მთავარი,სიახლეები

გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?

02.03.2022 • 1814
გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?

„ყველა მოღალატეს და საქართველოს ომის მსურველს ველოდებით რუსთაველზე“ – ამ ტექსტის ორგანიზებულად გავრცელება დაიწყეს გუშინ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინას და ხელისუფლებას სთხოვს, ასევე, მკაფიო იყოს საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მიმართ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დღეს და რაზე მეტყველებს მსგავსი გზავნილები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა.

  • „ყველა მოღალატე და საქართველოს ომის მსურველი“ – ეს გზავნილი მთავრობის მესიჯბოქსიდანაა, ბატონო ლევან? 

ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც მიწაში თავის ჩარგვის პოლიტიკა ჰქვია და რომელიც გამოიწვევს უფრო მეტ დაპირისპირებას საზოგადოებაში. არც ერთი ადამიანი, რომელიც რუსთაველზე მიდის, ჩემი ჩათვლით, არ არის ომის მოსურნე და საკმარისი გონიერებაც ჰყოფნით იმისთვის, რომ არ მოითხოვონ ისეთი რამ, რამაც შესაძლოა ომი გამოიწვიოს.

პროპაგანდისტები ცდილობენ, კიდევ უფრო გაყონ საზოგადოება და რაღაცნაირად გაამართლონ საკუთარი სამარცხვინო საქციელი. პრიმიტიული საინფორმაციო სტრატეგიაა, რადგან ახლა, ამ ფონზე, ნამდვილად არ მგონია, ბევრი იყოს ისეთი ადამიანი საქართველოში, ვინც ფიქრობს, რომ თუ ექიმს გავგზავნით უკრაინაში, აქ ომი დაიწყება. ან იმით ავირიდებთ თავს რუსეთთან დაპირისპირებას, თუ ექიმს არ გავგზავნით.

კონფლიქტები და ომები ასე არ იწყება. ომი იწყება მტრული პოლიტიკური მიზნებიდან.

ცუდი გამონათქვამებისა და სიტყვების გამო სახელმწიფოები ომს არ იწყებენ.

  • საპროტესტო აქციებზე მდგომი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სიჩუმით ვერ დავიცავთ მშვიდობას. როგორ შეიძლება ამის ახსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ მშვიდობის მხარდაჭერით რუსეთი გაღიზიანდება?

სახელმწიფო მაშინ არის დაცული, თუ ის ძლიერია. ჩვენი სიძლიერე მომდინარეობს შიგნიდან – იქნება ეს სამოქალაქო ერთიანობა, პოლიტიკური ინსტიტუტების ძლიერება, ეკონომიკა, თავდაცვა და ასე შემდეგ და მეორე, საგარეო ფაქტორებიდან, რომელიც უკავშირდება იმ ალიანსებს, რომლებიც შეიძლება ჩვენ გვქონდეს.

ჩვენ ვიქნებით ძლიერი, თუ გვეყოლება ბევრი ძლიერი მეგობარი. ჩვენი სოლიდარობის დემონსტრაცია პოლიტიკაზე ზემოქმედების მცდელობაა, რომ პარლამენტმა, მთავრობამ რაღაც გააკეთოს. ვხედავთ, რომ ეს მოქმედებს, რადგან სხვანაირად ალაპარაკდა, მაგალითად, პრეზიდენტი და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებრივ აზრს.

ის, რაც ჩვენ გვძენს კარგ მეგობრებს, ძლიერ მეგობრებს და არ გვაკარგვინებს, ხელს უწყობს იმას, რომ საქართველო იყოს დაცული. ბოლო დროს ვიყენებ ხოლმე ანალოგიას და ახლაც გავიმეორებ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი და მცოდნე, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არის ველური ტყე, სადაც ყველა იბრძვის გადარჩენისთვის. გადარჩება ის, ვინც არ არის სუსტი და არ არის მარტო.

ახლა კი რა ხდება? ჩვენი მთავრობის საქციელის გამო არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენ დავკარგოთ მეგობრები, მაგრამ მტერი მტრად დაგვრჩეს. რუსეთი არ შეცვლის თავის განზრახვებს, ამიტომ საზოგადოებრივი მობილიზაცია მნიშვნელოვანია და ხალხმა, რომელსაც არ მოსწონს ბევრი პოლიტიკური ლიდერი, უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ მათი საკითხი არ არის. მეც ბევრი მათგანი არ მომწონს, ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ მეც მივდივარ რუსთაველზე, რადგან იმის მჯერა, რასაც ახლა ვამბობ.

ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ზეპარტიული საკითხები და მიუხედავად იმისა, რომ გუშინაც მქონდა შეხვედრა და ძალიან გავაკრიტიკეთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა არ უნდა გამოვხატო.

მეტიც, მიკვირს, რატომ არ არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და წევრებიც აქციაზე, რატომ არ გამოდიან და არ საუბრობენ ტრიბუნიდან, რადგან ეს არ არის ისეთი პროვოკაცია, რომ ამის გამო რუსეთი მოტრიალდეს და ჯარი შემოიყვანოს თბილისში. სისულელეა, თუ ვინმე ამას ფიქრობს.

  • როცა საჯარო სექტორი ხელაღებით უერთდება მმართველი გუნდის ან პრემიერის განცხადებებს, ფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა?

რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან მე ვიცნობ ბევრს, ვინც კერძო საუბრებში უკმაყოფილებას გამოხატავს როგორც პრემიერის მიმართ, ასევე, მთავრობისა და პარლამენტის უმრავლესობის პოზიციის მიმართაც. ვიცი, რომ დიპლომატიურ კორპუსში არის დიდი უკმაყოფილება და საჯარო სამსახურებში. ახლა არის ჭეშმარიტების მომენტი მათთვისაც, რადგან სხვა რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ადამიანმა აიმაღლო ხმა და თქვა, რომ ეს არის ცუდი ქვეყნისთვის და მე არ ვემხრობი ამას.

ჯერ კიდევ ყველგან მუშაობს ბევრი პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანი. უბრალოდ, მგონია, რომ ბევრი მათგანი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ აი, დავრჩები და სისტემის შიგნით შევცვლი რაღაცას. ჩვენ უკვე ვიცით, საით მიდის ეს სისტემა, ამიტომ ახლა არის მომენტი ამ ადამიანებმა, ვისაც აქვს ამბიცია, რომ ისინი განასახიერებენ ამ ხელისუფლების უფრო ჯანსაღ ნაწილს და არიან მოსურნეები საქართველო იყოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების წევრი, როგორც მინიმუმ, არ უნდათ, რომ ვიყოთ რუსეთის კოლონია, ახლა უნდა ისაუბრონ ხმამაღლა.

ახლა ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული გადარჩენის საკითხი გვაქვს. საქართველო თავისუფალი ქვეყანა იქნება თუ არა, ამაზეა ახლა ლაპარაკი, ამის იქეთ საჯარო მოხელეს და პოლიტიკოსს რაღა მოეთხოვება, თუ ამ საკითხზე არ ისაუბრებს გულწრფელად და სწორად.

  • საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავიტ ზალკალიანმა,  თქვა, რომ ჩვენ ვართ სუსტი სახელმწიფო ვართ, რომ რამდენიმე წუთში შეუძლია რუსეთს თავდაყირა დააყენოს საქართველო. რას გვეუბნება ამით მინისტრი?

ეს ნიშნავს ორ რამეს – ერთი ის, რომ მთელი ამ ათი წლის მანძილზე თითი-თითზე არ დაგვიდია იმისთვის, რომ ქვეყნის მედეგობა გაგვეძლიერებინა ან მეორე – შეგნებულად ვაკეთებდით ამას. ასეთი განცხადებები ძალიან მაგონებს იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიას“, რომელიც როცა წავიდა ხელისუფლებიდან, აღმოჩნდა, რომ უკრაინის არმიას ბიუჯეტში ფული არ ჰქონდა, ავტომატი აღარ ჰქონდათ.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოების დიდ ჯგუფებში მაინც არსებობს შიში, რომელიც ჯანსაღი ინსტინქტია და ეს განაპირობებს გადარჩენას, რადგან როცა გვეშინია, ფრთხილად ვიქცევით. მეც მეშინია ომის, რუსეთის თავდასხმის და ჩემი ოჯახის ფიზიკური უსაფრთხოების, მაგრამ მჯერა, ამ პრობლემების გადაჭრის გზა არის ის, რომ არ დავსუსტდეთ მეგობრების დაკარგვით, არამედ გავძლიერდეთ ახალ-ახალი მოკავშირეების შეძენით და შიგნით გაძლიერებით.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და კარგად დავინახოთ, რა არის სწორი გზა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად.

ახლა არ არის დრო, რომ ხალხს მოღალატეები და ომის ინსპირატორები ვეძახოთ. არც იმის დროა, პოლიტიკოსებმა მხოლოდ მთავრობის ცვლილებაზე იფიქრონ. ახლა არის დრო, რომ შეიცვალოს პოლიტიკა და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

  • ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მთავრობის ხელში ვერ შეიცვლება პოლიტიკა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

მე ვამბობ იმას, რომ ეს არ შეიძლება იყოს ერთადერთი ამოცანა ახლა. მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიოთ პოლიტიკის ცვლილებას და არა მხარეების პოზიციების გახისტებას და გამკაცრებას.

პოლიტიკის ცვლილებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი აზრი. ამ აზრის დემონსტრირება არის როგორც ქუჩის მანიფესტაციები, საპროტესტო გამოსვლები, ასევე, ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო კონსოლიდაცია.

საჭიროა ახალი პოლიტიკური ინიციატივების შექმნა და წამოყენება, რაზე უარის თქმაც პოლიტიკურად მძიმედ დაუჯდება ნებისმიერ მთავრობას.

აუცილებლობად მიმაჩნია ქუჩაში გამოსვლა და საჯაროდ განწყობების გამოხატვა და მეც ამ პროტესტს ვუერთდები, მაგრამ არ არის საკმარისი. ასევე, გვჭირდება პოლიტიკური და უფრო ეფექტური საზოგადოებრივი აქტივიზმი.

  • თუ ხელისუფლება მაინც დარჩება თავის პოზიციაზე, რისი მიღწევა შეუძლია საზოგადოებას?

პოლიტიკის ცვლილებაში ვხედავ ყველას როლს, როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკოსების, რომლებიც ზოგი პარლამენტშია და ზოგი გარეთ. ასევე, საჯარო მოხელეების როლსაც, რადგან ეს არის საერთო სამოქალაქო საკითხი.

ოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მარტო ოპოზიციას ან მარტო მთავრობას არ დავუტოვოთ. მედიამაც ხელი უნდა შეუწყოს არა პოლარიზებას და გახლეჩას, პროპაგანდისტულ რიტორიკას, რომელიც საერთო ენას კი არ აპოვნინებს ადამიანებს, ერთმანეთთან საუბრის გზებსაც უჭრის, არამედ უნდა დავაყენოთ ის საკითხები, სადაც ვიცით, რომ ერთიანები ვართ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას, ეს ხალხი არის ყველგან – უნდა შევეცადოთ, რომ ამ საერთო პოზიციის გარშემო გავერთიანდეთ და ამაზე ვილაპარაკოთ.

მთავრობის მხრიდან ასეთი კონფრონტაციული ქმედებების, ხიდების ჩანგრევის და გარიყვის საინფორმაციო პოლიტიკა არ არის პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების პოლიტიკა.

ჩვენ ვცხოვრობთ ღია სამყაროში და ხელისუფლება არ არის მონოპოლისტი დღეს კომუნიკაციაზე. ამიტომ დიდი როლი აქვს სამოქალაქო სექტორს, მედიას და ყველას, ვისაც შეუძლია რაიმე ფორმით ხელი შეუწყოს პროცესებს, რომელსაც გამოვიყენებთ მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლისთვის.

ზოგი ინსტრუმენტი არის ქუჩაში, ზოგი ინსტრუმენტი არის პარლამენტში, ზოგი – არაფორმალურ შეხვედრებში, ზოგი – დეკლარაციებში და ასე მიიღწევა პოლიტიკის ცვლილება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: