მთავარი,სიახლეები

„უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვი“ – კაცი აჭარიდან უკრაინის ქართულ ლეგიონს შეუერთდა

31.01.2022 • 2684
„უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვი“ – კაცი აჭარიდან უკრაინის ქართულ ლეგიონს შეუერთდა

„მირჩევნია, ჩემს ოჯახს მშვიდად ეძინოს და მე თუ აქ დავიღუპები… ადამიანი თუ დაიღუპება, იმასაც აზრი უნდა ჰქონდეს, ხო? მე სახლში ვიყო და მტერი კარს მომდგომია, მაგას ჯობია მტერი შევაჩერო, სადამდეც შევაჩერებ, სანამ შემოვა ქვეყანაში,“ – გვიყვება რომა ქათამაძე. ის ქობულეთიდანაა და რამდენიმე დღეა უკრაინაში „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეებზე საუბრობენ, რის გამოც არაერთმა მათგანმა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა კიევს. თავად მოსკოვი უარყოფს შეჭრის განზრახვას.

რომა ქათამაძე თვლის, რომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის. ის გვიყვება, რა სიტუაციაა ახლა მის გარშემო.

„ჩემს ირგვლივ არ იგრძნობა პანიკა. ჩვენ გავდივართ ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს… დიდი ხანია ომია, დაძაბული არიან და ცოტა შეგუებული არიან, ჩემი აზრით, სიტუაციას. ყველა მიდი-მოდის, მოძრაობს, პანიკა არ იგრძნობა… ადამიანები სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ მტერს, თუ ის შემოვიდა უკრაინაში. ძალიან მოწადინებული სწავლობენ ყველაფერს.

უკრაინაში ქალებიც მზად არიან ომისთვის. ჩემს ცოლსაც სურდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ჩემი ცოლი უკრაინელია, 8 თვის წინ დავქორწინდით.

აქ თუ რუსეთი შემოვიდა, ანალოგიურად საქართველოში შემოვა, საქართველოსაც აიღებს. ნახევარი საქართველო წაგვართვა რუსეთმა. მე ასეთი ხედვა მაქვს: რუსეთს არც ჩვენ მოვწონვართ და არც უკრაინელები…. რუსეთს არ მოსწონს ის, რომ ჩვენ შეიძლება განვითარდეთ, უნდა, რომ ბატონ-პატრონობდეს ყველაფერს, მასზე ვიყოთ დამოკიდებული. რუსეთი შეჩვეულია უფროსობას,“ – ამბობს რომა ქათამაძე.

უკრაინამდე რომა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იყო ავღანეთში 3 წელი. ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს გაუჩნდა ჯარში წასვლის სურვილი.

„აგვისტოს ომის დროს 14 წლის ვიყავი… მაშინ ვიფიქრე, რომ საკუთარ თავს, ოჯახს და ქვეყანას თუ ვერ დაიცავ, რა გამოდის? მაშინ მომინდა მიმეღო სამხედრო განათლება და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ ჯარში დავრჩი.

რომა ქათამაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ სიტუაციაში უკრაინის მიმართ თანადგომა შეეძლო.

„უფრო მეტად უნდა დავდგომოდეთ გვერდით… ჩვენ და უკრაინას ერთი მტერი გვყავს, ეს საერთო მტერია, ჯარი იქნებოდა, თუ სხვა რამ, უნდა დავეხმაროთ მეგობარ უკრაინას“, – დასძინა ჯარისკაცმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: