„სამშობიარო გადავიტანეთ სარდაფში“ – უკრაინელი ექიმის მიმართვა რუსებს

უკრაინელი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი სერგეი ბაკშეევი, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს. ის წერს, რომ რუსებს შეუძლიათ ომის შეჩერება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 24 თებერვალს დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

სერგეი ბაკშეევი:

„რუსულად ვწერ, რომ გაიგოთ ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა და მკითხველებმა რუსეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, უზბეკეთიდან.

უკვე 48 საათია ჩვენი სამშობიარო სახლი გადავიტანეთ სარდაფ-თავშესაფარში, რათა უზრუნველყოთ სამშობიარო-სამეანო და გინეკოლოგიურ დახმარება!

თქვენ ვერ დამინახვათ მე ფოტოებზე, რადგან მე ობიექტივის უკანა მხარეს ვდგავარ და ვამზადებ რეპორტაჟს ჩვენი სამედიცინო პერსონალის საქმიანობის შესახებ მესამე მსოფლიო ომიდან.

ომი, რომელიც რუსეთმა ჩემ სამშობლოში დაიწყო.

სამშობიაროში მოწყობილი თავშესაფარი

ჩემი ოჯახი ჩვენი სამშობიაროდან 3.5 კილომეტრშია – სახლში, რომლის ბიბლიოთეკა და სარდაფი თავშესაფრად იმისთვის გადაიქცა, რომ როგორმე გადავურჩეთ რუსული ჭურვების ნამსხვრევებს, აფეთქების ტალღას.

ჩემი ოჯახი სამშობიაროში ვერ წამოვიყვანე, რადგან ეს ადგილი საჭიროა ორსულებისა და ასევე მათი პარტნიორებისთვის, რომლებიც ჩვენს ექიმებთან ერთად ხვდებიან ომის ბავშვებს.

რუსული ჯარები დღეს კლავენ ჩემს ხალხს, თავს ესხმიან ჩემს ქალაქებს და სურთ ჩემი ქვეყნის განადგურება. მთელმა მსოფლიომ იცის ამის შესახებ, მაგრამ ბევრი ჩემი რუსულენოვანი მეგობარი თვალებს ხუჭავს. ისინი უბრალოდ იმაზე წუხან, რომ მათი ქვეყნის ჭურვებმა მე და კიდევ რამდენიმე უკრაინელ „მეგობარს“ გადაგვიფრინეს!

მინდა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს ომი არა მხოლოდ „ლაიქებით“ ან კომენტარების წერით.

გამოდით რუსეთის ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციებზე, დაიწყეთ ანტისაომარი მოძრაობა.

ჩემი მეგობრები დღეს იარაღით ხელში იცავენ ჩვენს სამშობლოს. თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ საპროტესტო აქციებით!

შეხედეთ ამ ფოტოებს და ამ სამედიცინო მუშაკებს ჩახედეთ თვალებში – მათ რუსეთთან ომის არ ეშინიათ.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ოჯახებს!

და ასეთ პირობებშიც ჩნდებიან ამ ქვეყნად უკრაინელები, რომლებსაც რუსების წყალობით მთელი ცხოვრება ომის ბავშვები ერქმევათ!

დიდება უკრაინას!

სამშობიაროში მოწყობილი თავშესაფარი

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფინანსების სწრაფად მობილიზება – გაერო უკრაინელ ლტოლვილებზე

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის [UNHCR] გლობალური კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჯონგ-აჰ გედინი-უილიამსი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად მოხდეს ფინანსების მობილიზება უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

„მდგომარეობა წარმოუდგენლად არამდგრადია. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებიც იძულებულნი არიან გაიქცნენ საკუთარი სახლებიდან. არიან ადამიანები რომლებიც გადაადგილდებიან უკრაინის შიგნით, ასევე მეზობელი ქვეყნებისკენ.

რასაკვირველია UNHCR აკეთებს თავის მაქსიმუმს, რომ შეძლოს და აღმოუჩინოს მათ საჭირო ჰუმანიტარული დახმარება.

ჩვენ უკრაინაში ვრჩებით, 115-ზე მეტი თანამშრომლით და ჩვენ ასევე გვყავს იგივე რაოდენობის ხალხი მეზობელ ქვეყნებშიც.

ტრადიციულად, უკრაინა წარმოადგენდა დაუფინანსებელ ოპერაციას, მიუხედავად იმისა, რომ აქ იყო კონფლიქტი და კრიზისი 2014 წლიდან. ასე რომ ჩვენ ახლა ვართ 9%-ზე ნაკლები დაფინანსებით, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად მოვახდინოთ ფინანსების მობილიზება“ – ამბობს  UNHCR-ის გლობალური კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჯონგ-აჰ გედინი-უილიამსი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი კი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ამ ქვეყნიდან რამდენიმე ათასი ადამიანი გადავიდა მოლდოვაში, ზოგი რუმინეთში და სხვა ქვეყნებში.

„ჩვენ განსაკუთრებით ვღელავთ ლტოლვილებზე, ადამიანებზე, რომლებიც იძულებულნი არიან გადაადგილდნენ. ჩვენ ვართ უკრაინაში, ჩვენ არ წავსულვართ და მზად ვართ ჩავერთოთ და გავუწიოთ დახმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება… თუმცა, დღეს ძალიან რთულია ამის გაკეთება რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები. მაგრამ იმ წვდომისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, რაც ჩვენთვისაა შექმნილი, მზად ვართ ვიმოქმედოთ“ – ამბობს ფილიპო გრანდი.

მისივე თქმით, „აქ გამოწვევა იქნება დახმარების გაწევა აქტიური სამხედრო მოქმედებების სიტუაციაში. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერ სამხედრო სიტუაციაში, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე წვდომა უზრუნველყოფილი იყოს, დაცული უნდა იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ჩვენ პირველ რიგში და ყველაზე მეტად დაგვჭირდება დახმარება უკრაინაში – ჰუმანიტარული ოპერაციებისათვის, მაგრამ ჩვენ შესაძლოა, სამწუხაროდ, ასევე დაგვჭირდეს დახმარება (უკრაინის) მეზობელ ქვეყნებშიც, თუ კრიზისი განაგრძობს ესკალაციას“.


რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.

აშშ-მა 26 თებერვლის ღამეს ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

____________

ფოტო: უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოში კოვიდით 43 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 236 ახალი შემთხვევა – 26 თებერვალი

26 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 26 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 598 172 , ბოლო 24 საათში – 6 236
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 477 481 , ბოლო 24 საათში – 14 909
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 097 , ბოლო 24 საათში – 43
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 33 926, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 408, PCR ტესტით – 13 518
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 18,38%, ბოლო 14 დღის – 27,63%, ბოლო 7 დღის – 23,93%
  • სულ აცრილია – 2 814 515, დღიურად აცრილია – 2 681
  • კარანტინის რეჟიმში – 4
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 754
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 574

რუსეთი გათიშეთ SWIFT-დან, პუტინს მაქსიმალური ტკივილი მივაყენოთ – ჯონსონი ნატოს ლიდერებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „ნატოს“ ლიდერებს რუსეთის SWIFT-დან გათიშვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯონსონი ფეისბუქზე წერს.

„ამ შუადღისას NATO-ს ლიდერებს მოვუწოდე რუსეთის SWIFT-დან გასათიშად გადადგან სასწრაფო ნაბიჯები, რათა პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მივაყენოთ.

უკვე გამოცხადებული სანქციების პაკეტის გარდა, დიდი ბრიტანეთი პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლად დააწესებს“ – აცხადებს ბორის ჯონსონი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ და მოკავშირეები რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას განიხილავენ, რომელთა შორის SWIFT-ის  სისტემიდან მისი ამოგდებაცაა.

როგორც NBC-ს ფინანსური ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება და უპრეცედენტო ნაბიჯად ფასდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის წინააღმდეგ.

 

საქართველოს წითელი ჯვარი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად დონაციის გვერდს აქვეყნებს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკრაინელი ხალხისთვის შემოწირულობებს აგროვებს. შეგროვებული თანხა, მათი განცხადებით, უკრაინის წითელ ჯვარს გადაეცემა.

გაიღე შემოწირულობა, უკრაინელი ხალხისთვის! დღეს, ისე როგორც არასდროს, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს თანადგომა სჭირდებათ.

თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა დახმარების სახით გადაეცემა უკრაინის წითელ ჯვარს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის წითელი ჯვარი ეხმარება და გვერდში უდგას ყველას, ვისაც დახმარება ესაჭიროება” – წერია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დონაცია შესაძლებელია მოცემულ ბმულზე 

„რუსეთს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს“ – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

„ჩემი აზრით, რუსეთს შეაჩერებს რაც შეიძლება მეტი დამწვარი ტანკი, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და დაღუპულები. მხოლოდ ზარალმა შეიძლება გააჩეროს რუსეთი, მიუხედავად მისი დაბალი სენსიტიურობისა დანაკარგის მიმართ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს სამხედრო საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ კაპანაძემ. მას ვესაუბრეთ საომარ მოქმედებებზე უკრაინაში, ასევე სამხედრო რესურსზე, რაც სჭირდება უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. „ბათუმელებმა“ მას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე რამდენიმე კითხვა დაუსვა:

  • ბატონო ვახტანგ, რა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ახლა უკრაინაში და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? 

ჩანს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ ტემპს, რაც გეგმაში ჰქონდა და ამ ერთგვარი იმედგაცრუების შემდეგ მოხდა გადაჯგუფება, ძალების გადანაწილება, შეიცვალა დარტყმის ძირითადი მიმართულება.

ამჯერად ლუგანსკი-დონეცკიდან ეს მიმართულება გადავიდა კიევის მიმართულებით. გაძლიერდა საცეცხლე მხარდაჭერაც. არსებობს მცდელობა, რომ ლუგანსკსა და დონეცკს მიაჯაჭვონ იქ არსებული უკრაინული სამხედრო დაჯგუფება, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ამავე დროს, რუსეთის ძალები დაწინაურდა მარიუპოლოს მიმართულებით, დნეპრიც გადალახეს, რაც აძლევთ უკვე მათ შემოვლითი მანევრის განხორციელების შესაძლებლობას.

გასათვალისწინებელია, რომ ხარკოვი კარგად უმკლავდება იერიშს და საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიდის. მიუხედავად იმისა, რომ წესით ყველაზე მოწყვლადი ქალაქი უნდა იყოს, რუსებმა ხარკოვს ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხეს. თუ ისე მოხდა, რომ ხარკოვს გაივლიან რუსები, მაშინ უკრაინული სამხედრო დაჯგუფება ფაქტობრივად ალყაში აღმოჩნდება. ვფიქრობ, უკრაინა შესაძლოა მალე დადგეს დილემის წინაშე, რომ გამოიყვანოს ეს დაჯგუფება, თუ არ უნდა ალყაში მოქცევა და განადგურება, რადგან ლუგანსკი-დონეცკში დაცვის მნიშვნელობა ნამდვილად დაქვეითებულია.

  • რა სამხედრო რესურსი აქვს უკრაინას, როგორც ადამიანური, ისე აღჭურვილობის კუთხით? 

აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, იწურება, მით უმეტეს, როცა საჰაერო დარტყმებია, თუმცა ის ფაქტი, რომ „ტოჩკარუთი“ უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის ტერიტორიაზე აეროდრომზე დარტყმა, ნიშნავს იმას, რომ რაკეტების მარაგი აქვთ და მიუხედავად მოპოვებული უპირატესობისა, ჰაერში, ასე ვთქვათ, ბატონობა რუსეთს მიღწეული არა აქვს, ავიაცია დაუსჯელად ვერ დაფრინავს და უკრაინა ჯერჯერობით ახერხებს საჰაერო სივრცის დაცვას.

  • რამდენად შესაძლებელია ომის პირობებში სამხედრო რესურსის გაძლიერება და მოცემულობის შეცვლა? ცნობილია, რომ უკრაინას სხვადასხვა ქვეყანამ გამოუყო ფინანსური დახმარება.

ბუნებრივია, სამხედრო აღჭურვილობის და სისტემების შესაქმნელად ერთი და ორი დღე საკმარისი ვერ იქნება, აქ საუბარი არაა ავტომატის შეძენაზე და რამე ასეთზე. ვფიქრობ, რომ ყველაზე ეფექტური იქნება, დასავლეთი უკრაინას დაეხმაროს ელექტრონული ბრძოლის სისტემებით, სახმელეთო თვალთვალის და დაზვერვის სისტემებით, საინჟინრო ტექნიკით. გასაგებია, რომ შესაძლოა ლეტალური იარაღით და არტილერიით ვერ დაეხმაროს რომელიმე ქვეყანა უკრაინას პოლიტიკური მოტივების გამო.

ეს კი იქნება ძალიან ეფექტური. წარმოიდგინეთ, ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით შესაძლებელია საჰაერო მართვის სისტემების განადგურება, უპილოტო სისტემების, ავიაციის მართვის სისტემების კონტროლი…

  • როგორია რუსეთის საბრძოლო შენაერთის შესაძლებლობა და მოცემულობა, როცა საცხოვრებელ კორპუსებსაც ბომბავენ, რამდენად ტოვებს წინააღმდეგობის გაწევის რესურსს? 

როცა ქალაქში ბრძოლაზეა საუბარი და იყენებენ რეაქტიულ, ზალპური დარტყმის სისტემას, ის ვერ იქნება წერტილოვანი. ასეთ ვითარებაში ყოველთვის არის ალბათობა, რომ ეს სამოქალაქო სექტორშიც ჩამოვარდეს და ადამიანები დაიღუპონ.

რუსეთის უპირატესობა არის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ხარისხობრივი… ვგულისხმობ, მაგალითად იმას, რომ რუსეთს ომის დასაწყისშივე ჰქონდა 10-ჯერ უფრო დიდი აღჭურვილობა ავიაციაში, 6-ჯერ მეტი იყო ეს უპირატესობა ტანკებსა და ჯავშანტექნიკაში. მნიშვნელოვანი უპირატესობა და, ფაქტობრივად, აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა და აქვს რუსეთს საზღვაო ძალებში. გარდა ამისა, შესაძლოა უპირატესობა მოიპოვო კონკრეტულ მიმართულებაზე, თუკი კონკრეტულ დონეზე ახერხებ უპირატესობის მოპოვებას და გასწრებ გაძლიერებას. სხვა თემები გააქტიურდება, თუ ეს გადავა პარტიზანულ მოძრაობაში.

  • უკრაინის გენერალური შტაბი მოუწოდებს მოსახლეობას „მოლოტოვის კოქტეილები“ მოამზადონ. რა ძალა შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ფორმებით წინააღმდეგობას? 

ის, რომ იარაღი დაურიგეს დღეს ყველა მოქალაქეს, თავისთავად პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს. მთავარია, როგორ უხელმძღვანელებ და დააორგანიზებ ამ პროცესს. ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოგვარდა.

„მოლოტოვის კოქტეილიც“ ეფექტურია განსაკუთრებით ქალაქის პირობებში თავდაცვის დროს. თვითონ ის მოწოდება, რომ გაუწიეთ მტერს წინააღმდეგობა, აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება არსებობს და ხალხის გვერდით დგას.

  • რამდენად გაიზარდა უკრაინელი სამხედრო შემადგენლობის კვალიფიკაცია ნატოს წვრთნების და წინა საბრძოლო მოქმედებების შემდეგ? 

შედარებაც კი არ შეიძლება, ისე გაუმჯობესდა. რაც მთავარია, შეიცვალა სულისკვეთება და შემართება, რაც, მაგალითად, არ იყო 2014 წელს, როცა თოფის გაუსროლელად დატოვეს ყირიმი.

დღეს შესანიშნავი მაგალითია იგივე ზმეინის კუნძულის ამბავი, როცა უკრაინელი 13 მესაზღვრე იყო მხოლოდ კუნძულზე და იქ მისულ რუსეთის გემს დაუძახეს: „რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი“. რუსებმა ეს კუნძული დაბომბეს და ცამეტივე სამხედრო მოკლეს, მაგრამ ეს ძალიან ვაჟკაცური იყო, ეს იყო მებრძოლი კაცის საუკეთესო დასასრული.

  • როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლა, რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი? 

ჩემი აზრით, რუსეთს შეაჩერებს რაც შეიძლება მეტი დამწვარი ტანკი, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და დაღუპულები. მხოლოდ ზარალმა შეიძლება გააჩეროს რუსეთი, მიუხედავად მისი დაბალი სენსიტიურობისა დანაკარგის მიმართ, ზარალი არის ზარალი. როდესაც არ გეყოლება ბატალიონები, ძალაუნებურად უკან იხევ. რუსეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 75 პროცენტი ახლა უკრაინაშია.

მე ვერ ვხედავ სანქციას, რამაც შეიძლება გააჩეროს რუსეთი. რუსეთმა წითელი ხაზები გადალახა და პუტინს უკან დასახევი გზა არ აქვს. ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთს ნატოც ვერ შეაჩერებს. გაჩერება უნდა მოხდეს იმ ზარალით, რასაც მიიღებს რუსეთი. მას პოლიტიკური ზარალი უკვე მიღებული აქვს, ეს ზარალი შეიძლება იყოს ეკონომიკური და, რაც მთავარია, სამხედრო ზარალი. ვფიქრობ, რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს უკრაინაში ის სამხედრო ზარალი, რაც მას გააჩერებს.

რუსული მედია ღარიბაშვილზე: „რა კარგად მუშაობს წერტილოვანი ოპერაციები ტვინის გაწმენდაზე“

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, არ შეუერთდეს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მწვავე პროტესტი მოჰყვა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.

ამის ფონზე რუსული პროპაგანდისტული მედია ისე წარმოაჩენს ამბავს, თითქოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, ზოგან იმასაც ამბობენ, რომ ასეთი „ტვინის გაწმენდა“, რუსეთის წერტილოვანი სამხედრო ოპერაციების დამსახურებაა.

„არა, მაინც რა კარგად მუშაობს „მშვიდობისკენ იძულების“ წერტილოვანი სამხედრო ოპერაციები. როგორ უწმენდს ადამიანებს ტვინებს ისტორიულად.

აი, ნახეთ 2008 წელს, როცა ჩატარდა მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია საქართველოსთან… რომელთანაც ასევე იყო ნატოს, შმატოს და ა.შ. საკითხი. აი, ახლა ერთი ქვეყნის პრემიერ –მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება დასავლეთის ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

როგორ ფიქრობთ რომელი ქვეყნის პრემიერია ეს? ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრია, ღარიბაშვილი! ანუ სპეციალური წერტილოვანი სამხედრო ოპერაციები, მათი ჩატარებიდან 14 წლის შემდეგაც მუშაობს იმ ადამიანებზე, რომლებიც პასუხს აგებენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის და საკუთარი ეკონომიკის წინაშე” – ამბობს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო გადაცემის – Время покажет – წამყვანი.

ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება „იზვესტიაც“ შემდეგი მანიპულაციური ტექსტით:

„თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ შემაკავებელ ზომებს არ დააწესებს დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ოპერაციის ფონზე. ამის შესახებ პარასკევს, 25 თებერვალს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა”.

საქართველოს პრემიერის პოზიციას, რუსეთის სახელისუფლებო მედიის Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა „საქართველოს განკურნება“ უწოდა.

Facebook-ის და Twitter-ის ქართველი მომხმარებლები ემიჯნებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს და აზიარებენ უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილ ფოტოს ინგლისურენოვანი წარწერით – sorry for our government (ბოდიში ჩვენი მთავრობისთვის). ისინი ხაზს უსვამენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის მიუღებელია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისი თქმით, საქართველო არც რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.

________________________

ფოტოზე: პლაკატი უკრაინის მხარდამჭერი აქციიდან თბილისში, რუსთაველზე. 25 თებერვალი, 2022 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

რუსეთში ომის წინააღმდეგ აქციის 1800-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული

დღეს, 25 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის  პრესსპიკერმა რავინა შამდასანიმ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცნობია რუსეთში დაკავებული აქციის მონაწილეების ახლანდელი მდგომარეობა. მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს ამ დაკავებებით შეეზღუდათ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის ლეგიტიმური უფლება.

დღევანდელი მონაცემებით რუსეთში ანტისაომარი აქციის 1800-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული.

პრესსპიკერმა რუსეთის ხელისუფლებას დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რათა მათ შეძლონ საკუთარი უფლებების ფარგლებში პროტესტის გამოხატვა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის  პრესსპიკერი ხაზს უსვამს, რომ პროტესტის გამოხატვის უფლებით  სარგებლობისთვის ადამიანების დაკავება მათი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ნიშნავს.

მეორე დღეა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში სამი მხრიდან შეიჭრნენ — აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, ეკატერინბურგსა და პეტერბურგში.

საჭადრაკო ოლიმპიადა რუსეთში აღარ გაიმართება

44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა და ფიდე-ს კონგრესი რუსეთში აღარ გაიმართება.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს საბჭომ გადაწყვიტა, რომ 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, მათ შორის შეჯიბრი შშმ მოთამაშეებისთვის, ისევე როგორც ფიდეს კონგრესი, რუსეთში არ ჩატარდება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ ოლიმპიადის სხვა ორგანიზატორი და დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია ფიდეს კონგრესის 2022 წლის ადგილისა და თარიღების შესახებ“ – აცხადებს ფიდე.

 

ევროვიზია – რუსეთი წელს კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) გამოაცხადა, რომ ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში წელს რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას.

EBU-ს აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილება კონკურსის წესებსა და EBU-ს ღირებულებებზე დაყრდნობით, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მმართველი ორგანოს სარეკომენდაციო ჯგუფის რეკომენდაციის შემდეგ მიიღო.

„უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, წლევანდელ კონკურსში რუსეთის მონაწილეობის ჩართვა კონკურსის რეპუტაციას შებღალავს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მის წევრებთან სიღრმისეული კონსულტაციები გამართა.

ჩვენ ერთგულად ვიცავთ კულტურული ღონისძიების ღირებულებებს, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო გაცვლას და ურთიერთგაგებას, აერთიანებს აუდიტორიებს, ზეიმობს მრავალფეროვნებას მუსიკის საშუალებით და აერთიანებს ევროპას ერთ სცენაზე“.

თურქეთს არ შეუძლია რუსულ გემებს უარი უთხრას შავი ზღვის სრუტეებში შესვლაზე – თურქეთის საგარეო

„თურქეთს არ შეუძლია რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე  თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“, – განაცხადა თურქმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს, 25 თებერვალს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, 24 თებერვალს, მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან, უკრაინამ თურქეთს მიმართა, დაბლოკოს რუსული სამხედრო ხომალდების გავლა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში, რომლებიც შავ ზღვაში გადის. 

„1936 წლის მონტროს კონვენციით, თურქეთს აქვს კონტროლი სრუტეებზე და შეუძლია შეუზღუდოს სამხედრო ხომალდების ტვირთის გატარება ომიანობის ან საფრთხის წინაშე ყოფნის დროს. მაგრამ უკრაინის თხოვნა თურქეთს, NATO-ს წევრს, რთულ მდგომარეობაში აყენებს იმდენად, რამდენადაც იგი ცდილობს საკუთარი დასავლური ვალდებულებებისა და რუსეთთან ახლო კავშირების დარეგულირებას,“ – წერს „როიტერსი“. 

ყაზახეთში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თურქეთი სწავლობდა კიევის მოთხოვნას, მაგრამ რუსეთს კონვენციით ჰქონდა უფლება, თავისი გემები დაებრუნებინა საკუთარ ბაზაზე, ამ შემთხვევაში, შავ ზღვაში. 

შესაბამისად, თურქეთმა ყველა სამართლებრივი პროცედურის გავლის შემდეგ უკრაინის თხოვნა რომც დააკმაყოფილოს და დაკეტოს სრუტეები რუსული ხომალდებისთვის, მისი თქმით, ეს შეაჩერებდა მხოლოდ შავ ზღვაში უკვე მყოფი რუსული გემების გადაადგილებას ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით. 

„თუ კი ომში ჩართული მხარე მოითხოვს მისი ხომალდების საკუთარ ბაზაზე დაბრუნებას, ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს“, –  ამბობს ჩავუშოღლუ. 

ჩავუშოღლუმ ასევე დასძინა, რომ სამართლის თურქი ექსპერტები ჯერ კიდევ განიხილავენ, უკრაინის კონფლიქტი შეიძლება თუ არა განისაზღვროს როგორც ომი. იმ შემთხვევაში, თუ კი თურქეთი მიიჩნევს, რომ ეს ომია, ეს შესაძლებელს გახდის მონტროს კონვენციის უფლების – სრუტეების ჩაკეტვის გააქტიურებას. 

უკრაინის ელჩმა თურქეთში, ვასილ ბოდნარმა, დღეს, 25 თებერვალს, განაცხადა, რომ კიევს  რუსული გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვის მოთხოვნაზე ანკარისგან დადებითი პასუხის მოლოდინი აქვს.

ასევე, ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანკარა არ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. 

„თურქეთმა შეძლო კარგი კავშირების დამყარება ორივესთან – რუსეთთანაც და უკრაინასთანაც. მან თქვა, რომ რუსული თავდასხმა მიუღებელია და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა თავი აარიდა მომხდარის აღსაწერად სიტყვა „შეჭრის” გამოყენებას“ – წერს „როიტერსი“. 

ანკარა წარმატებით თანამშრომლობს მოსკოვთან თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხებში, მაგრამ ამავდროულად, მან უკრაინას სამხედრო დრონები მიჰყიდა და მეტიც, ერთობლივ წარმოებაზე გააფორმა ხელშეკრულება. 

_____________________________________

მომზადებულია „როიტერსზე“ დაყრდნობით.

ბათუმში რუსეთის დროშა დაწვეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

დღეს, 25 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეების აქცია ამ წუთებშიც იმართება, რუსეთის დროშა დაწვეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ.

რუსეთის დროშა დაწვეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ბათუმში / 25.02.2022

ანალოგიური აქცია ბათუმში გუშინ, 24 თებერვალსაც გაიმართა.


მეორე დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრა სამი მხრიდან – აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს.

 

 

 

„იცოდნენ რუსებმა, რომ ჩვენი მიწებიდან არსად წავალთ“ – უკრაინის მოქალაქე

კრისტინა პატრებჩუკი უკრაინის მოქალაქეა. ის შვილებთან და მეუღლესთან ერთად რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს. 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ოჯახმა ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. უკრაინის ქალაქების დაბომბვა რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. საოკუპაციო ბრძოლები გრძელდება დღესაც. კრისტინა დილიდან ვეღარ უკავშირდება ნათესავებს უკრაინაში.

„ვურეკავთ კიევში ახლობლებს და კონტაქტი აღარ არის. ისინი კიევის იმ ნაწილში ცხოვრობენ, სადაც რუსული ტექნიკა იყო შესული და ისვრიდნენ. კიევში არიან ახლა ჩემი მეუღლის მშობლები, ბიძა, ჩემი მაზლი თავისი ოჯახით. კონტაქტი გაწყდა,“ – ამბობს უკრაინის მოქალაქე.

კრისტინას ოჯახი, მისი მშობლები და ნათესავები, რუსების მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში რჩებიან. დონეცკი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად რუსეთმა 4 დღის წინ, 21 თებერვალს, ცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ დონეცკი ოკუპირებულია რუსების მიერ, ძალიან ბევრ ხალხს ვიცნობ პირადად მე გორლოვკაში, ვინც ელოდება უკრაინას, უყვარს უკრაინა და უცდის, როდის გამოიხსნიან მათ.

იქ ხალხს ეშინია, ვერაფერს ამბობენ, რადგან სარდაფებში აწამებენ რუსეთის მოწინააღმდეგეებს. თუ იქ ცხოვრობ, უნდა იყო ე.წ. დონეცკის დამოუკიდებელი რესპუბლიკის, ანუ რუსეთის მხარეს და თუ არ ხარ მათკენ, გკლავენ. წამების და სიკვდილის შიშით ხალხი ამაზე ვერ ლაპარაკობს. მჯერა, უკრაინა შეძლებს გაათავისუფლოს დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიები.

იცოდნენ რუსებმა, რომ ჩვენი მიწებიდან არსად წავალთ და შურს ვიძიებთ, არანაირი პატიება და შერიგება მათთან არ იქნება. ტერორისტებთან მოსალაპარაკებლად არ სხდებიან.

გუშინ ვნახე კადრები, როგორ გამოდიან პეტერბურგელები უკრაინის ომის წინააღმდეგ. თუ რუსეთში მილიონობით ადამიანი გამოვა ქუჩაში პუტინის შესაჩერებლად, შესაძლებელია რაიმე შეიცვალოს, მაგრამ ათასობით მოქალაქე ვერაფერს შეცვლის 140-მილიონიან რუსეთში.

ჩვენ არ გვჭირდება სხვისი მიწები, მათ ვჭირდებით და გვიტევენ, გვბომბავენ, გვკლავენ. ახლა კიევში უამრავი რუსი მსახიობი, მომღერალი, „ვარსკვლავია“, ისინი ჩანაწერებსაც აკეთებენ კიევიდან და მათ არავინ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ახლა უკრაინელებს ხოცავს.

ძალიან ბევრი მოღალატეც გვყავს. გვიტევენ ცრუ ინფორმაციითაც. რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ გვბომბავს რუსეთი და იღუპებიან როგორც მებრძოლები, ასევე იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა,“ – ამბობს კრისტინა პატრებჩუკი.

უკრაინელები სპეციალური ვებგვერდით თავშესაფარს სთავაზობენ მათ, ვისაც ეს სჭირდება

უკრაინის მთავრობამ დღეს, 25 თებერვალს, სპეციალური ვებგვერდი აამუშავა, რომლითაც უკრაინელებს შეუძლიათ თავშესაფარი შესთავაზონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონებში ცხოვრობენ.

„ათასობით ადამიანის სწრაფი ევაკუაცია ხდება უფრო უსაფრთხო რეგიონებში. მათ უმრავლესობას არ აქვს სივრცე, სადაც ამ რთულ პერიოდს გადაიტანენ.

დღეს ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და ერთიანები. თუ თქვენ გაქვთ სივრცე, სადაც მზად ხართ შეიფაროთ დაზარალებული თანამოქალაქეები – დააჭირეთ ღილაკს – „თავშესაფრის შეთავაზება“, თუ გჭირდებათ თავშესაფარი, დააჭირეთ – „თავშესაფრის პოვნას“. გაერთიანდით, დაეხმარეთ და მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს” – წერია ვებგვერდზე.

ამ დროისთვის თავშესაფრის მაძიებლებისთვის ვებგვერდზე 762 განცხადებაა, რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება.

„უკრაინა რთულ პერიოდშია. გთხოვთ, დახმარების ხელი გაუწოდოთ მათ, ვინც საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან უფრო უსაფრთხო რეგიონებში გადადის. თუ შეგიძლიათ თანამოქალაქეების შეფარება – დატოვეთ მოთხოვნა საიტზე“ – წერს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

____________________________________________

მთავარი ფოტო: უკრაინის შს სამინისტრო.

უკრაინის ექსპრეზიდენტი ქვეყნის დასაცავად ბრძოლას აპირებს

უკრაინის ექსპრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ CNN-თან ჩართვის დროს ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში აჩვენა AK-47-ის სისტემის ავტომატი და  თქვა, რომ ის იბრძოლებს კიევის დასაცავად რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ.

„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონიათ სამხედრო გამოცდილება. მაგრამ ახლა მოვიდნენ და შემოგვიერთდნენ. ეს არის დემონსტრაცია იმის, თუ როგორ სძულს უკრაინელ ხალხს პუტინი და როგორ ვიბრძოლებთ ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ვფიქრობ, ვერასდროს დაამარცხებს პუტინი უკრაინას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ჯარისკაცი ეყოლება ან რამდენი ტყვია ექნება. ჩვენ უკრაინელები ვართ თავისუფალი ადამიანები,“ – თქვა პეტრო პოროშენკომ.

ინტერვიუს დროს პოროშენკომ პუტინის მისამართით თქვა, რომ მას უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ადამიანს, რომელმაც საღი გონება დაკარგა.

„ის, უბრალოდ, გაგიჟებულია. ის [პუტინი] ბოროტია და აქ მოდის უკრაინელების მოსაკლავად,“ – თქვა პოროშენკომ ინტერვიუს დროს.

პოროშენკომ ისაუბრა მსხვერპლზე, რომელიც ერთდღიანი ომის შედეგად ორივე მხარემ მიიღო და თქვა, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები ხელს ვერ შეუშლის უკრაინას თავისი პოლიტიკური მიზნების შესრულებაში.

___

მთავარი ფოტო: კადრი CNN-ის ვიდეომასალიდან

„სოლიდარობა უკრაინას“ – ახალგაზრდების აქცია ხულოში

დღეს, 25 თებერვალს, ხულოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მათი თქმით, დღეს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება უკრაინას და უკრაინელ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის.

„გაუმართლებელია რუსული აგრესია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ. არა მარტო ჩვენ, ახალგაზრდები, ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარულები, ხულოს მოსახლეობაშიც მსგავსი განწყობაა.

ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაც და ამ საკითხზეც ვისაუბრეთ ახალგაზრდებმა. ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრეთ, რომ ყველა ინფორმაცია გადაამოწმონ ომთან დაკავშირებით“- გვითხრა ავთო შერვაშიძემ, აქციის მონაწილემ.

ხულოელი ახალგაზრდების მხარდაჭერა უკრაინას. ფოტო: ავთო შერვაშიძე

სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა ლია დეკანაძე, რომელიც „სოლიდარობის თემის“  აქტივისტია.

„ჩვენ პატივი მივაგეთ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ადამიანებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს თანადგომა ნუგეშია ადამიანებისთვის.

ჩვენ, ახალგაზრდები კარგად ვიაზრებთ რუსულ საფრთხეებს და იმასაც ვხვდებით, რომ უკრაინის მსგავსად, შესაძლოა საქართველოც აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს არის უკრაინა.

ჩვენ, ახალგაზრდებმა, თანმიმდევრულად და ჯიუტად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი თანადგომა უკრაინას, რადგან გვინდა, რომ თავისუფალ და მშვიდობიან უკრაინაში იცხოვრონ.  რაც ჩვენი ქვეყნისთვის გვსურს, ის გვინდა უკრაინელი ხალხისთვისაც,“ – ამბობს ლია დეკანაძე.

ახალგაზრდების თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა უკრაინის მხარდასაჭერად. „ეს შეიძლება იყოს დონაცია, ეკონომიკური მხარდაჭერა და ის, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ, თუნდაც სიტყვით მხარდაჭერა.

დღეს ჩვენ ვიხილეთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია სრულიად სამყარო. რუსული აგრესიის წინა ფრონტზე იბრძვის უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ჩვენი ვალდებულებაა არსებული შესაძლებლობით მხარი დავუჭიროთ მათ,“ – ამბობენ სოლიდარობის აქციაში მონაწილე ახალგაზრდები.

ხულოელი ახალგაზრდები უკრაინის მხარდასაჭერად.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.

ზელენსკის სარკასტული პოსტი იტალიის პრემიერს: „ვეცდები ომის განრიგი გადავიტანო“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარკასტული პოსტი მიუძღვნა იტალიის პრემიერს, მარიო დრაგს, რომელმაც მედიასთან აღნიშნა რომ ზელენსკის დაურეკა, მაგრამ ვერ მოახერხა მასთან ლაპარაკი რადგან უკრაინის პრეზიდენტს არ ეცალა.

„დღეს 10:30 საათზე ჩერნოგორიის, ჰოსტომელის და მელიტოპოლიის მისადგომებზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი ისე შევადგინო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო მარიო დრაგს [იტალიის პრემიერ-მინისტრი].

ამავდროულად, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტს, twitter-ზე გამოეხმაურა იტალიის პარლამენტის დეპუტატი, მარკო დი მარიო:

“მარიო დრაგიმ გამოტოვებული ზარი ახსენა ღრმა წუხილისა და ემოციის გამოსახატად და არა სასაყვედუროდ. მთავრობა, პარლამენტი და ყველა იტალიელი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად მკაცრ სანქციებს რუსეთის დანაშაულებრივი შემოჭრის საპასუხოდ”.

პრეზიდენტის ცნობით, ბოლო ორ დღეში, საფრანგეთმა 500 მილიონი ევრო, ხოლო ფინეთმა – 50 მილიონი დოლარი გამოუყო უკრაინას.  ვოლოდიმირ ზელენსკის twitter ოფიციალურ გვერდზე აქტიურად ახლდება ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან საუბრებისა და მოლაპარაკებების შესახებ.

ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, დადგა რუსეთის მხარეს – თამარ კორძაია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და საქართველოს მომავალ სტრატეგიულ ხედვებზე მსჯელობას ითვალისწინებდა პარლამენტში, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომა ჩაშალეს.

უფრო მეტიც, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის კარები ჩაუკეტეს ოპოზიციას, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად პარლამენტის დარბაზში უკრაინის ჰიმნის აჟღერებას გეგმავდნენ.

დგანან თუ არა საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი სხვადასხვა მხარეს და რას მოუტანს საქართველოს ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია საუბრობს.

  • ქალბატონო თამარ, ის, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საგანგებო სხდომის გამართვას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, უმრავლესობამ კი სხდომა ჩაშალა, ნიშნავს, რომ პრეზიდენტი და მთავრობა სხვადასხვა გუნდში არიან?

მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოებრივად მიუდგა საკითხს, ხოლო პრემიერ-მინისტრი დღევანდელი განცხადებით, ფაქტობრივად, დადგა რუსეთის მხარეს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საერთოდ გააუქმა პარლამენტი ქვეყანაში.

დღეს მოვიდა პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში და უპასუხა პაპუაშვილის აბსურდულ არგუმენტებს. მომდევნო კვირას კიდევ იქნება სესია და საზოგადოებას ვაჩვენებთ როგორი მხდალია „ქართული ოცნება“.

  • ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის იქცევა პრაგმატულად, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ვერაფერს შეცვლის უკრაინაში. რაზე მეტყველებს ეს განცხადება?

პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რომ ეროვნული პოლიტიკა არ არსებობს გლობალური პოლიტიკის გარეშე.

თუ დღეს ხმას არ ამოიღებ რუსეთის აგრესიისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ევროპის უდიდესი ქვეყნის დედაქალაქს ბომბავს რუსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ რუსეთის მხარეს და ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ეროვნულობა განადგურებულია.

დასავლური ღირებულება არის ეროვნულ ფარგლებში, მრავალფეროვნებაში თანაცხოვრების ღირებულება. დღეს ღარიბაშვილმა თქვა, რომ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით სარგებლობს, ანუ სრული უვიცობა გამოამჟღავნა როგორც პოლიტიკოსმა ან ამით  მხარდაჭერა რუსეთის გამოხატა.

ეს არ არის პრაგმატული გადაწყვეტილება, ეს არის რუსეთის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ რუსულმა არხებმა და რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ღარიბაშვილის ეს განცხადება.

პრაგმატული პოლიტიკა არის შორსმხედველი პოლიტიკა და თუ ჩვენ ეროვნულობით გვინდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, მაშინ დღეს უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს.

სამწუხაროდ, დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულობას ამოფარებული რუსეთის ინტერესებს ატარებს და სამწუხაროდ, ეს საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს.

  • რა შედეგები შეიძლება იყოს ეს?

თუ უკრაინა დამარცხდება, დამარცხებული კიევის ფონზე საქართველოს ვეღარავინ დაიცავს. ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლურ სამყაროსთან და მათ  მეტი აქტიურობა უნდა ვთხოვოთ კიევის დასაცავად. იმიტომ, რომ ხვალ ჩვენ მოგვადგებიან და ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ, უბრძოლველად ჩააბარებს საქართველოს რუსეთს.

რუსეთმა გამოხატა სურვილი საბჭოთა კავშირის აღდგენის, დღეს ეს ჩვენ თვალწინ სრულდება. საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს განაცხადი და გამოვიდნენ საბჭოთა კავშირიდან, გამოვიდნენ СНГ-დან და დღეს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არ არის ქართული, ამის საწინააღმდეგოს აკეთებს და იმ ორბიტაზე გვაბრუნებს.

ჩვენ ამისთვის 30 წელი ვიბრძოლეთ და ახლა 30 წლით უკან გვაბრუნებს ისევ ხელისუფლება.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს და უკრაინის ამბავი, ეს  ევროპის და დასავლური სამყაროს გლობალური პრობლემა ხდება უკვე, იმიტომ, რომ რუსეთი ამაზე არ გაჩერდება.

თუ დაინახავს რუსეთი, რომ დასავლეთი ამ წუთას მას წინააღმდეგობას ვერ უწევს, ის ამით არ გაჩერდება.

  • როგორ ფიქრობთ, დასავლეთის და ევროპის აქტიურობა არის თუ არა საკმარისი რუსეთის წინააღმდეგ?

ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთი ვერ აცნობიერებს ამას, რადგან ყველა ამბობს, რომ რუსეთს სურს ევროპის მშვიდობიან პოლიტიკას გადახედოს. ისინი ნამდვილად არ ხედავენ კიევზე თავდასხმას მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს კონტექსტში, ისინი ხედავენ გლობალურ კონტექსტში.

კრიზისი ძალიან მძიმე ფაზაშია შესული. რუსეთი ამაზე პასუხს მიიღებს აუცილებლად, უბრალოდ, ამას დასჭირდება დრო.

ახლა მთავარია საომარი ვითარებები შეწყდეს და გადავიდეს დასავლეთი რეალურ პოლიტიკაზე, რომლითაც რუსეთის შემაფერხებელ ფაქტორებს ბოლომდე აამოქმედებს. რუსეთი უნდა მოექცეს ეკონომიკური წნეხის ქვეშ.

  • სხვადასხვა ქალაქში გამართული სოლიდარობის აქციები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება არ იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას. კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა მთავრობის განცხადებების საპასუხოდ?

ხვალ, 26 თებერვალს, დაანონსებულია სამოქალაქო საზოგადოების აქცია და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გამოხატოს პროტესტი, რადგან თუ დღეს არ ვიბრძოლებთ მშვიდობისთვის, ჩვენ არ გვექნება მშვიდობა.

ზელენსკის არ გაუცია პასუხი რუსეთის აგრესიისთვის, მაგრამ მაინც შევიდა რუსეთი უკრაინაში და ბომბავს კიევს, ოდესას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი სიჩუმით ჩვენ ვერ მოვიპოვებთ მშვიდობას. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა მშვიდობისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ სერჰი ჰოლოვატის მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. 

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მძიმე მომენტში,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მე-2 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრა სამი მხრიდან — აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს.

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე – დღე მე-2 განახლებადი [Live] 

ერდოღანი: ნატოს ბლოკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ნატო მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს რუსეთ-უკრაინის კრიზისულ სიტუაციაში. ერდოღანის ციტატებს სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველას, ვისაც აქვს პროდასავლური შეხედულებები, ჯერ არ გამოუჩენია სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია უკრაინის მიმართ.

ნატოს ბლოკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით და არ უნდა შემოიფარგლოს განცხადებებით,“ – განაცხადა ერდოღანმა.

 

„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს სიგიჟე“ – ანდრეი მაკარევიჩი რუსეთს მიმართავს

რუსმა მუსიკოსმა, ანდრეი მაკარევიჩმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა.

„თითქმის ყველა რუსს ჰყავს უკრაინაში თუნდაც ერთი მეგობარი, ახლობელი ან ნათესავი. და ჩვენ ახლა მათ ვესვრით. რა ხდება, საერთოდ? ყველა ძალის გამოყენებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს სიგიჟე,“ – ამბობს მუსიკოსი ვიდეომიმართვაში.

მუსიკოსი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას გუშინაც გამოეხმაურა საჯარო პოსტით: „აბა, თქვენ ისევ ფიქრობთ, რომ მშვიდობა და თავისუფლება შეგვაქვს დონბასში? თუ უბრალოდ თავს დავესხით უკრაინას?“- დაწერა მან.

ანდრეი მაკარევიჩი ცნობილი რუსული როკჯგუფის, Машина Времени-ის  სოლისტია.

„საავიაციო დაბომბვაში მოვყევით, მაგრამ ყველა გადავრჩით“ – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

„საავიაციო დაბომბვაში მოვყევით, მაგრამ ყველა გადავრჩით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რომა ქათამაძე, ქართველი მებრძოლი უკრაინაში. ის აჭარის რეგიონში ცხოვრობს და იანვრიდან შეუერთდა კიევში „ქართულ ლეგიონს“.

„აქტიური საბრძოლო მოქმედებებია, მაგრამ ვცდილობთ ვიყოთ უსაფრთხოდ, ყველას ჩვენ-ჩვენი დავალება გვაქვს და ამას მივყვებით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ ამ აგრესიას გაუმკლავდეს, მუშაობს არტილერია, გვყავს სადესანტო და საავიაციო ძალები.

რაც მთავარია, უკრაინელი მებრძოლებიც და ჩვენც, ქართველები ვართ შემართებით, სულისკვეთებით, პანიკა არ იგრძნობა,“ – გვიყვება რომა ქათამაძე.

რომას მეუღლე უკრაინელია. „ჩემი მეუღლეც უკრაინაშია, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, საკადრის პასუხს გავცემთ ყველა ერთად რუსეთს,“ – დარწმუნებულია რომა ქათამაძე.

ქართველი მებრძოლის ინფორმაციით, „ქართული ლეგიონის“ არც ერთი წევრები უკრაინაში ჯერჯერობით არ დაშავებულა.

„არავინ დაშავებულა, ჩვენ გადავამზადეთ უკრაინელები, სამოქალაქო პირები ამ სიტუაციისთვის. ახლა ჩვენ საბრძოლო პოზიციებზე ვართ,“ – დასძინა რომა ქათამაძემ.


მე-2 დღეა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრა სამი მხრიდან — აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“. დღეს დილით დაიწყო კიევის დაბომბვაც.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს.

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მეორე – განახლებადი [Live] 

შარლ მიშელი: სასწრაფოდ მზადდება სანქციების შემდეგი პაკეტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე წერს, რომ საჭიროა გლობალური საზოგადოების დაუყოვნებლივ მობილიზება საერთაშორისო სამართლის დასაცავად.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან კიევი რუსული ძალების მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. კრემლს მოვუწოდებ, სასწრაფოდ შეწყვიტოს ძალადობა. საჭიროა გლობალური საზოგადოების დაუყოვნებლივ მობილიზება საერთაშორისო სამართლის დასაცავად.

მშვიდობიანი მოსახლეობის უაზრო დანაკარგები და  ტანჯვა უნდა შეწყდეს. ევროპა დგას უკრაინის ხალხის გვერდით და გააგრძელებს მხარდაჭერას. გუშინ ღამით პოლიტიკურად შეთანხმდა მასიური და მძიმე შედეგების მქონე სანქციების მეორე ტალღა.

სასწარფოდ მზადდება სანქციების შემდეგი პაკეტი.“ – წერს შარლ მიშელი.

„ჩემი ფიქრები და სოლიდარობა არის უკრაინელ ხალხსა და მთავრობასთან“ – მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, რუსეთმა აგრესიული ომი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყვიტოს. ანგელა მერკელს გერმანული მედია ციტირებს.

“ჩემი ფიქრები და ჩემი სოლიდარობა არის უკრაინელ ხალხსა და მთავრობასთან, რომელსაც ამ საშინელ საათებსა და დღეებში პრეზიდენტი (ვოლოდიმირ) ზელენსკი ხელმძღვანელობს”, – თქვა მერკელმა. – „მე სრულად ვუჭერ მხარს ფედერალური მთავრობის ყველა ძალისხმევას ევროკავშირთან, აშშ-სთან და გერმანიის პარტნიორებთან ერთად G7 წამყვანი ეკონომიკური ძალებს ნატოსა და გაეროში, რათა „რაც შეიძლება სწრაფად შეაჩერონ რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინის ეს აგრესიული ომი“.

გერმანული მედია ანგელა მერკელის ციტირებისას წერს, რომ ის „დიდი შეშფოთებითა და თანაგრძნობით ადევნებს თვალს მოვლენებს“.

ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა – შვარცნეგერი

ცნობილი მსახიობი, აშშ-ის შტატის, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი ეხმიანება რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

„ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. რამდენიმე ინტერვიუ მთხოვეს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ  ახალი ამბები უნდა ფოკუსირდეს  იმაზე, თუ რა ხდება ადგილზე, – ტრაგედიაზე, რომელმაც გული გაგვიტეხა და უკრაინელი ხალხის გამბედაობაზე, რომელმაც შთაგვაგონა.

მე არ ვარ საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ამიტომ ანალიზს ჩემზე ჭკვიან ადამიანებს მივანდობ. მე ვიცი, რას ნიშნავს იზრდებოდე ომის შემდეგ ოკუპირებულ ქვეყანაში და ვიცი, რომ ომში ან მის შემდეგ არავინ იმარჯვებს. ყველა იტანჯება.

ომს აქვს უნარი, გატეხოს გამარჯვებულები დამარცხებულებთან ერთად.

მყავს უკრაინელი მეგობრები და თაყვანისმცემლები და მყავს რუსი მეგობრები და თაყვანისმცემლები. რამდენადაც მე შემიძლია განსჯა, არც ერთ მათგანს  ეს ომი არ სურს. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ბოლოს მოუღებს ამ არასაჭირო ომს იქამდე, სანამ ძალიან ბევრ სიცოცხლეს შეიწირავს.

ახლა მე უკრაინელი ხალხის მხარეს ვარ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებასა და იმედს მშვიდობისთვის. თქვენ შთამაგონებთ თქვენი გამბედაობითა და ადამიანურობით ამ კოშმარის წინაშე პირისპირ დგომისას.  ჯანმრთელად იყავით.“ – წერს შვარცნეგერი.

უკრაინის გენერალური შტაბი: მოამზადეთ მოლოტოვის კოქტეილები

რუსეთმა 25 თებერვალს, გამთენიისას, კვლავ დაბომბა კიევი. როგორც დამოუკიდებელი უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent-ი იტყობინება, რუსი სამხედროები კიევში, ობოლონის უბანში არიან, სადაც უკრაინელი სამხედროები ამ წუთებში ებრძვიან მათ.

უკრაინის ხელისუფლება ვებკამერის მფლობელებს კიევსა და მის ფარგლებს გარეთ მოუწოდებს: „შეწყვიტეთ ვიდეოების გამოქვეყნება და შეწყვიტეთ ონლაინსტრიმინგი! ნუ დაეხმარებით მტერს ჩვენი სამხედროების შესახებ ინფორმაციის მიღებაში“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა არ დატოვონ საკუთარი სახლები და ასევე მოამზადონ მოლოტოვის კოქტეილები. ობოლონის უბანი კიევის ცენტრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.

სოციალურ ქსელ twitter-ზე ვოლოდიმირ ზელენსკი წერს: „ფინეთის პრეზიდენტთან განვიხილე  აგრესორთან დაპირისპირების საკითხი. ვაცნობე ჩვენი თავდაცვის, კიევის მზაკვრული დაბომბვის შესახებ. მადლობელი ვარ პარტნიორის 50 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის. დახმარება. ეს არის ეფექტური წვლილი ომის საწინააღმდეგო კოალიციაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. სანქციები უნდა გავაძლიეროთ. გაზარდეთ თავდაცვის მხარდაჭერა უკრაინისთვის”.

თბილისის დროით, დილის 11 საათიდან 12 საათამდე შუალედში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანნა მალიარმა თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ავტომანქანა გაიტაცეს და ამ ავტომანქანებით მიუძღვებოდნენ რუსულ ტექნიკას კიევის ცენტრში. მინისტრის მოადგილემ ერთი საათის განმავლობაში განაახლა პოსტი და საზოგადოებას ამ ჯგუფის განეიტრალების შესახებ აცნობა.

მალევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია ობოლონში მტრის ჯავშანტრანსპორტისა და სამხედრო მანქანების გადაადგილების შესახებ:

“მოქალაქეებს ვთხოვთ ინფორმირებას ტექნიკის გადაადგილების შესახებ!

გააკეთეთ მოლოტოვის კოქტეილები, გაანეიტრალეთ ოკუპანტი! მშვიდობიანი მოსახლეობა გაფრთხილდით! სახლიდან არ გახვიდეთ!”

ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ტელეგრამის” მეშვეობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთი, გარკვეულ ლინკებზე გადასვლას სთხოვს მომხმარებელს, რის შემდეგაც წვდომას იღებს მომხმარებლის მონაცემებზე.

საფრანგეთი დაბლოკავს ყველა რუსულ ანგარიშებს, რომლებიც სანქციებს ექვემდებარება – საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო.

12:16 საათისთვის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა: – პუტინი მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებას აპირებს.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა რუსული ბანკების „სრული ბლოკადა“ და რუსეთთან ბიზნესის ვირტუალური შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

11:21 საათი, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის განცხადება: – „საჰაერო განგაშის“ სიგნალზე არ იმუშავებს სახმელეთო სადგურები „დნიპრო“, „ჰიდროპარკი“, „ლივობერეჟნა“, „დარნიცია“, „ჩერნიჰივსკა“, „ლისოვა“. ისინი არ არიან უსაფრთხო მგზავრების თავშესაფრად და გადასაყვანად. ჩვენ მოგიწოდებთ გადახვიდეთ სხვა თავშესაფრებში ან მიწისქვეშა სადგურებში. ასევე, ზოგიერთი სადგური მუშაობს შესვლის შეზღუდვით, რათა უზრუნველყოს ხალხის თანდათანობით გაყვანა და ხალხმრავლობის თავიდან აცილება.

11:47 საათი. ვოლოდიმირ ზელენსკი – „შედგა მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. ვაცნობე უკრაინის თავდაცვის კურსზე, აგრესორის მიერ კიევზე მზაკვრული თავდასხმების შესახებ. დღეს გვჭირდება პარტნიორების თავდაცვითი მხარდაჭერა, როგორც არასდროს. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციის ეფექტურ წინააღმდეგობას. სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს“.

საქართველოს დროით დაახლოებით პირველი საათზე, უკრაინის პრეზიდენტმა twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ესაუბრა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტს: “სანქციების ყველა შესაძლებლობა ჯერ არ არის გამოყენებული. უნდა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე. ვუთხარი ურსულა ფონ დერ ლაიენს. პრეზიდენტის მადლობელი ვარ, დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის”.

რუსეთმა უკრაინაში მასობრივი, სასტიკი ომი, 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომს უკვე ემსხვერპლა 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა საჭირო არ არის

„უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა პიარის თანხლებით არ არის ჩვენი ხელწერა… უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ სიტუაციაში, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს,“ – აღნიშნა დღეს, 25 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ ტარდება უსაფრთხოების საბჭოს სხდომა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს რუსეთთან მიმართებით ორჯერ ახსენა სიტყვა „პრაგმატული“.

„ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას,“ – აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთთან დეესკალაცია შეძლო საქართველომ, ამ ომით უკრაინა დაზარალდება, ხოლო ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველო არ შეუერთდება.

ღარიბაშვილმა სანქციებზე საუბრის დროსაც აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ პროტესტის და რუსეთზე წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, საქართველო დაზარალდება.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, რადგან აღნიშნული გაცილებით მეტად დააზარალებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. უსარგებლო ხმაურია ოპოზიციიდან, პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს… რა თქმა უნდა, პარლამენტში არ მივალ,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენ ევროსაბჭოში სრული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა იმის პასუხად, თუ რას აკეთებს საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად.

უკრაინაში ომის პარალელურად, პრემიერი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საფრთხე არ ელის.

„რაც მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს, სიმშვიდე შევინარჩუნოთ,“ – დასძინა პრემიერმა.

 

რუსეთის დანაკარგი: 7 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი, 30 ტანკი და 800 ჯარისკაცი – მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალარის ინფორმაციით, რუსული მხარის სავარაუდო დანაკარგები 25 თებერვლის, უკრაინის დროით დილის მონაცემებით, ასეთი იყო: 7 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი, 30-ზე მეტი ტანკი და 130 საბრძოლო ჯავშანტრანსპორტი.

რუსული ჯარის ძირითადი შემადგენლობის დანაკარგი კი 800 ადამიანია (ციფრები მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ისევ ზუსტდება).

„დღეს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიეს რუს ოკუპანტებს.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ქალაქ კროპივნიცკის რაიონში მდებარე ქვედანაყოფებზე. კროპივნიცკი უკრაინის აღმოსავლეთით, კიროვოგროდის ოლქში მდებარე ქალაქია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოდესის ოლქის ქალაქ ვილკოვოს თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენების აქტიური მიმოსვლა შეინიშნება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო დანაყოფები ატარებენ საბრძოლო ოპერაციებს დიმერისა და  და ივანკოვოს რაიონებში, სადაც რუსული მხარის ჯავშანტექნიკა გადაადგილდება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ტექნიკის გადაადგილება შეაფერხეს – კერძოდ, აფეთქებულია მდინარე ტეტეროვის გადასასვლელი ხიდი,” – წერს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომის პირველი დღის შედეგად მათ მხარეს დაღუპულია სულ მცირე, 137 ადამიანი, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირებიც.

რუსულმა არმიამ დაბომბა არაერთი სტრატეგიული ობიექტი, დაიკავეს 1986 წელს აფეთქებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.

მარტიდან II ჯგუფის მედიკამენტებს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილებით, ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის პირველი მარტიდან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით.

ექიმი ასევე ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.

მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში.

მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან/და რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე.

მაგალითად, მეორე ჯგუფის მედიკამენტებს მიეკუთვნება ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ჰორმონალური საშუალებები და სხვა.

გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა.

ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებსაც უჩნდებათ ვალდებულება, II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

ელექტრონული რეცეპტის, ისევე, როგორც მატერიალური რეცეპტის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი.

შესაბამისად ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის, აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.

იმ შემთხვევაში, თუ რეცეპტის რეალიზაციას აფთიაქში ითხოვს არა პაციენტი, ვის სახელზეც არის გამოწერილი რეცეპტი, არამედ სხვა პირი, ფარმაცევტმა უნდა შეიყვანოს მედიკამენტის უშუალოდ წამღები პირის პერსონალური მონაცემები.

გარდა ამისა, თუ აფთიაქში ხდება რეცეპტში მითითებული დოზირებული ფარმაცევტული პროდუქტის ჩანაცვლება იმავე მოქმედი აქტიური ნივთიერების განსხვავებული რაოდენობით შემცველი, იმავე წამლის ფორმის ადეკვატური რაოდენობით, ფარმაცევტი ვალდებულია მის მიმღებს გაუწიოს კონსულტაცია რეალურად გაცემული ფარმაცევტული პროდუქტის მიღების წესთან დაკავშირებით.

დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში – ოპოზიცია

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტს საგანგებო სხდომა უნდა მოეწვია უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს სხდომა ჩაშალა.

საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს პარლამენტში უკრაინის ჰიმნი გააჟღერა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა.

„დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს ისტორიაში და არა მარტო საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინოდ შეაგროვა ხელმოწერები და გადაწყვიტა, რომ ჩაეშალა დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა.

პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარემ პაპუაშვილმა, რომლის სახელი ისტორიაში არ დარჩება და დარჩება მხოლოდ იმ გმირების სახელი, რომლებიც ახლა იბრძვიან კიევში, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და საპარლამენტო დარბაზი ჩაგვიკეტოს, ჩაუკეტოს საქართველოს მოქალაქეებს, უკრაინას. იმისთვის, რომ დღეს აქ უნდა გაგვეჟღერებინა უკრაინის ჰიმნი და გვეთქვა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ოკუპირებულები ვართ“ – განაცხადა დღეს ხატია დეკანოიძემ პარლამენტში.

ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი დღეს ერთად დგანან, მიუხედავად მათი განსხვავებისა პოლიტიკაში, იმის მიუხედავად, როგორ აფასებენ წარსულს და მომავალსაც კი.

„ჩვენ აწმყოს საზოგადოებასთან ერთად შევაფასებთ იმ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს მიდის საქართველოს პარლამენტში“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ის მიმართავს უმრავლესობის წევრებს:

„მათ, ვისაც დღეს ხელი მოგაწერინათ ბიძინა ივანიშვილმა და შეიძლება ითქვას პუტინმა, იმ სამარცხვინო წერილზე, რომ დღეს სხდომას არ დაესწროთ აქ, ეს იქნება თქვენი ყველაზე ცუდი და სირცხვილის გადაწყვეტილება, რაც, სამწუხაროდ, დარჩება საქართველოს ისტორიას“.

ამ გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის ფოიეში უკრაინის ჰიმნი გააჟღერა.

ოპოზიცია მოითხოვდა, რომ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტს საგანგებო სხდომა მოეწვია და ემსჯელა შექმნილ კრიზისზე.

 

საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს ხელისუფლება ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს ქვეყანაში ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, რომელიც ამ პროცესს უწევს კოორდინაციას, საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს, 25 თებერვალს, დილიდან დაიწყო.

„კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს,“ – წერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ამოქმედდა ცხელი ხაზი – 0 800 800 909, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და საქართველოში დარჩენილ უკრაინელ ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ ყველანაირი სახის ინფორმაცია და დახმარება.

_______________

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

რუსებმა უკრაინელი სამხედროების მანქანები გაიტაცეს და კიევისკენ მიემართებიან – მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანნა მალიარის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ავტომანქანა გაიტაცეს, უკრაინელი სამხედროების ფორმა გადაიცვეს და ობოლონიდან კიევის ცენტრში დიდი სიჩქარით გადავიდნენ.

მათ მისდევს რუსული სამხედრო სატვირთო ავტომანქანების კოლონა.

უკრაინული წყაროები უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებენ, რუსულ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებთან მიმართებაში გამოიჩინონ სიფხიზლე და ნებისმიერი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.

___

25 თებერვალი – 2 დღეა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსჯი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომის პირველ დღეს დაიღუპა, სულ მცირე, 137 ადამიანი, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირებიც. უკრაინულმა ჯარმა გაანადგურა რუსეთის 160 ჯავშანტექნიკა, 5 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.

მხოლოდ 25 თებერვალს, ჩაირთე სილქფესტის ულიმიტო პაკეტები

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებელი 25 თებერვალს შეძლებს გაიაქტიუროს: 

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ₾ –  კოდით *019# ან *202#
  • ულიმიტო სასაუბრო – 10 ₾  – კოდით *202# 

აქცია მოქმედებს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.  

მსურველს  შესაძლებლობა ექნება ერთდროულად ორივე პაკეტი ჩაირთოს და ისარგებლოს მთელი თვით ულიმიტო ინტერნეტითა და ულიმიტო სასაუბრო პირობით.  

რა უნდა ვიცოდეთ სილქფესტის შესახებ ნახე აქ.

გასულ დღე-ღამეში კოვიდის 7 482 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

25 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 25 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 591 936, ბოლო 24 საათში – 7 482
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 462 572, ბოლო 24 საათში – 14 603
  • მათ შორის, გარდაცვლილი – 16 054, ბოლო 24 საათში – 32
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 35 583, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 538, PCR ტესტით – 14 045
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 21,03%, ბოლო 14 დღის – 28,49%, ბოლო 7 დღის – 25,38%
  • სულ აცრილია – 2 811 285, დღიურად აცრილია – 2 532
  • კარანტინშია – 4
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 020
  • კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 599 პირი

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარაში – 406, იმერეთში – 1 266, ქვემო ქართლში – 310, შიდა ქართლში – 455, გურიაში – 279, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 528, კახეთში – 599, მცხეთა-მთიანეთში – 173, სამცხე-ჯავახეთში – 118 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 76.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს კიევის დატოვებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები და შეაჩეროს ეს შემოჭრა. რაც უფრო მალე დაიწყება საუბარი, მით უფრო მცირე იქნება დანაკარგი რუსეთისთვის”, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის  პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაიცავენ ქვეყანას და არ აპირებს კიევის დატოვებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მიმართა მას შემდეგ, რაც 25 თებერვლის გამთენიისას კიევზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის გეგმა კიევზე სატანკო შეტევაა.

კიევი ბალისტიკური რაკეტებით იბომბება – მინისტრის მრჩეველი

 

კიევი ბალისტიკური რაკეტებით იბომბება – მინისტრის მრჩეველი

კიევს 25 თებერვლის დილიდან ბომბავენ.

„საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმაა კიევზე. ბოლოს ჩვენს დედაქალაქს ასეთი გამოცდილება 1941 წელს ჰქონდა, როდესაც ნაცისტური გერმანია დაესხა თავს. უკრაინამ ის ბოროტება დაამარცხა და დაამარცხებს ამასაც. შეჩერდი პუტინ. რუსეთის იზოლაცია. გაანადგურეთ ყველა კავშირი. გამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, კიევში ჩამოვარდნისას რუსული თვითმფრინავი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა: „სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შედგება ორი განყოფილებისგან: პირველი სექცია 10-სართულიანია, ხოლო მეორე 16-სართულიანი.

გერაშჩენკო უცხოელ ჟურნალისტებსაც ესაუბრა, სადაც ამბობს, რომ კიევი ბალისტიკური რაკეტებით იბომბება.


25 თებერვალი მეორე დღეა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსჯი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომის პირველ დღეს დაიღუპა, სულ მცირე, 137 ადამიანი, რომელთა შორის, არიან სამოქალაქო პირებიც. უკრაინულმა ჯარმა გაანადგურა რუსეთის 160 ჯავშანტექნიკა, 5 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.

რუსულმა არმიამ დაბომბა არაერთი სტრატეგიული ობიექტი, დაიკავეს 1986 წელს აფეთქებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.

კიევი /25.02.2022 / ფოტო: უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო
მთავარი ფოტო: კიევი, 25/02/2022 / ფოტო: უკრაინის შსს

 

Exit mobile version