რუს ტყვეებს გადასცემენ დედებს, თუ ისინი შვილებს კიევში ჩააკითხავენ – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის  თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუს ტყვეებს გადასცემენ დედებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შვილებს უკრაინაში, დედაქალაქ კიევში ჩააკითხავენ.

ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების დედებისთვის სამინისტრო ინსტრუქციებს აქვეყნებს:

„როგორ უნდა დაიბრუნოთ შვილი ტყვეობიდან?

ჯერ საჭიროა დარეკოთ მოცემულ ტელეფონის ნომრებზე, რომ გაარკვიოთ ტყვეების სიაშია თქვენი შვილი თუ გარდაცვლილია.

აუცილებლად უნდა შეხვიდეთ ტელეგრამის არხზე: Груз 200 https://t.me/gruz_200_rus

ან დარეკოთ ცხელ ხაზის „Вернись живым из Украины“ შემდეგ ნომრებზე: +380894201860; +380894201861; +380894201862

ან უნდა გაგზავნოთ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: Vernis_iz_ukraine@gmail.com

თუ ჩვენგან მიიღებთ დამადასტურებელ პასუხს, რომ თქვენი შვილი დატყვევებულია, რუსი ჯარისკაცების დედებმა ამ შემთხვევაში უნდა ჩამოაღწიონ კიევში.

პუტინის ფაშისტური არმიის შემოჭრისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ კიევამდე ჩამოსვლა ასე შეგიძლიათ:

ჩადით კალინინგრადამდე ან მინსკამდე, შემდეგ ავტობუსით ან ტაქსით მიდით პოლონეთის საზღვრამდე სადაც დაგხვდებიან, ჩამოგაცილებენ კიევამდე და გადმოგცემენ თქვენს შვილს.

ჩვენ, უკრაინელები, პუტინის ფაშისტებისგან განსხვავებით არ ვებრძვით დედებს და მათ ტყვედ ჩავარდნილ შვილებს.

გელით კიევში!“ –  წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს, 2 მარტს, სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

მეშვიდე დღეა რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ოკუპანტები უტევენ უკრაინას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო არტილერიით.

სამინისტროს განცხადება. FB

გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?

„ყველა მოღალატეს და საქართველოს ომის მსურველს ველოდებით რუსთაველზე“ – ამ ტექსტის ორგანიზებულად გავრცელება დაიწყეს გუშინ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინას და ხელისუფლებას სთხოვს, ასევე, მკაფიო იყოს საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მიმართ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დღეს და რაზე მეტყველებს მსგავსი გზავნილები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა.

  • „ყველა მოღალატე და საქართველოს ომის მსურველი“ – ეს გზავნილი მთავრობის მესიჯბოქსიდანაა, ბატონო ლევან? 

ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც მიწაში თავის ჩარგვის პოლიტიკა ჰქვია და რომელიც გამოიწვევს უფრო მეტ დაპირისპირებას საზოგადოებაში. არც ერთი ადამიანი, რომელიც რუსთაველზე მიდის, ჩემი ჩათვლით, არ არის ომის მოსურნე და საკმარისი გონიერებაც ჰყოფნით იმისთვის, რომ არ მოითხოვონ ისეთი რამ, რამაც შესაძლოა ომი გამოიწვიოს.

პროპაგანდისტები ცდილობენ, კიდევ უფრო გაყონ საზოგადოება და რაღაცნაირად გაამართლონ საკუთარი სამარცხვინო საქციელი. პრიმიტიული საინფორმაციო სტრატეგიაა, რადგან ახლა, ამ ფონზე, ნამდვილად არ მგონია, ბევრი იყოს ისეთი ადამიანი საქართველოში, ვინც ფიქრობს, რომ თუ ექიმს გავგზავნით უკრაინაში, აქ ომი დაიწყება. ან იმით ავირიდებთ თავს რუსეთთან დაპირისპირებას, თუ ექიმს არ გავგზავნით.

კონფლიქტები და ომები ასე არ იწყება. ომი იწყება მტრული პოლიტიკური მიზნებიდან.

ცუდი გამონათქვამებისა და სიტყვების გამო სახელმწიფოები ომს არ იწყებენ.

  • საპროტესტო აქციებზე მდგომი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სიჩუმით ვერ დავიცავთ მშვიდობას. როგორ შეიძლება ამის ახსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ მშვიდობის მხარდაჭერით რუსეთი გაღიზიანდება?

სახელმწიფო მაშინ არის დაცული, თუ ის ძლიერია. ჩვენი სიძლიერე მომდინარეობს შიგნიდან – იქნება ეს სამოქალაქო ერთიანობა, პოლიტიკური ინსტიტუტების ძლიერება, ეკონომიკა, თავდაცვა და ასე შემდეგ და მეორე, საგარეო ფაქტორებიდან, რომელიც უკავშირდება იმ ალიანსებს, რომლებიც შეიძლება ჩვენ გვქონდეს.

ჩვენ ვიქნებით ძლიერი, თუ გვეყოლება ბევრი ძლიერი მეგობარი. ჩვენი სოლიდარობის დემონსტრაცია პოლიტიკაზე ზემოქმედების მცდელობაა, რომ პარლამენტმა, მთავრობამ რაღაც გააკეთოს. ვხედავთ, რომ ეს მოქმედებს, რადგან სხვანაირად ალაპარაკდა, მაგალითად, პრეზიდენტი და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებრივ აზრს.

ის, რაც ჩვენ გვძენს კარგ მეგობრებს, ძლიერ მეგობრებს და არ გვაკარგვინებს, ხელს უწყობს იმას, რომ საქართველო იყოს დაცული. ბოლო დროს ვიყენებ ხოლმე ანალოგიას და ახლაც გავიმეორებ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი და მცოდნე, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არის ველური ტყე, სადაც ყველა იბრძვის გადარჩენისთვის. გადარჩება ის, ვინც არ არის სუსტი და არ არის მარტო.

ახლა კი რა ხდება? ჩვენი მთავრობის საქციელის გამო არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენ დავკარგოთ მეგობრები, მაგრამ მტერი მტრად დაგვრჩეს. რუსეთი არ შეცვლის თავის განზრახვებს, ამიტომ საზოგადოებრივი მობილიზაცია მნიშვნელოვანია და ხალხმა, რომელსაც არ მოსწონს ბევრი პოლიტიკური ლიდერი, უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ მათი საკითხი არ არის. მეც ბევრი მათგანი არ მომწონს, ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ მეც მივდივარ რუსთაველზე, რადგან იმის მჯერა, რასაც ახლა ვამბობ.

ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ზეპარტიული საკითხები და მიუხედავად იმისა, რომ გუშინაც მქონდა შეხვედრა და ძალიან გავაკრიტიკეთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა არ უნდა გამოვხატო.

მეტიც, მიკვირს, რატომ არ არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და წევრებიც აქციაზე, რატომ არ გამოდიან და არ საუბრობენ ტრიბუნიდან, რადგან ეს არ არის ისეთი პროვოკაცია, რომ ამის გამო რუსეთი მოტრიალდეს და ჯარი შემოიყვანოს თბილისში. სისულელეა, თუ ვინმე ამას ფიქრობს.

  • როცა საჯარო სექტორი ხელაღებით უერთდება მმართველი გუნდის ან პრემიერის განცხადებებს, ფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა?

რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან მე ვიცნობ ბევრს, ვინც კერძო საუბრებში უკმაყოფილებას გამოხატავს როგორც პრემიერის მიმართ, ასევე, მთავრობისა და პარლამენტის უმრავლესობის პოზიციის მიმართაც. ვიცი, რომ დიპლომატიურ კორპუსში არის დიდი უკმაყოფილება და საჯარო სამსახურებში. ახლა არის ჭეშმარიტების მომენტი მათთვისაც, რადგან სხვა რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ადამიანმა აიმაღლო ხმა და თქვა, რომ ეს არის ცუდი ქვეყნისთვის და მე არ ვემხრობი ამას.

ჯერ კიდევ ყველგან მუშაობს ბევრი პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანი. უბრალოდ, მგონია, რომ ბევრი მათგანი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ აი, დავრჩები და სისტემის შიგნით შევცვლი რაღაცას. ჩვენ უკვე ვიცით, საით მიდის ეს სისტემა, ამიტომ ახლა არის მომენტი ამ ადამიანებმა, ვისაც აქვს ამბიცია, რომ ისინი განასახიერებენ ამ ხელისუფლების უფრო ჯანსაღ ნაწილს და არიან მოსურნეები საქართველო იყოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების წევრი, როგორც მინიმუმ, არ უნდათ, რომ ვიყოთ რუსეთის კოლონია, ახლა უნდა ისაუბრონ ხმამაღლა.

ახლა ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული გადარჩენის საკითხი გვაქვს. საქართველო თავისუფალი ქვეყანა იქნება თუ არა, ამაზეა ახლა ლაპარაკი, ამის იქეთ საჯარო მოხელეს და პოლიტიკოსს რაღა მოეთხოვება, თუ ამ საკითხზე არ ისაუბრებს გულწრფელად და სწორად.

  • საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავიტ ზალკალიანმა,  თქვა, რომ ჩვენ ვართ სუსტი სახელმწიფო ვართ, რომ რამდენიმე წუთში შეუძლია რუსეთს თავდაყირა დააყენოს საქართველო. რას გვეუბნება ამით მინისტრი?

ეს ნიშნავს ორ რამეს – ერთი ის, რომ მთელი ამ ათი წლის მანძილზე თითი-თითზე არ დაგვიდია იმისთვის, რომ ქვეყნის მედეგობა გაგვეძლიერებინა ან მეორე – შეგნებულად ვაკეთებდით ამას. ასეთი განცხადებები ძალიან მაგონებს იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიას“, რომელიც როცა წავიდა ხელისუფლებიდან, აღმოჩნდა, რომ უკრაინის არმიას ბიუჯეტში ფული არ ჰქონდა, ავტომატი აღარ ჰქონდათ.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოების დიდ ჯგუფებში მაინც არსებობს შიში, რომელიც ჯანსაღი ინსტინქტია და ეს განაპირობებს გადარჩენას, რადგან როცა გვეშინია, ფრთხილად ვიქცევით. მეც მეშინია ომის, რუსეთის თავდასხმის და ჩემი ოჯახის ფიზიკური უსაფრთხოების, მაგრამ მჯერა, ამ პრობლემების გადაჭრის გზა არის ის, რომ არ დავსუსტდეთ მეგობრების დაკარგვით, არამედ გავძლიერდეთ ახალ-ახალი მოკავშირეების შეძენით და შიგნით გაძლიერებით.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და კარგად დავინახოთ, რა არის სწორი გზა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად.

ახლა არ არის დრო, რომ ხალხს მოღალატეები და ომის ინსპირატორები ვეძახოთ. არც იმის დროა, პოლიტიკოსებმა მხოლოდ მთავრობის ცვლილებაზე იფიქრონ. ახლა არის დრო, რომ შეიცვალოს პოლიტიკა და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

  • ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მთავრობის ხელში ვერ შეიცვლება პოლიტიკა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

მე ვამბობ იმას, რომ ეს არ შეიძლება იყოს ერთადერთი ამოცანა ახლა. მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიოთ პოლიტიკის ცვლილებას და არა მხარეების პოზიციების გახისტებას და გამკაცრებას.

პოლიტიკის ცვლილებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი აზრი. ამ აზრის დემონსტრირება არის როგორც ქუჩის მანიფესტაციები, საპროტესტო გამოსვლები, ასევე, ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო კონსოლიდაცია.

საჭიროა ახალი პოლიტიკური ინიციატივების შექმნა და წამოყენება, რაზე უარის თქმაც პოლიტიკურად მძიმედ დაუჯდება ნებისმიერ მთავრობას.

აუცილებლობად მიმაჩნია ქუჩაში გამოსვლა და საჯაროდ განწყობების გამოხატვა და მეც ამ პროტესტს ვუერთდები, მაგრამ არ არის საკმარისი. ასევე, გვჭირდება პოლიტიკური და უფრო ეფექტური საზოგადოებრივი აქტივიზმი.

  • თუ ხელისუფლება მაინც დარჩება თავის პოზიციაზე, რისი მიღწევა შეუძლია საზოგადოებას?

პოლიტიკის ცვლილებაში ვხედავ ყველას როლს, როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკოსების, რომლებიც ზოგი პარლამენტშია და ზოგი გარეთ. ასევე, საჯარო მოხელეების როლსაც, რადგან ეს არის საერთო სამოქალაქო საკითხი.

ოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მარტო ოპოზიციას ან მარტო მთავრობას არ დავუტოვოთ. მედიამაც ხელი უნდა შეუწყოს არა პოლარიზებას და გახლეჩას, პროპაგანდისტულ რიტორიკას, რომელიც საერთო ენას კი არ აპოვნინებს ადამიანებს, ერთმანეთთან საუბრის გზებსაც უჭრის, არამედ უნდა დავაყენოთ ის საკითხები, სადაც ვიცით, რომ ერთიანები ვართ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას, ეს ხალხი არის ყველგან – უნდა შევეცადოთ, რომ ამ საერთო პოზიციის გარშემო გავერთიანდეთ და ამაზე ვილაპარაკოთ.

მთავრობის მხრიდან ასეთი კონფრონტაციული ქმედებების, ხიდების ჩანგრევის და გარიყვის საინფორმაციო პოლიტიკა არ არის პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების პოლიტიკა.

ჩვენ ვცხოვრობთ ღია სამყაროში და ხელისუფლება არ არის მონოპოლისტი დღეს კომუნიკაციაზე. ამიტომ დიდი როლი აქვს სამოქალაქო სექტორს, მედიას და ყველას, ვისაც შეუძლია რაიმე ფორმით ხელი შეუწყოს პროცესებს, რომელსაც გამოვიყენებთ მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლისთვის.

ზოგი ინსტრუმენტი არის ქუჩაში, ზოგი ინსტრუმენტი არის პარლამენტში, ზოგი – არაფორმალურ შეხვედრებში, ზოგი – დეკლარაციებში და ასე მიიღწევა პოლიტიკის ცვლილება.

თურქეთმა უარყო რუსეთის მოთხოვნა სამხედრო გემების გატარებაზე – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთმა თურქეთის თხოვნით გააუქმა თავისი ოთხი სამხედრო ხომალდის თურქეთის წყლებით შავ ზღვაში გაგზავნის წინადადება.

ჩავუშოღლუს თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მანამ, სანამ ანკარა სრუტეს დაკეტავდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო – წერს როიტერსი .

ორშაბათს, 28 თებერვალს, ანკარამ განაცხადა, რომ დაკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები 1936 წლის მონტროს კონვენციის შესაბამისად, რომელიც მას აძლევდა უფლებას, შეეზღუდა გემების გავლა სრუტეებში. თუმცა პაქტი შეზღუდვისგან ათავისუფლებს გემებს, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ ბაზებს.

ჩავუშოღლუმ პირველ მარტს განაცხადა, რომ თურქეთმა ჯერ კიდევ იქამდე სთხოვა რუსეთს არ გაეგზავნა თავისი გემები, სანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრას „ომს“ უწოდებდა კვირას, რაც ლეგალურად აძლევდა მას უფლებას, შეეზღუდა გადასასვლელები მონტროს კონვენციის მიხედვით.

„რუსეთმა განაცხადა, რომ მისი ოთხი ხომალდი სრუტეს გადაკვეთდა 27-28 თებერვალს, რომელთაგან სამი არ არის რეგისტრირებული შავ ზღვაში არსებულ ბაზებზე“, – თქვა ჩავუშოღლუმ. „ჩვენ ვუთხარით რუსეთს, რომ არ გამოეგზავნათ ეს გემები და რუსეთმა თქვა, რომ გემები არ გადალახავდნენ სრუტეებს”.

„ეს არავის უნდა ეწყინოს, რადგან კონვენცია მოქმედებს დღეს, მოქმედებდა გუშინ და იმოქმედებს ხვალ, ამიტომ ჩვენ მას შევასრულებთ“, – განაცხადა მან.

Reuters-მა ამ კვირის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე ოთხი რუსული ხომალდი – ორი გამანადგურებელი, ფრეგატი და სადაზვერვო ხომალდი – ელოდა თურქეთის გადაწყვეტილებას ხმელთაშუა ზღვიდან გადასვლის შესახებ. ორმა მათგანმა, ფრეგატმა და გამანადგურებელმა, გასვლის ნებართვა ამ კვირაში ითხოვეს.

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები თიბისი დაზღვევისგან ჯანმრთელობის დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი დაზღვევა, კლინიკა “რეიმანთან” ერთად, მხარს უჭერს უკრაინელებს. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა “რეიმანი” გაუწევს.

სადაზღვევო პოლისი მოიცავს ყველა იმ დაფარვას, რომელსაც თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს + სრული ამბოლატორიული მომსახურება კლინიკა “რეიმანისგან”:

  • სასწრაფო დახმარება
  • გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია (მხოლოდ კლინიკა “რეიმანში”)
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება
  • გადაუდებელი სტომატოლოგია
  • კოვიდ-19-თან დაკავშირებული მომსახურება.

უკრაინაში არსებული მდგომარეობის ფონზე, გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და ჩვენი რესურსები მოვახმაროთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. ისინი უფასოდ მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას” , – თიბისი დაზღვევა.

თუ ხარ უკრაინის მოქალაქე, გადადი ბმულზე და მიიღე დაზღვევა: https://www.products.tbcinsurance.ge/forukrainians

Громадяни України, які перебувають в Грузії, отримають безкоштовне медичне страхування від ТіБіСі Страхування

 Через поточні події в Україні ТіБіСі Страхування разом із клінікою Рейман підтримує українців. Усі громадяни України, які зараз знаходяться в Грузії, отримають безкоштовне медичне страхування, а амбулаторні послуги надаватиме клініка «Рейман».

Страховий поліс вклучає всі ті покриття, які ТіБіСі Страхування пропонує іноземним туристам в Грузії + повні амбулаторні послуги від клініки «Рейман»:

– Швидка допомога

– Невідкладна та планова амбулаторія (тільки в клініці «Рейман»)

– Швидка медична допомога

– Невідкладна стоматологія

– Послуги, пов’язані з Ковід-19.

«Враховуючи ситуацію в Україні, ми вирішили підтримати їх і використати наші ресурси для допомоги українським громадянам у Грузії. Вони отримають безкоштовне медичне страхування, яке в разі потреби покриває витрати на медичне обслуговування». – ТіБіСі Страхування.

Якщо ви громадянин України, переходьте за посиланням та оформлюйте страховку: https://www.products.tbcinsurance.ge/forukrainians 

233 რუსი სასულიერო პირი ომის შეწყვეტას ითხოვს, განცხადებას ხელს არ აწერს პატრიარქი კირილი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 233 სასულიერო პირი უკრაინაში ომის შეწყვეტას ითხოვს. განცხადებას ხელს არ აწერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი კირილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია.

განცხადებას ხელმოწერები ახლაც ემატება.

„ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას და გვჯერა, რომ უკრაინის ხალხმა არჩევანი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს და არა ავტომატების დამიზნებით, დასავლეთის ან აღმოსავლეთის მხრიდან ზეწოლის გარეშე“ – წერია განცხადებაში. 

„ჩვენ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები და დიაკვნები, ჩვენი სახელით მივმართავთ ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ძმათამკვლელი ომის შეწყვეტა უკრაინაში, შერიგებისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით…

ჩვენ ვგლოვობთ განსაცდელის გამო, რომელსაც დაუმსახურებლად დაექვემდებარნენ ჩვენი ძმები და დები უკრაინაში…

მოვუწოდებთ ყველა მეომარ მხარეს დიალოგისკენ, რადგან ძალადობას სხვა ალტერნატივა არ აქვს. მხოლოდ სხვისი მოსმენის უნარს შეუძლია მოგვცეს იმედი იმ უფსკრულიდან ამოსასვლელად, რომელშიც ჩვენი ქვეყნები რამდენიმე დღეში ჩააგდეს.

გააჩერეთ ომი!” – წერენ რუსი სასულიერო პირები.

ხელმომწერი სასულიერო პირები განცხადებაში ასევე წერენ, რომ „არც ერთი არაძალადობრივი მოწოდება მშვიდობისა და ომის შეწყვეტის შესახებ ძალით არ უნდა ჩაახშო და კანონის დარღვევად უნდა ჩაითვალოს, რადგან ასეთია საღვთო მცნება: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“. ასე სასულიერო პირები, სავარაუდოდ, იმ მასობრივ დაკავებებს ეხმაურებიან, რაც რუსეთში, უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე ხდება.

უკრაინაში სამი ძირითადი ქრისტიანული ეკლესიაა. უკრაინის კათოლიკური ეკლესიის გარდა, უკრაინაში მართლმადიდებელი ქრისტიანები იყოფიან ორი ეკლესიის წევრებად – უკრაინის თვითმმართველი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც 2018 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ექვემდებარება რუსეთის პატრიარქ კირილს.

27 თებერვალს, უკრაინაზე თავდასხმიდან მეოთხე დღეს, რუსეთის პატრიარქმა კირილმა ლიტურგიისას თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის ხალხებს შორის ძმური ურთიერთობის გარანტი არის ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესია, „რომელიც უკრაინაში წარმოდგენილია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარესი ონუფრის მეთაურობით“. ონუფრი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლია და რუსეთის სინოდის წევრი 2014 წლიდან.

„დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება ერთიანობა – ერთობა ჩვენს ძმებთან და დებთან უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რა რთულ ვითარებაში იმყოფება ახლა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. ღმერთმა არ ქნას, ჩვენს ახლობელ მოძმე უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარება მიემართოს იმისკენ, რომ ბოროტმა ძალებმა, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთისა და რუსული ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ, უპირატესობა მოიპოვონ,“ – თქვა კირილმა.

____________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ALEXEI NIKOLSKY

კიევის მეტრო, როგორც თავშესაფარი – ფოტო

კიევში მცხოვრები უკრაინელები, რომლებმაც ქალაქი არ დატოვეს, თავს კიევის მეტროს აფარებენ. დღეს მეტროში 60 უცხოელი ჟურნალისტი ჩავიდა მათ შესახებ რეპორტაჟების მოსამზადებლად.

“დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, როგორ ცხოვრობენ კიეველები მეტრო დოროგოჟიჩის სადგურზე,” – წერს უკრაინული ტელეგრამ არხი “Украина Сейчас”.

კიევის მეტრო 02. 03. 2022
კიევის მეტრო
კიევის მეტრო
კიევის მეტრო

„ბალენსიაგა“: გავავრცელებთ ამბებს უკრაინის მდგომარეობის შესახებ

ფრანგული მოდის სახლი „ბალენსიაგა“, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ინსტაგრამის გვერდზე უკრაინის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.

„მხარს ვუჭერთ მშვიდობას და შევიტანეთ ჩვენი წვლილი მსოფლიო სასურსათო პროგრამაში WFP (გაეროს ორგანო, უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია), რომ გავუწიოთ პირველადი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ლტოლვილებს.

უახლოეს დღეებში ჩვენს პლატფორმებს დავუთმობთ ინფორმაციას, რათა გავავრცელოთ ამბები უკრაინის მდგომარეობის შესახებ“ – წერია ინსტაგრამზე „ბალენსიაგას“ ოფიციალურ გვერდზე.

გვერდმა ყველა ფოტო წაშალა და „ბალენსიაგას” ინსტაგრამზე ახლა მხოლოდ უკრაინის დროშა ჩანს.

იაპონელ მოხალისეებს სურთ იბრძოლონ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლითაც მან უხმო მოხალისეებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იაპონიაშიც გამოეხმაურნენ.

იაპონური გამოცემა, Mainichi Shimbun-ი წერს, რომ პირველი მარტის მდგომარეობით, იაპონიის 70-მდე მოქალაქემ გამოთქვა სურვილი წავიდეს უკრაინაში მოხალისე ჯარისკაცად.

„ყველა მოხალისე მამაკაცია და ბევრი მათგანი იაპონიის თავდაცვის ძალების (SDF) ყოფილი ოფიციალური პირია. მათ მიერ დასახელებულ მიზეზებს შორის იყო: „თუ უკრაინაში ახალგაზრდები იღუპებიან, მაშინ მე ვიბრძოლებ,“ – წერს გამოცემა.

27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყალიბდებოდა უცხოელი მოხალისეებისგან შემდგარი დანაყოფი. იმავე დღეს უკრაინის საელჩომ იაპონიაში გამოაქვეყნა განცხადება Twitter-ზე და მოუწოდა მსურველებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ბრძოლისკენ.

უკრაინაში წასვლის მსურველ იაპონელ მოხალისეებზე „როიტერსიც“ წერს. გამოცემა ესაუბრა 39 წლის კაცს, კეიჩი კუროგის, რომელსაც უკრაინაში წასვლა სურდა.

„როცა ვნახე უკრაინაში ხანდაზმული ადამიანების ფოტოები, რომლებსაც იარაღი ეჭირათ და ომში მიდიოდნენ, ვიგრძენი, რომ უნდა წავსულიყავი“, – უთხრა მან „როიტერსს“.  გამოცემა წერს, რომ საელჩომ უარყო კუროგის შეთავაზება და უთხრა, რომ მას არ ჰქონდა საჭირო სამხედრო გამოცდილება.

28 თებერვალს უკრაინის საელჩომ  ტვიტერზე მადლობა გადაუხადა იაპონიაში ყველა მოხალისეს, ვინც უკრაინაში ბრძოლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ დააზუსტა, რომ ეძებენ მოხალისეებს სამედიცინო, IT, კომუნიკაციის ან ხანძარსაწინააღმდეგო საქმის გამოცდილებით.

ამის პარალელურად იაპონიის მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან, ვიზიტის მიზნის მიუხედავად.

„როიტერსი“ წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ააღელვა პაციფისტური იაპონია.

გასულ კვირას იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოში, ასობით ადამიანი შეიკრიბა ომის წინააღმდეგ აქციაზე. ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავარი შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ტოკიოში მეტროპოლიტენის მთავარი შენობა უკრაინის ფერებში გაანათეს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRANCK ROBICHON

უკრაინის საელჩომ იაპონიაში განაცხადა, რომ  შეგროვდა 17 მილიონი დოლარი დაახლოებით 60 000 ადამიანისგან, უკრაინის დასახმარებლად.

______________________________

მთავარ ფოტოზე: უკრაინის სოლიდარობის აქცია ტოკიოში, 26 თებერვალი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRANCK ROBICHON

ბათუმში პუტინისა და ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებულებს არ ათავისუფლებენ

„ეს დაკავება იყო უკანონო, ახლაც არ არსებობს საფუძველი, რომ ისევ იზოლატორში იყვნენ, ეს პოლიციური სახელმწიფოს ნიშნებია,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმში საპროტესტო აქციის 8 მონაწილის დაკავებაზე. საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა.

გუშინ, პირველ მარტს, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეები პუტინისა და ღარიბაშვილის გინების შემდეგ, ადმინისტრაციული წესით დააკავა. პოლიციას არ განუმარტავს, რის გამო დააკავეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რომლებიც საია-ს შეფასებით, კანონს და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს არ არღვევდნენ.

უცნობია, რა ჩაწერეს პოლიციელებმა სამართალდარღვევის ოქმებში – ოქმები დაკავებულებმა პროტესტის ნიშნად არ ჩაიბარეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა რას იტყვის მოსამართლე, რადგან ეს იყო პოლიციელების მხრიდან პირდაპირ, უკანონო ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკას თუ გადავხედავთ, დაკავებულები გამართლებას ნაკლებად უნდა ელოდნენ – მაგალითად, „ალტერნატივას“ აქტივისტი ხათუნა ბერიძე შეძახილისთვის – „მონებო“ 2020 წელს მოსამართლე როინ კახიძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია და 500 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემაც სამართალდამრღვევად მიიჩნია თემურ გორგაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი. ის სუს-ის ბათუმის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა კი, თემურ გორგაძე გაამართლა იმ არგუმენტით, რომ ეს იყო ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში.

ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა 48 საათია. მას შემდეგ, რაც დაკავების 12-საათიანი ვადა 48 საათამდე გაიზარდა, პოლიცია ხშირად იყენებს აქციაზე დაკავებულების შემთხვევაში ამ პრაქტიკას – დაკავებულს მაქსიმალური დროით აჩერებენ იზოლატორში.

როგორც წინა აქციებზე, ამჯერადაც რამდენიმე დაკავებული სხვა ქალაქში გადაიყვანეს. საია-ს იურისტი ადასტურებს, რომ ესეც დამატებით ფაქტორია „დასჯის“.

ამ შემთხვევაში ქობულეთის იზოლატორში რჩებიან მამუკა შამილიშვილი და ირაკლი კუპრაძე. ეს უკანასკნელი ბათუმის საკრებულოს წევრია და საია-ს იურისტის თქმით, მან დაკავების დროს დაზიანებებიც მიიღო.

პაატა დიასამიძე არ გამორიცხავს, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს პოლიციელების წინააღმდეგ, თუ ფიზიკური ძალადობა დადასტურდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ვალდებული იქნება, პოლიციელების ქმედებაზე რეაგირება მოახდინოს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაკავება გუშინდელ აქციაზე მართლაც უკანონო იყო.

„დაკავებას იყენებენ სადამსჯელოდ,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე და ყურადღებას ამახვილებს კანონის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც „მტკიცებულებების მოგროვების მიზნით“ შესაძლებელია 48 საათით იზოლატორში ჩაგსვან.

„მაგრამ აქ რა უნდა იყოს მტკიცებულება შესაგროვებელი, რა შეიძლება გაანადგუროს დაკავებულმა? აქციაზე იყვნენ ჟურნალისტები და არსებობს ვიდეოჩანაწერები, ამ ჩანაწერებს ხომ ვერ გაანადგურებენ? მოწმეებად პოლიციელები ეყოლებათ, ამათზე მოახდენენ დაკავებულები გავლენას?

სამწუხაროდ, სასამართლო შინაარსში არ შედის და მხოლოდ ზედაპირულად განიხილავს დაკავების კანონიერ საფუძვლებს. მაგალითად, თემურ გორგაძის შემთხვევაში, შსს-მ პირდაპირ დაადასტურა სხდომაზე, იმიტომ გავაგრძელე დაკავების ვადა, რომ ინფორმაცია გამოვითხოვე ნასამართლობის შესახებ მომსახურების სააგენტოდანო. ეგ ხომ სასაცილოა, ამ მტკიცებულების მოპოვების გამო როგორ შეიძლება იყოს კანონიერი ადამიანი ისევ დაკავებული გყავდეს?“ – კითხულობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

უკრაინამ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნავიგაცია დახურა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამოქალაქო ნავიგაციის უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა დახურეს ნავიგაცია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

„ამავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აგრძელებს რუსეთის სახმელეთო ჯარების ტაქტიკას, რომლებიც ცდილობენ თავი დაიფარონ მშვიდობიანი მოქალაქეებით.

2022 წლის 2 მარტიდან რუსული გემები სთხოვენ სამოქალაქო გემ HELT-ს შევიდეს შავი ზღვის სახიფათო ზონაში, რათა ოკუპანტებმა დაიფარონ სამოქალაქო ხომალდი, როგორც ადამიანური ფარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსული გემები ცეცხლს გაუხსნიან გემ HELT-ს. ეს სხვა არაფერია თუ არა 21-ე საუკუნის მეკობრეობა,“ – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

გემ HELT-ის ადგილმდებარეობა შავ ზღვაში, ოდესის მახლობლად / 2.03.2022

გუშინ, პირველ მარტს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლავს ზღვიდან რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და ექსკლუზიურ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში.

უკვე მე-7 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

ომი უკრაინაში — მე-7 დღე რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი

Русский корабль, иди на#уй იქნება პირველი მარკა, რომელსაც უკრაინა ომის დროს გამოუშვებს

ომის დროს უკრაინის მიერ გამოშვებულ პირველ საფოსტო მარკას ექნება წარწერა:  Русский корабль, иди на#уй  – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფოსტა, ukrposhta ავრცელებს.

„უკრაინული მარკა, რომელიც სახელმწიფოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც დროშა, გერბი ან ჰიმნი, დღეს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. მაგრამ რუსეთთან ომის გამო გადავწყვიტეთ აღნიშვნის ნაცვლად, გამოვაცხადოთ სახალხო კონკურსი საფოსტო მარკის საუკეთესო ესკიზზე სათაურით – Русский военный корабль, иди на#уй!”.

მარკა აუცილებლად იქნება საერთაშორისო, რათა ყველამ შეძლოს მისი გაგზავნა ნებისმიერ ქვეყანაში” – წერს უკრაინის ფოსტა განცხადებაში.

ესკიზების გაგზავნის ბოლო დღე 4 მარტია.

„კონკურსზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდება აქ, „უკრპოშტას“ ფეისბუქის გვერდზე, რათა ხალხმა მისცეს ხმა. საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მასობრივი ტირაჟით დაიბეჭდება“ – წერს ukrposhta.

ომის მიუხედავად, უკრაინის ფოსტის თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას. ფუნქციონირებს ფილიალები დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში, გარდა რეგიონებისა, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. სოფლებში მუშაობა შეზღუდულია, რადგან უკრაინის ფოსტის განმარტებით, 5 მარტიდან პენსიებისა და სუბსიდიების დასარიგებლად რესურსებსა და საწვავს ზოგავენ.

დაღუპულია 5 840 რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის მხარეს დაღუპულ სამხედროთა რიცხვმა 5 840-ს მიაღწია.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით 24 თებერვლიდან 2 მარტამდე დაზიანეს ან გაანადგურეს რუსეთის 30 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი, 211 ტანკი, ჯავშანტექნიკა / APV – 862, საარტილერიო სისტემა – 85, საზენიტო საბრძოლო სისტემა – 9, MLRS – 40, საწვავის ავზი – 60, უპილოტო საფრენი აპარატი – 3, მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა – 2 ერთეული, ავტოტრანსპორტი/სატრანსპორტო საშუალება – 355.

უწყება განმარტავს, რომ მონაცემები კიდევ ზუსტდება, ვინაიდან გამოთვლას ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

საკუთარი დანაკარგების შესახებ ამ დრომდე არც რუსეთის და არც უკრაინის მხარეს ინოფრმაციები არ გაუვრცელებიათ.

უკვე მე-7 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

დადასტურდა კოვიდის 3 840 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში, 2 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 840 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდით გარდაიცვალა 32 ადამიანი.

პანდემიის განმავლობაში კორონავირუსის 1 616 159 შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში კოვიდს საქართველოში 16 231 ადამიანი ემსხვერპლა.

  • ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 692 ადამიანი
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი ამ დროისთვის 19,13 პროცენტია
  • სულ აცრილია 2 822 060 ადამიანი
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3 424 პაციენტი იმყოფება

ამავე თემაზე:

PCR ტესტირება პირველი მარტიდან უფასო აღარ იქნება – სამინისტრო

„ანონიმუსი“: რუსეთს აღარ აქვს კონტროლი თავის დაზვერვით სატელიტებზე

Anonymous-თან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა NB65-მა გათიშა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ საკონტროლო ცენტრი.

„რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ ჯაშუშ-სატელიტებზე“ – წერს „ანონიმუსი“ ტვიტერზე.

„როსკოსმოსი“ რუსული სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციაა, რომელიც ახლო კომუნიკაციაშია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან.

მაგალითად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 1-ელ დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნა სამსახურის ახალი ფილიალი – საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები, რომელიც 2015 წლიდან რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ნაწილია.

უკვე მე-7 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

ანონიმური ჰაკერული ჯგუფი „ანონიმუსი“ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისა და პროპაგანდის არხებს უტევს. შეტევა უკვე მიიტანეს კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და სხვა უწყებების ვებგვერდებზე. ასევე, პროპაგანდისტული მედიის ვებგვერდებზეც.

 

BMW რუსეთში ავტომობილების შეტანას წყვეტს და ქარხანას აჩერებს

გერმანულმა კომპანია BMW-მ შეწყვიტა რუსეთში ავტომობილების შეტანა და ასევე, რუსეთში, კალინინგრადში, გააჩერა ქარხნის მუშაობა.

„ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს,“ – აცხადებს კომპანია.

„ბიბისის“ ცნობით, BMW არ არის პირველი კომპანია, რომელმაც რუსეთში ავტომობილების მიწოდება შეაჩერა. ასევე მოიქცა Audi, Volkswagen-ი და Land Rover-ი.

როგორ ზრუნავენ უკრაინაში ომის დროს ცხოველებზე

უკრაინაში უკვე შვიდი დღეა ომია. იმის გამო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავს, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა თავი  მეტროს ან სხვა შენობების სარდაფებს შეეფარებინა. მათთან ერთად აფარებენ თავს მათი შინაური ცხოველებიც.

ბოლო ინფორმაციით, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი უკრაინელებს ნებას რთავენ შინაური ცხოველები საზღვარზე ვეტერინარული დოკუმენტაციის გარეშე გადაიყვანონ.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დროსაც რჩებიან ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და მოხალისეები, რომლებიც საკვებისა და წამლების გარეშე დარჩენილ ცხოველებზე ზრუნავენ.

ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა UAnimals-ი, რომელიც თანხას აგროვებს თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ცხოველების საკვებისთვის:

„ჩვენ ვაგრძელებთ თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების დახმარებას.

მდგომარეობა ძალიან რთულია.

თავშესაფრები რჩებიან ფულისა და საკვების, ზოგან კი წყლის გარეშედაც. რეაგირება საჭიროა მაქსიმალურად სწრაფად, რადგან საკვები ქრება გაყიდვიდან.

სამწუხაროდ, ევროპიდან დახმარების ლოგისტიკა გართულებულია. ჯერჯერობით ამას ჩვენ ვაკეთებთ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ შეგროვებაში.” – წერს ორგანიზაცია ფეისბუქგვერდზე.

ფოტოები კიევის მეტროშია გადაღებული.

წყარო: УНИАН – новости Украины
წყარო: УНИАН – новости Украины
წყარო: УНИАН – новости Украины
წყარო: УНИАН – новости Украины
წყარო: УНИАН – новости Украины
წყარო: УНИАН – новости Украины
წყარო: УНИАН – новости Украины
წყარო: УНИАН – новости Украины
წყარო: washingtonpost / ხარკოვის მეტრო

წყარო: insider

წყარო: Insider / ხარკოვის მეტროში
წყარო: insider / კიევი-პასაჟირსკის რკინიგზის სადგურთან
წყარო: washingtonpost/ ქალი ჩემოდნით და კატის გადასაყვანი ყუთით კიევში

ჩაფხუტიან და იარაღიან კაცს კიევის ქუჩაში მიჰყავს კატა და თევზი აკვარიუმით. გავრცელებული ინფორმაციით, მან ისინი ჭურვის შედეგად დაზიანებული ბინიდან გამოიყვანა.

XI საუკუნის კიევის საკათედრო ტაძარი დღეს შეიძლება დაბომბონ – უკრაინის კულტურის მინისტრი

უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო აცხადებს, რომ კიევის ცენტრში მდებარე XI საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშეა:

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესია, რომელიც უკვე ექვსი დღეა გრძელდება, სამხედრო დანაშაულის სახეს იღებს ბავშვებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების, საავადმყოფოების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით. მათ შორისაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩერნიგოვოში, ხარკოვში, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში.

დღეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვამ განაცხადა, რომ აპირებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაბომბვას დედაქალაქ კიევის ცენტრში, სამიზნე ობიექტებთან ახლოს კი მოზაიკით შემკული, XI  საუკუნის ფრესკებით მოხატული წმინდა სოფიას სახელობის საკათედრო ტაძარია,“ – წერს კულტურის მინისტრი ფეისბუქზე.

ის განმარტავს, რომ ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია და ტაძრის ნებისმიერი სახის დაზიანება ან განადგურება მთელი კაცობრიობისთვის გამოუსწორებელი დანაკარგი იქნება.

„მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, იუნესკოს, ჩაერიონ ამ სიტუაციაში და დაგვეხმარონ, გადავარჩინოთ წმინდა სოფიას ტაძარი განადგურებისგან!“ – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრ ტკაჩენკო.

მხარდაჭერა არა დროშების გადმოფენა, არამედ მკაფიო განცხადებებია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც სამინისტრო უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების შესახებ წერს.

განცხადებაში სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლეზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოფენაც არის მოხსენიებული, პრეზიდენტის სხვა აქტივობაზე კი არაფერი წერია.

სამინისტროს ეს პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა სალომე ზურაბიშვილმა მინაწერით:  „საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება.“

___

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ, რომელსაც, ასევე მიათვალეს პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის დროშის გადმოფენა და თბილისის ანძის განათება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამ ნაწილად გაყო უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები.

ნაწილი 1

  • საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე
  • თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ
  • მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ;
  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას
  • მიუერთდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთობლივ განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ
  • გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიაზე საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა ეროვნული განცხადება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან

ნაწილი 2

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მხარდასაჭერი პოსტები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს:

  • პრემიერ-მინისტრმა
  • საქართველოს პრეზიდენტმა
  • ვიცე-პრემიერმა/საგარეო საქმეთა მინისტრმა
  • საგარეო საქმეთა სამინისტრომ
  • პარლამენტის თავმჯდომარემ

ნაწილი 3

  • 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას
  • დახმარება საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინელებს
  • 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის
  • თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის დროშის ფერებში
  • პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები
  • საქართველოს ფოსტა უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით

წულუკიანის ქმარი: გადა..ვით ერთმანეთს თქვენ, ზელენსკიმ, მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი ნუგო კაკულია ფეისბუქზე სტატუსით ეხმიანება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას და თბილისში გამართულ აქციას:

„ხალხი, რომელიც დღეს აქციის ორგანიზატორები არიან, რომლებმაც საქართველოში ბრძოლის მესამე დღეს ბრძოლის ველი დატოვეს და გაიქცნენ, ხალხი, რომლებმაც ჩვენი შვილებისგან 40 კილომეტრში დაგვიტოვეს მტერი ! და რომლებსაც ომი ტრაკის ჩვენება გონათ! მინდა ვკითხო, იმას განიცდი და აღშფოთდი რომ საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია ზელენსკიმ ?? სიკეთე ვერაფერი ვერ დაინახა ხო მაგ ჩემისამ მაგან … გადააჯვით ერთმანეთს თქვენ ზელენსკიმ მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა !

ბელარუსიდან არ გაიწვია ელჩი! მოლდავეთიდან არ გაიწვია ელჩი! და რუსებით ოკუპირებული საქართველოდან გაიწვია ელჩი რომელიც ნაცებზე ლოცვაში ატარებდა მთელ დროს ! ჩვენი ელჩი და საელჩო რომ ტყვიების ცვენაში დავუტოვეთ კიევში თანადგომის ნიშნად მაგას ვერ ხედავს ხო ? მაიმუნი უმადური.“ [ქვეყნდება სტილის დაცვით]

სქრინი

ნუგო, იგივე ნუგზარ კაკულია, დეკლარაციის თანახმად, ამჟამად ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტია.

2020 წელს იგი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2018-2019 წლებში კი უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე მუშაობდა.

„დავსახეთ პრიორიტეტები, რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ“ – მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. იცით, რომ ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ევროსაბჭოს აქვს ძალიან ცხადი, მტკიცე და ერთიანი პოზიცია. დარწმუნებულები ვართ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვისაც. ჩვენ ვართ პარტნიორები და თანამშრომლობა გვაკავშირებს ერთმანეთთან“, – განაცხადა დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში, სალომე ზურაბიშვილთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასასრულს.

სამუშაო შეხვედრაზე მიშელმა ზურაბიშვილი სპეციალურად მიიწვია ბრიუსელში.

მიშელმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ცდილობდა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაეკეთებინა გასულ თვეებში, რათა მხარი დაეჭირა საქართველოში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისთვის:

„თქვენ იცით ჩემი პირადი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენ, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან ერთად, ძალიან ჩამოყალიბებული და მკვეთრი პოზიცია გვაქვს – გვსურს ვაჩვენოთ ჩვენი ცხადი მხარდაჭერა, რათა გავაერთიანოთ ძალები და შევქმნათ მტკიცე კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

შეხვედრაზე დავსახეთ პრიორიტეტები, რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ და რასაც სრულად უნდა მივუძღვნათ თავი, ამ რადიკალურად მძიმე დროში ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა. მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალიან ღია და მკაფიო  გზავნილები – საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო უფლებების მხარდასაჭერად, რაც ემსახურება  საერთაშორისო წესრიგს, მრავალმხრივ მიდგომას, გაეროს ქარტიისა და მისი მუხლების სრულ პატივისცემას – ესაა მნიშვნელოვანი პრინციპები.

მნიშვნელოვანია პროგრესი, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის ძალიან ცხადი და ხელშესახები ქართველი ხალხისთვის“, – აცხადებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი.

„მიმდინარე მოვლენები და ახალი გარემოება ამ ქვეყნის ახალ პერსპექტივას განაპირობებს მომავალში, მაგრამ ამისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ყველანი” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სენატორი რიში: შეძრწუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას

აშშ-ის სენატორი აიდაჰოს შტატიდან და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯიმ რიში ტვიტერზე ეხმიანება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას. სენატორი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, იპოვონ გამბედაობა, რომელიც აჩვენეს უკრაინელებმა.

„14 წლის წინ, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, იპოვონ გამბედაობა, რომელიც უკრაინელებმა აჩვენეს“ – წერს სენატორი რიში.

______________________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Susan Walsh

„ღარიბაშვილო, ჩვენ არ დავდგებით მკვლელი პუტინის მხარეს“ – აქცია მთავრობასთან | ფოტო

„რუსეთის მონებო!“, „Путин хуйло!“, „მომავალს გვინგრევთ!“ – ასეთი შეძახილებით მივიდნენ დღეს, პირველ მარტს, აჭარის მთავრობასთან საქართველოს მოქალაქეები. ისინი მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამბობენ, რომ მთავრობა სათანადო მხარდაჭერას არ გამოხატავს ომში მყოფი უკრაინელი ხალხის მიმართ.

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს ისტორიულ შანსს უკარგავს, რომ დღეს უკრაინასთან ერთად გახდეს ევროკავშირის წევრი.

პოლიციამ პუტინის გინების გამო აქციის მონაწილეები დააკავა. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„რუსი ხარ?“, ნუთუ თქვენი შვილების არ შეგრცხვებათ?“ – მიმართავდნენ მოქალაქეები პოლიციელებს, რომლებმაც ათი ადამიანი დააკავეს პროტესტის გამო.

„მოღალატე მთავრობა“ – საპროტესტო აქცია ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„პუტინ ხუილოს“ გარდა აქციაზე „ხუილო ოცნებაც“  ისმოდა მოქალაქეებისგან.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მოქალაქეების პროტესტი მთავრობას.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მოქალაქეების თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებების გამო შეურაცხყოფილია ქართული საზოგადოება, რადგან საქართველოს მთავრობა უკრაინელ ძმებს ომის დროს გვერდით არ დაუდგა.  
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„საქართველოს მთავრობა ყველა ზღვარს გასცდა“, „ემსახურეთ სამართალს და არა მტერს“ – ასე მიმართავენ მოქალაქეები საქართველოს მთავრობას და პოლიციას. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„არასდროს არ ვიქნებით რუსული ჩექმის ქვეშ!“ – აცხადებენ აქციის მონაწილე მოქალაქეები. მათი თქმით, რუსეთი კლავს და ხმა უნდა ამოვიღოთ მის წინააღმდეგ.

„მეგობარს მარტო არ ტოვებენ, რა გინდათ და ვინ ხართ, რას ერჩით ამ ქვეყანას, ირაკლი ღარიბაშვილო, რატომ ეპყრობი ქვეყანას უდიერად?“- მოქალაქეების თქმით, საქართველოს არჩევანი არის ევროპა და ისინი არასდროს დადგებიან მკვლელი პუტინის მხარეს.

საპროტესტო აქცია მთავრობის წინააღმდეგ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ახალი პერსპექტივა იქმნება უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ – ზურაბიშვილი

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ისაუბრა ბრიუსელიდან:

„დღეს მსოფლიო მოვლენების ცენტრში უკრაინა და იქ განვითარებული მოვლენებია, ასევე სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

მიმდინარე მოვლენები და ახალი გარემოება ამ ქვეყნის ახალ პერსპექტივას განაპირობებს მომავალში, მაგრამ ამისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ყველანი” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა  რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში სამუშაო შეხვედრაზე მიიწვია.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გუშინ, 28 თებერვალს, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა.

ამავე თემაზე: 

ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას კრიზისის შემთხვევაში – მაკრონი

„პუტინ ხუილოს“ დაძახების გამო ბათუმში 8 პირი დააკავეს, მათ შორის, ირაკლი კუპრაძე

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, პირველადი ინფორმაციით, დააკავეს 8 ადამიანი, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე. ასევე, დაკავებულია ენმ-ის წევრი ბონდო თედორაძე.

„თუ „პუტინ ხუილოს“ გამო უკრაინაში ხალხს კლავენ, აქ გვაკავებენ, ჯერ ვერ გვკლავენ. მაგრამ ამაზეც გადავა ალბათ ივანიშვილი“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი კირთაძემ, ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ენმ-იდან.

პოლიციას არ აუხსნია, რა მიზეზით აკავებდა მოქალაქეებს.

“პუტინ ხუილო”, “ღარიბაშვილო ხუილო” – ისმის დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა: 

დაპირისპირება ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის – დაკავებულია 3 პირი

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. რამდენიმე წუთის განმავლობაში აქციაზე ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას.

პირველადი ინფორმაციით აქციაზე დაკავებულია 3 პირი, მათ შორის ქობულეთის საკრებულოს ყოფილი წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაპირისპირება აქციის წევრების მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის პუტინის და საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გინებას მოჰყვა.

აქციის მონაწილეები დღეს, 19:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლთან უკრაინის მხარდასაჭერად და ასევე საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდნენ. ეს აქცია ბათუმში მას შემდეგ დაანონსდა, როცა ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია კონსულტაციებისთვის.

დღეს ბათუმში აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერის გადადგომასაც ითხოვენ.

აქცია ამ დრომდე [20:15 სთ] გრძელდება.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა: 

ბათუმელი სპორტსმენი, რომელიც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს – „ახლაც ისვრიან“ 

„ახლაც ისვრიან, მესმის აფეთქებების ხმა… იმდენი რამ ვნახე ამ ხუთ დღეში, უკვე საუბარიც მიჭირს. ასე მგონია, ერთი კაციც რომ გადარჩეს აქ, ისიც აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას,“ – ამბობს მირო ვანაძე. ის ბათუმელი სპორტსმენია, ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს.

„თუ ვინმეს პური გავუტეხე, არ ნიშნავს, რომ ეს ყველამ გაიგოს, ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მეგობრების დახმარებით ვაცხობ და ვარიგებთ პურებს, ეგაა. ხვალ ალბათ მედიკამენტებს დავურიგებ მოხუცებს,“ – გვიყვება მირო ვანაძე. – „ომი როცა დაიწყო, შემეძლო საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ წამოვედი. დღეს მე აქ ვიბრძვი, როგორც უკრაინელი. როგორც სპორტსმენი რამეს თუ წარმოვადგენ, ეს უკრაინის დამსახურებაა.

ჩავთვალე, რომ საქართველოში დაბრუნების დრო ახლა არ არის.

ჩემი ოჯახი ეკომიგრანტია, გურიაში ჩაგვასახლეს, მერე მე ბათუმში წამოვედი. აქ სპორტული მიღწევებიც მაქვს, 7 ბრძოლა ზედიზედ მოვიგე. 15 მარტს უნდა მქონოდა მორიგი ბრძოლა ქამარზე. მინდოდა, ბათუმში გამარჯვებით დაბრუნება, მაგრამ ახლა შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩამოვიდე,“ – ხმა უწყდება სპორტსმენს, მას ჩვენ სოციალური ქსელით ვესაუბრეთ. მცირე პაუზის შემდეგ მირო ვანაძის ხმა ისმის: „უფასოა პური, დიახ, მიირთვით“, – მიმართავს ქართველი მოხალისე საცხობთან მისულ მორიგ კიეველებს.

მირო ვანაძე შერეულ ორთაბრძოლაში ასპარეზობს. არ ასახელებს, მაგრამ ტყვედ მიიჩნევს ქართველი სპორტსმენი პრემიერ ღარიბაშვილს:

მირო ვანაძე

„ჩანს ქართველი ხალხის სახე, როცა გაიმართა საპროტესტო აქციები ქუჩებში. ერთმა ადამიანმა, ტყვემ, რაც განაცხადა, ის არ არის საქართველო… მე ვფიქრობ, მაინც უნდა ჩამოვიდნენ ქართველები აქ. როგორც ვიცი, პოლონეთიდან არის ჩამოსვლა შესაძლებელი,“ – დასძინა მირო ვანაძემ.

—————–

მე-6 დღეა რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

2 აფეთქება კიევში სატელევიზიო ანძასთან – შსს მოქალაქეებს დეზინფორმაციაზე აფრთხილებს

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, კიევში სატელევიოზიო ანძის მიმდებარედ ორი აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს ანძის გვერდით მდებარე აპარატურის შენობას, სადაც ადამიანები მუშაობდნენ.

აფეთქებებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

დროებით შეფერხებულია რამდენიმე არხის ტელემაუწყებლობა. მედიის ინფორმაციით, რუსები უტევენ უკრაინის დედაქალაქის საკომუნიკაციო ობიექტებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ტელემაუწყებლობა უახლოეს საათებში სარეზერვო რესურსებით აღდგება.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, პირველ მარტს, შუადღისას, უკრაინის მოქალაქეები მოსალოდნელი დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ გააფრთხილა.

„მოემზადეთ შემდეგი დეზინფორმაციისთვის, რომლითაც შეეცდებიან რუსი ოკუპანტები დაგაჯერონ ტყუილში. კერძოდ, თითქოს უკრაინის ხელმძღვანელობამ და მთავრობამ ქვეყანა დათმეს.

ეს დეზინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ყველა შესაძლო არხით.

მაგრამ იცოდეთ – ეს სიცრუეა! მისი მიზანია დეზორიენტაცია, პანიკის დათესვა, მოქალაქეების სასოწარკვეთა და დარწმუნება, რომ ჩვენი ჯარები ჩაბარდეს.

თუმცა, მაშინაც კი, თუ კავშირი დაიკარგება და შეუძლებელი გახდება შეამოწმოთ რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, დარწმუნებული იყავით: კაპიტულაცია და უკრაინის ინტერესების დათმობა შეუძლებელია“ – აღნიშნულია უკრაინის შსს-ს განცხადებაში.

ბათუმში აგროვებენ ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად – „მოიტანეთ თუნდაც ერთი შეკვრა ბრინჯი“

ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, უკრაინელი ხალხისთვის პროდუქტებსა და მედიკამენტებს აგროვებენ.

ჰუმანიტარული ტვირთი პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩავა.

პროდუქტებსა და მედიკამენტებს ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა აგროვებენ.  გუშინ, 28 თებერვალს, ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა ხალხს მოუწოდეს, მცირე რესურსით დახმარების შემთხვევაშიც კი, მოქალაქეებს შეუძლიათ მიიტანონ სპეციალურ პუნქტებში ნებისმიერი რამ, რისი შესაძლებლობაც ექნებათ – იქნება ეს შეკვრა ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ტკბილეული, მედიკამენტი თუ სხვა რამ.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

დახმარება შეგიძლიათ მიიტანოთ სამ სხვადასხვა მისამართზე:

  1. ვახტანგ გორგასლის №153 – რესტორანი „აჯიკა“
  2. ფარნავაზ მეფის №46 – პარტია „ლელოს“ ოფისი
  3. ვახტანგ გორგასლის №54 – პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 568 92 92 92

„შეგიძლიათ მოიტანოთ ყველაფერი, მაგრამ უპირველესად გვჭირდება პირადი ჰიგიენის ნივთები, სველი ხელსახოცები, კბილის ჯაგრისები და პასტები, საპონი, მედიკამენტები: სამედიცინო დოლბანდი, ჭრილობის დასამუშავებელი და შესახვევი, ასევე, ანტისეპტიკური საშუალებები, ანტიბიოტიკები.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

საკვებიდან პირველ რიგში საჭიროა: კონსერვები თუნუქის შეფუთვით, არამალფუჭებადი ტკბილეული: შოკოლადი, ჩურჩხელა, ყველაფერი, რაც დიდხანს ინახება შედარებით, მაღალკალორიულია და სწრაფად აღადგენს ენერგიას.

შედედებული რძე, ასევე თხილეული, სწრაფად მოსამზადებელი  პროდუქტი, როგორიცაა: ლაფშა, პიურე, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, მარცვლეული. პირველ რიგში ვგზავნით იმას, რაც სწრაფად მზადდება.“ – ამბობს ბათუმში ბელარუსული დიასპორის წარმომადგენელი ნატალია მილევსკაია ფარნავაზ მეფის №46 მდებარე პუნქტიდან.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

აქ დღეს, პირველ მარტს, ოფისი სავსე დაგვხვდა უკვე შეფუთული და დაფასოებული პროდუქტით, სამოსითა და მედიკამენტებით.

მოქალაქეებისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღება გრძელდება. ამ მისამართზე დახმარების მსურველებს პროდუქტი შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიტანონ.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

ტვირთის მიმღებ პუნქტში აგვიხსნეს, რომ საჭირო და აუცილებელია სამოსიც, თუ ის სუფთა მდგომარეობაშია და არ არის ძალიან შელახული, რადგან ოფისში ტანსაცმლის გადარჩევა და დარეცხვა-დასუფთავება ვერ ხერხდება.

ვახტანგ გორგასლის №54-ში მდებარე პროდუქტებისა და მედიკამენტების მიმღებ კიდევ ერთ პუნქტში გვითხრეს, რომ აქ გროვდება, გადაეცემა ბათუმში მყოფ უკრაინის იმ მოქალაქეებსაც, ვისაც დახმარება სჭირდება და იგზავნება უკრაინაშიც.

ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

„ერთი მანქანა ტვირთი უკვე შევაგროვეთ, შევფუთეთ და გავგზავნეთ. რასაც ახლა ხედავთ, ეს დილიდან მოტანილი დახმარებაა და იფუთება. მოაქვთ ბავშვთა კვების პროდუქტები და მოვლის საშუალებებიც საკვებთან და მედიკამენტებთან ერთად.

ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

ძირითადად მოდიან დიასპორების წარმომადგენლები მხარდაჭერის გამოსახატად. კარგი იქნებოდა, მეტად მიგვეწვდინა ხმა ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, რომ აქტიურად ჩავერთოთ პროცესში. მესმის, რომ ბევრის საშუალება შეიძლება არ გვქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ძალიან მცირე წვლილიც კი. მოიტანეთ თუნდაც ერთი შეკვრა ბრინჯი, წიწიბურა, რაც გაქვთ, ეს მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ლაშა კილაბერია მიმღები პუნქტიდან.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

ვახტანგ გორგასლის №54 მდებარე ოფისი დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.

უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს ბათუმში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო საბჭო უზრუნველყოფს უკრაინის საკონსულოსთან შეთანხმებით.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

უკრაინამ ჩინეთს ომის დასრულებაში დახმარება სთხოვა

“ჩინეთი მზადაა დიპლომატიური გზებით ომის დასასრულებლად ყველაფერი იღონოს”, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მინისტრი დმიტრო კულება  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს, საგარეო საქმეთა მინისტრ, ვან ის ტელეფონით ესაუბრა.

“დმიტრო კულებამ ვან ის სთხოვა გამოიყენოს პეკინსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობების დონე, რათა აიძულოს რუსეთი შეაჩეროს შეიარაღებული აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

“ჩინელმა მინისტრმა დმიტრო კულება დაარწმუნა ჩინეთის მზადყოფნაში, ყველა ღონე გამოიყენოს უკრაინის მიწაზე ომის დასასრულებლად დიპლომატიის გამოყენებით, მათ შორის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

___

მთავარი ფოტო: მინისტრი ვან ი, Საგარეო საქმეთა სამინისტრო

2 სკოლაში ამბობენ, რომ უკრაინის დროშის ფოტოები წააშლევინეს, სამინისტრო უარყოფს

უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალებით თავდასხმას საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს და თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს. რუსეთის აგრესიას უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, საჯარო სკოლებიც, სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო სკოლაში, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად,  უკრაინისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს. თუმცა სკოლებმა სოლიდარობის ფოტოები მალევე წაშალეს გვერდებიდან, მიზეზად კი მითითება დაასახელეს.

„ბათუმელები“ ორი სკოლის წარმომადგენელს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ სოლიდარობის ამსახველი ფოტოები „პოლიტიკურად“ ჩაუთვალეს და მათი წაშლა მოსთხოვეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა დახურულ ჯგუფშიც დაწერა. „მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად შეხედეს ჩვენი სკოლის მხარდაჭერას და ფოტოები წამაშლევინეს, აქ მაინც გავაზიარებ“, – წერს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი. ფოტოების გვერდით  კი ტექსტი სკოლის სახელითაა გამოქვეყნებული.

„ჩვენ ვიცით, რა გრძნობა და განცდაა აგრესორის პირისპირ ომი, როცა სამშობლო განსაცდელშია. ჩვენი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ამიტომ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას“, – წერს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი, რომელმაც არ ისურვა საჯაროდ ამაზე საუბარი.

„ბათუმელები“  საქართველოს განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, მიიღეს თუ არა სკოლებმა მითითება არ გამოფინონ უკრაინის დროშები და აპირებენ თუ არა სკოლებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლას. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „ყველა თავისუფალია გამოხატვაში“, რომ ბევრ სკოლას ახლაც უდევს სოლიდარობის ამსახველი ფოტოები თავიანთი სკოლებისა თუ პირად ფეისბუქგვერდებზე და სამინისტროს მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა.

„მსგავსი არაფერი ყოფილა“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

„მაინც წავალთ“ – კობა ხაბაზი სხვა მოხალისეებთან ერთად უკრაინაში არ გაუშვეს

„ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში აგდებს ეს ხელისუფლება მთელ ქვეყანას… ჩვენ მაინც წავალთ უკრაინაში, ვერავინ დამიშლის, გადავალ თურქეთში ან აზერბაიჯანში და იქიდან წავალ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი კობა ხაბაზი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უკრაინაში აპირებდა მოხალისედ წასვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის საშუალება არ მისცა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, „უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა რუსეთთან ომში ჩართვას ნიშნავს.“

დღეს, პირველ მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია. ელჩის ანუ პირველი დიპლომატის გაწვევა ქვეყნებს შორის უთანხმოების დროს პროტესტის დაფიქსირების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმია.

„ჩვენ მივდიოდით საერთაშორისო ლეგიონში მონაწილეობის მისაღებად, რომლის შექმნის ინიციატივითაც ზელენსკი გამოვიდა. უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერს ითხოვდა. ამ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის საელჩო.

თავდაპირველად გვითხრეს უკრაინის საელჩოდან აეროპორტში შეკრებილებს, რომ საქართველო უკრაინული ბორტის მიღებაზე უარს აცხადებდა. შემდეგ ველოდეთ პოლონეთიდან მომავალ ჩარტერულ რეისს, მაგრამ მასზეც უარი თქვეს. საბოლოოდ ელჩმა გვითხრა, რომ შეეცდებოდა ალტერნატიული გზების მოძებნას. დღეს კი, ზელენსკის ეს განცხადება მოვისმინეთ,“ – გვითხრა კობა ხაბაზმა.

კობა ხაბაზის თქმით, მოხალისედ ის გუშინ დილით დარეგისტრირდა.

„80 ადამიანი იყო გუშინ დილით უკვე რეგისტრირებული, არ ვიცი, ჯამში რამდენი შევგროვდით,“ – დასძინა კობა ხაბაზმა. მისი თქმით, უკრაინამ ელჩის გაწვევით დააფიქსირა, რომ საქართველო მისი მეგობარი აღარაა.

„მაგრამ ეს ეხება ხელისუფლებას. ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ზელენსკი ქართველ ხალხს არ თვლის მეგობრად, ის სიამაყით აზიარებს თბილისში გამართული აქციის ფოტოებს,“ – მიიჩნევს კობა ხაბაზი.

საქართველოს მოქალაქეები, როგორც სამოქალაქო პირები, ისე ყოფილი სამხედროები, უკრაინაში წასვლას გუშინ აპირებდნენ. მათ ამის საშუალება საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, გუშინვე ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებისთვის თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მიეცა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თქვა, რომ კონსულტაციის მიზნით იწვევს ელჩს საქართველოდან.

————–

მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

__

მთავარი ფოტო: კობა ხაბაზის ფეისბუქგვერდიდან

მედვედევი: ეკონომიკური ომები ბევრჯერ გადაზრდილა ნამდვილ ომში

დღეს, პირველ მარტს, რუსეთის ექსპრეზიდენტმა და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, ტვიტერზე მუქარისშემცველი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ ეკონომიკურ სანქციებს ეხმიანება და ეკონომიკური ომის რეალურ ომში გადაზრდაზე საუბრობს:

„რომელიღაც ფრანგმა მინისტრმა დღეს იქ თქვა, რომ მათ ეკონომიკური ომი გამოგვიცხადეს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს, ბატონებო! და არ დაგავიწყდეთ, რომ ეკონომიკური ომები კაცობრიობის ისტორიაში ბევრჯერ გადაზრდილა ნამდვილ ომში” – წერს მედვედევი.

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთსა და რუსეთის მმართველებს ეკონომიკური სანქციები დაუწესდა, მათ შორის, გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვებიც.

ეკონომიკური სანქციების შედეგი რუსეთში რამდენიმე დღეში გახდა საგრძნობი. რუსულმა „სბერ ბანკმა“ (Сбербанк), რომელიც რუსეთში ყველაზე მსხვილი გამსესხებელია, იპოთეკური სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5 პროცენტული პუნქტით, 18.6%-მდე გაზარდა.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

ომს უკრაინაში მცხოვრები ბათუმელი კაცი ემსხვერპლა

რუსეთ-უკრაინის ომს ბათუმელი ასლან ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასლან ბოლქვაძე 37 წლის იყო. ის ბოლო 10 წელი კიევში ცხოვრობდა, ხოლო გუშინ, 28 თებერვალს, სამხედრო შეტაკების დროს დაიჭრა. ახლობლების ინფორმაციით, ასლან ბოლქვაძე სამოქალაქო პირი იყო.

„მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – ამბობს მამუკა ქამაშიძე, ასლან ბოლქვაძის ნაცნობი.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა.

————

გაეროს ცნობით, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, დაიღუპა სულ მცირე 102 და დაშავდა 304 სამოქალაქო პირი.

ხარკოვის მერის განცხადებით, ხარკოვზე რუსეთის ძალების თავდასხმას 28 თებერვალს 9 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვის.

შიში, რომელსაც პრემიერის ხმაში ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია – კორძაია

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა. მან ასევე გაიხსენა როგორ გახდა აფხაზეთიდან დევნილი, რაშიც რუსეთს მიუძღვის წვლილი.

„მე თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, წარმოშობით ვარ აფხაზეთიდან. 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვედით მთებით ფეხით. დღეს ვარ 44 წლის. ამ ხნის მანძილზე მე ისევ მახსოვს გზაზე გაყინული ბავშვები, დაჭრილი ჯარისკაცები, გზაში გარდაცვლილები. ორი ღამე ღია ცის ქვეშ გათენებული. ეს არ მავიწყდება.

სიბრაზე ყველა ხელისუფლების მიმართ შეიძლება დაგავიწყდეს, ყველა ხელისუფლების ლიდერის სიტყვა შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ ის სიმწარე, რომელსაც საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარი თვალით ნახავ და იგრძნობ, არ დაგავიწყდება და არ დაგავიწყდება, რომ ეს გააკეთა რუსეთმა“, – ამბობს თამარ კორძაია.

მისი თქმით, დღეს, 2022 წელს, პუტინი და რუსეთი ისევ ჩადის კაცობრიობის წინაშე წარმოუდგენელ დანაშაულს. „ისევ ხოცავს ბავშვებს, ქალებს და მშვიდობიან მოსახლეობას, იმიტომ, რომ ვიღაცებს ეშინიათ, ვიღაცები თვლიან, რომ ეს ჩვენ არ უნდა შეგვეხოს, რომ გონივრული პოლიტიკაა თურმე ის, რომ რახან უკრაინას დაარტყა და საქართველოს არ ურტყამს, ჩვენ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ.

ის შიში, რომელსაც ჩვენ დღეს პრემიერის ტექსტში ვხედავთ, მიუხედავად მისი ხმამაღალი საუბრისა, კატეგორიულად მიუღებელია.

საქართველოს პრეზიდენტიც თქვენი არჩეულია, რომელმაც თქვა გარკვევით, რომ ჩვენგან ელიან სოლიდარობას. რატომღაც ის სხვა სიტყვებით ლაპარაკობს და სხვა ტექსტებით გამოხატავს ამ მზაობას.

ჩვენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთო, ამბობს პრემიერი, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისეთი პატარები, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ვისაუბროთ. ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკრაინელებზე, რომელზეც გადის არა მხოლოდ ჩვენი მშვიდობა და ევროპული უსაფრთხოება და არა იმაზე რამდენი ფული შემოდის რუსეთიდან. რუსეთს გადაუკეტეს ყველაფერი და პრემიერმა არ იცის, რომ რუსეთიდან ეს ფული აღარ შემოვა“, – ამბობს თამარ კორძაია.

გერგიევი გაათავისუფლეს მიუნხენის ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან

გერმანიის ქალაქ მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა, მიუნხენის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, რუსი მუსიკოსი ვალერი გერგიევი, თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან მუსიკოსი არ გაემიჯნა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს.

ქალაქის მერიის განცხადებით, გერგიევმა, რომელიც 2015 წლიდან მთავარი დირიჟორის პოსტს იკავებდა, არ უპასუხა მოთხოვნას, დაეგმო პუტინის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში.

„თუკი ვალერი გერგიევი ცხადად არ დააფიქსირებს პოზიციას ორშაბათამდე, აღარ შეეძლება იყოს ჩვენი სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი“, – განაცხადა ქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მილანის მერის, ჯუზეპე სალამის განცხადებაც, რომელმაც ასევე მოუწოდა გერგიევს, დაეგმო თავდასხმა უკრაინაზე, თუკი „ლა სკალას“ თეატრთან თანამშრომლობის გაგრძელება სურდა.

__________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ROBERT GHEMENT

 

როცა პრემიერს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით – ახვლედიანი

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატი არმაზ ახვლედიანი უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა.

„როცა პრემიერ-მინისტრს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. სულ არ მიხარია. ვფიქრობ, „ოცნებაში“ შესაძლოა ყველა არა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას განიცდიან, ხვდებიან, რომ ეს არ არის საქართველოს ხმა, ეს არ არის საქართველოს პოზიცია.

ჩვენ უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. არ მოგვერიდოს, არც შეგვეშინდეს. კრემლი და მისი მესვეური 21-ე საუკუნის პირსისხლიანი დიქტატორია, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დღეში ვართ ჩვენც, კრემლის გამო.

ერთადერთი გამოსავალი ნატოში, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის გზა არის ის, რომ დღეს მყარად, უკანმოუხედავად ვიყოთ უკრაინასთან და უკრაინელებთან ერთად,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

მისი თქმით, საქართველომ დღეს, როგორც არასდროს, უნდა იფიქროს საკუთარ გასაჭირზე:

„კოჭლ დემოკრატიაზე, ფაქტობრივად, არარსებულ სამართლიან სასამართლოზე და თუ ამ საკითხებს მოვაგვარებთ და ვისწავლით ერთმანეთთან ურთიერთობის კულტურას, გარწმუნებთ, რომ საქართველოც უკრაინასთან ერთად შეძლებს დაჩქარებულად გაწევრიანებას ევროკავშირში და ჩვენც გაცილებით დაცული ვიქნებით საფრთხეებისგან.“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

Exit mobile version