ვინც გადასახლდა (ალბათ, კუთხის ოსმალების დაპყრობის შემდეგ) და აღმოსავლეთ საქართველოში დაიდო ბინა“. 

მამია ფაღავა ამბობს, რომ სოფლის სახელწოდება ინახავს ისტორიას და არის შემთხვევები, როცა სოფელი ძველ სახელწოდებას იბრუნებს: 

„დავუშვათ, ერქვა სოფელს კონკრეტული სახელი, საბჭოთა პერიოდში შეუცვალეს სახელი, შემდეგ კი მოსახლეობამ დაუბრუნა სოფელს პირვანდელი სახელწოდება. ძველ ორთაბათუმს კომუნისტების დროს, საბჭოთა პერიოდში, ჩაისუბანი უწოდეს, მოგვიანებით, არცთუ დიდი ხნის წინ, სოფელმა დაიბრუნა ძველი სახელი, – ორთაბათუმი. 

მისი თქმით, გვარების მიხედვით განსახლების პრინციპი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზეც არის შენარჩუნებული:

ისტორიულ ტაოში, ნაწილობრივ კლარჯეთშიც გვხვდება კარ-ფუძიანი ანთროპონიმული წარმოშობის გეოგრაფიული სახელები: დოლენჯიანკარი, ვაჩეკარი, ცუცეკარი, წითლევკარი, კრაეკარი, ხუცეკარი, ომერიანკარი და ა.შ.“ კარი ამ შემთხვევაში ეზოს, კარ-მიდამოს აღნიშნავს.

საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ბათუმში მოვალეობის შესრულება მოსთხოვეს – თოლორაიას საქმე

დღეს, 23 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი ადამიანები ტრანსპარანტებს მიღმა ყველაზე ხშირად სიტყვა „ისტორიულს“ ახსენებდნენ – „საკონსტიტუციო სასამართლოს 3 დღე დარჩა, რომ დემოკრატია დაიცვას, ეს ისტორიული მომენტია,“ – აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.

სამოქალაქო ორგანიზაციები – „არ გადადო“, „სირცხვილია“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლეებს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შუამდგომლობის განხილვა მოსთხოვეს.

საქმე უნდა განიხილოს პირველმა კოლეგიამ, რომლის თავმჯდომარე მოსამართლე ვასილ როინიშვილია. კოლეგიაში შედიან ასევე: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისგან ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვას ითხოვენ

უფლებადამცველების აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არაკონსტიტუციურია და ეს ამ უწყების მიერ მიღებულ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო თოლორაიას შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს და სადავო ნორმას არ შეაჩერებს, დავის საბოლოოდ მოგების შემთხვევაშიც კი, ვეღარაფერი შეიცვლება.

„ყველას ახსოვს ხომ ბოლო სცენა, რაც პუტინმა დადგა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. იქ ხომ ცალსახად ჩანდა, რომ ზედმეტია საუბარი დამოუკიდებელ უწყებებზე, ასე მოხდება ჩვენთანაც, თუ ინსტიტუციური დემოკრატია არ იარსებებს,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა. საია ლონდა თოლორაიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავს.

პაატა დიასამიძე ხაზს უსვამს იმას, რომ შეუძლებელი იქნება დემოკრატიის განვითარება, თუკი სახელმწიფო უწყებებს ექნებათ განცდა, რომ კრიტიკული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათ პარლამენტი გააუქმებს.

„პრაქტიკა იქნება უკვე ეგ, დაცვის მექანიზმი აღარ იარსებებს, თუ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო არ დაიცავს დემოკრატიას… დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება მუდმივად საფრთხის ქვეშ, ვინც არ უნდა დანიშნონ რომელიმე პოზიციაზე, რადგან ყველას ეცოდინება, რომ ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტი გააუქმებს. ერთადერთი მექანიზმი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოა, რომ ასე არ მოხდეს,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.

„მაქვს იმედი, რომ თუკი მოსამართლეებს აქვთ ოდნავი ღირსება, ამ მნიშვნელოვან მომენტში ისტორიული პოზიცია უნდა დააფიქსირონ, არ დაუშვან ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების უზურპაცია. ამის იმედი დღეს მცირეა, მაგრამ მაინც ვეჭიდებით,“ – აღნიშნა ნიაზ ჩიტიძემ, მოძრაობიდან „არ გადადო“.

ამავე მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი ნაგერვაძე აქციაზე მოსამართლის ლურჯი მანტიით მივიდა ძაღლთან ერთად.

„ძაღლი ყველას გახსენებთ მოსამართლე სიჭინავას, რომელმაც მნიშვნელოვანი საქმისთვის ვერ მოიცალა და ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა. ლურჯი ფერის მანტიაც, ცხადია, „ქართულ ოცნებას“ ეძღვნება… ახლა, როცა პრეზიდენტმაც ამ საქმეზე ვერ გაბედა ვეტოს გამოყენება, ერთადერთი ინსტიტუტი რჩება საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით,“ – აღნიშნა გიორგი ნაგერვაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ მარტამდე უნდა იმსჯელოს ამ შუამდგომლობაზე. „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ მიიღო პასუხი, იმსჯელებს თუ არა ამ ვადაში სასამართლო განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის მქონე შუამდგომლობაზე, ან რატომ არ ატარებენ სხდომას მოსამართლეები, როცა ისინი პრესცენტრის ინფორმაციითაც სამსახურში ჩვეულებრივად დადიან.

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

__

მთავარი ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია: ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე

თქვენს ქუჩაზე ავტობუსის გაჩერება გადახურულია? – გილოცავთ, თქვენ გაგიმართლათ

ავტორები: ელისაბედ მამულაძე, მარიამ ჩხაიძე, „არ გადადოს“ აქტივისტები

_________________________________

ბათუმში ცხოვრებისას ადამიანები ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით – იქნება ეს გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო დატბორილი ქუჩები, ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანები, გაუმართავი შუქნიშნები, არასათანადოდ აღჭურვილი ავტობუსის გაჩერებები თუ სხვა. ამ სტატიაში  საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ვისაუბრებთ.

ბათუმის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის გამართვაზე და გაუმჯობესებაზე წლებია მუშაობს, თუმცა, რეალურად, ბათუმში არსებული გაჩერებების უმეტესობას არც კი ეტყობა, რომ მათზე ვინმე ზრუნავს – გაჩერებები არ არის მორგებული ადამიანის საჭიროებებს. თუ გადაწყვეტთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ, გზად ბევრ პრობლემას და უხერხულობას შეეჩეხებით.

თუ თქვენ გაგიმართლათ და თქვენს ქუჩაზე არსებული გაჩერება გადახურულია და  დამონტაჟებულია ელექტრონული ტაბლო, მაშინ გილოცავთ, თქვენ პრივილეგირებული აღმოჩნდით, რადგან ელექტრონული ტაბლო ბათუმში, ძირითადად, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე გვაქვს. შესაბამისად, თუ ავტობუსს ცენტრში ელოდებით, გაჩერებაზე, შესაძლოა, არამარტო არ გაწვიმდეთ, არამედ ისიც კი იცოდეთ, თქვენთვის სასურველ ავტობუსს რამდენი წუთი უნდა ელოდოთ. მაგრამ რაც უფრო შორდებით ცენტრს, ასეთი, გადახურულ-ტაბლოიანი გაჩერებების რაოდენობა სულ უფრო მცირდება (განსაზღვრულ უბნებში ნულსაც კი უტოლდება).

სტატიაზე მუშაობისას  დავინტერესდით, რამდენად შეესაბამებოდა ჩვენი პირადი გამოცდილება ოფიციალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაციისთვის მივაკითხეთ მერიას, ვიკითხეთ, რამდენი გაჩერებაა ქალაქში, მათგან რამდენია აღჭურვილი, ანუ რამდენი გაჩერება არის გადახურული და რამდენ მათგანზე არის ელექტრონული ტაბლო.  განცხადება დავარეგისტრირეთ 17 ნოემბერს, თუმცა ინფორმაცია დღემდე არ მოუწოდებიათ. საჯარო ინფორმაცია არ არის ატვირთული ონლაინ სივრცეში.

ოფიციალურ ინფორმაციას არ გვაწვდიან, ამიტომაც მოგიყვებით ჩვენი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ – ავტობუსების გაჩერებების უმეტესობა არ არის აღჭურვილი, ელექტრონული ტაბლო არ არის, გაჩერებაზე დამონტაჟებული USB დამტენი, ფაქტობრივად, არასოდეს მუშაობს.

გადაუხურავ გაჩერებაზე ტრანსპორტის ლოდინი თითქმის შეუძლებელია, რადგან ქალაქში საკმაოდ ხშირია წვიმა, ან ძლიერი ქარი, ან ორივე ერთად. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული გადახურული გაჩერებებიც კი სრულიად შეუსაბამოა ბათუმის ამინდებისთვის.

ავტობუსის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიღება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი: ელექტრონული ტაბლოთი, ცხელი ხაზით, SMS-ის გაგზავნით და აპლიკაციით.

როგორც უკვე გითხარით, გაჩერებების უმრავლესობაზე ელექტრონული ტაბლო დამონტაჟებული არ არის. რას ვაკეთებთ ასეთ დროს? წინასწარ ვერ გეცოდინებათ როდის მოვა სასურველი ნომერი, იქნებ კიდევ 5 წუთიც რომ მოიცადოთ, მოვიდეს ან იქნებ თქვენს მოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე ჩაიარა და ახლა კიდევ ნახევარი საათი უნდა ელოდოთ?! აღნიშნული პრობლემის გამო, მოქალაქეს უწევს შედარებით ადრე გავიდეს სახლიდან, რათა სასურველ ავტობუსს „დაემთხვეს“. შესაბამისად, თქვენ დროს კარგავთ, ამ დროში ყავას დალევდით ან შვილთან მეტ ხანს იქნებოდით.

ავტობუსის გაჩერება ტაბლოს გარეშე

რაც შეეხება ინფორმაციის მიღების დარჩენილ რესურსებს, ცხელ ხაზზე, ხშირად, სისტემური ხარვეზი აქვთ, SMS შეტყობინებაზე მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვდის, ხოლო აპლიკაცია, ხშირად, გამართულად არ მუშაობს. შესაბამისად, მგზავრებს ისღა დარჩენიათ, რომ დაიმახსოვრონ დროის მონაკვეთი, როდის შეიძლება ჩამოიაროს მათ გაჩერებაზე ავტობუსმა.

ზემოხსენებული პრობლემების ნამდვილობაში პირადად დავრწმუნდით, როდესაც ლერმონტოვის 115 ნომერში ჩავატარეთ „საგამოძიებო ექსპერიმენტი“. 1 წლის წინ აქ სრულიად აღჭურვილი გაჩერება იყო, თუმცა შემდეგ მოსაცდელი „ჯიხური“ აიღეს. დღეს კი ამ ადგილას შეგიძლიათ იხილოთ მხოლოდ გაჩერების მიმანიშნებელი ტაბლო, რომელიც არ არის ელექტრონული.

სასურველი ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გავგზავნეთ შეტყობინება, თუმცა არ მიგვიღია პასუხი. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და ინფორმაციის მოწოდება ვერ შეძლეს, როგორც გვითხრეს – ხარვეზი ჰქონდათ. სანამ ჩვენ ტაბლოზე მითითებული მარშრუტით მოძრავი ავტობუსების მოსვლის დროს ვარკვევდით, მოვიდა 13 და 14 ნომერი ავტობუსები. ეს მარშრუტები ტაბლოზე მოცემულ ჩამონათვალში საერთოდ არ ეწერა. შესაბამისად, ქუჩის მაცხოვრებლებს უწევთ გაურკვეველ ტრანსპორტს, გაურკვეველი დროით, გადაუხურავ გაჩერებაზე ელოდონ.

ბათუმში, მაიაკოვსკის 3 ნომერში ის სიმბოლური, არაელექტრონული ტაბლოც არ არის სკოლის მიმდებარე გაჩერებაზე, რომელიც არ არის გადახურული, არ დგას აბრა, არც სპეციალური ყვითელი ხაზია გზაზე (რაც მიანიშნებს, რომ კონკრეტულად იქ ავტობუსი ჩერდება). ვინაიდან არ არის აბრა, არც ვიცით, რომ არსებობს ცხელი ხაზის ნომერი, შესაბამისად, ვერც იმას გავიგებთ, სად არის ჩვენთვის სასურველი ავტობუსი და რამდენ ხანში იქნება ჩვენთან. სასოწარკვეთილი მომხმარებელი იღებს ტელეფონს, ყიდულობს ინტერნეტს, რომ აპლიკაციით მაინც შეძლოს რამის გარკვევა, თუმცა არც აპლიკაცია ფუნქციონირებს. ამ ქუჩის პრობლემებზე საუბრობენ მოქალაქეები.

როცა გაურკვეველია, სად შეიძლება იყოს ავტობუსის გაჩერება

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კიდევ უფრო პრობლემურია შშმ პირებისთვის. გაჩერებების უმეტესობა არის არაადაპტირებული. ეს ნიშნავს, რომ შშმ პირებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ზოგ შემთხვევებში ტრანსპორტი თითქმის ხელმიუწვდომელია მათთვის. არსად ცხადდება, თუ რა გაჩერებაზეა ავტობუსი, ასევე არსად ჩანს ეს ვიზუალურად და არც ბრაილის შრიფტით გაკეთებული რუკები თუ საინფორმაციო ბროშურებია. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალ ავტობუსებში დგას მონიტორები, მაგრამ ისინი ან გათიშულია, ან  აჩვენებს მხოლოდ რეკლამას.

შშმ პირისთვის, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ავტობუსით დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ზრდასრულ ადამიანებს უჭირთ ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრება, იმუშაონ, მეგობრებს შეხვდნენ და არ იყვნენ დამოკიდებული გამცილებელზე.

ისეც ხდება, რომ მძღოლი არ ჩამოდის ავტობუსიდან და თავს იმართლებს, რომ პანდუსი არ იხსნება, რეალურად კი, შესაძლოა, არც იცოდეს, როგორ გახსნას, ან არ ჰქონდეს სპეციალური გასაღები. აქ იკვეთება როგორც ტექნიკური პრობლემა, ისე – მძღოლების გადამზადების აუცილებლობა. ამის გარეშე, შშმ პირებისთვის შექმნილი სერვისი მათთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

ქალაქში ტრანსპორტირების მხრივ ბევრი პრობლემა გვაქვს და საჭიროდ მიგვაჩნია მათი გადაჭრის გზებზე საუბარი.

კერძოდ, რადგანაც ქალაქში ხშირია სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილება, სასურველია, ყველა გაჩერებაზე დამონტაჟდეს ელექტრონული ტაბლო, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ნომერი ავტობუსი ჩერდება კონკრეტულ გაჩერებაზე და როდის.

გასული წლის ბოლოს, 2021 წლის დეკემბერში ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებული გამოვლენილია და ხელშეკრულება – ხელმოწერილია. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესყიდვაზე 55 ათასი ლარი დაიხარჯება და ქალაქში დამატებით 50 ახალი ტაბლო მოეწყობა. ამასთან, ბათუმის ავტოტრანსპორტი GPS მოწყობილობებსაც შეიძენს – ჯამში 180 ერთეულს. თუმცა, რადგანაც არ გვაქვს ინფორმაცია ქალაქის რამდენ გაჩერებაზე არ არის ელექტრონული ტაბლო დამონტაჟებული, შესაბამისად ვერც იმას ვიტყვით, რამდენად საკმარისი იქნება ქალაქისთვის მოცემული შესყიდვა.

გაჩერებებზე დატანილი უნდა იყოს ავტობუსის ხაზის რუკები, რათა ნებისმიერმა შეძლოს გაარკვიოს რა მარშრუტით გადაადგილდება ტრანსპორტი. აუცილებელია ინფორმაციის მიღების რესურსებიდან (ცხელი ხაზი და აპლიკაცია) თუ ყველას არა, ერთ-ერთის მოწესრიგება მაინც, რათა ინფორმაციის მიღების საშუალება გაჩნდეს ელექტრონული ტაბლოების შემოტანამდე.

როგორც ეტლით მოსარგებლეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, უმჯობესია ავტობუსებს პანდუსი ჰქონდეს ან წინ ან შუა ნაწილში. რადგანაც ავტობუსს უკან აქვს პანდუსი, მათთვის უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად ასვლა ტრანსპორტში და მძღოლიც ვერ ახერხებს ხელსაყრელად ავტობუსის გაჩერებას. უსინათლოებისთვის ტრანსპორტი ხელმისაწვდომი რომ გახდეს, საჭიროა აპლიკაცია იყოს მათზე ადაპტირებული (დაემატოს ხმოვანი ფუნქცია) და უშუალოდ ავტობუსშიც ხმამაღლა უნდა აცხადებდნენ გაჩერებებს.

ავტობუსის გაჩერება, სადაც არაფერი არ მუშაობს

საჭიროა არსებობდეს პოლიტიკა და ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე. სასურველია, თუ მერია ჩართავს შშმ პირებს სატრანსპორტო ცვლილებების შემუშავების დროს და გაითვალისწინებს მათ აზრს, რათა ტრანსპორტი მეტად იყოს მორგებული შშმ პირთა საჭიროებებს.

ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს განვიცდით, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენივე ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს. ის, რასაც ვითხოვთ, შეუძლებელი არ არის. მეტიც, დღევანდელ სამყაროში სრულფასოვანი გადაადგილება, ფაქტობრივად, ბაზისურ მოთხოვნილებამდეც კი დადის. დღეს ეს პრობლემა აქტუალურია, მაგრამ საკმარისი ყურადღება არ ექცევა, ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ და  გადაჭრის სტრატეგიები ერთად დავსახოთ.

გონიოში მშენებლობაზე მუშებს ხელფასი სასამართლოში ჩივილის შემდეგ გადაუხადეს

ბიზნესმენსა და სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა – მას შემდეგ, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა 12-მა ადამიანმა სასამართლოს მიმართა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი გადაუხადა და მორიგება შედგა.

ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ 2020 წლის ნოემბერში წერდა. მუშებმა მაშინ თქვეს, რომ მათ კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს.

გონიოში, სასტუმროს მშენებლობაზე, ეს ადამიანები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იყვნენ დასაქმებული. სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს კომპანიის ადმინისტრაცია არ უარყოფდა, თუმცა მიუთითებდა, რომ დასაქმებულებს ეს თანხა სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურების გამო გაუქვითეს. დასაქმებულების თქმით კი, სამუშაოები გაჭიანურდა, რადგან კომპანია შპს „ლაბაუ გონიო“ დასაქმებულებს დროულად არ აწვდიდა სამშენებლო მასალებს და ინვენტარს.

„ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა. ის ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციებს ფლობს.

მშენებლობაზე დასაქმებული პირების ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

ბათუმში 20 გრადუსამდე დათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის 21 საათიდან 24 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 25-26 თებერვალს, მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა

23 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კოვიდკლინიკებშია 572 ადამიანი, კოვიდსასტუმროში – 136, ონლაინკლინიკაში – 8524 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით დღეს, 23 თებერვალს, დადასტურდა კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა.

48 გარდაცვლილი და კოვიდის 10 230 ახალი შემთხვევა – 23 თებერვალი

23 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 48 პაციენტი.

23 თებერვლის მდგომარეობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 5252, კლინიკურ სასტუმროებშია 835 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25,26 პროცენტი.

 

 

რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან

მიხეილი, ანასტასია და ნიკო სტუდენტები არიან. სამივე მათგანი აჭარაში სწავლობს, სამივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. „ბათუმელებთან“ სტუდენტები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან საჯარო სივრცეებში.

  • „ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში“ – მიხეილი, 21 წლის 

მიხეილ პაპუნიძეს 12 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი. ახლა ის 21 წლისაა და ბსუ-ში კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობის IV კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში 70% გრანტი აქვს, სწავლის საფასურის დარჩენილ 30%-ს კი საქართველოს განათლების სამინისტრო უფინანსებს.

მიხეილი

მიხეილი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრია, ცდილობს აქტიური სტუდენტი იყოს. მისი თქმით, უნივერსიტეტში მისი მთავარი გამოწვევა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზია, რითაც ვერ სარგებლობს. იხსენებს, რომ  როცა უნივერსიტეტში გამართულ თამაშებში – „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდა, სააქტო დარბაზში მოხვედრა მისთვის რთული აღმოჩნდა.

„ჩემთვის ბსუ-ში სწავლა ყველაზე მოსახერხებელი იყო, რადგან ბათუმში ვცხოვრობ და სხვა ქალაქში რომ ჩამებარებინა, ვერავინ მიმიყვანდა უნივერსიტეტში ყოველ დღე. ახლა ონლაინ ვსწავლობ, მაგრამ როცა უნივერსიტეტში დავდიოდი, მამას დავყავდი უნივერსიტეტამდე, რადგან ჯერ ელექტროეტლი არ მქონდა, უნივერსიტეტში კი ლიფტს ვიყენებდი. გამიმართლა, უნივერსიტეტში ლიფტი დამხვდა.

პირველ სართულზე ბუფეტია, იქ ვერ ჩავდივარ… შეკრებებისთვის თავისუფალი სივრცეა, ვერც – იქ. ვერ გადავდივარ პირველ კორპუსში, ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში და ა.შ.

ძირითადად ლიფტით ვსარგებლობ, სულ რამდენჯერმე მომიწია სხვებისთვის მეთხოვა დახმარება შენობაში შესასვლელად, როცა ლიფტი არ მუშაობდა“, – ამბობს მიხეილი.

მან გვითხრა, რომ ბსუ-ში სწავლა მოსწონს, თუმცა სწავლის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეიძლება:

„სასურველია, ბსუ-ს სწავლების სისტემაში მეტი მიმართულება და კადრი იყოს, რაც სწავლის ხარისხსაც გააუმჯობესებდა. კომპიუტერული ტექნოლოგიები სულ ვითარდება და მნიშვნელოვანია, ჩვენც ავყვეთ განვითარების ტემპს“.

ბათუმში კორპუსს, სადაც მიხეილი ცხოვრობს, პანდუსი არ აქვს. კიბით სარგებლობა რომ უფრო იოლი ყოფილიყო, მიხეილის მამამ თავისი ძალებით სახელდახელო პანდუსი მოაწყო, რაზეც ეტლს შედარებით უსაფრთხოდ ატარებს. პრობლემაა ლიფტი მის კორპუსში – ძალიან ვიწროა.

21 წლის სტუდენტს უკვე სამსახურიც აქვს, ზაფხულის შემდეგ პროგრამისტად მუშაობს სამშენებლო კომპანია Elt Building- ში. სამსახურში ყოველდღე დადის და ცდილობს მეგობრებსაც ხშირად შეხვდეს, თუმცა შშმ პირებისთვის ბათუმი არც თუ ისე მეგობრული ქალაქია:

„ქუჩები არ არის ადაპტირებული, არც კორპუსები და ახალ მშენებლობებშიც არ არის გათვალისწინებული პანდუსები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა,“ – გვითხრა მან.

მიხეილი პენსიას იღებს, როგორც შშმ პირი. „ელექტროეტლი მაქვს, უფასო მასაჟის პროგრამით ვსარგებლობ, წამლებისთვის გამოყოფილი ჩვენი ვაუჩერი უფრო მეტი რომ იყოს, ძალიან დაგვეხმარებოდა და გაგვიმარტივდებოდა მედიკამენტების შეძენა“, – ამბობს მიხეილი.

  • „შშმ პირებზე მორგებული სამსახურის პოვნა რთულია“ – ანასტასია, 20 წლის 

ანასტასია სკამკოჩაიშვილი 20 წლისაა, ის ბათუმში ცხოვრობს და წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში სწავლობს ისტორიის სპეციალობის I კურსზე. მისი თქმით, დაბადებიდან აქვს შშმ პირის სტატუსი, მარცხენა ხელის ანომალიის დიაგნოზით.

ანასტასია

„20 წელია, რაც შშმ პირის სტატუსი მაქვს, მარცხენა ხელის ანომალია, თითების განუვითარებლობის დიაგნოზით. პენსია მაქვს მხოლოდ, სხვა სერვისებით არ ვსარგებლობ“ – გვითხრა მან.

ანასტასიამ სკოლა 2 წლის წინ დაამთავრა. რეპეტიტორებთან არ უვლია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ მცდელობაზე არ გაუმართლა, მაგრამ ახლა სასურველ სპეციალობაზე სწავლობს.

„უნივერსიტეტში არ ვარ ნამყოფი, რადგან ონლაინ ვსწავლობ. ონლაინ სწავლებით ბევრ რამეში გარკვევა რთულია, ხან კამერა გათიშული აქვს ლექტორს, ხან მე მაქვს გათიშული და ასე ვერ გაიგებ ბევრ რამეს.

მინდა, რომ აუდიტორიებში განახლდეს სწავლება. სწავლების ხარისხიც გაიზრდებოდა. ძალიან აქტიური ვარ, უნივერსიტეტში სანამ ჩავაბარებდი, ბევრ აქტივობაში ვიღებდი მონაწილეობას, ახლა პანდემიამ შემიშალა ხელი“, – ამბობს ანასტასია.

ანასტასიამ გვითხრა, რომ 16 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ადგილას, თუმცა მისთვის სამსახურის პოვნა არც ისე იოლია. ბოლოს ანასტასია ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა.

„მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება მაქვს. ზოგადად, ეს დაბრკოლება მქონდა ძირითადად, რომ შშმ პირის აყვანასთან დაკავშირებით არც თუ ისე მიმღებლები არიან, ამიტომ ხშირად მაქვს დისკომფორტი. შშმ პირებზე მორგებული სამსახურის პოვნა რთულია. მე მინდა, რომ  შეზღუდვები  არ იყოს ჩვენ მიმართ და სხვებისგან არ გამოვიყოფოდეთ.

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მე ასე მგონია“, – ამბობს ანასტასია.

ანასტასია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს და თავისუფალ დროს ძირითადად ამ საქმეს უთმობს. ასევე, უყვარს ფოტოების გადაღებაც.

  • „ვიბრძვი, რომ ადაპტირებული ავტობუსი დანიშნონ ჩემს სოფელში“ – ნიკო, 20 წლის 

20 წლის ნიკო ქარცივაძეს ბავშვობიდან აქვს  შშმ პირის სტატუსი.

ნიკო ბსუ-ში ფსიქოლოგიას სწავლობს, მესამეკურსელია. უნივერსიტეტში 50-პროცენტიანი გრანტით ჩააბარა, სწავლის საფასურის ნახევარს კი საქართველოს განათლების სამინისტრო უფინანსებს.

ნიკო

ნიკო სოფელ ახალშენში ცხოვრობს. ჩვენთან იგი სხვადასხვა პრობლემასა და გამოწვევაზე საუბრობს.

აუდიტორიაში მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლა, შემდეგ კი, კორონავირუსის პანდემიის გამო, უნივერსიტეტი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ის იხსენებს, რომ უნივერსიტეტში ვერ სარგებლობდა ბიბლიოთეკით, ასევე შეხვედრაზე უნდოდა დასწრება, რაშიც ბევრი ადამიანის დახმარება დასჭირდა, რის გამოც თავი არაკომფორტულად იგრძნო.

„უნივერსიტეტში მამას დავყავდი, შენობა მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია, მაგრამ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუნდაც სასადილოში ჩასასვლელის მოწყობა ჩვენთვის“, – გვიყვება ნიკო.

მისი შეფასებით, დისტანციურმა სწავლებამ უარყოფითი გავლენა იქონია სწავლის ხარისხზე – უნდა, რომ სწავლა აუდიტორიებში განახლდეს.

ნიკო დამოუკიდებლად ახერხებს გადაადგილებას ქალაქში, ადაპტირებული ავტობუსის გამოყენებით. მისთვის მნიშვნელოვანია ადაპტირებული ავტობუსი მოძრაობდეს ახალშენი-ბათუმის მიმართულებით, რათა დამოუკიდებლად შეძლოს გადაადგილება, ქალაქში ჩამოსვლა მეგობრების სანახავად და პირადი საქმეების მოსაგვარებლად.

„ვცდილობ, რომ ჩვენთვის [შშმ პირებისთვის] განკუთვნილი უფასო ვარჯიშების კურსი გამოვიყენო, თუმცა ყოველთვის ვერ ვიყენებ, რადგან ჩემი ტრანსპორტირება ცოტა რთულია, ახალშენიდან კი ადაპტირებული ავტობუსი არ დადის.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლად  გადაადგილება შევძლო სოფლიდან. ვიბრძვი, რომ ადაპტირებული ავტობუსი დანიშნონ ჩემს სოფელში.

უნივერსიტეტში მარტივად დავუმეგობრდი სტუდენტებს, ახლაც მაქვს მათთან ონლაინ კონტაქტი, მაგრამ ვერ ვიკრიბებით ხოლმე, რადგან მე ვერ ჩავდივარ ხშირად ბათუმში“, – ამბობს ნიკო.

ნიკოს ფსიქოლოგიის შესწავლა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჰქონდა გადაწყვეტილი. იგი თავისუფალ დროს ცდილობს, რომ დამატებით მასალებს გაეცნოს თავისი პროფესიის ირგვლივ. მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი  უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებაა.

როგორ შევინარჩუნეთ ენა – რას ჰყვება თურქი ქართველი, რომელიც ქართულს ასწავლიდა  

ფატიჰ მეიდანი, ქართული გვარით ცვარიძე, თურქეთის ართვინის პროვინციიდანაა, ისტორიული შავშეთის იმერხევის ხეობიდან. ფატიჰს ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, საქართველოში ხშირად ჩამოდის და მიმდინარე მოვლენებსაც მუდმივად აკვირდება:

„სულ ვადევნებ თვალს საქართველოში რა ხდება, ბევრ რამეს ვერ ვიგებ, რა რატომ ხდება პოლიტიკაში და ვურეკავ მეგობრებს და ვეკითხები ბევრ რამეს – რა იქნა, რა ხდება, რა უნდა პოზიციას და ოპოზიციას ერთმანეთთან-მეთქი.

ყველაფერს ვადევნებ თვალს. ვინ არ იცის, რომ პუტინს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების კვლავ ხელში ჩაგდება სურს. ყველამ იცის აქ, რომ პუტინმა ცხინვალი წაართვა საქართველოს და ახლაც, როცა საქართველოში დაიძინებს ადამიანი საზღვრისპირა სოფლებში, შეიძლება გაიღვიძოს  დილას და რუსი ჯარისკაცი დაადგეს თავზე. ეს ხომ უსამართლობაა, ყველა თავის საზღვრებში უნდა დაეტიოს“, – ამბობს ფატიჰი.

ფატიჰ მეიდანი ახლა ართვინის პროვინციის სოფელ ხოფაში მუშაობს, სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელია. 10 წელი სოფელ მურღულში იყო მასწავლებლად, საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლიდა არჩევით საგნად ბავშვებს.

ფატიჰ მეიდანი/ცვარიძე მოსწავლეებთან ერთად

მისი წინაპრები შავშეთის იმერხევის სოფელ ბაზგირეთიდან არიან.

ხოფა საზღვრისპირა ქალაქია და ფატიჰიც ხშირად ჩამოდის საქართველოში. გვიხსნის, რომ საქართველოში მისი ბაბუაც დადიოდა ხოლმე. საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს: თბილისშიც, ბათუმშიც. როცა მათ თურქეთში აქვთ საქმე, ფატიჰთან რჩებიან, თუ ფატიჰია საქართველოში, მათი სტუმარია.

პირველად საქართველოში თბილისს ესტუმრა 2010 წელს.

„ბედნიერი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ სახლში ვიყავი, ჩემს ქვეყანაში და ყველა ჩემს ენაზე საუბრობდა ირგვლივ“, – იხსენებს ფატიჰი.

თურქეთში მცხოვრები ქართველი გვიხსნის, როგორ მოახერხა ენის შენარჩუნება. გვიყვება, რომ მამა ართვინიდან სტამბოლში წავიდა სამუშაოდ ჯერ კიდევ ფატიჰის ბავშვობაში, როცა ის 5 წლის იყო. ოჯახი სტამბოლში გადასახლდა, ფატიჰიც იქ სწავლობდა სკოლაში, მაგრამ არდადეგებს ყოველთვის ართვინში, მშობლიურ სოფელში ატარებდა და სულ ქართულად უწევდა საუბარი.

„სანამ სტამბოლში გადავსახლდებოდით მხოლოდ ქართული ვიცოდი. მერე ცოტა თურქული ვისწავლე სკოლაში, მაგრამ სახლშიც, მეგობრებთანაც, სულ ქართულად ვლაპარაკობდით. მხოლოდ სკოლაში და უბნის იქით გვიწევდა თურქულად საუბარი. სტამბოლშიც ვცხოვრობდით უბანში, სადაც სულ ართვინიდან წამოსული ქართველები გვყავდნენ მეზობლად. საღამოს ვახშმად ერთმანეთთან ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით ჩვენს ენაზე“, – იხსენებს ფატიჰი სტამბოლში ცხოვრების წლებს.

მისი მონათხრობის მიხედვით, ისტორიულ შავშეთში მის ბავშვობაშიც ამზადებდნენ ქართულ კერძებს, აღნიშნავდნენ ტრადიციულ დღესასწაულებს და უფრთხილდებოდნენ ფოლკლორს.

ფატიჰი გვიამბობს, რომ ქართულ ცეკვას: ხორუმს, განდაგანას და სხვებს ბავშვები ქორწილებში აკვირდებოდნენ და ასე სწავლობდნენ ძირითადად.

იხსენებს, რომ მის ბავშვობაში სოფელში ხშირად ამზადებდნენ აჭარულ კერძებს – ხავიწს, სინორს, ჰასუთას, ყველის მოხრაკულს, იგივე ბორანოს, ყორაიას, ბიშს და ზოგადად ცხიმის, რძის პროდუქტებისა და ცომეულისგან მომზადებულ კერძებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილს აჭარაში დღემდე ამზადებენ.

ფატიჰ მეიდანი/ცვარიძე

„ჩემს ბავშვობაში აღვნიშნავდით შუამთობას და მარიამობას, ალბათ იცით, რომ შუამთობას მთაზე მიდის ხალხი და ზეიმს იქმან.

მარიამობასაც აგვისტოში დიდი ზეიმი იყო, ცეკვავდა, მღეროდა სოფელი. ლხინი გრძელდებოდა ერთ კვირას. მე ბავშვობაში ორ, სამდღიანი მარიამობა მახსოვს, ჩემი წინაპრები კი ერთ კვირასაც ზეიმობდნენ, ვიცი გადმოცემით“, – გვიყვება ფატიჰი.  

შავშეთი მაღალმთიანი ხეობაა. ფატიჰის აღწერით ჰგავს სვანეთს და ტყეებიც აქვს ზოგან. აქ მცხოვრებლები მესაქონლეობას ეწევიან, თავს ძირითადად რძის პროდუქტებისა და ხორცის გაყიდვით ირჩენენ. სახნავ-სათესი ადგილები ბევრი არ არ აქვთ, ოჯახებს მხოლოდ თავისთვის საკმარისი ბოსტნეული მოჰყავთ: კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო და სხვა. შავშეთში ჭალა ბევრია, საქონლის გამოსაკვები ზამთრის მარაგისთვის ამ ჭალებში თიბავენ ბალახს.

„არ ვიცი, მთავრობა რას გადაწყვეტს“ – ზურაბიშვილი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე

„ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სანქციების ხასიათი. მე არ ვიცი, მთავრობა რას გადაწყვეტს, ეს მთავრობის პრეროგატივაა,“ – აღნიშნა დღეს, 22 თებერვალს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებას აპირებს ევროკავშირი. დღესვე გერმანიამ შეაჩერა პროექტი – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“,  როგორც სანქცია რუსეთის მიმართ.

სალომე ზურაბიშვილმა სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად აქცენტი ზოგადად სოლიდარობაზე გააკეთა და ოკუპირებულ საზღვრისპირა რეგიონებზე, თუმცა არ დააკონკრეტა, როგორ უნდა „დაბალანსდეს საჭიროება“.

„ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ, სოლიდარული უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში, იმიტომ, რომ ორი რეგიონის ოკუპირებული და რეაგირება ხდება ამ სიტუაციაზე. ჩვენი მოქალაქეების თავზე გადადის ეს ყველაფერი საზღვრისპირა რეგიონებში. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ის საჭიროება, რომელიც სრულ სოლიდარობას გულისხმობს. ჩვენ პასუხისმგებლობა სრულად უნდა ვიკისროთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.  ამიტომ ეს საკითხები პარტნიორებთან ერთად არის გასასვლელი,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს რამდენიმე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს შეხვდა.

საშიშია თუ არა მუდმივად 37 C ტემპერატურა – ექიმის რჩევები

ბოლო 2 წელია ცხელება, ძირითადად, პანდემიის კონტექსტში გვესმის. სხეულის ტემპერატურის მატება ორგანიზმში ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. თავად ცხელება ზოგადად უვნებელია, ის უფრო დამხმარე მოვლენაა და ჩვეულებრივ არ სჭირდება მკურნალობა.

სხეულის ნორმალური ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 35,8 – 37,0 C-ს შორის, თუმცა იგი შესაძლოა განსხვავდებოდეს დროის ან თქვენი აქტივობის მიხედვით. რა ფაქტორები ზემოქმედებენ სხეულის ტემპერატურის ცვლაზე, რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს მუდმივად 37,0 C ტემპერატურა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – ამ კითხვებზე ექიმი-თერაპევტი თაკო შანთაძე საუბრობს „ბათუმელებთან“.

  • რა იწვევს ორგანიზმში ტემპერატურის ცვლილებას?

ტემპერატურა ორგანიზმში სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის არსებული ბალანსია. მისი ცვლილება ორგანიზმში სითხის აორთქლებაზეც არის დამოკიდებული. ზოგადად სხეულის ტემპერატურა დღე-ღამეში იცვლება. ტემპერატურის ცვლის მიზეზი შეიძლება იყოს ასაკი, წნევა, სუსტი იმუნიტეტი, ჰემოგლობინის დაბალი დონე, ჩიყვის ფუნქციების დარღვევა, ზოგჯერ მედიკამენტების გამოყენების ფონზეც შეიძლება  მოხდეს ეს.

ასევე, ალკოჰოლის მომხმარებლებში ხშირია ტემპერატურის ცვალებადობა.

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი: სხეულის ტემპერატურა ეცემა ღამით, მინიმალური მნიშვნელობა გვხდება 5 საათისთვის, შემდეგ იზრდება და აღწევს პიკს 17–18 სთ‐ზე.

ტემპერატურა ჯანმრთელ ადამიანებშიც მატულობს ფიზიკური აქტივობის შედეგად, ფსიქო‐ემოციური დატვირთვისას, ცხელი საკვების და სითხის მიღებისას.

მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ შესაძლოა ერთი გრადუსით მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, რადგან ზოგადად თერმორეგულაცია მიმდინარეობს სხეულის ზედაპირზე ტენიანობის აორთქლებით.

  • რამდენად საყურადღებოა და რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ხანგრძლივად 37 გრადუსი ტემპერატურა?

37 გრადუსი ტემპერატურა სისტემატურად არ ნიშნავს, რომ რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ეს შესაძლოა კონკრეტული ადამიანისთვის იყოს სრულიად ნორმალური,  მისი ორგანიზმი ამ ტემპერატურასთან ადაპტირებულია და ეს მისთვის მისაღებია.

თუმცა, საყურადღებოა ხანგრძლივად ასეთი დაბალი, იგივე სუბფებრილური ტემპერატურა, რადგან შესაძლოა ორგანიზმში ანთებით პროცესზე მიანიშნებდეს. ასევე, ეს სიმპტომი ახასიათებს სხვადასხვა ინფექციურ დაავადებასაც. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ლეიშმანიოზის დროს ტემპერატურა არის სუბფებრილური და შემდეგ აიწევს.

ბევრ ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ხანგრძლივად ასეთი ტემპერატურა. ასევე, ნაწლავური ინფექცია, გასტროენტერიტი, ჰემოგლობინის დაბალი დონეც შეიძლება იყოს მისი გამომწვევი,  თუმცა ასეთ შემთხვევაში სხვა გამოვლინებებიც აღენიშნება პაციენტს –  ზოგადი სისუსტე, უმადობა, ოფლიანობა, ტემპერატურის ცვალებადობა, ფაღარათი და ა.შ. ასეთ დროს უნდა მიმართოთ თერაპევტს და ინფექციონისტს.

ბევრ ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩა სუბფებრილური ტემპერატურა – 37.1-37.2, რაც ორი-სამი კვირის განმავლობაში შესაძლოა იცვლებოდეს, მაგრამ შემდეგ რეგულირდება. ამიტომ ვურჩევთ პაციენტებს პათოლოგიის გამოსარიცხად, გამოჯანმრთელებიდან 2-3 კვირის შემდეგ, შეამოწმონ ანთების ღრმა მარკერები, ეს არის ძირითადი ანალიზები – სისხლის საერთო  და C რეაქტიული ცილა. თუ მარკერები მომატებული არ არის, ეს არ მიანიშნებს რაიმე პათოლოგიაზე.

  • ასაკის მიხედვით როგორია სხეულის ტემპერატურა?

ზოგადად, ხანდაზმულ ადამიანებს სხეულის ტემპერატურა უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს.

  • როდის უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი?

პაციენტებს სულ ვაფრთხილებთ, რომ 37-დან 38-მდე სხეულის ტემპერატურაზე არანაირი მედიკამენტი არ მიიღონ დასაწევად, ეს სუბფებრილური ტემპერატურაა, ამ ტემპერატურის პერიოდში არ შეიძლება სიცხის დამწევის მიღება, რადგან ეს არის ორგანიზმის იმუნური პასუხი, ცხელება ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში.

სიცხის დამწევის მიღება შეიძლება, როცა ტემპერატურა არის 38 და მეტი.

  • თუ 38 გრადუსამდე ტემპერატურაც აწუხებს ფიზიკურად ადამიანს?

თუ ადამიანს, მაგალითად, 37.5 გრადუსი სიცხე აქვს და ეს მას აწუხებს, ვურჩევთ, რომ  მეტად იმოძრაოს, იაქტიუროს და მიიღოს ბევრი სითხე, რომ არ მოხდეს დეჰიდრატაცია. ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი სიცხის დროს ნახევარი ლიტრი წყალი მიგვიცია პაციენტისთვის და ტემპერატურა ჩამოსულა დაბალ ნიშნულზე.

  • ნორმაზე დაბალი ტემპერატურა რამეზე მიანიშნებს?

ნორმაზე დაბალი ტემპერატურა შეიძლება აღინიშნებოდეს დაუძლურებული,  გამომშრალი ორგანიზმის გამო. ძირითადად მწოლიარე პაციენტებშია ხშირი 35 და უფრო დაბალი ტემპერატურა. კოვიდის შემთხვევაშიც ხშირია 35 და უფრო დაბალი ტემპერატურა, უფრო ასაკოვან ადამიანებში. მათ უფრო გამოხატული აქვთ ძილიანობა, სისუსტე, აპათია, მიალგია ანუ კუნთების, სახსრების ტკივილი.

„სანქციები იმუშავებს, თუ ის მტკივნეული იქნება რუსეთისთვის“ – ინტერვიუ ევროკავშირის ექსპერტთან

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადამიანებს შეეხება ეს სანქციები,“ – მიიჩნევს ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე. მისი აზრით, სანქციები იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუკი ის მტკივნეული იქნება კონკრეტული და გავლენის მქონე პირებისთვის რუსეთში.

დღეს, 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებაზე მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა რუსეთს, რასაც შესაძლოა პროცესზე გავლენა ჰქონდეს? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვანო, გერმანიის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება რამდენად ცვლის მოცემულობას და იზიარებთ თუ არა მოსაზრებას იმაზე, რომ გერმანია აიძულეს მიეღო ეს გადაწყვეტილება?  

შესაძლებელია, რომ ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება, რადგან ვიცით, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე გერმანიაში არ არსებობდა. ამასთან, ცნობილია აშშ-ის და ბაიდენის მიდგომა. ვფიქრობ, რომ გარკვეული კომუნიკაცია შეიძლება ყოფილიყო მათ შორის.

იმდენად განსხვავებული მოლოდინები არსებობდა ამ საკითხზე, გარკვეულწილად სიურპრიზადაც იქცა გერმანიის ეს გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადაწყვეტილება რუსეთის მოქმედების საპასუხოდ. ახლა მოლოდინია, რომ ამას მოჰყვება დამატებითი სანქციები ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან.

  • რა შეიძლება იყოს ეს სანქციები და რა შემთხვევაში შეიძლება ამან შეცვალოს ან განსაზღვროს რუსეთის მიდგომა?  

დღეს დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მიიღებენ სანქციების ახალ პაკეტს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციები შეეხება 4 ძირითად მიმართულებას: ინდივიდებს, რომლებიც ჩართული იყვნენ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; მეორეა საბანკო ოპერაციები და ის პირები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მოქმედებებს  აფინანსებენ. მესამე ნაწილი შეეხება რუსეთის სახელისუფლებო უწყებების წვდომის შეზღუდვას ევროკავშირის ფინანსურს ბაზრებზე, ეს შესაძლოა შეჩერდეს, ან შეუწყდეთ და მეოთხე: ვაჭრობის შეჩერება იმ ორ რეგიონთან, რომლის დამოუკიდებლობაც რუსეთმა აღიარა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რომელ ადამიანებს შეეხება ეს სანქციები. თუ ეს ისევ დაბალ დონეზე გაჩერდება, ამას, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება მოჰყვება უკრაინის მხრიდან, იმედია, საქართველოს მხრიდანაც, მაგრამ თუ ეს წავიდა ზევით, თუ შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, მაშინ ეს იქნება ადეკვატური ზომა, რასაც ევროკავშირი მიიღებს რუსეთთან მიმართებით იმ მოქმედებების საპასუხოდ, რასაც რუსეთი აკეთებს.

ასე რომ, სანქციები იმუშავებს, თუ ეს იქნება მტკივნეული. თუ რუსეთში ჩათვლიან, რომ ეს სანქციები გადალახვადია, მაშინ არაფერი შეიცვლება. სანქციების ახალი პაკეტის შემდეგ უფრო ცხადი გახდება, რამდენად მტკივნეული იქნება ეს რუსეთისთვის, რამდენად შეიძლება ამან ითამაშოს შემაკავებელი როლი.

  • გაჩნდა მოსაზრება, რომ წინა ხაზზე გამოდის ევროპა და მხოლოდ აშშ აღარ არის მთავარი აქტორი. თქვენი დაკვირვებით, რამდენად იცლება ევროკავშირის პოლიტიკა? 

კი, ასეა. ევროკავშირმა ახლა უნდა დაანახოს ყველას, რომ ის არის გლობალური მოთამაშე, რომ თუნდაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გარკვეული გაკვეთილი იყო.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ვსაუბრობთ 27 ქვეყანაზე, რომელსაც აქვს განსხვავებული ხედვები, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაზე, განსხვავებული ურთიერთობები რუსეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ახლა ძალიან ძნელია ევროკავშირში გამოჩნდეს ლიდერი, რომელიც, ასე ვთქვათ, ითავებს კონსენსუსის მიღწევას რუსეთთან მიმართებით.

ამ მოცემულობაში რთული სათქმელია, ვინ შეიძლება აიღოს ლიდერობა. ეს კრიზისი გამოავლენს, ვინ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია იგივე რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობაში განსაკუთრებული როლი ითამაშოს, მაგალითად, როგორ როლსაც ანგელა მერკელი ასრულებდა. დღეს ეს როლი შეიძლება შეასრულოს მაკრონმა, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, რომ საფრანგეთში მალე ისევ არჩევნებია… შესაძლოა, გერმანიის ახალმა კანცლერმა შეასრულოს ეს როლი. ამას დრო მალე გვიჩვენებს.

  • ამ ეტაპზე რა ჩანს – რა არის ევროკავშირისთვის „უკრაინის კრიზისი“ და როგორ ხედავს დასავლეთი რუსეთი პრობლემის მოგვარებას? 

ეს კრიზისი ევროპისთვის არის ტესტი, რამდენად მზად არის ის, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს იქნება ტესტი იმაზეც, რამდენად არის ევროკავშირში ვინმე ლიდერი, ვინც ამ კრიზისიდან გამოსავალს საკუთარ თავზე აიღებს.

ევროკავშირისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ მის უსაფრთხოებას აქვს სერიოზული რისკი. თუ უკრაინის მოვლენებიც ისევე გადაყლაპა ევროკავშირმა, როგორც თავის დროზე გადაყლაპა, მაგალითად, ანა პოლიტკოვსკაის საქმე, ნორდოსტი, ბესლანი, ლიტვინენკოს საქმე, რუსეთ-საქართველოს ომი…

ევროკავშირში ხვდებიან, რომ უკრაინა რუსეთისთვის ბოლო გაჩერება არ არის და საბოლოო მიზანი შეიძლება იყოს ნატოს მეხუთე მუხლის მოკვლა, რაც ეხება კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ვფიქრობ, მოლოდინია იმის, რომ უკრაინაზე სუსტმა რეაქციამ, ან რეაქციის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რუსეთი უკრაინაზე აღარ გაჩერდეს და უფრო წინ წავიდეს.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება 2022 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირველი მარტიდან შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში“.

ასეთ სიას შემოსავლების სამსახური აწარმოებს. ახალი წესის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა:

[checklist]

  • თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე
  • პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად

[/checklist]

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა 5 წლის ვადით.

დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

 

[toggle title=”დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესი განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 3. დამოკიდებული პირი და დამოკიდებულ პირთა სია 

  1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.
  2. დამოკიდებულ პირთა სია გულისხმობს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას.

მუხლი 4. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოება

  1. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
  2. დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.
  3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა:

ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;

ბ) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

  1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადი შემოსავლების სამსახურში შეიძლება წარდგენილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის მსურველი პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით პირის დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ მითითებას).
  2. შემოსავლების სამსახურის მიერ პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა ხდება პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
  3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შევა 5 წლის ვადით.
  4. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ:

ა) დამოკიდებული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს დამოკიდებული პირი/ დამოკიდებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით;

ბ) დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიიდან ვადაზე ადრე ამოღების შესახებ მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

  1. დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი.

მუხლი 5. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადების წარდგენის, განხილვის, მონაცემების სიაში შეტანისა და სიის გამოყენების წესი

  1. დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადება წარედგინება შემოსავლების სამსახურს.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს განცხადების წარმდგენი პირის:

ა)  სახელს და გვარს;

ბ) პირად ნომერს;

გ) დასტურს იმის შესახებ, რომ სურს მისი მონაცემები შეტანილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში;

დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადების წარმდგენი პირის პირადობის მოწმობის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი. ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
  2. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციისას, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენს განცხადების წარმდგენი პირის იდენტიფიკაციას.
  3. შემოსავლების სამსახური ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, 5 სამუშაო დღის ვადაში ახდენს განცხადების წარმდგენი პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანას.
  4. დამოკიდებულ პირთა სიის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

[/toggle]

 

2022 წლის პირველი მარტიდან, კანონით „აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება“.

2022 წლის პირველი მარტიდან აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ ასევე: საჯარო მოხელეებს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს. თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.

ამ თემაზე ვრცლად:

ღარიბები და საჯარო მოხელეები კაზინოში ვერ ითამაშებენ – კიდევ ვის ეკრძალება აზარტული თამაში

რა შეუძლია საკონსტიტუციოს 4 დღეში „ლონდა თოლორაიას საქმეზე“ – იურისტის განმარტება

„საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავზე დამოკლეს მახვილი ჰკიდია, რომელიც ოთხი სამუშაო დღის დროითი ინტერვალით არის შემოსაზღვრული,“ – ამბობს საიას იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ლონდა თოლორაიას ინტერესებს იცავს.

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსია, თუმცა მისი სამსახური პირველი მარტიდან უქმდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ლონდა თოლორაიამ და ასევე სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს 25 იანვარს მიმართეს.

საიას იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი განმარტავს, რომ თუკი 4 დღეში საკონსტიტუციო სასამართლო ლონდა თოლორაიას შუამდგომლობას არ განიხილავს, რაც ეხება სადავო ნორმების შეჩერებას პირველ მარტამდე, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა და მისი დაკმაყოფილებაც აზრს დაკარგავს.

„თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია შემდეგი 4 სამუშაო დღის განმავლობაში არ განიხილავს ლონდა თოლორაიას შუამდგომლობას, მისი უმოქმედობა გახდება მოსარჩელის უფლებების დარღვევის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა სწორედ იმითაა გამართლებული, რომ აღკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და შეაკავოს ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილებები. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უარს იტყვის საკუთარი დანიშნულების შესრულებაზე და ხელს შეუწყობს ერთი ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებას, ის თავისი ხელით დაამსხვრევს საზოგადოებაში მის მიმართ არსებულ ნდობას, რომლის გამთელება ურთულეს, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა შეუძლებელ რეალობად იქცეს,“ – წერს ვასილ ჟიჟიაშვილი.

საიას იურისტი ყურადღებას ამახვილებს სამართლებრივ მოცემულობაზე, რომლის მიხედვითაც, თუკი სადავო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლო პირველ მარტამდე არ შეაჩერებს, პირველი მარტიდან მუშაობს დაიწყებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური – სარჩელი რომც დაკმაყოფილდეს, ლონდა თოლორაიას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელი გახდება.

„ამგვარად, გასაჩივრებული ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაში მოსარჩელე განიცდის შეუქცევად ზიანს, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ გამოსწორდება. სხვა სიტყვებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რაც 2022 წლის 1-ელი მარტის შემდეგ ლონდა თოლორაიას მისცემს ადრინდელ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას,“ – აღნიშნავს საიას იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.

უფლებადამცველების შეფასებით, ლონდა თოლორაია კრიტიკული გადაწყვეტილებების გამო დასაჯეს, მათ შორის, ბოლო გადაწყვეტილება ეს იყო – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 000 ლარით დააჯარიმა.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.

პანდემიიდან გამომდინარე, აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, სკოლებისა და კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურად სწავლობს, თუმცა როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვითხრეს, სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეფერხებულა.

დღეს, 22 თებერვალს, მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციომ საბჭომ კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი შეამსუბუქა, თუმცა სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან ყველა რეგულაცია დაიცვან, როგორც მიმდინარე წლის სასწავლო პროცესში, ასევე შემდგომ.

___________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის თეატრის მთავარი რეჟისორი იქნება

სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მიიღო რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს წინადადება რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო tass-ი წერს.

ორშაბათს ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა როსიანა მარკოვსკაიამ თქვა, რომ 21 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრი კუსტურიცას შეხვდა.

„საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა კუსტურიცასთან მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობას, მის ნიჭს და დიდ შრომას. აღნიშნა კუსტურიცას როლი რუსული კულტურის საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში, შოიგუმ შესთავაზა მას რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის დირექტორის თანამდებობა“, – თქვა მარკოვსკაიამ.

„ჩემთვის დიდი პატივია სერგეი შოიგუს შემოთავაზება, გავხდე თეატრის მთავარი რეჟისორი. რუსული არმიის თეატრის სცენას დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. ახალ თანამდებობაზე შემოქმედებითი გეგმებია – ცნობილი ფილმების (მაგ. “წეროები მიფრინავენ”, “ცხოვრება სასწაულს ჰგავს” და სხვების) სიუჟეტების სპექტაკლებში გადატანაა”, –  ციტირებს მარკოვსკაია კინორეჟისორის სიტყვებს.

მისი თქმით, კუსტურიცამ იმედი გამოთქვა, რომ „ეს იქნება წარმატებული ნამუშევარი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამყაროში, სადაც ღირებულებები ძალიან სწრაფად იცვლება“, ის შეეცდება კლასიკური ღირებულებების შენარჩუნებას.

ემირ კუსტურიცა კანის კინოფესტივალის ორი „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი რეჟისორია, იგი რუსეთის პრეზიდენტმა 2016 წელს მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, კუსტურიცა ცხინვალში 2009 წელს იმყოფებოდა ფილმისთვის მასალების მოსაძიებლად. ამავე წყაროს მიხედვით, მან საქართველოს აგრესორი უწოდა 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში.

რატომ უხდის მადლობას მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

„მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის,“ – წერს ფეისბუქში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს აღარ უბრუნებს.

„საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.

ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის. გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
___
გუშინ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გარკვეული დოკუმენტები პრეზიდენტმა განსაიდუმლოოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ თქვეს, რომ ეს დოკუმენტები მთავრობის ადმინისტრაციაში წაიღეს და შემდეგ, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ დააბრუნეს.

სკოლებს რეგულაციების შემსუბუქება არ ეხება – სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების შემსუბუქება რა ეხება სკოლებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

აღნიშნულ დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით რეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.

„გარდა ამისა, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid19-ზე სავალდებულო ტესტირება.

როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით“ – აცხადებს სამინისტრო.

დღეს, 22 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილი სახელმწიფომ მოხსნა.

______________________

ამავე თემაზე:

რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი მარტიდან – მოკლედ

აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე

წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ.

შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. 

კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ.  წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800  ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც  შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ სერიოზული, საგანგაშო მაჩვენებლები“ დაფიქსირდა. კერძოდ, 2021 წელს აჭარაში გამოკვლეული 6000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა.

„ჩვენ გვაქვს ამ პროგრამის განხორციელების ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელმაც გვიჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი ორსულ და ლაქტაციაში მყოფ ქალებში იყო საკმაოდ საყურადღებო.

ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ტყვია არის კუმულაციის უნარის მქონე, ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც დაღად აჩნდება ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ მისი კორეგირება შეიძლება.

ეს კვლევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან ჩართული სკრინინგის შემდგომ უკვე მიზეზობრივი კვლევის განხორციელებაში, თუ საიდან, როგორ მოხვდა ტყვია ამ ადამიანების ორგანიზმში” – განაცხადა დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

2022 წელს კვლევა აჭარაში დაახლოებით 4500 ორსულსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალს ჩაუტარდება იმ დაწესებულებაში, სადაც ანტენატალური მომსახურების სერვისს იღებენ.

„ჩვენი დაწესებულება იკვლევს ორსულ ქალებში ტყვიის ექსპოზიციის დონეს. სამწუხაროდ, ძალიან მაღალი სიხშირით ხვდება იგი ორსულ ქალებში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, მაგრამ ამ ფაქტის კონსტატაციის გარდა ჩვენ უკვე დავიწყეთ სიღრმისეული კვლევა იმისა, თუ რატომ არის მომატებული ეს მაჩვენებელი.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმართავთ მკურნალობას ორსულობის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ მავნე, ტოქსიკური ზეგავლენა ამ ელემენტისა, არამარტო დედაზე, არამედ ნაყოფზე და ვცდილობთ, ნიველირება მოვახდინოთ ამ ელემენტის ზეგავლენისა, ასევე, ვცდილობთ, დავადგინოთ წყარო, თუ საიდან ხდება ტყვიის ექსპოზიციის დონის მომატება ორსულებში.

ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მომატებული დონის შემთხვევაში იმ წყლის გამოკვლევა, რომელსაც ძირითადად მოიხმარს ეს ორსული და ალბათ ცოტა ხნის შემდეგ მოგაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა შედეგს მივიღებთ ამ კვლევით” – ამბობს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კლინიკური დირექტორი, მეან-გინეკოლოგი, ჯუმბერ უნგიაძე.

2018 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატებოდა. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი – 85% დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებში. 

ტყვიის შემცველობა სისხლში განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. NCDC-ის გაიდლაინით, სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5 მკგ/დლ-ზე ნაკლები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა გაიდლაინში ასევე განმარტებულია, რომ არ არსებობს ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე.

ამავე თემაზე:

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე,  დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ამავე თემაზე:

რა წესი მოქმედებს თურქეთიდან საქართველოში წამლების შემოტანაზე

რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში

დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა (№1-9)
  • შარტავას ქუჩა
  • ფიროსმანის ქუჩა
  • ტბ. აბუსერიძის ქუჩა (№15-19)
  • ჯავახიშვილის ქუჩა (ნინოშვილიდან აბუსერიძემდე)
  • გორგილაძის ქუჩა (შარტავას ქუჩიდან გრიბოედოვამდე)
  • გრიბოედოვის ქუჩა (გორგასლის ქუჩიდან აბუსერიძის ქუჩამდე)
  • გორგასლის ქუჩა (ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე)

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი მარტიდან – მოკლედ

დღეს, 22 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი მარტიდან საქართველოში. ამ შეზღუდვების უმრავლესობა აქამდეც ფიქტიური იყო.

  • პირველი მარტიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოვა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე);
  • ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;
  • რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები;
  • კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);
  • დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად);
  • უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;
  • სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით – დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან – 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში – ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება;
  • პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდსასტუმროები, დღეიდან, 22 თებერვლიდან, აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა განთავსება შეჩერდება;
  • უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;
  • უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
  • სასტუმროებში უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;
  • 4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება – ღონისძიების საერთო ფართობის 60%-იანი დატვირთვით.
  • 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე;
  • საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება;
  • 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%.

დღეს, 22 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა, რომ საქართველოში ომიკრონის ტალღის გავრცელების პიკი გადავლილია.

„ამბასადორის“ ახალ ნებართვას „ბათომი“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასაჩივრებენ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად, „ამბასადორი ბათუმის“ ახალ ნებართვას ასაჩივრებს. შეცვლილი ნებართვით კომპანიამ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტს ორი სართული დაამატა. „ამბასადორ ბათუმმა“ პროექტში ცვლილებისთვის სააგენტოს პოსტფაქტუმ, მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, როცა პროექტის დარღვევით ორი დამატებითი სართული უკვე აშენებული ჰქონდა.

ახალი ნებართვის მიხედვით, ბათუმის ბულვარში  21-სართულიანი სასტუმრო შენდება, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა.

„სასტუმრო კომპლექსი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს; მისი კიდევ უფრო გაზრდა ძეგლის შეუქცევადი და გამოუსწორებელი დაზიანების წინაპირობაა“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ამბასადორის“ პროექტი მშენებლობის ეტაპზე იზრდება. პროექტი, საწყის ეტაპზე, ოთხსართულიან ნაგებობას ითვალისწინებდა.

ამბასადორი – რენდერი

2020 წელს „ამბასადორი ბათუმი“ უკანონო, მეხუთე სართულის აშენებისთვის დაჯარიმდა. ამის შემდეგ ნაგებობის პროექტი, ბათუმის მერიის ჩართულობის გარეშე, 16 სართულამდე გაიზარდა.

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა პირველად 2018 წელს მოიპოვა, რაც ოთხსართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.

2019 წლის დასაწყისში კომპანიამ ამ ზღვისპირა ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებაც კი სცადა, რისი მიზანიც იყო ძეგლის სტატუსის მოხსნა, რაზეც უარი მიიღო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან.

2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად, მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.

2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ მაშინ  პროექტის შეცვლაზე უარი განუცხადა. თუმცა, გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს შეცვალა და  კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით.

გადაწყვეტილება „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „ბათომმა“ სასამართლოში გაასაჩივრა. კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, სასამართლო პროცესი ჯერაც არ ჩანიშნულა.

დამატებით ორი სართულის დაშენების თაობაზე ნებართვის გაცემის შემდეგ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ საჩივრით ნებართვის გამცემის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზემდგომს, განათლების სამინისტროს მიმართა. საჩივარზე ზეპირი მოსმენა 2022 წლის 25 თებერვალს უნდა გაიმართოს.

 

ომიკრონის ტალღის პიკი გადავლილია – გაბუნია

დღეს, 22 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ომიკრონის ტალღის გავრცელების პიკი გადავლილია.

„დღეს, 12 ათასზე, ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია ომიკრონის ტალღის და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ,“-ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, კლინიკურ სექტორში საწოლების რაოდენობა არის 8 ათასზე მეტი, თუმცა აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა.

„5 164 პაციენტი მკურნალობს დღეის მდგომარეობით, აქედან 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტია ინეტნსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 – რეანიმაციულ განყოფილებაში.

გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა, თუმცა ნელი ტემპით. უწყვეტად იქნება შენარჩუნებული „ფაიზერით“ მომარაგება. „სინოფარმი“ და სინოვაკის“ დოზებიც ქვეყანაში არის და მათი გამოყენება დამოკიდებულია მოქალაქის არჩევანზე,“ – ამბობს გაბუნია.

დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ასევე განაცხადეს, რომ 1-ელი მარტიდან კოვიდსასტუმროები გაუქმდება და შემსუბუქდება სხვა რეგულაციებიც.

„თუმცა რაც არის ბაზისური რეკომენდაციები – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და სხვა ბაზისური ჰიგიენური ღონისძიებები, ისევ რჩება“ – ამბობს გაბუნია.

ამავე თემაზე:

ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აღარ იკრძალება

ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აღარ იკრძალება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან უქმდება შეზღუდვა სოციალურ ღონისძიებებზე.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს მარტიდან შეეძლებათ გამართონ  ქორწილი, ქელეხი და სხვა.

მანამდე, პანდემიის გავრცელების გამო, ქორწილებსა და ქელეხებზე აკრძალვა იყო დაწესებული.

ამასთანავე, პირველი მარტიდან კვების ობიექტებში იზრდება 1 მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა. ამიერიდან დახურულ სივრცეში 1 მაგიდასთან 10 ადამიანს ექნება დასხდომის უფლება, ხოლო ღია სივრცეში – 15-ს.

საქართველოში კოვიდსასტუმროები უქმდება

პირველი მარტიდან საქართველოში კოვიდსასტუმროები უქმდება – ამის შესახებ დღეს, 22 თებერვალს, განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

„არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის, ჟურნალის წარმოებისა და დეზობარიერების ქონის ვალდებულება.

 

 

პუტინისთვის პასუხის გასაცემად შაბათს ჯაჭვს გავაკეთებთ – ელენე ხოშტარია

„ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ,“ – წერს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და მოქალაქეებს უკრაინის მხარდასაჭერად შაბათს, 3 საათზე, სოლიდარობის აქციას სთავაზობს. ელენე ხოშტარია ქვეყნის მასშტაბით ჯაჭვის მოწყობას ოპოზიციურ სპექტრთან ერთად გეგმავს და ხაზს უსვამს მსგავს ვითარებაში მოქალაქეების მხრიდან პასუხის გაცემას.

„ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას, გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გვაქვს სურვილი დავაფიქსიროთ, რომ იმპერიული ისტორია, რომელიც გუშინ პუტინმა გადაგვიწერა, ჩვენთვის ბოროტებაა და სამომავლოდ ამის მიღებას არავინ აპირებს. უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991 წლიდან მოყოლებული, 2008 წლის გავლით, ყველაზე კარგად ვიცით, რა არის ოკუპაცია,“ – წერს ელენე ხოშტარია.

რუსეთის ფედერაციამ წუხელ, 21 თებერვალს,  დონეცკის და ლუჰანსკის დე ფაქტო რესპუბლიკები დამოუკიდებლად ცნო.

___

ამავე თემაზე:

არ გვეშინია, ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენ უკან არის სიმართლე – ზელენსკის მიმართვა

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  770 000 ლარით. თანხა გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისთვის.

კერძოდ: შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე, საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება, მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, დასაქმების ფორუმების მოწყობა.

პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში  ერთხელ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო და დასაქმების სააგენტო.

„სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს ქვეპროგრამის  ფარგლებში არსებული მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღოს და დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები, სოციალური და  ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

ასევე, ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან“.

პროგრამა ითვალისწინებს დასაქმების კონსულტანტის შტატის შექმნას. „ეს იქნება პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს  შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის“, – წერია ბრძანებაში. სააგენტო ვალდებულია, ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში სამინისტროს კვარტალურად მიაწოდოს.

ვინ შეიძლება იყვნენ დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები?

  • დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს
  • სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი

დადგენილების მიხედვით, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით, ამ დანართის  მე-3 მუხლით დადგენილი პირობებით.

„ერთ ბენეფიციარზე  ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 560  ლარს თვეში.

ბენეფიციარებისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს:

ა) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს

ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას

გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას

დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს

ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას

სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 560 ლარისა“, – წერია მთავრობის დადგენილებაში.

ქვეპროგრამის  ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არანაკლებ 3 თვის ვადით.

დადგენილების მიხედვით, დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან, რომელიც, თავის მხრივ, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის, ამასთან, ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება.

დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება.

დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6-დან 9 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ გადამზადებას. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 100 000 ლარით.

თანაბარ პირობებში არსებობისას, უპირატესობა ექნებათ შემდეგი კატეგორიის პირებს:

  1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს
  2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით
  3. იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს
  4. სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს
  5. დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი
  6. აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს
  7. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარებს
  8. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებსა და ასევე, სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს
  9. ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს
  10. ქალებს
  11. არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან და სრულწლოვან 21 წელს მიუღწეველ პირებს
  12. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს
  13. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს
  14. ეთნიკურ უმცირესობებს
  15. ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს
  16. სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც არ მიუღიათ გასულ წლებში ამ ღონისძიებაში მონაწილეობა
  17. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს
  18. სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც ღონისძიების განხორციელების პერიოდში არ არიან დაქირავებით დასაქმებულები ბოლო  1 წლის განმავლობაში
  19. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს და სხვა.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა პირველი მარტიდან ამოქმედდება.

აჭარაში კოვიდის 659 ახალი შემთხვევაა, 5 პაციენტი გარდაიცვალა

22 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში რეგიონში 5 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში 587 პაციენტს მკურნალობენ, კოვიდსასტუმროშია 151 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა, 45 პაციენტი გარდაიცვალა.

შუახევში მოქალაქემ დათვის ბელები იპოვა

შუახევის მუნიციპალიტეტში, გზისპირას, მოქალაქემ დათვის ორი ბელი იპოვა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დარეკა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შუახევში ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები. ადამიანებთან შეჩვევის შემდეგ, მათი უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების და თვითგადარჩენის ინსტინქტი.

„მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეული ცხოველების ნაშიერების ტყიდან გამოყვანით ეს ცხოველები, ძირითადად, სასიკვდილოდ ან სამუდამო ტყვეობისთვის არიან განწირული.

ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს, ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან; მათი ადგილი ველურ ბუნებაშია” – წერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

„ზოოლოგიური ცენტრის“ ცნობით, დათვები ზამთრის პერიოდში შობენ 2-3 ბელს, გაზაფხულამდე თბილ ბუნაგში ჰყავთ გამოსაზრდელად, გაზაფხულის დადგომისთანავე კი დედას ბუნაგიდან გამოჰყავს თავისი ბელები.

„სამწუხაროდ ეს ბრაკონიერებისათვის ხელსაყრელი დროა დათვზე ნადირობისთვის, რადგან დათვი არ გაურბის საფრთხეს, ბელებს არ ტოვებს უპატრონოდ. ამიტომ ბრაკონიერები მარტივად კლავენ დათვებს, ხოლო დაობლებული, შეშინებული ბელები მოჰყავთ სახლებში, ძირითადად გასართობად“. 

ეს განცხადება „ზოოლოგიურმა ცენტრმა“ ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის თებერვალში გაავრცელა.

მოქმედი კანონმდებლობით, გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება და უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველის ყიდვა-გაყიდვა დაუშვებელია. მსგავსი ქმედება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე პრიმა 4 მუხლის შესაბამისად, ისჯება ჯარიმით – 1000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პირს უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველი ჩამოერთმევა და ის, შემდგომში, სასამართლოს დადგენილების მიხედვით, საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცემა. კერძო საკუთრებაში გარეული ცხოველის ყოლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა ის მოიპოვა კანონიერი გზით, ან ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შემოიყვანა. ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია ჰქონდეს უცხო ქვეყანაში გარეული ცხოველის კანონიერად შეძენის/ფლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საბაჟო დეკლარაციები, ვეტერინარული მოწმობა და ა.შ.

ამავე თემაზე: 

„დათვი ბელებს არ ტოვებს, ბრაკონიერი მარტივად კლავს მას, შეშინებული ბელები კი მიჰყავს სახლში“

არ გვეშინია, ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენ უკან არის სიმართლე – ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.ზელენსკიმ ვიდეომიმართვა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ ცნობის შემდეგ გაავრცელა.

„ჩვენ არავის და არაფრის არ გვეშინია. ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენ უკან არის სიმართლე. ჩვენ უკან არის უკრაინა. მიზანი ერთია – მშვიდობა უკრაინაში. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იგივე დარჩება. მისი თქმით, რუსეთის ბოლო ქმედებებს უკრაინა თავის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.„უკრაინა ცალსახად აფასებს რუსეთის ფედერაციის ბოლო ქმედებებს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.„დონეცკისა და ლუჰანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის ცალმხრივ გამოსვლას მინსკის შეთანხმებებიდან და ნორმანდიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების იგნორირებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა დაავალა.

დადასტურდა კოვიდის 12 101 ახალი შემთხვევა

22 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში 45 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 25,48 პროცენტი.

საქართველოში 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 21 თებერვალს, 22:22 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდა იყო.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ქობულეთი იყო.

ამავე თემაზე: 

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები

 

Exit mobile version