მთავარი,სიახლეები

შიში, რომელსაც პრემიერის ხმაში ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია – კორძაია

01.03.2022
შიში, რომელსაც პრემიერის ხმაში ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია – კორძაია

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა. მან ასევე გაიხსენა როგორ გახდა აფხაზეთიდან დევნილი, რაშიც რუსეთს მიუძღვის წვლილი.

„მე თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, წარმოშობით ვარ აფხაზეთიდან. 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვედით მთებით ფეხით. დღეს ვარ 44 წლის. ამ ხნის მანძილზე მე ისევ მახსოვს გზაზე გაყინული ბავშვები, დაჭრილი ჯარისკაცები, გზაში გარდაცვლილები. ორი ღამე ღია ცის ქვეშ გათენებული. ეს არ მავიწყდება.

სიბრაზე ყველა ხელისუფლების მიმართ შეიძლება დაგავიწყდეს, ყველა ხელისუფლების ლიდერის სიტყვა შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ ის სიმწარე, რომელსაც საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარი თვალით ნახავ და იგრძნობ, არ დაგავიწყდება და არ დაგავიწყდება, რომ ეს გააკეთა რუსეთმა“, – ამბობს თამარ კორძაია.

მისი თქმით, დღეს, 2022 წელს, პუტინი და რუსეთი ისევ ჩადის კაცობრიობის წინაშე წარმოუდგენელ დანაშაულს. „ისევ ხოცავს ბავშვებს, ქალებს და მშვიდობიან მოსახლეობას, იმიტომ, რომ ვიღაცებს ეშინიათ, ვიღაცები თვლიან, რომ ეს ჩვენ არ უნდა შეგვეხოს, რომ გონივრული პოლიტიკაა თურმე ის, რომ რახან უკრაინას დაარტყა და საქართველოს არ ურტყამს, ჩვენ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ.

ის შიში, რომელსაც ჩვენ დღეს პრემიერის ტექსტში ვხედავთ, მიუხედავად მისი ხმამაღალი საუბრისა, კატეგორიულად მიუღებელია.

საქართველოს პრეზიდენტიც თქვენი არჩეულია, რომელმაც თქვა გარკვევით, რომ ჩვენგან ელიან სოლიდარობას. რატომღაც ის სხვა სიტყვებით ლაპარაკობს და სხვა ტექსტებით გამოხატავს ამ მზაობას.

ჩვენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთო, ამბობს პრემიერი, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისეთი პატარები, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ვისაუბროთ. ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკრაინელებზე, რომელზეც გადის არა მხოლოდ ჩვენი მშვიდობა და ევროპული უსაფრთხოება და არა იმაზე რამდენი ფული შემოდის რუსეთიდან. რუსეთს გადაუკეტეს ყველაფერი და პრემიერმა არ იცის, რომ რუსეთიდან ეს ფული აღარ შემოვა“, – ამბობს თამარ კორძაია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: