მთავარი,სიახლეები

შუახევში მოქალაქემ დათვის ბელები იპოვა

22.02.2022
შუახევში მოქალაქემ დათვის ბელები იპოვა

შუახევის მუნიციპალიტეტში, გზისპირას, მოქალაქემ დათვის ორი ბელი იპოვა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დარეკა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შუახევში ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები. ადამიანებთან შეჩვევის შემდეგ, მათი უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების და თვითგადარჩენის ინსტინქტი.

„მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეული ცხოველების ნაშიერების ტყიდან გამოყვანით ეს ცხოველები, ძირითადად, სასიკვდილოდ ან სამუდამო ტყვეობისთვის არიან განწირული.

ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს, ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან; მათი ადგილი ველურ ბუნებაშია” – წერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

„ზოოლოგიური ცენტრის“ ცნობით, დათვები ზამთრის პერიოდში შობენ 2-3 ბელს, გაზაფხულამდე თბილ ბუნაგში ჰყავთ გამოსაზრდელად, გაზაფხულის დადგომისთანავე კი დედას ბუნაგიდან გამოჰყავს თავისი ბელები.

„სამწუხაროდ ეს ბრაკონიერებისათვის ხელსაყრელი დროა დათვზე ნადირობისთვის, რადგან დათვი არ გაურბის საფრთხეს, ბელებს არ ტოვებს უპატრონოდ. ამიტომ ბრაკონიერები მარტივად კლავენ დათვებს, ხოლო დაობლებული, შეშინებული ბელები მოჰყავთ სახლებში, ძირითადად გასართობად“. 

ეს განცხადება „ზოოლოგიურმა ცენტრმა“ ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის თებერვალში გაავრცელა.

მოქმედი კანონმდებლობით, გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება და უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველის ყიდვა-გაყიდვა დაუშვებელია. მსგავსი ქმედება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე პრიმა 4 მუხლის შესაბამისად, ისჯება ჯარიმით – 1000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პირს უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველი ჩამოერთმევა და ის, შემდგომში, სასამართლოს დადგენილების მიხედვით, საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცემა. კერძო საკუთრებაში გარეული ცხოველის ყოლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა ის მოიპოვა კანონიერი გზით, ან ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შემოიყვანა. ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია ჰქონდეს უცხო ქვეყანაში გარეული ცხოველის კანონიერად შეძენის/ფლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საბაჟო დეკლარაციები, ვეტერინარული მოწმობა და ა.შ.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/334015/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: