მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, დადგა რუსეთის მხარეს – თამარ კორძაია

25.02.2022 • 1067
ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, დადგა რუსეთის მხარეს – თამარ კორძაია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და საქართველოს მომავალ სტრატეგიულ ხედვებზე მსჯელობას ითვალისწინებდა პარლამენტში, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომა ჩაშალეს.

უფრო მეტიც, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის კარები ჩაუკეტეს ოპოზიციას, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად პარლამენტის დარბაზში უკრაინის ჰიმნის აჟღერებას გეგმავდნენ.

დგანან თუ არა საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი სხვადასხვა მხარეს და რას მოუტანს საქართველოს ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია საუბრობს.

  • ქალბატონო თამარ, ის, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საგანგებო სხდომის გამართვას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, უმრავლესობამ კი სხდომა ჩაშალა, ნიშნავს, რომ პრეზიდენტი და მთავრობა სხვადასხვა გუნდში არიან?

მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოებრივად მიუდგა საკითხს, ხოლო პრემიერ-მინისტრი დღევანდელი განცხადებით, ფაქტობრივად, დადგა რუსეთის მხარეს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საერთოდ გააუქმა პარლამენტი ქვეყანაში.

დღეს მოვიდა პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში და უპასუხა პაპუაშვილის აბსურდულ არგუმენტებს. მომდევნო კვირას კიდევ იქნება სესია და საზოგადოებას ვაჩვენებთ როგორი მხდალია „ქართული ოცნება“.

  • ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის იქცევა პრაგმატულად, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ვერაფერს შეცვლის უკრაინაში. რაზე მეტყველებს ეს განცხადება?

პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რომ ეროვნული პოლიტიკა არ არსებობს გლობალური პოლიტიკის გარეშე.

თუ დღეს ხმას არ ამოიღებ რუსეთის აგრესიისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ევროპის უდიდესი ქვეყნის დედაქალაქს ბომბავს რუსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ რუსეთის მხარეს და ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ეროვნულობა განადგურებულია.

დასავლური ღირებულება არის ეროვნულ ფარგლებში, მრავალფეროვნებაში თანაცხოვრების ღირებულება. დღეს ღარიბაშვილმა თქვა, რომ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით სარგებლობს, ანუ სრული უვიცობა გამოამჟღავნა როგორც პოლიტიკოსმა ან ამით  მხარდაჭერა რუსეთის გამოხატა.

ეს არ არის პრაგმატული გადაწყვეტილება, ეს არის რუსეთის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ რუსულმა არხებმა და რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ღარიბაშვილის ეს განცხადება.

პრაგმატული პოლიტიკა არის შორსმხედველი პოლიტიკა და თუ ჩვენ ეროვნულობით გვინდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, მაშინ დღეს უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს.

სამწუხაროდ, დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულობას ამოფარებული რუსეთის ინტერესებს ატარებს და სამწუხაროდ, ეს საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს.

  • რა შედეგები შეიძლება იყოს ეს?

თუ უკრაინა დამარცხდება, დამარცხებული კიევის ფონზე საქართველოს ვეღარავინ დაიცავს. ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლურ სამყაროსთან და მათ  მეტი აქტიურობა უნდა ვთხოვოთ კიევის დასაცავად. იმიტომ, რომ ხვალ ჩვენ მოგვადგებიან და ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ, უბრძოლველად ჩააბარებს საქართველოს რუსეთს.

რუსეთმა გამოხატა სურვილი საბჭოთა კავშირის აღდგენის, დღეს ეს ჩვენ თვალწინ სრულდება. საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს განაცხადი და გამოვიდნენ საბჭოთა კავშირიდან, გამოვიდნენ СНГ-დან და დღეს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არ არის ქართული, ამის საწინააღმდეგოს აკეთებს და იმ ორბიტაზე გვაბრუნებს.

ჩვენ ამისთვის 30 წელი ვიბრძოლეთ და ახლა 30 წლით უკან გვაბრუნებს ისევ ხელისუფლება.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს და უკრაინის ამბავი, ეს  ევროპის და დასავლური სამყაროს გლობალური პრობლემა ხდება უკვე, იმიტომ, რომ რუსეთი ამაზე არ გაჩერდება.

თუ დაინახავს რუსეთი, რომ დასავლეთი ამ წუთას მას წინააღმდეგობას ვერ უწევს, ის ამით არ გაჩერდება.

  • როგორ ფიქრობთ, დასავლეთის და ევროპის აქტიურობა არის თუ არა საკმარისი რუსეთის წინააღმდეგ?

ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთი ვერ აცნობიერებს ამას, რადგან ყველა ამბობს, რომ რუსეთს სურს ევროპის მშვიდობიან პოლიტიკას გადახედოს. ისინი ნამდვილად არ ხედავენ კიევზე თავდასხმას მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს კონტექსტში, ისინი ხედავენ გლობალურ კონტექსტში.

კრიზისი ძალიან მძიმე ფაზაშია შესული. რუსეთი ამაზე პასუხს მიიღებს აუცილებლად, უბრალოდ, ამას დასჭირდება დრო.

ახლა მთავარია საომარი ვითარებები შეწყდეს და გადავიდეს დასავლეთი რეალურ პოლიტიკაზე, რომლითაც რუსეთის შემაფერხებელ ფაქტორებს ბოლომდე აამოქმედებს. რუსეთი უნდა მოექცეს ეკონომიკური წნეხის ქვეშ.

  • სხვადასხვა ქალაქში გამართული სოლიდარობის აქციები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება არ იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას. კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა მთავრობის განცხადებების საპასუხოდ?

ხვალ, 26 თებერვალს, დაანონსებულია სამოქალაქო საზოგადოების აქცია და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გამოხატოს პროტესტი, რადგან თუ დღეს არ ვიბრძოლებთ მშვიდობისთვის, ჩვენ არ გვექნება მშვიდობა.

ზელენსკის არ გაუცია პასუხი რუსეთის აგრესიისთვის, მაგრამ მაინც შევიდა რუსეთი უკრაინაში და ბომბავს კიევს, ოდესას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი სიჩუმით ჩვენ ვერ მოვიპოვებთ მშვიდობას. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა მშვიდობისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: