მთავარი,სიახლეები

რუსეთის საზღვაო ძალები მეკობრეობენ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში – უკრაინის საგარეო

01.03.2022 • 4111
რუსეთის საზღვაო ძალები მეკობრეობენ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლავს ზღვიდან რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და ექსკლუზიურ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში.

რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეებმა დააკავეს სამძებრო-სამაშველო ხომალდი „საფირნი“, გემები: „ათენა“ და „პრინცესა ნიკოლი“ [«Сапфір», «Афіна», «Принцеса Ніколь»].

უკრაინა მოუწოდებს თავის პარტნიორ ქვეყნებს, დაგმონ რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა შავ ზღვაში და სათანადო რეაგირება მოახდინონ რუსეთის მეკობრეობის შესაჩერებლად.

უკრაინამ ასევე მოუწოდა ყველა ეროვნულ და უცხოელ მეზღვაურებს და გემთმფლობელებს, დაიცვან საზღვრის უსაფრთხოება შავ და აზოვის ზღვებში, რუსეთის საზღვაო ძალების მიერ მეკობრეობის მიმდინარე აქტებთან და სამოქალაქო გემების ზღვაზე ძარცვებთან დაკავშირებით.

შესაბამისი „ნავიგაციის ანგარიში“ უკრაინაში გავრცელდა საერთაშორისო ავტომატური ნავიგაციის გაფრთხილების სამსახურის (NAVTEX) არხებით.

ომის დაწყებიდან მეორე დღეს შავ ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლით დაზიანდა თურქული და მოლდოვური გემები.

მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ამავე თემაზე:

ომის გამო ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – სააგენტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: