მთავარი,სიახლეები

რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს – ღარიბაშვილი

28.02.2022 • 1358
რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს – ღარიბაშვილი

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მიუღებელია ის, რაც ხდება უკრაინაში.

„რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამის თაობაზე გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია და გამოვუცხადეთ მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე.

ასევე, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინას. უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ვერ დაბრუნდნენ უკან ომის გამო, მათ უფასოდ მიეწოდებათ ყველა სერვისი“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ეუთოს თუ გაეროს ფორმატში, ყველგან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ.

ყველა დონეზე, ყველა საჭირო ფორმატში, გვქონდა ჩვენ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

„ჩვენ ხაზგასმით გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ“, – ამბობს ღარიბაშვილი. ის ქართულ ოპოზიციასაც შეეხო და განაცხადა, რომ ოპოზიციას უკრაინის ომი ახარებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში მარგინალური ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოხვატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ გამოვცადეთ 2008 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. უნდა ითქვას პირდაპირ — მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან ვრცლად ისაუბრა 2008 წლის ომზე და თქვა, რომ მაშინდელი ხელისუფლების წევრები საქაღთველოდან გაიქცნენ.

ჩვენ გვახსოვს, როგორ მოიქცა მაშინ ჩვენი მთავარსარდალი და როგორ აჩვენა მსოფლიოს მხდალი სახე, ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. მაშინ იომა ჩვენმა გმირულმა ჯარმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და შემდეგ დაბრუნდნენ. და დღეს მტერი გვიკიჟინებს, რომ თურმე ჩავერთოთ ომში და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში.

ჩვენს მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ თუმცა დარწმუნებული ვარ, კარგად აქვთ გააზრებული რისკები, რაც არსებობს, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი, შეიძლება ვთქვათ, რომ არავინ არ არის.

სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორც ხელისუფალი, რომელიც პასუხისმგებელი ვართ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, გავაკეთებთ იმას, რაც არ შეეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერებს, მიუხედავად ოპოზიციის ნარატივისა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

___

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა  არაფრის მომცემი არ არის“. მან ასევე თქვა, რომ „საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“.

ამის პარალელურად თბილისში გაიმართა მრავალათასიანი აქცია უკრაინის მხარდასაჭერად, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისის აქციის ფოტო გამოაქვეყნა ტვიტერის პირად გვერდზე და დაწერა: „არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: