მთავარი,სიახლეები

იაპონელ მოხალისეებს სურთ იბრძოლონ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ

02.03.2022 • 1723
იაპონელ მოხალისეებს სურთ იბრძოლონ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლითაც მან უხმო მოხალისეებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იაპონიაშიც გამოეხმაურნენ.

იაპონური გამოცემა, Mainichi Shimbun-ი წერს, რომ პირველი მარტის მდგომარეობით, იაპონიის 70-მდე მოქალაქემ გამოთქვა სურვილი წავიდეს უკრაინაში მოხალისე ჯარისკაცად.

„ყველა მოხალისე მამაკაცია და ბევრი მათგანი იაპონიის თავდაცვის ძალების (SDF) ყოფილი ოფიციალური პირია. მათ მიერ დასახელებულ მიზეზებს შორის იყო: „თუ უკრაინაში ახალგაზრდები იღუპებიან, მაშინ მე ვიბრძოლებ,“ – წერს გამოცემა.

27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყალიბდებოდა უცხოელი მოხალისეებისგან შემდგარი დანაყოფი. იმავე დღეს უკრაინის საელჩომ იაპონიაში გამოაქვეყნა განცხადება Twitter-ზე და მოუწოდა მსურველებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ბრძოლისკენ.

უკრაინაში წასვლის მსურველ იაპონელ მოხალისეებზე „როიტერსიც“ წერს. გამოცემა ესაუბრა 39 წლის კაცს, კეიჩი კუროგის, რომელსაც უკრაინაში წასვლა სურდა.

„როცა ვნახე უკრაინაში ხანდაზმული ადამიანების ფოტოები, რომლებსაც იარაღი ეჭირათ და ომში მიდიოდნენ, ვიგრძენი, რომ უნდა წავსულიყავი“, – უთხრა მან „როიტერსს“.  გამოცემა წერს, რომ საელჩომ უარყო კუროგის შეთავაზება და უთხრა, რომ მას არ ჰქონდა საჭირო სამხედრო გამოცდილება.

28 თებერვალს უკრაინის საელჩომ  ტვიტერზე მადლობა გადაუხადა იაპონიაში ყველა მოხალისეს, ვინც უკრაინაში ბრძოლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ დააზუსტა, რომ ეძებენ მოხალისეებს სამედიცინო, IT, კომუნიკაციის ან ხანძარსაწინააღმდეგო საქმის გამოცდილებით.

ამის პარალელურად იაპონიის მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან, ვიზიტის მიზნის მიუხედავად.

„როიტერსი“ წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ააღელვა პაციფისტური იაპონია.

გასულ კვირას იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოში, ასობით ადამიანი შეიკრიბა ომის წინააღმდეგ აქციაზე. ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავარი შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ტოკიოში მეტროპოლიტენის მთავარი შენობა უკრაინის ფერებში გაანათეს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRANCK ROBICHON

უკრაინის საელჩომ იაპონიაში განაცხადა, რომ  შეგროვდა 17 მილიონი დოლარი დაახლოებით 60 000 ადამიანისგან, უკრაინის დასახმარებლად.

______________________________

მთავარ ფოტოზე: უკრაინის სოლიდარობის აქცია ტოკიოში, 26 თებერვალი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRANCK ROBICHON

გადაბეჭდვის წესი


ასევე: