მთავარი,სიახლეები

233 რუსი სასულიერო პირი ომის შეწყვეტას ითხოვს, განცხადებას ხელს არ აწერს პატრიარქი კირილი

02.03.2022 • 9523
233 რუსი სასულიერო პირი ომის შეწყვეტას ითხოვს, განცხადებას ხელს არ აწერს პატრიარქი კირილი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 233 სასულიერო პირი უკრაინაში ომის შეწყვეტას ითხოვს. განცხადებას ხელს არ აწერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი კირილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია.

განცხადებას ხელმოწერები ახლაც ემატება.

„ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას და გვჯერა, რომ უკრაინის ხალხმა არჩევანი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს და არა ავტომატების დამიზნებით, დასავლეთის ან აღმოსავლეთის მხრიდან ზეწოლის გარეშე“ – წერია განცხადებაში. 

„ჩვენ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები და დიაკვნები, ჩვენი სახელით მივმართავთ ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ძმათამკვლელი ომის შეწყვეტა უკრაინაში, შერიგებისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით…

ჩვენ ვგლოვობთ განსაცდელის გამო, რომელსაც დაუმსახურებლად დაექვემდებარნენ ჩვენი ძმები და დები უკრაინაში…

მოვუწოდებთ ყველა მეომარ მხარეს დიალოგისკენ, რადგან ძალადობას სხვა ალტერნატივა არ აქვს. მხოლოდ სხვისი მოსმენის უნარს შეუძლია მოგვცეს იმედი იმ უფსკრულიდან ამოსასვლელად, რომელშიც ჩვენი ქვეყნები რამდენიმე დღეში ჩააგდეს.

გააჩერეთ ომი!” – წერენ რუსი სასულიერო პირები.

ხელმომწერი სასულიერო პირები განცხადებაში ასევე წერენ, რომ „არც ერთი არაძალადობრივი მოწოდება მშვიდობისა და ომის შეწყვეტის შესახებ ძალით არ უნდა ჩაახშო და კანონის დარღვევად უნდა ჩაითვალოს, რადგან ასეთია საღვთო მცნება: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“. ასე სასულიერო პირები, სავარაუდოდ, იმ მასობრივ დაკავებებს ეხმაურებიან, რაც რუსეთში, უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე ხდება.

უკრაინაში სამი ძირითადი ქრისტიანული ეკლესიაა. უკრაინის კათოლიკური ეკლესიის გარდა, უკრაინაში მართლმადიდებელი ქრისტიანები იყოფიან ორი ეკლესიის წევრებად – უკრაინის თვითმმართველი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც 2018 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ექვემდებარება რუსეთის პატრიარქ კირილს.

27 თებერვალს, უკრაინაზე თავდასხმიდან მეოთხე დღეს, რუსეთის პატრიარქმა კირილმა ლიტურგიისას თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის ხალხებს შორის ძმური ურთიერთობის გარანტი არის ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესია, „რომელიც უკრაინაში წარმოდგენილია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარესი ონუფრის მეთაურობით“. ონუფრი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლია და რუსეთის სინოდის წევრი 2014 წლიდან.

„დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება ერთიანობა – ერთობა ჩვენს ძმებთან და დებთან უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რა რთულ ვითარებაში იმყოფება ახლა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. ღმერთმა არ ქნას, ჩვენს ახლობელ მოძმე უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარება მიემართოს იმისკენ, რომ ბოროტმა ძალებმა, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთისა და რუსული ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ, უპირატესობა მოიპოვონ,“ – თქვა კირილმა.

____________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ALEXEI NIKOLSKY

გადაბეჭდვის წესი


ასევე: