სიახლეები

როცა პრემიერს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით – ახვლედიანი

01.03.2022
როცა პრემიერს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით – ახვლედიანი

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატი არმაზ ახვლედიანი უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა.

„როცა პრემიერ-მინისტრს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. სულ არ მიხარია. ვფიქრობ, „ოცნებაში“ შესაძლოა ყველა არა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას განიცდიან, ხვდებიან, რომ ეს არ არის საქართველოს ხმა, ეს არ არის საქართველოს პოზიცია.

ჩვენ უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. არ მოგვერიდოს, არც შეგვეშინდეს. კრემლი და მისი მესვეური 21-ე საუკუნის პირსისხლიანი დიქტატორია, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დღეში ვართ ჩვენც, კრემლის გამო.

ერთადერთი გამოსავალი ნატოში, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის გზა არის ის, რომ დღეს მყარად, უკანმოუხედავად ვიყოთ უკრაინასთან და უკრაინელებთან ერთად,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

მისი თქმით, საქართველომ დღეს, როგორც არასდროს, უნდა იფიქროს საკუთარ გასაჭირზე:

„კოჭლ დემოკრატიაზე, ფაქტობრივად, არარსებულ სამართლიან სასამართლოზე და თუ ამ საკითხებს მოვაგვარებთ და ვისწავლით ერთმანეთთან ურთიერთობის კულტურას, გარწმუნებთ, რომ საქართველოც უკრაინასთან ერთად შეძლებს დაჩქარებულად გაწევრიანებას ევროკავშირში და ჩვენც გაცილებით დაცული ვიქნებით საფრთხეებისგან.“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: