მთავარი,სიახლეები

„დათვი ბელებს არ ტოვებს, ბრაკონიერი მარტივად კლავს მას, შეშინებული ბელები კი მიჰყავს სახლში“

14.03.2021
„დათვი ბელებს არ ტოვებს, ბრაკონიერი მარტივად კლავს მას, შეშინებული ბელები კი მიჰყავს სახლში“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყიდან გარეული ცხოველების გამოყვანის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება.

„მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეულ ცხოველთა ნაშიერების ტყიდან გამოყვანით ეს ცხოველები ძირითადად სასიკვდილოდ ან სამუდამო ტყვეობისთვის არიან განწირულნი. ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს; ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან. გარეულ ცხოველთა ადგილი ველურ ბუნებაშია.

რაც შეეხება დათვის ბელებს, რომელთა ტყიდან გამოყვანის ფაქტები განსაკუთრებით ხშირია, საქართველოში გავრცელებული მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა და მისი მოკვლა ან დატყვევება კანონით ისჯება,“ – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

„ზოოლოგიურ ცენტრში“,  მურა დათვების თავშესაფარში, სადაც ამ დროისათვის 17 მურა დათვია, აცხადებენ, რომ  დათვები ზამთრის პერიოდში შობენ 2-3 ბელს, გაზაფხულამდე თბილ ბუნაგში ჰყავთ გამოსაზრდელად, გაზაფხულის დადგომისთანავე დედას ბუნაგიდან გამოჰყავს თავისი ბელები.

„სამწუხაროდ ეს ბრაკონიერებისათვის ხელსაყრელი დროა დათვზე ნადირობისთვის, რადგან დათვი არ გაურბის საფრთხეს, ბელებს არ ტოვებს უპატრონოდ. ამიტომ ბრაკონიერები მარტივად კლავენ დათვებს, ხოლო დაობლებული, შეშინებული ბელები კი მოჰყავთ სახლებში, ძირითადად გასართობად.

გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელეთ ინფორმაცია. გადავსებულია ჩვენი ცენტრი დაობლებული დათვებით!“ – ეს განცხადება „ზოოლოგიურმა ცენტრმა“ 17 თებერვალს გამოაქვეყნა ფეისბუქზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ნადირ-ფრინველზე ნადირობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

__________________

ფოტო არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: