მთავარი,სიახლეები

„მაინც წავალთ“ – კობა ხაბაზი სხვა მოხალისეებთან ერთად უკრაინაში არ გაუშვეს

01.03.2022 • 8072
„მაინც წავალთ“ – კობა ხაბაზი სხვა მოხალისეებთან ერთად უკრაინაში არ გაუშვეს

„ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში აგდებს ეს ხელისუფლება მთელ ქვეყანას… ჩვენ მაინც წავალთ უკრაინაში, ვერავინ დამიშლის, გადავალ თურქეთში ან აზერბაიჯანში და იქიდან წავალ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი კობა ხაბაზი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უკრაინაში აპირებდა მოხალისედ წასვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის საშუალება არ მისცა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, „უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა რუსეთთან ომში ჩართვას ნიშნავს.“

დღეს, პირველ მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია. ელჩის ანუ პირველი დიპლომატის გაწვევა ქვეყნებს შორის უთანხმოების დროს პროტესტის დაფიქსირების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმია.

„ჩვენ მივდიოდით საერთაშორისო ლეგიონში მონაწილეობის მისაღებად, რომლის შექმნის ინიციატივითაც ზელენსკი გამოვიდა. უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერს ითხოვდა. ამ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის საელჩო.

თავდაპირველად გვითხრეს უკრაინის საელჩოდან აეროპორტში შეკრებილებს, რომ საქართველო უკრაინული ბორტის მიღებაზე უარს აცხადებდა. შემდეგ ველოდეთ პოლონეთიდან მომავალ ჩარტერულ რეისს, მაგრამ მასზეც უარი თქვეს. საბოლოოდ ელჩმა გვითხრა, რომ შეეცდებოდა ალტერნატიული გზების მოძებნას. დღეს კი, ზელენსკის ეს განცხადება მოვისმინეთ,“ – გვითხრა კობა ხაბაზმა.

კობა ხაბაზის თქმით, მოხალისედ ის გუშინ დილით დარეგისტრირდა.

„80 ადამიანი იყო გუშინ დილით უკვე რეგისტრირებული, არ ვიცი, ჯამში რამდენი შევგროვდით,“ – დასძინა კობა ხაბაზმა. მისი თქმით, უკრაინამ ელჩის გაწვევით დააფიქსირა, რომ საქართველო მისი მეგობარი აღარაა.

„მაგრამ ეს ეხება ხელისუფლებას. ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ზელენსკი ქართველ ხალხს არ თვლის მეგობრად, ის სიამაყით აზიარებს თბილისში გამართული აქციის ფოტოებს,“ – მიიჩნევს კობა ხაბაზი.

საქართველოს მოქალაქეები, როგორც სამოქალაქო პირები, ისე ყოფილი სამხედროები, უკრაინაში წასვლას გუშინ აპირებდნენ. მათ ამის საშუალება საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, გუშინვე ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებისთვის თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მიეცა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თქვა, რომ კონსულტაციის მიზნით იწვევს ელჩს საქართველოდან.

————–

მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

__

მთავარი ფოტო: კობა ხაბაზის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: