უნაყოფობის მკურნალობა ბათუმის „რეპროარტში“ რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძესთან

ბათუმის „რეპროარტი“ პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ყველა ტიპის მომსახურება, რაც წყვილის დიაგნოსტირებას და მკურნალობას ეხება, საკუთარ ქალაქში, აშშ-ში არსებული ხარისხის შესაბამისად მიიღონ.

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის „რეპროარტის“ ბათუმის ფილიალის მთავარი მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი – ზეინაბ ბერიძე კლინიკის გახსნის დღიდან, 2014 წლის 15 სექტემბრიდან, შემოუერთდა. მან სამედიცინო განათლება და გამოცდილება უცხოეთში მიიღო, რომელსაც ამჟამად საკუთარ ქალაქში უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილებს უზიარებს.

ზეინაბი ამავდროულად ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოების (ESHRE) წევრია და აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობებში რეპროდუქციული მედიცინის კუთხით.

მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • რეპროდუქტოლოგია
  • საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია
  • ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF)
  • ორსულობის დაგეგმვა ნატურალურ ციკლში
  • ორსულობის დაგეგმვა მედიკამენტოზური სტიმულაციით
  • ორსულთა მეთვალყურეობა
  • მეანობა – გინეკოლოგია

ზეინაბ ბერიძესთან ზემოთ აღნიშნული სერვისებით სარგებლობა უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტებს კლინიკა „რეპროარტის“ ბათუმის ფილიალში შეუძლიათ, სადაც ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობისთვის ის ტექნოლოგიები გამოიყენება, რომლებიც თბილისსა თუ მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ ცენტრებშია დანერგილი.

მიდგომა, რომელიც ორსულობის დაგეგმვის, მართვისა და მშობიარობის პროცესში ერთი ექიმის — მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგის მონაწილეობას გულისხმობს, ამერიკულ მოდელს ეფუძნება. მის ეფექტიანობას მსოფლიო მასშტაბით როგორც ექიმები, ისე თავად პაციენტებიც აღიარებენ. საქართველოში ამგვარ უნიკალურ პრეცედენტს კლინიკა „რეპროარტის“ ბათუმის ფილიალი და მისი მაღალკვალიფიციური პერსონალი ქმნის.

კლინიკაში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და ამერიკული სტანდარტები წყვილებს ეხმარება ორსულობა ან, საჭიროების შემთხვევაში, ინ ვიტრო განაყოფიერება, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია ადგილზე დაგეგმონ.

გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ამბულატორიული სერვისით და დამატებითი რესურსი არაფერზე დახარჯონ.

დაგეგმე ვიზიტი ბათუმის „რეპროარტში“: https://reproart.ge/caewere-vizitze/

დაუკავშირდი: +995 595 441 144

მისამართი: ვ. გორგასლის ქ. N159 

ფეისბუქში შეღავათიან სესხებს ჰპირდებოდნენ და განაცხადში ფულს იღებდნენ – პროკურატურამ 1 პირი დააკავა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საუბარია ფეისბუქში ყალბი გვერდის შექმნაზე, სადაც ადამიანებს შეღავათიან კრედიტებს ჰპირდებოდნენ, განაცხადის შევსება კი ფასიანი იყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე ყალბი გვერდი შექმნეს და პოტენციური დაზარალებულების მოტყუების მიზნით, თითქოსდა ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე ოდენობით შეღავათიანი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია განათავსეს.

დანაშაულში ჩართული პირების მითითებით, შეღავათიანი სესხის მიღებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეების თანხები, სასესხო განაცხადის რეგისტრაციის, კრედიტის სადაზღვევო და სხვა გამოგონილი მიზნებისთვის, მოტყუებით ირიცხებოდა დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით“ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ბრალდებულის სახით დააკავეს.  მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 22 400 ადამიანი
  • ტანკი – 939 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 342 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 421 ერთეული
  • MLRS – 149 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 71 ერთეული
  • თვითმფრინავი – 185 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 666 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 207
  • სპეციალური აღჭურვილობა – 31
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 141 თვითმფრინავი
  • 110 ვერტმფრენი
  • 607 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 596 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 273 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 296 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 134 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 413 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი ბრიტანეთს უკრაინის წაქეზებაში ადანაშაულებს და პროპორციული ძალით ემუქრება[/yellow_box]

„უკრაინა კვლავაც აკონტროლებს თავისი საჰაერო სივრცის უდიდეს ნაწილს. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საავიაციო ძალების განადგურება და მისი თავდაცვის შესუსტება“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე.

ამავე თემაზე:

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო ძალების განადგურება – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

„უკრაინა კვლავაც აკონტროლებს თავისი საჰაერო სივრცის უდიდეს ნაწილს. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საავიაციო ძალების განადგურება და მისი თავდაცვის შესუსტება“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე 27 აპრილის პოსტში.

უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინა განაგრძობს რუსეთის საავაციო საშუალებებისთვის საფრთხის შექმნას.

„რუსეთის ავიაცია ძირითადად ფოკუსირებულია უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთზე, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოს რუსეთის ქვეით დანაყოფებს. რუსეთს შეზღუდული აქვს წვდომა უკრაინის დასავლეთსა და ჩრდილოეთზე, რაც ამცირებს ძლიერი დარტყმების საშუალებით თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობას. რუსეთი განაგრძობს დარტყმებს უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ მარიუპოლში განხორციელებული საჰაერო თავდასხმებისას, რუსეთი სავარაუდოდ უმართავ ბომბებს იყენებს, ასეთი იარაღი კი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რისკს ზრდის.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. 26 აპრილის განახლებაში დაზვერვა იუწყებოდა, რომ მიღებული ინფორმაციით, დაეცა ქალაქი კრემენაია; უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის არმია ცდილობს ალყაში მოაქციოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კარგად გამაგრებული პოზიციები.

დადასტურდა კოვიდის 290 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 2 პაციენტი – 27 აპრილი

27 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 2 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარაში – 4, იმერეთში – 50ქვემო ქართლში – 14, შიდა ქართლში – 13გურიაში – 20სამეგრელო – ზემო სვანეთში – 18, კახეთში – 23მცხეთა-მთიანეთში -4, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 27 აპრილის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 654 665 , ბოლო 24 საათში – 290
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 636 188 , ბოლო 24 საათში – 80
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 802 , ბოლო 24 საათში – 2
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 24 676, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 687, PCR ტესტით – 1 989
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,18%, ბოლო 14 დღის – 1,14%, ბოლო 7 დღის – 1,06%
  • სულ აცრილია – 2 878 403, დღიურად აცრილია – 1 000
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 307

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 649 საიდანაც307 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოშიმათ შორისთბილისის საავადმყოფოებში – 164, აჭარაში – 11, იმერეთში – 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირიმათ შორისთბილისში – 46, აჭარაში – 5, იმერეთში – 9. 1342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე

რამდენიმე კლინიკაში ინფექციის კონტროლის კუთხით სავალალო მდგომარეობაა – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 26 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყო და აღნიშნა, რომ მონიტორინგისას საქართველოს კლინიკებში გამოიკვეთა სისტემური პრობლემები, ასევე სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო, კოვიდის პერიოდში, სრულად უზრუნველყოფდა, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე იკვეთება ისეთი შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერად ხდებოდა ფაქტობრივი ანგარიშგებების წარმოდგენა და ასევე, რამდენიმე კლინიკაში იკვეთება, რომ არის ძალიან სამწუხარო და სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით.

ზოგიერთ კლინიკაში საერთოდ მოშლილია და სახეზე გვაქვს ის სისტემური პრობლემები, რაც სამწუხაროდ კოვიდმა კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა. ამიტომ, იმ დატვირთულობის ფონზე, რაც კლინიკებს ჰქონდათ 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ რეალობამდე ვართ დღეს მისული,“ – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

ამჟამად სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლის, სხვადასხვა პროტოკოლისა და გაიდლაინების შესრულების, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების მართლზომიერებისა და ფინანსური მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებს.

აზარაშვილის თქმით, მონიტორინგი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. „ამას ექნება სისტემური სახე და ჩვენი თანამშრომლები მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე, კონკრეტულ ვადებში, ხელმეორედ მივლენ და შეამოწმებენ კლინიკებს“, – აღნიშნა მან.

ბათუმის მოუწესრიგებელი ბულვარი | ფოტო

ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის მოახლოება უკვე იგრძნობა, ხალხმრავლობაა განსაკუთრებით დღის მეორე ნახევრიდან ღამის 12 საათამდე, თუმცა აქ ერთხელ გასეირნებითაც მიხვდებით, რომ ბულვარი სეზონისთვის ჯერ მზად არ არის.

ძალიან ბევრ ადგილზე ინფრასტრუქტურა დაზიანებული, მცენარეები კი მოუვლელია. ბევრგან დაგხვდებათ ასევე დასაწყობებული სამშენებლო მასალები, ზოგან კი სარემონტო პროცესი მიმდინარეობს. ამ დრომდე გამწვანებულ ბილიკზეა დაყრილი რკინის კონსტრუქციები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ შტორმმა დააზიანა.

ბათუმის ბულვარი.
ბათუმის ბულვარი.
ბათუმის ბულვარი.

ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ რკინის კონსტრუქციების გატანა ახალი ბულვარის ტერიტორიიდან დღეს, 26 აპრილს,  დაიწყეს და ამ პროცესის ამსახველი ფოტოებიც მოგვაწოდეს. გვითხრეს ისიც, რომ ბულვარის ადმინისტრაციას წლების განმავლობაში მოზრდილი მასშტაბის საწყობი არ ჰქონდა, ამიტომაც სხვადასხვა მასალა ხშირად ამფითეატრის მიმდებარედ იყო დასაწყობებული:

„მერიამ გამონახა ჩვენთვის საწყობი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე და დღეიდან ეს პრობლემაც მოგვეხსნება.“

ბულვარის მთელ პერიმეტრზე დიდი ზომის ფილების უმეტესობა დაზიანებული, დაბზარული ან სულ დამტვრეულია. მათგან ბევრი, რომლებიც თითქოს მოწესრიგებულად გამოიყურება, მოშლილია და ყანყალებს, რაც განსაკუთრებით წვიმიან ამინდშია არაკომფორტული, ასევე წვიმის შემდეგაც, ვიდრე ფილების ქვეშ დაგროვილი წყალი კარგად არ გაშრება.

ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა საზაფხულო თეატრის ირგვლივ, შენობის ოთხივე მხარეს, მათ შორის, შესასვლელის მხრიდან, ფილები მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

საზაფხულო თეატრი
ბათუმის ბულვარი – დაზიანებული ფილები საზაფხულო თეატრის მარცხნივ
ბათუმის ბულვარი – დაზიანებული ფილები საზაფხულო თეატრის მარჯვნივ

„ფილების პრობლემა მართლაც აქტუალურია, ეს ჩვენც გვაწუხებს. თუმცა ამ ეტაპზე მის სრულ რეაბილიტაციას ვერ დავგეგმავთ, რადგან სეზონი მოახლოებულია და დამსვენებელს დისკომფორტს ვერ შევუქმნით. გარდა ამისა, სრულ რეაბილიტაციას დიდი ბიუჯეტი სჭირდება, ჩვენს კონტრაქტორებს კი მომსახურების ვადა ამოეწურათ. ამიტომ ჩვენი ძალებით ვცდილობთ დროებით შევაკეთოთ დაზიანებული ნაწილი 150 000 ლარის ფარგლებში, სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. სრულად 15 მაისისთვის უნდა დასრულდეს“, – ამბობს ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფო ლაზიშვილი.

ბულვარის ინვენტარს მოქალაქეები ხშირად ისე გადაადგილებენ, როგორც უნდათ. ნარჩენების ადგილზე დატოვებასაც არ ერიდებიან. როგორც ჩანს, ამ პროცესს არავინ აკონტროლებს, აქ იშვიათად შეხვდებით დაცვის პოლიციელს. არის შემთხვევებიც, როცა ისინი კონკრეტულ დარღვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, ე.წ. სქროლებით სასეირნო ბილიკზე გადასვლა, მცენარეების დაზიანება და ასე შემდეგ, არ/ვერ რეაგირებენ.

ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ დარღვევა ორმხრივია, როგორც „სქროლის“ მომხმარებლები, ასევე ქვეითებიც არღვევენ წესებს და ველობილიკზე გადადიან: „ვერაფერს გავხდით, დაცვის წარმომადგენელს მათი დაჯარიმების უფლება არ აქვს.“

ბათუმის ბულვარი.
ბათუმის ბულვარი.დაზიანებული სკამი ბულვარში – ბულვარის დირექტორის მ/შ – სოფო ლაზიშვილის განმარტებით, ამ ბეტონის სკამებზე ჩამონტაჟებულ ჰოლოგრამებს ხშირად აზიანებენ, ბულვარს მათი შეკვეთა ყოველ წელს უწევს.

ადგილი, სადაც „პიერ-ბათუმი“ იყო, სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ჩაუხერგავი ღია სივრცე გამვლელებსაც მოსწონთ, თუმცა ადგილი ბოლომდე მოწესრიგებული არ არის. მოუწესრიგებელია მიმდებარედ არსებული კლუბის შესასვლელიც. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს „პლაჟის მოსწორების სამუშაოებიც.“

ბათუმის ბულვარი. ამ ადგილზე „პიერ-ბათუმი“ დაანგრიეს

ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელია ე.წ. ქორწინების სახლი ბულვარის მთავარ შესასვლელში. შენობის შესასვლელთან  შადრევნის ავზში არსებული წყალი კი დაბინძურებული და დაჭაობებულია. შენობის უკანა მხარეს შუშის ნაწილზე, არც მეტი არც ნაკლები, პოლიეთილენის პარკია აფარებული. სოფო ლაზიშვილის ინფორმაციით, ეს შენობაც 14 მაისამდე უნდა მოწესრიგდეს: „მის მფლობელთან, იუსტიციის სახლთან, ამაზე გვქონდა მოლაპარაკებები.“

ბათუმის ბულვარი – ქორწინების სახლი ბათუმის ბულვარის მთავარ შესასვლელთან

ბათუმის გენგეგმის მიხედვით, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, სამომავლოდ, ე.წ. ქორწინების სახლი ბულვარის შესასვლელში დემონტაჟს ექვემდებარება.

ბათუმის ბულვარი. ქორწინების სახლის უკანა მხარე პოლიეთილენის პარკით არის დაფარული
ბათუმის ბულვარი. ქორწინების სახლის შესასვლელთან აუზში წყალი დაბინძურებული და დაჭაობებულია
ბათუმის ბულვარი. აქ წერია, რომ დურბინდის ასამუშავებლად სპეციალურ აპარატში რკინის ლარი უნდა მოათავსოთ, სხვა ინსტრუქცია არ არსებობს. გაუგებარია რამდენ წუთს მუშაობს ის. გარდა ამისა, ორი დურბინდიდან ერთი ისეა გაჭედილი, რომ მისი მობრუნება ჭირს, ხედავ მხოლოდ ერთ კადრს და ითიშება, როგორც კი მის მიბრუნებას შეეცდები
მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ბულვარში
ბათუმის ბულვარი.

რუსეთი უკრაინაში ჩეჩნეთის სცენარით მოქმედებს – ინტერვიუ ასლან მასხადოვის შვილთან

ავტორები: ანასტასია სვეტლევსკაია, დმიტრი სვიატნენკო

_____

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე ჩეჩნური ბატალიონი იბრძვის. უკრაინაში მყოფი ჩეჩნები ამბობენ, რომ მათ ყველაზე უკეთ იციან, თუ რას ნიშნავს რუსეთი და რუსული ოკუპაცია, რომელიც მათთვის ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როდესაც კრემლმა თავისუფალი იჩქერიის კონტროლქვეშ მოქცევა გადაწყვიტა.

იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის შვილმა უკრაინაში ჩაიტანა რუსი სამხედროების მიერ ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებული მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა ჰააგაში გამოიყენონ. სააგენტო „უნიანთან“ ინტერვიუში, ანზორ მასხადოვი საუბრობს ჩეჩნების ბრძოლაზე, რუსი სამხედროების ქმედებებზე, კადიროვსა და კადიროველებზე და იმაზეც, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება.

  • ანზორ, თქვენ ახლა ევროპაში ცხოვრობთ. მოგვიყევით, როგორი რეაქცია ჰქონდა ჩეჩნურ დიასპორას რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე?

მტკივნეული. ეს ძალიან ჰგავს იმას, როგორც ისინი ჩვენს რესპუბლიკაში შემოიჭრნენ. იგივე მოვლენებია, ჯარების კოლონები, ტაქტიკური რაკეტები. ჩვენც ასე გვბომბავდნენ.

ამ ომს, ამ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ხდება, როგორც ჩვენს ტკივილს, ისე აღვიქვამთ. ვისაც კი ველაპარაკე, ყველა ამბობს, რომ ღამით ვეღარ იძინებს. ადამიანები თვალს ადევნებენ ახალ ამბებს, ღელავენ.

ვფიქრობ, რაღაცნაირად, იმედიც გაჩნდა, რომ ეს პუტინის აგონიაა და მალე ამ რეჟიმის დასასრული დადგება.

ჩეჩნეთში თუ ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები, ძირითადად, არ ეთანხმებიან ამ ომს, თუმცა ეშინიათ ამის თქმა. ეშინიათ, რომ მათ სცემენ, აწამებენ, დევნას დაუწყებენ.

  • შეგვიძლია პარალელი გავავლოთ – როგორც რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და როგორც ჩეჩნეთის ომის დაიწყო?

ვიდრე ისინი მოვიდოდნენ, ჩვენს რესპუბლიკაში ნორმალურად ვცხოვრობდით, მშვიდობიანად… მათ დაიწყეს ეს ომი.

ჯოხარ დუდაევი ჩვენთვის საჭირო ლიდერი იყო და ჩვენგანაც და სხვა ერებისგანაც ძალიან დაფასებული. ყველაფერი კარგად იყო. ელცინი გამოდიოდა, რომ თითქოს, აგერ, გქონდეთ სუვერენიტეტი. დიახ, ჩვენ ნამდვილად გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. თავიდან, თითქოს დაგვანებეს თავი, მაგრამ მერე 1994-ში ომი დაიწყეს  – „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“. ჩვენთვის არ უკითხავთ. არადა, ჩვენ ხომ არანაირი პრობლემა არ გვქონია რესპუბლიკაში!

საბაბი მაშინაც იგივე იყო, რაც ახლა უკრაინაში, რომ თითქოს ნაცისტები არიან და რუსებს ავიწროებენ. ჩვენც გვადანაშაულებდნენ, რომ თითქოს რუსულ მოსახლეობის გენოციდი მოვუწყვეთ.

ყველა მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობისკენ. შედგა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრები და სამშვიდობო შეთანხმება ელცინსა და მამაჩემს შორის. ჩვენ, მაშინ, 1997 წელს, არჩევნები ჩავატარეთ უცხოელი დამკვირვებლებით. მოდიოდა რუსი ჩინოვნიკების ტელეგრამები, რომლებშიც გვილოცავდნენ გამარჯვებას ჩეჩნეთის რესპუბლიკის არჩევნებში. ყველა ოფიციალურ დოკუმენტში  ეწერა – „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“.

თუმცა შემდეგ, როგორც ვიცით, პუტინმა მოინდომა ხელისუფლებაში მოსვლა. როგორც მამაჩემი ამბობდა, ჩეჩნეთის მეორე ომი ჯერ კიდევ 1996 წელს დაიგეგმა. ჩვენი ტერიტორია ჯერ არც კი დაეტოვებინათ, რომ უკვე გეგმავდნენ მეორე ომს, რომელიც უკვე პუტინის დროს დაიწყო.

აქეთკენ მიდიოდნენ. ტერორიზმში გვადანაშაულებდნენ.

დიახ, მკვლელობისა და გატაცების ფაქტები იყო, მაგრამ ვინ იდგა ამის უკან? მე შემიძლია სახელები და გვარები დავასახელო. ეს ხალხი დღეს კადიროვთან მუშაობს. მათი ხელით ცდილობდნენ, იჩქერიისთვის ჩირქი მოეცხოთ.

ანზორ მასხადოვი. ფოტო: სააგენტო “უნიანი”
  • შეგიძლიათ შეადაროთ, როგორ იბრძოდნენ რუსები ოცი წლის წინ და როგორ იბრძვიან ახლა?

იცით, იგივეა. ჩვენთან უარესი იყო. ჩვენ ყოველგვარი დახმარების გარეშე ვიბრძოდით, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ავტომატებითა და ერ-პე-გე-ებით. თვითმფრინავისთვის რომ გვესროლა, სამაგისო არაფერი გვქონდა.

ასე შეძლო რუსეთმა ჩვენი მიწის დაპყრობა. ოკუპაციის დაწყებისთანავე აჩვენეს რუსებმა თავისი „სახე“ – ბარბაროსობა და არაადამიანობა – ვინ არიან ისინი სინამდვილეში. მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდნენ. იგივე ხდებოდა ზუსტად, რაც ბუჩაში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში.

მაგალითად, ალყაში მოაქცევდნენ სოფელ სამაშკის და ცეცხლს დაუშენდნენ. მერე, როგორც ფილმებშია, ფაშისტები რომ მოდიან – ესვრიან, წვავენ… ეს სურათია – ოღონდ რუსებით. „შმელიდან“ ესროდნენ სახლებს. თუ შიგნიდან ხმას გაიგებდნენ, ყუმბარას შეაგდებდნენ. იქ კი მოსახლეობა იყო.

ნამდვილი ფაშისტებივით იქცევიან.

რუსები საკუთარი უსუსურობის გამო აკეთებენ ამას. როდესაც კარგად შევუტევდით და სერიოზულ ზიანს მივაყენებდით, ეგრევე ხალხზე იყრიდნენ ხოლმე ჯავრს. როდესაც გროზნოს იღებდნენ, თავიდან ქვეითი ჯარი წამოვიდა, შინაგანი ჯარები და ომონი… მაგრამ რაღაც მომენტში, უკვე ყველას ბომბავდნენ, განურჩევლად, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ ჩეჩნები არ ცხოვრობდნენ, არამედ რუსები, უკრაინელები, სომხები, ებრაელები.

  • 1997 წელს ბორის ელცინმა და მამათქვენმა, ასლან მასხადოვმა, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. როგორც თქვენ ახსენეთ, ამის მერე მაინც დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელიც რუსებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. უკრაინაში, საომარი მოქმედებების პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის. უნდა მოაწეროს უკრაინამ ხელი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას?

ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენ მაშინ კოლოსალური დანაკარგები გვქონდა. ძალიან რთული იყო ბარბაროსების ასეთ არმიასთან ბრძოლა, ფაქტობრივად, უიარაღოდ. ჩვენს ინტერესებში შედიოდა, როგორმე, ერთი დღით მაინც შეგვეჩერებინა ომი. ისინი ხომ მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გეტყვით – რუსების ნდობა არ ღირს. არ დაუჯეროთ. მე, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ მშვიდობა დადგება რაც შეიძლება მალე, მაგრამ იმაზეც საფიქრალია, კიდევ რა აქვთ მომზადებული? კიდევ რას მოიფიქრებენ ერთი ან ხუთი წლის მერე, თუკი ამოსუნთქვას შეძლებენ?

ჩვენ, ჩეჩნები, ასე ვამბობთ – რუსი აზრს დღეში ცხრაჯერ იცვლის. დღეს დათანხმდება და ერთ საათში გადაიფიქრებს.

ასლან მასხადოვი და ბორის ელცინი, 1997 წელი.
  • რამდენიმე ჩეჩნური ბატალიონი ეხმარება უკრაინელებს ოკუპანტებთან ბრძოლაში. ესაა ჯოხარ დუდაევის სახელობის სამშვიდობო ბატალიონი, რომელიც ილოვაისკთან და დებალცევოსთან ბრძოლებში მონაწილეობდა; ასევე, შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი, რომელიც 2014-2015 წლებში შიროკინოსთვის იბრძოდა და შემდეგ, უკვე წელს – კიევისთვის. თუ გაქვთ ურთიერთობა ამ მებრძოლებთან და თუ ეხმარებით მათ?

დიახ, მე უკვე 16 წელია ნორვეგიაში ვცხოვრობ და რა თქმა უნდა, ვაგროვებთ ნივთებს და ბევრ რამეს, რისი გადაცემაც შეგვიძლია. ესაა ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები, თბილი ტანსაცმელი, მედიკამენტები. არამხოლოდ ჩვენი ბატალიონისთვის, სხვა უკრაინელი სამხედროებისთვისაც. ძალიან კარგია, რომ ჩვენი ძმები აქ არიან, უკრაინაში. კარგია, რომ ისინი პუტინის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან.

  • პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, განაცხადა, რომ კიევთან დაახლოებით ათი ათასამდე კადიროველი იმყოფებოდა. როგორ აფასებთ ამ რიცხვს?

თუ კადიროველებმა თქვეს ეს ათი ათასი, მათ ყველაფრის თქმა შეუძლიათ და მათი არ მჯერა. თუ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ასეთი მონაცემი, მაშინ მჯერა ამის, თუმცა არ მგონია, რომ კადიროვს შეუძლია ამდენი სამხედროს გამოგზავნა.

ჩემი გათვლებით, ალბათ, რამდენიმე ასეული მონაწილეობს ამ ომში. როგორც ვიცი, ისინი ელიტური ნაწილებიდან არ არიან. ვიცი ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ჩეჩნეთის მცხოვრებლებს უკრაინაში წასვლას აიძულებდნენ. დედები ტიროდნენ და ვერ აჩერებდნენ შვილებს. ვიღაც ზეწოლის გამო მიდის, ვიღაც ფულის გამო.

ჩვენც ვცდილობთ მათ გავაგებინოთ – „სად მიდიხართ?“ „სად ეტენებით?“ – რუს ოკუპანტებს აქაც იგივე დაემართებათ, რაც გროზნოში. მაგალითად, შევიდნენ გროზნოში და მთელი ტანკი დაიწვა. აი, რა ელოდებათ მათ უკრაინაში.

  • სხვათა შორის, უკრაინელები დასცინიან კადიროვის სამხედრო დანაყოფებს, „ტიკ-ტოკის ჯარებს“ უწოდებენ. რატომ აჩვენეს მათ თავი ასე უკრაინაში?

ისე წარმოაჩინეს ისინი, როგორც რაღაც ელიტური ნაწილები, თითქოს, მათ რამე შეუძლიათ, მაგრამ არა, მათ არაფერი შეუძლიათ. მე მათ პირდაპირ ვუწოდებ ლაჩრებს. ისინი გაწვრთნეს, რომ მხეცებივით მოექცნენ საკუთარ მოსახლეობას. თუკი გამოჩნდება ვინმე კრიტიკოსი, რომელიც იჩქერიის თემაზე აქტიურობას დაიწყებს, რას აკეთებენ ისინი? იჭერენ მის ნათესავებს, სცემენ, კლავენ. ზეწოლის მეთოდებს იყენებენ.

ამ ომში კი, რამდენადაც ვიცი, ისინი ზურგში არიან. იღებენ ვიდეორგოლებს, როგორ ებრძვიან შუქნიშანს და ასეთი რამეები. ამიტომაც ეძახიან მათ „ტიკ-ტოკერებს“.

  • რამზან კადიროვმა არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინაში იმყოფება. მერე ის, მისივე თქმით, თითქოს გოსტომელშია, მერე უცებ – მარიუპოლში. ამასთან, აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც ის რუსულ ბენზინგასამართ სადგურზე ლოცულობს. როგორ ახასიათებს იჩქერიის ტრადიციები ასეთ კაცს, რომელიც ცრუობს, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს? როგორ აფასებენ მის საქციელს ჩეჩნები?  

ჩვენ მას ისე ვუყურებთ, როგორც კლოუნს. როგორც თქვენ თქვით, ასეთი ბენზინგასამართი სადგურები უკრაინაში არ არსებობს. ეს კაცი წავიდა როსტოვის ოლქში, სადაც სხვა ჯარებიც არიან. იქ ჩავიდა მხოლოდ.

დარწმუნებული ვარ, კადიროვი ვერ გაბედავს წავიდეს უკრაინაში, იქ, სადაც ნამდვილი ომია. სადაც ისვრიან და სადაც მართლა საშიშია, იქ კადიროვს მისი გარემოცვა არ გაუშვებს. მათ მისი დაკარგვა არ უნდათ, რადგან სჭირდებათ. მეორე მისნაირის მოძებნა ძალიან გაუჭირდებათ, ისეთის, ვინც ყველაფერზე წამსვლელია.

რამზან კადიროვი ბენზინგასამართ სადგურზე, ფოტო სოციალური მედიიდან.

 

  • „ახმადი – ძალა“  – რას ფიქრობთ კადიროველების ამ ფრაზის კულტზე, როგორ უყურებენ ამ ლოზუნგს ჩეჩნები?

ისევ და ისევ სასაცილოა. ჩვენ მუსლიმები ვართ და თუკი ნებისმიერ ნორმალურ ჩეჩენს ჰკითხავთ, ის ამას არ დაეთანხმება. რა ძალა? ძალა ღმერთია, სხვა ძალა არ არსებობს. ეს რაღაც ცირკია და მეტი არაფერი. ასეთია მისადმი დამოკიდებულება.

არც კი დაველაპარაკებოდი მე მას.

  • მართალია, რომ კადიროვმა ცუდად იცის ჩეჩნური ენა?  

დიახ. როცა ჩეჩნურად ლაპარაკობს, ზოგჯერ არც კი მესმის, რას ამბობს. მეჩვენება, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ფსიქიკურად დაავადებულია. საკუთარ აზრის ჩამოყალიბება უჭირს, ან უბრალოდ არ შეუძლია.

ჩეჩნებში ჩვენ ვამბობთ, რომ ის ჩეჩენი არაა. ჭეშმარიტი ჩეჩენი საკუთარ ერს სახალხოდ არ დაამცირებს. ჩვენთვის ეს შეურაცხყოფაა, რომ ზოგიერთი ჩეჩენი აქ ჩამოდის და უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. რა დაგვიშავა უკრაინამ? როგორ შეიძლება, ჩეჩენმა თავს უფლება მისცეს და მტრის მხარე დაიჭიროს, მტრის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვკლავდა, იძულებით გვასახლებდა ციმბირსა და ყაზახეთში?!

როგორ შეიძლება, რომ ასეთი მტრის სამსახურში ჩადგე?!

  • ცოტა ხნის წინ, კადიროვმა პუტინის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გააკრიტიკა. როგორ ფიქრობთ, რუსეთის ფედერაციაში უშვებენ იმას, რომ კადროვი შეიძლება პუტინის წინააღმდეგ წავიდეს, თუკი რუსეთის ხელისუფლებაში რყევები დაიწყება?  

პუტინის წინააღმდეგ ის ვერასდროს წავა. სხვების წინააღმდეგ – კი. მან შეიძლება რაღაც თქვას და პუტინი ამას აპატიებს, რადგან დღეს სჭირდება კადიროვი. აი, ასე რომ გაუშვას უკრაინაში ან სირიაში. ეს მეტია, ვიდრე პუტინისა და კადიროვის მეგობრობა.

  • უშვებთ, რომ თუკი კადიროვი ერთ დღეს აღარ იქნება პუტინისთვის სასარგებლო, უფრო გაკადნიერდება ან უმართავი გახდება, რუსებმა მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტონ?

ვუშვებ. ეს შესაძლებელია და ამის მჯერა. შეიძლება, ის დღესაც კი მოიშორონ. კადიროვმა ბევრი იცის. მამამისიც რუსებმა მოკლეს. ჩვენს წინააღმდეგობას არ მოუკლავს უფროსი კადიროვი.

  • და პუტინის სიკვდილის შემთხვევაში? გაუჩნდება კადიროვს შანსი, რომ რუსეთის მეთაური გახდეს?

ამის არ მჯერა. არ მგონია, ასეთი გეგმები არსებობდეს. ვფიქრობ, მათ უკვე აქვთ გეგმა, ვინ უნდა მოვიდეს, თუკი პუტინი აღარ იქნება. ვფიქრობ, ყველაფერი უკვე გაწერილია. თუმცა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ აღარაა პუტინი და აი, მაშინ კლავენ კადიროვს.

  • მოგვიყევით, რა მიზნით ჩამოხვედით უკრაინაში და თუ აპირებთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას?

ტურისტად არ ჩამოვსულვარ. უკრაინაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, კიევშიც და სხვა ქალაქებშიც. ჩამოვედი, რადგან აქ ომია. ალბათ, მინდოდა, რაც შემეძლო გამეკეთებინა უკრაინისთვის.

დიახ, ვისურვებდი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას, ასევე სხვა ადამიანებთანაც უკრაინაში, რომ რაიმე სარგებელი მოვუტანო უკრაინას ჩვენი მხრიდან, ჩეჩნების მხრიდან, რომ გავაკეთო, რაც შემიძლია თქვენთვის და ჩვენთვის, ყველასთვის.

ჩვენ მოვიტანეთ თითქმის სრული ანგარიში (ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის გენერალური პროკურატურის) ჩეჩნეთში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

ანზორ მასხადოვის თქმით, მან უკრაინაში რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებები ჩაიტანა. ფოტო: სააგენტო “უნიანი”
  • შესაძლებელია ამ ინფორმაციის, როგორც დამატებითი მტკიცებულებების გამოყენება ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ?

დიახ, შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს ვიდეომასალებიც. ერთობლივი მუშაობაც შეგვიძლია. ეს არის გენერალური პროკურატურის მიერ პრეზიდენტისთვის 2002 წელს წარდგენილი ანგარიში.

ჩვენ, ჩეჩნებსა და უკრაინელებს, შეგვიძლია ერთად წარმოვადგინოთ იმის მტკიცებულებები, თუ რას სჩადიოდნენ რუსი ოკუპანტები. დოკუმენტებში დასახელებულია რუსი სამხედროები, კონკრეტული დანაშაულები, თარიღები, დანაშაულის ადგილი და ა.შ.

  • თქვენ უშვებთ, რომ უკრაინა ლეგიტიმურად აღიარებს იჩქერიის დევნილ მთავრობას და არა რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩეჩნეთის, კადიროვის, ხელისუფლებას?

აღიარებას რაც შეეხება კარგია, რომ ადამიანებმა დღეს მსოფლიოში უკვე იციან, ვინაა სინამდვილეში ტერორისტი და რომ იჩქერია არაა დამნაშავე ომის დაწყებაში. ჩვენც გვინდოდა მშვიდობა ჩვენს მიწაზე! ჩვენ ვთავაზობდით მშვიდობას, მაგრამ მამაჩემი სწორედ მაშინ მოკლეს, როდესაც მან ომი შეაჩერა. წარმოიდგინეთ, რუსეთი ასეთ სულმდაბლობაზე მიდის, რომ კლავს ჩვენს პრეზიდენტს მაშინ, როდესაც ის მშვიდობას აცხადებს.

კარგი იქნება, თუ ასეთ აღიარებას მივიღებთ უკრაინისგან. ეს ჩეჩნებს ყველა თვალსაზრისით დაგვეხმარებოდა.

  • ვინ შეძლებდა დღეს იჩქერიის პრეზიდენტი გახდეს?

ეს უკვე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ლიდერი. მე ხალხის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. ადამიანი იმედოვნებს. ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ხალხი უნდა ირჩევდეს თავის პრეზიდენტს.

სხვათა შორის, ჩვენი ყველა პრეზიდენტი რუსეთმა მოკლა, ომის ან ოკუპაციის დროს.

  • რუსები თქვენც გდევნიდნენ, მაშინაც, როცა უკვე ევროპაში ცხოვრობდით. კვლავაც გრძელდება ეს?

დღემდე. მუქარები, ზეწოლა. თუნდაც მაგომედ დაუდოვის სიტყვები. ის კადიროვის კაბინეტში ამბობდა, რომ ანზორი უნდა შეაჩერონ. შეაჩერონ ჩემი აქტივობა, ყველა შესაძლო მეთოდით. მან ასე თქვა, – „ჩვენ ვიცით, სად არიან დედამისი და მისი და“.

ახლახან, ნორვეგიაში იპოვეს ადამიანი, რომელიც მზადაა, ფულის სანაცვლოდ მომკლას. აი, ასეთი ვითარებაა. ერთი სიტყვით, მე მათ ძალიან ვუშლი ხელს.

  • საკმარისი ძალა აქვს დღეს ოპოზიციას ჩეჩნეთში რევოლუციის მოსაწყობად?

მე მიმაჩნია, რომ საკმარისი. რა აკლიათ? მწარე გამოცდილება, რომ ჩვენ ყოველგვარი დახმარების გარეშე ვიბრძოდით. მადლობას ვწირავ უფალს და დღევანდელ დროებას, რომ ადამიანებმა, ბოლოს და ბოლოს გაიგეს, ვინაა სინამდვილეში ტერორისტი და საშიში ადამიანი. პუტინს ვგულისხმობ.

მთავარი ფოტო: ანზორ მასხადოვი, სააგენტო “უნიანი”

თარგმნა: თამარ რუხაძე

____

ამავე თემაზე:

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს იწყებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

„ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი,  პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები“, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.

მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო.

8 თუ 9 მაისი – როდის უნდა აღვნიშნოთ ნაციზმის დამარცხება?

2022 წლის 8 მაისს ევროპა 77-ედ იზეიმებს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და ნაციზმის დამარცხებას. ერთი დღის შემდეგ, 9 მაისს, საქართველო რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად აღნიშნავს ნაციზმზე გამარჯვებას.

მოქალაქეთა ჯგუფი პეტიციით ითხოვს საქართველოს მთავრობამ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების თარიღი 9 მაისის ნაცვლად 8 მაისით შეცვალოს. ხელისუფლება დუმს.

„ბათუმელები“ ორ ისტორიკოსს ესაუბრა. ორივე ამბობს, რომ საქართველომ ევროპის მსგავსად ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისი უნდა გამოაცხადოს, რადგან ისტორიულად ეს თარიღია სწორი. თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა დროში, როდის უნდა შეიცვალოს თარიღი.

  • ისტორიული ფაქტი – როდის მოაწერა ხელი გერმანიამ კაპიტულაციაზე

1945 წლის 7 მაისს, ქალაქ რეიმსში, გერმანიამ, რომელსაც წარმოადგენდა ვერმახტის გენერალი ალფრედ იოდლი, ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას. დოკუმენტი ძალაში მეორე დღეს, 8 მაისს შევიდა.

საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იოსებ სტალინს სურდა ხაზი გაესვა ნაციზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლზე. ამიტომ, 8 მაისს, ბერლინში, საბჭოთა კავშირის შტაბ-ბინაში, 7 მაისს გაფორმებული კაპიტულაციის იდენტურ დოკუმენტს კიდევ ერთხელ მოეწერა ხელი.

1945 წლის 7 მაისი, გენერალი ალფრედ იოდლი ხელს აწერს უსიტყვო კაპიტულაციას. ფოტო: ვიკიპედია

გერმანიის მხრიდან უსიტყვო კაპიტულაციას ხელი ვერმახტის (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელწოდება 1935-1945 წლებში) გენერალ-ფელდმარშალმა, ვილჰემ კაიტელმა მოაწერა საბჭოთა კავშირის წინაშე. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით მეორე მსოფლიო ომში გერმანიის შეიარაღებული ძალების მოქმედება ოფიციალურად შეწყდა, 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე.

მოსკოვის დროით საბჭოთა კავშირში უკვე 9 მაისი იყო.

ვილჰემ კაიტელი ხელს აწერს უსიტყვო კაპიტულაციას. ფოტო: ვიკიპედია

მოკავშირეები – აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და ახლა უკვე უკრაინაც, ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები – რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო კი – 9 მაისს.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ რადგანაც ქართული სახელმწიფოს იდენტობა დასავლურია, სწორია ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნოს 8 მაისს.

  • რას ითხოვენ საქართველოს მოქალაქეები პეტიციებით

18 აპრილს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გაავრცელა პეტიცია, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღმნიშვნელი დღის შეცვლას ითხოვენ. პეტიციას 25 აპრილის მდგომარეობით 607 ხელმომწერი ჰყავს.

„რადგან რუსეთი ისტორიას და თარიღებს იყენებს ე.წ. „რუსული მსოფლიოს“ იდეოლოგიურ ინსტრუმენტად, მნიშვნელოვანია მკაცრად განვსაზღვროთ ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიციაზეა საქართველო, რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს.

საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს,“ – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

მსგავსი პეტიცია შეიქმნა 2019 წელსაც. პეტიციის ავტორები ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ითხოვდნენ თარიღის ცვლილებას.

  • რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა 9 მაისს საბჭოთა კავშირისთვის და აქვს – მისი მემკვიდრე, რუსეთისთვის

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან პირველი ოცი წელი, სანამ ტრავმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, გამარჯვების დღის აღნიშვნა პომპეზურად არ ხდებოდა.

ირაკლი ხვადაგიანი

ცივი ომის პერიოდში, 1965 წლიდან, ბრეჟნევის გადაწყვეტილებით 9 მაისი გამოცხადდა არასამუშაო დღედ და „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ აღნიშვნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ ყველა რესპუბლიკაში ზარ-ზეიმით დაიწყეს.

„1965 წლიდან ეს თარიღი უფრო და უფრო ჩნდება აგიტაცია-პროპაგანდის მთავარ იარაღად. ეს დღემდე ინერციით გრძელდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა ამ დღის აღნიშვნა 9 მაისს და არა 8 მაისს, მაშინ როცა დასავლეთი და მთელი მსოფლიო ევროპაში გამარჯვებას ზეიმობს ამ დღეს“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ 9 მაისი იყო საბჭოთა სახელმწიფოს იდენტობის სიმბოლო, როგორც თარიღი და დღეს არის პუტინის რუსეთის იდენტობის სიმბოლო.

„9 მაისი არის დღე, როცა იმპერიულ დიდებას წარმოაჩენდა საბჭოთა სახელმწიფო და დღეს იმავეს ცდილობს რუსეთის დღევანდელი იმპერია, როდესაც ატარებს აღლუმებს. პატიჟებს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს და აჩვენებს სამხედრო ძლიერებას.

დანარჩენი ცივილიზებული სამყარო ამ თარიღს აღნიშნავს 8 მაისს. და ჩვენ რა გვინდა? ვიყოთ საბჭოთა და შემდეგ პუტინის რუსეთის იდენტობის სიმბოლოს ნაწილი, თუ გვინდა, რომ ვიყოთ დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი? ძალიან მარტივია არჩევანი“.

  • აზრთა სხვადასხვაობა ისტორიკოსებში

ისტორიკოსი ბექა კობახიძე 2019 წელს შედგენილი პეტიციის ავტორთაგან ერთ-ერთია. სამი წლის შემდეგ მას განსხვავებული პოზიცია აქვს. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სახელმწიფოს იდენტობა არის დასავლური და ქვეყანა მიისწრაფვის დასავლეთისკენ, მართებული იქნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნოს 8 მაისს, მაგრამ სანამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ცოცხლები არიან, ეს თარიღი არ უნდა შეიცვალოს.

ბექა კობახიძე

„სწორია ასე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომის ვეტერანები, უკვე 77 წელია ამ დღეს აღნიშნავენ 9 მაისს. ჩვენ მათ ვერ ავუხსნით, იცით, რისთვისაც თქვენ იბრძოლეთ და ამდენი წელი აღნიშნავდით, ეს არის არასწორი თარიღი და სწორია 8 მაისი. ამას ვერ ავუხსნით 90 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის, ყველაზე ღირებული ამ თარიღში უნდა იყოს არა პოლიტიკა, არამედ ადამიანები.

მანამდე სანამ ერთი ომის ვეტერანი მაინც არის ცოცხალი, ვფიქრობ, რომ ეს დღე მაინც 9 მაისს უნდა აღვნიშნოთ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, მაგრამ მომავალში, ეს თარიღი უნდა შეიცვალოს და გადმოვიდეს 8 მაისს. მაგრამ არა მათ სიცოცხლეში,“ – ამბობს ბექა კობახიძე.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი კი ფიქრობს, რომ აღარ ღირს თარიღის ცვლილების გადადება.

„ცოტა ცივად და უხეშად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ იგივე ვეტერანების ნაწილს რომ ჰკითხოთ, ალბათ საბჭოთა კონსტიტუციის აღდგენასაც დაუჭერენ მხარს. მოლოტოვ- რიბენტროპის პაქტის არსებობასაც კი უარყოფენ. რასაც ვეტერანი ფიქრობს, ის დიდად არ უნდა იყოს სახელმძღვანელო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების დროს.

საზოგადოებასაც უნდა ესმოდეს, რომ მიუხედავად მათი დამსახურებისა, მათი საბრძოლო ღვაწლისა, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ინდულგენციაა, რითაც მათ შეუძლიათ განუსაზღვრონ მთელ საზოგადოებას რაღაც. მესმის, რომ ემოციურად ეს შეიძლება არ იყოს მისაღები ზოგიერთი მათგანისთვის,“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

  • უკრაინის რადა ნაციზმზე გამარჯვების დღის შეცვლას აპირებს

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. 19 აპრილს უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც საუბარია 9 მაისის ნაცვლად 8 მაისის აღნიშვნაზე, როგორც ნაციზმზე გამარჯვების დღეზე.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს უკვე ჰქონდა მსგავსი მომენტი, როცა თარიღის ცვლილება ნაკლებ მტკივნეული და გასაგები იქნებოდა ომის ვეტერანებისთვისაც, თუმცა მაშინ მმართველმა ძალამ პოლიტიკური ნება ვერ გამოიჩინა.

„უკრაინაში დღეს მიმდინარეობს ომი. ამ ვითარებაში, როცა მთელი ქვეყანა იბომბება და ეს შეეხო მათ შორის, ომის ვეტერანებსაც [იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ამ ომში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიც დაიღუპნენ], მე ვფიქრობ, რომ ომის ვეტერანებისთვისაც სიღრმისეულად გასაგებია ის ამბავი, რომ 9 მაისს რომ პუტინი აღნიშნავს წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, იმავე დღეს არ უნდა აღინიშნებოდეს ეს დღე კიევში.

საქართველოს წლების მანძილზე არ უწარმოებია საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი სამუშაო, რაც უმტკივნეულოს გახდიდა ამ თარიღის ცვლილებას და გასაგებს გახდიდა, მათ შორის, ომის ვეტერანებისთვისაც.

სამწუხაროდ, „საგანმანათლებლო როლი“ უკრაინაში ითამაშა რუსულმა რაკეტებმა. თუ ჩვენ გვინდოდა ამის გაკეთება, თარიღის ცვლილება, ამისი დრო იყო 2008 წლის შემდეგ, 2009 წლის 8 მაისიდანვე, უნდა გაგვეკეთებინა ეს და ამას წინ უნდა წასძღოლოდა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი სამუშაო. მაგრამ ახლა რომ ჩვენ პარლამენტის ერთი გადაწყვეტილებით ტექნიკურად შევცვალოთ ეს და დავაწესოთ 8 მაისი, მე მკითხველსაც დავუსვამ ამ კითხვას – რამდენად გასაგები იქნება ეს ომის ვეტერანებისათვის?!

მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ეს გასაგები“.

ისტორიკოსი თვლის, რომ თარიღის შეცვლას წინ უნდა უძღოდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ამ ტიპის ცვლილების განსახორციელებლად. მათ შორის, ცვლილება უნდა შევიდეს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში.

მთავარი ფოტო: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ბათუმში, გმირთა ხეივანში. 9 მაისი, 2016 წელი

რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში

პარლამენტმა დღეს, 26 აპრილს, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბათუმში პარკირების წესებს არეგულირებს.

საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 3 პრიმა მუხლს, რაც ითვალისწინებს „ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას“. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პარკირების შესახებ სამართალდარღვევებზე ბათუმში კომპეტენტურ ორგანოებს ფოტოს და ვიდეოს გადაღების უფლება ექნებათ.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რესან კონცელიძე, ზაალ მიქელაძე და ანზორ ბოლქვაძე.

„კანონპროექტის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს უარყოფით გავლენა იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ შესაბამისი ჯარიმების გადახდა, რადგან ვიდეო ან ფოტოფირზე სამართალდარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიზარდოს შესაბამისი სამართალდარღვევების გამოვლენა, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე პრიმა 3 მუხლშია გათვალისწინებული,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ გაიზრდება პარკირებაზე სამართალდარღვევების გამოვლენის მაჩვენებელი:

„აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს სამართალდარღვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიხედვით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა, მეტიც, უცვლელი რჩება დღეს მოქმედ რედაქციაში არსებული
ჯარიმების ოდენობები შესაბამისი სამართალდარღვევებისათვის, რაც თავის მხრივ განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე პრიმა 3 მუხლში,“ – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადაც იზრდება – თუ აქამდე მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეიძლებოდა მოეთხოვათ დამრღვევისთვის ჯარიმის გადახდა, ახლა ეს ვადა ერთ წლამდე გაიზარდა.

ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ბათუმის მერიამ უნდა დაამტკიცოს წესი, თუ როგორ გამოქვეყნდეს ვიდეო, ან ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი.

დეპუტატები აჭარიდან ამ ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით შემოსავალსაც ელიან:

„კანონპროექტის ამოქმედების შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავლები აღირიცხება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, რადგან ვიდეო ან ფოტოფირზე სამართალდარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებელია გაიზარდოს შესაბამისი სამართალდარღვევების გამოვლენა, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125ე- პრიმა 3 მუხლშია გათვალისწინებული,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მას შემდეგ, რაც კანონის პროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს, ის გამოქვეყნდება. ცვლილებას ძალა სწორედ მისი გამოქვეყნებისთანავე მიეცემა.

„ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“ – რა სამუშაოს ასრულებს მერიაში დასაქმებული სოცდაუცველი

„ძირითადად ხელმძღვანელი რასაც მავალებს, იმას ვაკეთებ: უფრო ფოტოებს ვუღებ სკვერებს და მოედნებს, ხეებს, ტროტუარის ფილებს, რამე თუ იქნება დაზიანებული, ეს უნდა დავაფიქსირო. გავდივარ ძირითადად ქუჩებში, ესაა ჩემი საქმე,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები რუსუდან ტარიელაძე, ის სოციალურად დაუცველია და უკვე ერთი თვეა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს.

რუსუდან ტარიელაძე სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დასაქმდა. მისი ხელფასი 300 ლარია, თუმცა დასაქმებული ამბობს, რომ ხელფასი ჯერ არ აუღია და არც შრომითი ხელშეკრულება გაფორმებიათ მისთვის. ჩვენს კითხვაზე, რა არის მისი ვალდებულება სამსახურში, გვიყვება:

„ამას წინათ ძლიერი ქარი რომ იყო, ხეები დაზიანდა, ფოტოები გადავიღე… მერე ჩემმა უფროსმა გადაუგზავნა შესაბამის სამსახურებს და მოვიდნენ მალე. იმედია, სხვა პრობლემებსაც მიხედავენ.. ხელს მიწყობს ყველა, ორი შვილი მყავს და მარტო ვზრდი, ბიჭი უკვე 11 წლისაა, გოგო 10 წლის. მეუღლეს დავშორდი, 2015 წლიდან „ოცნების ქალაქში“ ვცხოვრობ და თავშესაფარს ველი,“ – აღნიშნა რუსუდან ტარიელაძემ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებისთვის“ დასაქმების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარაში, სოციალურად დაუცველი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურთ დასაქმება, 15 აპრილის მონაცემებით, 2 600-მდე ვაკანსიაა. სულ გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება.

რა შეცვალა სამსახურმა სოციალურად დაუცველის ცხოვრებაში და სცადა თუ არა აქამდე დასაქმება მან კერძო სექტორში? – ვკითხეთ რუსუდან ტარიელაძეს.

„მადლიერი ვარ. 300 ლარი დღეს აღარაფერია, ისე გაძვირდა ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის მაინც დიდი მიღწევაა, დამატებით სოციალურ შემწეობას, ჯამში 350 ლარს ვიღებთ თვეში.

მანამდე, 2019 წელს, „დაცვის პოლიციაში“ ვმუშაობდი, რკინიგზაში, 420 ლარი მქონდა ხელფასი და მაშინ სოციალური მომიხსნეს. სამსახურიდან წამოსვლა ვარჩიე, რადგან დრო აღარ მრჩებოდა არაფრის… მანამდეც სიგარეტებზე ვმუშაობდი საზღვარზე, მაგრამ ბავშვების დატოვება იყო პრობლემა, ჩემს ყოფილ მეუღლეს ვუტოვებდი ბავშვებს და ახლაც მას ვუტოვებ, მაგრამ გოგო ხშირად უჩემოდ ტირის.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ჭვანის საჯარო სკოლა ფრიადზე დავასრულე, უმაღლესშიც ჩავაბარე, მაგრამ მერე ბევრი გაჭირვება გამოვიარე: სტუდენტობის დროს დარჩენის პრობლემა მქონდა, 19 წლისა დავოჯახდი, ტრანსპორტირებაც პრობლემა იყო, ჭამა გინდა სტუდენტს, მე სწავლის შეწყვეტა ვარჩიე,“ – გვიყვება რუსუდან ტარიელაძე. ის 33 წლისაა და ამბობს, რომ თურქული ენის შესწავლას როცა დაასრულებს, კომპიუტერულ პროგრამებსაც ისწავლის და უფრო მაღალშემოსავლიან სამსახურსაც იპოვის.

„კომპიუტერების სწავლა გასული წლის შემოდგომაზე დავიწყე კიდეც,“ – დასაქმების კიდევ ერთი მცდელობის შესახებ გვიყვება სოციალურად დაუცველი ქალი. – „მიმიღეს განათლების ფონდში უფასოდ, მაგრამ მასწავლებელი დავალებას გვაძლევდა, მე ნოუთბუქი არ მქონდა, დავალება როგორ გამეკეთებია? ფურცლით და პასტით ხომ არ შევასრულებდი დავალებას? ორ თუ სამ გაკვეთილს დავესწარი და წამოვედი…

მერე თურქულის შესწავლა დავიწყე. ორი დონე გავიარე უკვე, ვწერ და წაკითხვაც შემიძლია. მაისში გამოცდებია და ვნახოთ.

კარგია ეს პროგრამა, მაგრამ ალბათ ჯობია ხელობა გვასწავლონ, ვინც სოციალურად დაუცველია და მცირე ბიზნესი შევძლოთ. ასე ჩვენი შემოსავალიც გაიზრდება და საშემოსავლოსაც გადავიხდით, ისე არაფერი გვინდა,“ – დასძინა რუსუდან ტარიელაძემ.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პრესცენტრის ინფორმაციით, ყველა სოცდაუცველთან და, მათ შორის, რუსუდან ტარიელაძესთან ხელშეკრულება გაფორმებულია, მაგრამ მას პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ვერ გაგვაცნობენ. აქ ასევე ვერ გაგვაცნეს, რა ვალდებულებით აიყვანეს სოციალურად დაუცველები საჯარო სამსახურში.

რაც შეეხება ხელფასს – სააგენტოში განმარტეს, რომ ხელფასს სოცდაუცველებს დასაქმების სააგენტო უხდის. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში კი, ინფორმაციის მოწოდებას ხვალისთვის დაგვპირდნენ. ამავე სააგენტოში ვიკითხეთ, პროგრამის ფარგლებში თუ ასაქმებს კერძო სექტორი სოციალურად დაუცველებს ან რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში სოცდაუცველების დასაქმების ხელშესაწყობად? სააგენტოს პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

16 აპრილის მონაცემებით, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, ჯამში წარმოდგენილია 2 600-მდე ვაკანსია.

  • ბათუმის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია 1200-მდე ვაკანსია;
  • ქედის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე – 110-მდე ვაკანსია;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 350-მდე ვაკანსია;
  • შუახევის მუნიციპალიტეტში – 300-მდე ვაკანსია;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 100-მდე ვაკანსია;
  • ხულოს მუნიციპალიტეტში – 500-მდე ვაკანსია

____

ამავე თემაზე:

 

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი – რას ცვლის უკრაინის ომი სამხრეთ კავკასიაში

რა შეიცვლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის უკრაინის ომის დასრულების შემდეგ? რის მიღწევას ცდილობენ ეს ქვეყნები? რამდენად ემუქრება სომხეთს ახალი ომის საფრთხე? რატომ შეიძლება დაკარგოს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი? რა გეგმები აქვს აზერბაიჯანს და რამდენად რეალურია რუსეთის იმდენად დასუსტება, რომ თუნდაც უახლესი ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდა საკითხებში ჩარევის უნარი აღარ ჰქონდეს? ამ კითხვებზე პასუხებისთვის „ბათუმელებმა“  კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძეს ესაუბრა.

„ბათუმელებმა“ კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძესთან ინტერვიუ ლონდონში ჩაწერა. ის ამჟამად ბერმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტია.

  • ბატონო ალექსანდრე, რას ალაგებენ ალიევი და ფაშინიანი რუსეთთან, როგორ ფიქრობთ, სუსტდება თუ არა რუსეთის გავლენები კავკასიაში?

უკრაინის ომმა გამოაჩინა რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური შესაძლებლობები და ეს არა მარტო გლობალურად დაინახეს და გადააფასეს, არამედ კავკასიის რეგიონშიც დაიწყო რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების გადაფასება.

ვინაიდან სომხეთი არის კუხოს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი, მას ასევე ეგონა, რომ სანამ არსებობს რუსეთი, ვერც აზერბაიჯანი და მით უმეტეს, ვერც თურქეთი, ვერ გაბედავდნენ სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციას.

ასევე, აზერბაიჯანიც მიხვდა იმას, რომ რუსეთი ვერ შეძლებს მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის წარმოებას. როგორც ჩანს, ამაში აქამდე არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, სწორედ ამიტომ მოაწერა ხელი „სამშვიდობო შეთანხმებას“ სომხეთთან, მისი აზრით,  არახელსაყრელი პირობებით. აზერბაიჯანს არ სურდა რუსი „სამშვიდობოების“ განთავსება ყარაბაღში. ახლა კი ორივე ქვეყანა სხვანაირად ფიქრობს.

მეორე მხრივ, აზერბაიჯანული ჯარი ისეთივე დონეზეა გაწვრთნილი, როგორც თურქული სამთო ბრიგადები და 40-დღიანი ყარაბაღის ომითაც უდიდესი გამოცდილება მიიღო.

  • როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანის მსგავს თვითშეფასებას თურქეთის მხარდაჭერა განაპირობებს?

რომც არ ჰქონდეს თურქეთის მხარდაჭერა, რუსეთს ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს, თუ დააპირა იგივე ე.წ. დენაციფიკაცია აზერბაიჯანში, რასაც უკრაინაში აკეთებს.

როდესაც „სოკარი“ აწვდიდა საწვავს დევნილების დასახმარებლად უკრაინას, რუსეთის დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საჭიროა ბირთვული თავდასხმები „სოკარის“ ნავთობის ობიექტებზე, რადგან რუსეთშიც ხვდებიან, რომ აზერბაიჯანზე ფართომასშტაბიანი შეტევა დიდ ფასად დაუჯდებათ.

აზერბაიჯანს 100-ათასიანი ჯარი ჰყავს და რუსეთს სულ მცირე, 300-ათასიანი კონტინგენტი მაინც დასჭირდება, მის ტერიტორიაზე რომ შევიდეს.

აქედან ძალიან დიდი ნაწილი უკვე მწყობრიდანაა გამოსული. აღარაფერს ვამბობ თურქეთის ჯარზე, რომელიც დაეხმარება ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანს.

რაც შეეხება სომხეთს, სომხეთიც ხვდება, რომ რუსეთი არასანდო მოკავშირეა და არც ისეთი ძლიერი, როგორც მასზე წარმოდგენა არსებობდა. ფაშინიანმა განცხადებაც კი გააკეთა, რომ შეცდომა იყო ყარბაღთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. თქვა ისიც, რომ ყარაბაღის გარშემო არსებული შვიდი რაიონი თავის დროზე რომ გადაგვეცა აზერბაიჯანისთვის, უფრო ხელსაყრელი პირობებით გამოვიდოდით ამ კონფლიქტიდან და არც ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდაო.

ეს იმის ნიშანია, რომ ერთი მხრივ, მიდის გადაფასება რუსეთის ფაქტორის და მეორე მხრივ, იწყება რუსეთის ალტერნატივის ძებნა თუ არა, გახედვა მაინც სხვა მოთამაშეებისკენ.

ნიშანდობლივი იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც შარლ მიშელის ორგანიზებული იყო.

  • ამაზე მინდოდა სწორედ მეკითხა, აქამდე მედიატორის როლს რუსეთი კისრულობდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ახლა გამოჩნდა ევროკავშირი. შარლ მიშელმა თქვა – „ჩვენ გვინდა სტაბილური და აყვავებული კავკასია“. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთი სუსტდება კავკასიაში, ევროკავშირის როლი კი იზრდება?

ევროკავშირი შეეცდება, ჩაანაცვლოს რუსეთი და ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე გახდეს რეგიონში. ამის პარალელურად, მიდის მოლაპარაკება თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ, რაც ითვალისწინებს საზღვრებზე მიმოსვლის აღდგენას და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ძვრები დაიწყო და არსებობს სომხეთის მხრიდან უკვე ინტერესი, რომ ასე ვთქვათ, ევროკავშირი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან, ევროკავშირი ძალიან პასიური იყო კავკასიაში, მაგრამ უკრაინის ომის ფონზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა აზერბაიჯანი, ვინაიდან ევროპის ენერგომომარაგების ერთ-ერთი ალტერნატიული წყაროა. იმ ფონზე, როცა რუსეთის ნავთობის და გაზის ჩანაცვლებაზე მიდის საუბარი, აზერბაიჯანი ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო ხდება. სწორედ ეს აძლიერებს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს.

ასევე, სომხეთი ცდილობს მოიპოვოს საგარეო პოლიტიკური ალტერნატივა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი სომხური დიასპორებიც, რომლებიც ფართოდაა წარმოდგენილი ევროპაში, საკმაოდ გავლენიანი ჯგუფებია და რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროპა სომხეთში.

  • ფაშინიანი ბოლოს როცა იმყოფებოდა პუტინთან, ითქვა, რომ ეს ქვეყნები აპირებენ „ურთიერთობის ახალ ეტაპზე“ გადასვლას. საუბარია სომხეთში რუსული ენის სწავლების გაძლიერებაზე და პირიქით. ბიოუსაფრთხოება ახსენეს და ის, რომ მესამე ქვეყანა ვერ გამოიყენებს მათ ტერიტორიას ერთმანეთის ნებართვის გარეშე. რაში სჭირდება ეს ყველაფერი სომხეთს, თუ რუსეთს აღარ განიხილავს აქტიურ მოკავშირედ?

სომხეთს, რუსეთის მხრიდან მისი ტერიტორიების ოკუპაციის შიში არ აქვს. შესაბამისად, ის პაკეტი, რასაც, მაგალითად, რუსეთი სთავაზობს, თუნდაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ამ წუთას შესაძლოა მისაღები იყოს სომხეთისთვის. ასეთი რიტორიკული ხელშეკრულებები ხშირად იდება რუსეთსა და სომხეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები არ მონაწილეობენ უკრაინის ომში, რატომ? იმიტომ, რომ მომავალზე ფიქრობს და ალტერნატივის ძიებაშია.

  • ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფორმდება „სამშვიდობო შეთანხმება“. ეს დოკუმენტი დაალაგებს საბოლოოდ ურთიერთობას მათ შორის?

ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტებია ჩაწერილი, რასაც ვერ შეეწინააღმდეგება სომხეთი. ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ ორივე ქვეყანამ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს. ეს ითვალისწინებს იმას, რომ სომხეთმა უნდა აღიაროს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე და აღარ გამოთქვას პრეტენზია.

ყარაბაღში სომხეთის ხელისუფლებას ნაკლები ურთიერთობა აქვს სეპარატისტებთანაც, ვეღარ შეჰყავს შეიარაღებული ძალები და იქ ყველაფერს რუსები კურირებენ. ჯერ ხელი არ მოუწერიათ, თუმცა ფაშინიანმა სიტყვიერად მაინც განაცხადა, რომ თანახმაა ცნოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. ამან სომხური, პრორუსული ოპოზიციის და რევანშისტული ძალების გააქტიურება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ფაშინიანი ყიდის ყარაბაღს. ამის საპასუხოდ კი, ალიევმა მსოფლიო კონგრესზე განაცხადა, რომ თუ სომხეთი არ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ თავადაც შეწყვეტენ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიებს, ნახჭევანის ოლქს და შემდეგ თურქეთს.

  • ეს მუქარაა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის მიმართ?

თუნდაც რიტორიკის დონეზე, თუმცა ასეთი მესიჯი გაჟღერდა. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ პრობლემატური იქნება, თუ ალიევი ამაზე წავიდა და სამხედრო ინტერვენცია განახორციელა ზანგეზურის მიმართულებით.

  • სომხეთი ყარაბაღს მშვიდობის სანაცვლოდ თმობს? თუ კიდევ არის სხვა საკითხები?

ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ოთხი წლის შემდეგ, როცა რუს სამშვიდობოებს იქ ყოფნის ვადა გაუვათ. გაახანგრძლივებს თუ არა ამას აზერბაიჯანის ხელისუფლება.

ასევე, არ ვიცით, რას აპირებს აზერბაიჯანი იქ მცხოვრებ სომხებთან დაკავშირებით.

ვიცით, რომ, მაგალითად, ჰადრუთიდან მოსახლეობა წავიდა. მართალია, რიტორიკულ დონეზე აზერბაიჯანი სთავაზობს მათ უკან დაბრუნებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რაიონი დაცლილია. სომხეთში არის შიშები, რომ თუ ყარაბაღი გადაეცემა აზერბაიჯანს, ის საბოლოოდ დაასრულებს ამ ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდას.

  • აი, ამ ფონზე სად ვართ ჩვენ? მაგალითად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი აცხადებს, რომ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს და რუსეთს მიუერთდეს. ასევე ფაქტია ისიც, რომ ბიბილოვი ვერ იმარჯვებს არჩევნებში. რაზე მეტყველებს ეს?

სამაჩაბლოში ბიბილოვის პოზიციები ძალიან მყიფეა. რეფერენდუმი ბიბილოვის თვითშემოქმედება იყო, რადგან მას ეს საარჩევნო ხმებისთვის სჭირდებოდა.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე რუსეთი არ მოახდენს სამაჩაბლოს ანექსიას, რადგან მათ სჭირდებათ თბილისის მხარდაჭერა, თუნდაც იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ.

თუ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, შესაძლოა საქართველო 180 გრადუსით შემობრუნდეს, გააძლიეროს შეიარაღება, უკრაინის მხარდაჭერა და დასცილდეს რუსეთს. სწორედ იმ ფონზე, როცა წყალივით სჭირდება დღეს რუსეთს ისეთი ქვეყანა, საიდანაც შეიძლება სანქციების გვერდის ავლით რაღაცები განახორციელოს.

მით უმეტეს, როცა საქართველოს ხელისუფლებას დიდად არ აწუხებს რუსეთს დეოკუპაციის საკითხი. ამიტომ არსებული სტატუს-კვო რუსებს აწყობთ საქართველოში და სამაჩაბლოს ანექსიას არ მოახდენს.

  • მაშინ, როცა სომხეთიც კი ცდილობს, რომ რუსეთს გარეთ ეძებოს სტრატეგიული პარტნიორი, ასევე იმის ფონზე, რაც გვაჩვენა უკრაინის ომმა, რატომ ცდილობს  საქართველოს ხელისუფლება მოებღაუჭოს რუსულ საცეცებს? 

საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ივანიშვილის კარზე არის მოსაზრება, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთსა და ამერიკას შორის განხეთქილების ვაშლი. თუმცა საქართველომ უნდა ისარგებლოს ევროპული სიკეთეებით, მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ.

ასევე უნდა, რომ შეინარჩუნოს კავშირები რუსეთთან. ეს განაპირობებს ხელისუფლების დღევანდელ ქცევას. პუტინის არგაღიზიანებაში ასევე მოიაზრება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის იგნორირებაც, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა არნახული სანქციები ედებათ რუს ოლიგარქებს, ასევე, იმ სეპარატისტებს, ვინც ცდილობს უკრაინის დანაწევრებას. ამ დროს არც ერთი სანქცია არ განხორციელებულა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საოკუპაციო რეჟიმის მომხრეების წინააღმდეგ, ისინი კომფორტულად არიან და საქართველოს მხრიდან რუსეთი არანაირ დისკომფორტს არ განიცდის ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ამ ფონზე ამაზე დუმილი და ამის არ გამოყენება არის ძალიან დამაზარალებელი საქართველოს პოლიტიკისთვის და შეიძლება ასეთი შანსი, საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, აღარ იყოს.

მთელმა მსოფლიომ დაინახა, რაც არის რუსეთი. დაინგრა ის მითიც, რომ  თითქოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველებსა და ოსებს ან აფხაზებს შორის იყო კონფლიქტი, მაშინ, როცა რეალურად ეს იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მსოფლიო ახლაც უყურებს, თუ რას აკეთებს რუსეთი დონბასში.

ჩვენს თვალწინ აპირებს ხერსონის სახალხო რესპუბლიკად გამოცხადებას და ძალადობრივი გზით იქმნება სეპარატიზმი. იმავეს აკეთებდა რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზეც. ეს ყველაფერი დაინახა მსოფლიომ, ამიტომ ამაზე დუმილი არის დანაშაული. ზელენსკი და ბორის ჯონსონი უფრო ხშირად ახსენებენ საქართველოს, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე.

  • საქართველოს ინტერვენციის რისკები არსებობს დღეს რუსეთის მხრიდან? 

რაც უფრო მეტს ისაუბრებს საქართველო იმის შესახებ, რომ დათვს „ბაბაია“ უნდა დაუძახო, „აბა, რუსეთს მოვერევით?“, „რუსეთი ერთ საათში აგვიღებს“ და ასე შემდეგ, მით უფრო მეტი რისკია და მეტი შანსია რუსეთის მხრიდან ინტერვენციის.

თუ რუსებს ეცოდინებათ, რომ აქ დახვდებათ მეორე მარიუპოლი, ტყეებსა და მთებში შეხვდებათ პარტიზანული ბრძოლა, რაც გამოიწვევს ათიათასობით მსხვერპლს რუსულ ჯარში და მილიარდობით დანაკარგს, ამან შესაძლოა დააფიქროს რუსეთი.

სადღაც მაისის ბოლოდან ძალიან მასშტაბური კონტრშეტევა იგეგმება უკრაინის მხრიდან და საუბარია დონბასისა და ლუგანსკის დაბრუნებაზეც კი. ჩვენ, ამ დროს, თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერებაზეც კი არ ვმუშაობთ. არ მიდის მუშაობა ჯაველინების, ბაირახტარების შეძენაზე და ასე შემდეგ. ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი არ შემოვა, რადგან პოლიტიკურ ელიტებში არის განწყობა, რომ ბიძინას ასე აქვს დალაგებული რუსეთთან.

  • რა მოიაზრება ამ დალაგებაში?

კულისებში რა ხდება, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რამდენიმე ფაქტს ვხედავთ. პირველი ის არის, რომ 2012 წლიდან საქართველოში არც ერთ რუსზე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო. ვხედავთ, რომ გაჩერდა რამდენიმე სერიოზული ამერიკული პროექტი, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტი, გარკვეულ ამერიკულ კომპანიებს, მაგალითად, „ფრონტერას“ დისკომფორტი შეუქმნა ხელისუფლებამ. ვნახეთ, რომ ხელისუფლება საგარეო ფრონტზე არაფრით არ აწუხებს რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის წინ წამოწევით – ძალიან კომფორტულად არიან.

გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ არაერთი საეჭვო წარმომავლობის რუსი ბიზნესმენებისა თუ ოლიგარქის ინტერესები საქართველოში.

  • რუსეთის წინააღმდეგ ხომ აძლევს ხმას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო, რას მოგვიტანს ორი კურდღლის დევნა?

საქართველოში მოსახლეობა არის ანტირუსულად განწყობილი. ეს აჩვენა გავრილოვის ღამემ, ასევე ვხედავთ, როგორ წინააღმდეგობას უწევს ღია პრორუსულ „ალტ-ინფოს“ მოსახლეობა რეგიონებში, რომელიც, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების აზრის, განწყობის გაზომვის საშუალება, თუ რამდენად აიტანს ქართული საზოგადოება პრორუსულ პოლიტიკას საქართველოში და ვხედავთ, რომ არ იტანს.

ეს გაანალიზებული აქვს რუსეთს, ამიტომ აქვს ასეთი შეფარული პოლიტიკა საქართველოში.

  • ევროკავშირის კითხვარი გვაქვს შესავსები, რა მოლოდინები გაქვთ პირადად თქვენ, და შედეგი როგორ შეიძლება აისახოს პოლიტიკურ პროცესებზე?

საქართველო უკრაინაზე გაცილებით წინ იყო ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ უკვე ათი ნაბიჯით გვისწრებს ამ ფრონტზე. ვფიქრობ, უკრაინა ჩვენზე ადრე და უკეთესი პოზიციებით შევა ამ გაერთიანებაში.

შედეგს რაც შეეხება, „მორჩა“ და „არ გიღებ“ ასე არ გვეტყვის, მოგვცემს სიას, თუ რაში ვერ ვაკმაყოფილებთ, ვთქვათ, კრიტერიუმებს და რა დროში უნდა მოხდეს მისი გამოსწორება.

  • სამეზობლო პოლიტიკაზე მინდა  გკითხოთ ისევ, როგორ ფიქრობთ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ყველაფერი გარკვეული აქვს საქართველოს?

ყარაბაღის ომში მარცხის შემდეგ ნაკლებ სავარაუდოა, რომ სომხეთმა ჯავახეთში სეპარატიზმის პედალირება დაიწყოს.

აზერბაიჯანს რაც შეეხება, თუ არ ჩავთვლით საზღვრის დემარკაციას დავით გარეჯთან მიმართებაში, სხვა გასარკვევი საკითხი აზერბაიჯანსა და საქართველოს, ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ აქვს.

არც ენერგომატარებლების თვალსაზრისით კარგავს საქართველო აქტუალობას, რადგან შავ ზღვაზე ყველაზე მოკლე გასასვლელი მაინც საქართველოა.

უკრაინასთან ურთიერთობებს რაც შეეხება, გამარჯვების შემდეგ უკრაინა გადაიქცევა შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ, თურქეთის დონის სახელმწიფოდ, რადგან უკრაინას თურქეთზე მეტი აქვს ინდუსტრიაც და პოტენციალიც.

ჩვენ ვნახეთ რა როლი ითამაშა თურქეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენ, სამწუხაროდ, აქამდე არ გვყავდა ისეთი სტრატეგიული პარტნიორი, როგორიც თურქეთია აზერბაიჯანისთვის. ჩვენთვის თურქეთი ბოლომდე მაინც ვერ გახდება ისეთი პარტნიორი, როგორც აზერბაიჯანისთვის, კულტურული თუ რელიგიური ფაქტორების გამო. ამიტომაც, თუ უკრაინა ფეხზე დადგა და ჩამოყალიბდა შავი ზღვის ისრაელად, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ გამოუჩნდეს სწორედ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც არის თურქეთი აზერბაიჯანისთვის.

  • თუმცა ამ პერსპექტივას აზიანებს დღევანდელი ხელისუფლება.

იმიტომ, რომ ახლომხედველი ხელისუფლება გვყავს. არ უყურებს ასეთ საკითხებს გლობალურად.

ივანიშვილის ერთ-ერთი განცხადება იყო, რომ საქართველო ერთი პატარა სოფელია. ის არ აზროვნებს გეოპოლიტიკურად და, შესაბამისად, ეს ხელისუფლებაც.

ამიტომ აზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს. მეორე მხრივ, ამას აბალანსებენ ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და ქართველი ხალხი, რომელიც ათასობით გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ დაიკარგება.

რა ქუჩებზე ჩააბარებთ ბათუმში გამოცდას მართვის მოწმობის მისაღებად – 2 მარშრუტი

26 აპრილიდან B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები.

 

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის საგამოცდო მარშრუტები შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 აპრილს დაამტკიცა.

ბათუმის საგამოცდო სამსახურისთვის ქალაქში ორი საგამოცდო მარშრუტია დამტკიცებული.

ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირი დაიშვება [პირველადი გასვლა] რიგის ჯავშნით განსაზღვრულ დროს, მაგრამ პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 კალენდარული დღისა.“

[yellow_box]ქალაქი ბათუმი, საგამოცდო მარშრუტი №1[/yellow_box]

ბათუმში საგამოცდო მარშრუტი N1 იწყება ორბელიანის ქუჩაზე – მომსახურების სააგენტოს ტერიტორიიდან და გრძელდება შემდეგ ქუჩებზე: სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა – პატარა მონაკვეთი შარტავას გამზირის ბოლოში არსებულ წრიულთან] – ჟიული შარტავას გამზირი – პუშკინის ქუჩა – ლუკა ასათიანის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ჟიული შარტავას გამზირი – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა] – სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა [მომსახურების სააგენტოს ტერიტორია].

საგამოცდო მარშრუტი N1 / ბათუმი / წყარო: შს მინისტრის ბრძანება

[yellow_box]ქალაქი ბათუმი, საგამოცდო მარშრუტი №2[/yellow_box]

ბათუმში საგამოცდო მარშრუტი N2 იწყება ორბელიანის ქუჩაზე – მომსახურების სააგენტოს ტერიტორიიდან და გრძელდება შემდეგ ქუჩებზე: სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა – ჟიული შარტავას გამზირი – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა – ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა [ადლიისა და ზღვისპირის ქუჩების მიმდებარე წრიულამდე], აქედან კი, უკან ისევ – ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩით – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა – ჟიული შარტავას გამზირი – გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა – სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა [მომსახურების სააგენტოს ტერიტორია].

საგამოცდო მარშრუტი N2 / ბათუმი / წყარო: შს მინისტრის ბრძანება

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე.

სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში [ბათუმის ჩათვლით] შეძლებენ.

როგორია საგამოცდო მარშრუტები რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ფოთში, შეგეძლოთ გენახათ მინისტრის ბრძანების დანართში ამ ბმულზე. თუმცა, ბრძანებაში 22 ივნისს შევიდა ცვლილება და ახალი მარშრუტები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

საქართველოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ფეხბურთში – ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი დაიხარჯება

2023 წლის ივლისში საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი  იგეგმება ფეხბურთში. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ჩემპიონატი საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება, რის გამოც, დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

„ჩემპიონატი უეფას ეგიდით იმართება. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი, ფინალიც იქნება საქართველოში, ამიტომ ინფრასტრუქტურაც უნდა იყოს უეფას სტანდარტების.

ბათუმში, წყალტუბოში, საგურამოში, თბილისსა და ქობულეთში უნდა დაიწყოს სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, 12 ობიექტის სრულად რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაზეც 100 მილიონი ლარი დაიხარჯება“.

დღეს, 26 აპრილს, თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ გადაწყდა ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა ახლა, როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.

„მე რა ვიცი, თქვენ როგორი ქართველი მამაკაცი ბრძანდებით, რადგან ქართველი მამაკაცების ეროვნულ სპორტად იქცა ფეხბურთის მხარდაჭერა, ამიტომ გამკვირვებია თქვენი კრიტიკული შეკითხვა.

ეს სამთავრობო პროექტია, ჩვენ მოგვიწევს ბევრ მაღალი დონის სპორტულ შეჯიბრებებზე უარის თქმა, თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს „ევრობასკეტი“ და ეს ჩემპიონატი, რომელიც მომავალ წელსაა დაგეგმილი,“ – უპასუხა მას წულუკიანმა.

მისი თქმით, ამ ჩემპიონატების გამო შესაძლოა მომდევნო წლის ბიუჯეტში ლარიც კი აღარ იდოს სპორტის მიმართულებით, თუმცა ჩემპიონატი მაინც უნდა ჩაატარონ.

„ჩვენ ვამბობთ, რომ პრიორიტეტი არის ეს. ვიცით, რომ ეს ძალიან დიდი ფინანსური ტვირთია, ამიტომ რაღაც შეჯიბრებებზე უარს ვამბობთ ამის გამო.“ – თქვა წულუკიანმა.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ივანიშვილი ცოცხალია, ჯანმრთელია და დიდხანს იქნება ბედნიერად – წულუკიანი ჩანაწერებზე

რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს, 26 აპრილს, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვეს ჟურნალისტებმა კომენტარი. კითხვას, ადასტურებს თუ არა ჩანაწერი, რომ ივანიშვილი კვლავ არის ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველი, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა:

„რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად ისახავს იმას, რომ ხავსს ეჭიდებით და ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ ეს მთავრობა არის ხელშემწყობი გარკვეული ნეგატიური პროცესების უკრაინის მიმართ და იმ უბედურების კონტექსტში, რაც უკრაინაში ტრიალებს. ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა არის საძრახისი საქციელით დაკავებული,“ – ამბობს წულუკიანი.

მისი თქმით, დავით ხიდაშელმა მოგვიანებით განმარტა, რომ ევტუშენკოვი მისი მეშვეობით ცდილობდა ღარიბაშვილთან დაკავშირებას, რაც არ შემდგარა.

„სინამდვილეში დავით ხიდაშელმა დაადასტურა, რომ ის არის მონაწილე ევტუშენკოვთან ურთიერთობების და შუამავლობდა, რომ მოცემული ბიზნესმენი მისი შუამავლობით საქართველოში დაკავშირებულიყო სხვადასხვა წრეებს. ამან სინათლე შეიტანა ფაქტებში. ის ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და ის გადაამისამართა ბიზნესწრეებთან.

ცრუ აჟიოტაჟი ამტყდარია არაფრის გამო, მეორე მხრივ, უკვე ტრადიციადქცეული ბატონი არესტოვიჩის [უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი] განცხადებები, რომელიც პრაქტიკულად გშიფრავთ თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს, ამბობს, რომ ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, იმიტომ ვართ მავანისთვის მიუღებელი, რომ არ ვართ ომის ადამიანები და არ ვიწყებთ ომს ჩვენივე ქვეყანაში, იმისთვის, რომ რუსეთის ყურადღება და სამხედრო ძალები გადანაწილდეს უკრაინასა და სხვა ფრონტებს შორის.

თქვენი პრიორიტეტი არის ომი და ამას ადასტურებს ბატონი არესტოვიჩიც, რომ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, დღეს იქნებოდა საქართველო ომის ალში გახვეული და სწორედ ეს არის ის, რასაც ვერ ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ,“ – თქვა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, თუნდაც მყიფე.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავარდეს ტყვია, მათ შორის, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მოხდეს დაპირისპირება. ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვქონდეს მინიმუმ ქვეყანაში ის, რაც დღეს არის – მყიფე მშვიდობა, მაგრამ განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად,“ – ამბობს თეა წულუკიანი.

რაც შეეხება ივანიშვილის ჩრდილოვან მმართველობას, წულუკიანის თქმის, „ივანიშვილი არ არის ჩრდილოვანი მმართველი, მაგრამ ის არსებობს, ის ცოცხალია და დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად. ის არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თქვენ წაართვით, და ეს თქვენ გადგათ ყელზე, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და კიდევ იქნება დიდხანს.“

ნორვეგია 44 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად

ნორვეგია გამოყოფს 400 მილიონ კრონს (43,7 მილიონი აშშ დოლარი), რათა დააფინანსოს ბრიტანეთის ინიციატივა, შეიძინონ უკრაინისთვის იარაღი – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დღეს, 26 აპრილს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

ნორვეგიამ, ასევე, შესაძლოა პირდაპირ მიაწოდოს უკრაინას დამატებითი იარაღი – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტოერმა.

20 აპრილს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება გახანგრძლივდეს და ქვეყანა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ამიტომ ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას  საჰაერო თავდაცვის „მისტრალის“ სისტემა გადასცეს. ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, იარაღი უკრაინაში უკვე გაგზავნილია.


მთავარ ფოტოზე: უკრაინის არმიის მიერ განადგურებული რუსული ტანკი. კიევის რაიონის სოფელ რუსანივი, 2022 წლის 25 აპრილი. ფოტო: EPA-EFE / OLEG PETRASYUK

 

„აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5-ია, როგორ აიღეს ქალაქი? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის მტკიცება მარიუპოლის აღებასთან დაკავშირებით სიყალბეა, რადგან მათ არ აუღიათ „აზოვსტალი“, რომელიც „ქალაქის 1/5 ნაწილს მოიცავს“.

ორთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი ამბობს, რომ „მარიუპოლი აიღო“. ერთი შესწორებით: „გარდა აზოვსტალისა“. მაგრამ საქმე იმაშია, რომ „აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5 ნაწილს მოიცავს. ან უფრო სწორად, 22 ვატიკანს, ან  ნიუ-იორკის 3 ცენტრალურ პარკს. ქალაქი აიღეს, მართლა? სიყალბის ქვეყანა. უკრაინის დამცველებმა დაამტკიცეს, რომ ისინი მეტალისგან არიან შექმნილები,“ – წერს პოდოლიაკი.

აზოვის პოლკის ინფორმაციით, რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ აზოვსტალის ქარხანას, სადაც მარიუპოლის დამცველები იმყოფებიან და რომლის სარდაფებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.

___

ამავე თემაზე:

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65000 ლარით დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

„მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანი სამართალდამრღვევად ცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა“, – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი მუკნიაშვილი.

მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

რუსეთის დუმის სპიკერი კოლეგებს ყველას დასჯით და ტერიტორიების დაბრუნებით აგულიანებს 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს [დუმა] სხდომაზე სპიკერმა, სერგეი ვოლოდინმა განაცხადა, რომ „ყველას დასჯიან“, ვინც მათ „ბევრი რამე წაართვა“. სპიკერის თქმით, ქვეყანა „ახლა იბრუნებს ტერიტორიებს“.

სერგეი ვოლოდინმა თავის კოლეგებს ასე მიმართა: „ჩვენ რესურსები არ დაგვიკარგია. ისინი გაყინეს. ჩვენ ისინი უნდა დავიბრუნოთ – ეს ამოცანა უნდა დავისახოთ. როდესაც მოვიფიქრებთ, რა წაგვართვეს. კი, ჩვენ ძალიან ბევრი რამ წაგვართვეს.

ქვეყანა ახლა იბრუნებს ამ აქტივებსაც და ტერიტორიებსაც. ფულსაც დავიბრუნებთ, პროცენტებსაც გადაგვიხდიან. ამის უნდა გვჯეროდეს.

ახლა იმაზე, თუ ვინაა დამნაშავე? და ვინაა იმ პრობლემებში დამნაშავე, რომლის შედეგებსაც ჩვენ დღემდე ვასწორებთ.

მოდით, მაშინ ამით დავიწყოთ – ეს არ არის საჭირო. ჩვენც ვართ ასევე პასუხისმგებლები, ჩვენ ყოველ თვეში, ყოველ წელს, ვიბარებდით ანგარიშებს, რაღაცას ვეთანხმებოდით, რაღაცას არ ვეთანხმებოდით. მოდი, ახლა გავერთიანდეთ, აქტივებიც დავიბრუნოთ და ყველა დავსაჯოთ, ვინც ასე მოგვექცა“.

___

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომიდან 62 დღის გასვლის შემდეგ უკრაინის რამდენიმე ქალაქი სარაკეტო თავდასხმის შედეგად მიწასთან არის გასწორებული. დაღუპულია ათასობით სამოქალაქო პირი. რამდენიმე მილიონი უკრაინელი კი დევნილად იქცა.

გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინას 88 „ლეოპარდი“ მიაწოდოს

გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა [რაინმეტალი] გერმანიის მთავრობას სთხოვა ნებართვა, რომ მიაწოდოს კიევს 88 ძველი ტანკი, „ლეოპარდი“.

შეთავაზებაში ასევე შედის: ეკიპაჟის მომზადება გერმანიაში, ტანკების ტექმომსახურების სწავლება, ხელსაწყოები, სათადარიგო ნაწილები, ტექმომსახურების სადგური და საბრძოლო მასალა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემები Die Welt-ი და „დოიჩე ველე“ ავრცელებენ.

მედიის ცნობით, ამ მიწოდების ნებართვაზე განაცხადი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში გასული კვირის ბოლოს შევიდა.

გერმანიის მთავრობამ აქამდე მიიღო კიდევ ერთი მოთხოვნა Rheinmetall-ისგან, რათა უკრაინას მიაწოდოს 100 Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა რუსული აგრესიისგან დასაცავად. გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა 25 აპრილს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღება.

გარდა ამისა, Die Welt-ის ცნობით, იარაღის კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ი (KMW) მზად არის მიაწოდოს უკრაინას 100 თვითმავალი „ჰაუბიცა 2000“, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეს 40 კილომეტრამდე მანძილზე. ნიდერლანდები მზადაა უკრაინას გადასცეს ეს მძიმე არტილერია, ხოლო გერმანიის მთავრობა მათ ჯერ მხოლოდ სასწავლო დახმარებას და საბრძოლო მასალას ჰპირდება.

„ლეოპარდის“ ტანკები განეკუთვნება 1A5 მოდელს, რომელიც წარმოებული იყო 1960-იანი წლების დასაწყისში და გამოიყენებოდა 2003 წლამდე. Rheinmetall-ს შეუძლია პირველი ეგზემპლარების ტრანსპორტირება უკრაინაში რამდენიმე კვირაში. ამ სამხედრო შეკვეთის ღირებულება 115 მილიონ ევროს შეადგენს.

______________

ფოტო: „დოიჩე ველე“

ნატოს 3 ხომალდი ფინეთის წყლებში წვრთნებს იწყებს

ფინეთის ტერიტორიულ წლებში, ტურკუს პორტში, ნატოს 3 ხომალდი შევიდა ფინეთის საზღვაო ძალებთან ერთად წვრთნებისთვის.

ლატვიის, ესტონეთისა და ჰოლანდიის დროშების ქვეშ მცურავი ნატოს ხომალდები ფინეთის ფლოტთან ერთად 28 აპრილს დაიწყებენ წვრთნებს ნაღმსაწინააღმდეგო სამუშაოების მიმართულებით.

რუსეთის მეზობელი ქვეყანა ფინეთი ნატოში შესასვლელად ემზადება. ქვეყნის პრემიერის, სანა მარინის განცხადებით, გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების მომხრეა, ამჟამად საკითხს ფინეთის პარლამენტი განიხილავს.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ  უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ განაცხადეს.

რუსეთი ომის დაწყებამდე დასავლეთს სთხოვდა, რომ ნატო აღარ უნდა გაფართოებულიყო.

_______________

ფოტო: yle.fi

შშმ პირები საკუთარი უფლებების დასაცავად – როგორ ცვლის აქტივიზმი საზოგადოების განწყობას

უკვე 4 წელია 34 წლის დეა ერემაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის იბრძვის. თავის დასამკვიდრებლად, თავადაც შშმ პირს, არაერთი ბარიერის გადალახვა და სტერეოტიპების მსხვრევა მოუხდა. მის მიზნებს სკეპტიკურად უყურებდნენ. რთული გზა გაიარა, თუმცა დაამტკიცა, რომ შეეძლო – ახლა ბათუმში ცხოვრობს, ოჯახიც შექმნა და წარმატებული კარიერაც აქვს. მას შემდეგ, რაც საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდა, გადაწყვიტა, მოტივაცია სხვა ადამიანებისთვისაც მიეცა, განსაკუთრებით ქალებისთვის და დაერწმუნებინა, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

რამინ მაჭარაშვილი და დეა ერემაშვილი
რამინ მაჭარაშვილი და დეა ერემაშვილი

დეა ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, რომლებსაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში“ განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. სხვებთან ერთად, პროექტში ჩართულია ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელი რამინ მაჭარაშვილი, რომელმაც შშმ პირთა უფლებების წინ წამოწევა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. აქტივისტები სიამაყით აღნიშნავენ, რომ თუკი ადრე სახელმწიფოს მუდმივად თავად სთხოვდნენ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა შშმ პირებსაც მიეღოთ და ფინანსები მათზე მორგებული პროექტებისთვისაც გაეთვალისინებინათ, დიალოგის შედეგად, ახლა პირიქით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უკავშირდებიან და პროცესში ჩართვას სთხოვენ.

„საზოგადოებას ჩვენ მიმართ არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა. ჩვენ კი აქცენტს სწორედ იმაზე ვაკეთებდით, რომ შშმ პირი არ უნდა იყოს მოწყალების მიმღები სუბიექტი. ეს საკითხი გვაღელვებს და ვცდილობთ, რაღაც შევცვალოთ ამ მიმართულებით. წლების წინ შშმ პირები საზოგადოებაშიც კი არ ჩანდნენ. თუკი ამ მიმართულებით რაიმე პროექტი ხორციელდებოდა, მხოლოდ თბილისში. რეგიონებში ინფორმაცია ვერც კი აღწევდა. ამიტომ, ჩვენი მიზანი აჭარის რეგიონში შშმ პირთა უფლებებისა და საჭიროებების მხრივ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება იყო“, – იხსენებს რამინი და აღნიშნავს, რომ ამ მიზნით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სხვა არაერთ მიმართულებასთან ერთად, დეამ და რამინმა მიზნად ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა დაისახეს – შშმ პირების დასაქმებაში ხელშეწყობა. დეა ამბობს, მხოლოდ დამსაქმებლის კი არა, თავად შშმ პირების დარწმუნებაც რთულია იმაში, რომ სამსახურის პოვნა შეუძლიათო.

„ჩემი ასაკის შშმ პირების 80% მიჩვეულია, რომ მათზე მშობლები ან სხვა ადამიანები ზრუნავენ. ვერც წარმოუდგენიათ, რომ თავად უნდა დასაქმდნენ. ძალიან ბევრი მუშაობა გვიწევს იმისთვის, რომ თუნდაც გადამზადების კურსებზე გავუშვათ. რეალურად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, მაგრამ დღეს ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. შესაძლოა, უბრალოდ მე-8 სართულზე ცხოვრობენ და სახლიდანაც ვერ გამოდიან. როგორ უნდა დავინახოთ? ამიტომაც ვიბრძვით მათთვის საჭირო სერვისების დამატებისთვის“, – განმარტავს დეა და აღნიშნავს, რომ დამსაქმებელსა და შშმ პირებს შორის არსებული გაუცხოება მათ შორის კომუნიკაციის ნაკლებობითაც იყო გამოწვეული.

„დამსაქმებლები შშმ პირებს არ იცნობენ. ეშინიათ. სამწუხარო შედარებაა, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს მათთვის დამატებითი ტვირთი იქნება. თუმცა, როდესაც კომპანიებს ერთი ადამიანი დაუსაქმებიათ და დარწმუნებულან, რამდენად მოტივირებული და წარმატებული კადრი შეიძინეს, მოგვიანებით სხვებიც დაუმატებიათ. ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. რეალურად, ძალიან დიდი ხიდი ვართ სახელმწიფოს, კერძო სექტორს და შშმ პირებს შორის. ჯერჯერობით, გამოგვდის“, – განმარტავს დეა და იხსენებს, რომ მხოლოდ გასულ წელს მათი აქტივიზმის საფუძველზე აჭარის რეგიონში 8 ადამიანი დასაქმდა. მისივე თქმით, ახლა აქტივისტებს, შშმ პირების დასაქმების წასახალისებლად, კვოტირების სისტემის ამოქმედება სურთ, რაც ამ თემის წარმომადგენლებსაც თვითგანვითარების მეტ მოტივაციას მისცემს.

მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება დაიწყეს, რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა. რამინს მარტივი მაგალითი მოჰყავს – საქართველოში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსები პირველად სწორედ ბათუმში შემოვიდა. თუმცა მძღოლებისთვის გაუგებარი იყო, რას ემსახურებოდა ეს ავტობუსები – პანდუსებს პრაქტიკაში თითქმის არავინ იყენებდა.

„რამდენჯერმე მძღოლმა შშმ პირი უბრალოდ დააიგნორა და ავტობუსი არ გაუჩერა. ზოგჯერ აჩერებდნენ, თუმცა არ იცოდნენ, მგზავრს ასვლაში როგორ დახმარებოდნენ. ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა იცოდნენ, თუმცა მომსახურების გაწევა, უბრალოდ, ეზარებოდათ. ამიტომაც აქცია მოვაწყეთ – ავტობუსებს გაჩერებებზე ვხვდებოდით სლოგანით „გახსენი პანდუსი“. საკმაოდ ბევრი მოხალისე შემოგვიერთდა“, – იხსენებს რამინი და განმარტავს, რომ პროტესტის შემდეგ, მუნიციპალიტეტი მათ ორგანიზაციას თავად დაუკავშირდა და მძღოლებისთვის ტრენინგის ჩატარებაში დახმარება შესთავაზა.

აქტივისტებს არც ის დავიწყებიათ, რომ „ზღვა ყველასია“. 2019 წელს, სწორედ ამ სლოგანით და აქცია-პერფორმანსით აჩვენეს, რომ ეტლით მოსარგებლეთათვის ზღვის სანაპიროზე გასვლა შეუძლებელი იყო. რამდენიმე თვეში, აქციის ორგანიზატორებს ბულვარის ადმინისტრაციიდან მიმართეს და, მათი მხრიდან, ამ პრობლემის გადაჭრის პროცესში ჩართვა ითხოვეს. ახლა, ბათუმის ბულვარში შშმ პირებისთვის, სანაპიროზე საჩასვლელად, ორი ლოკაცია უკვე მოწყობილია.

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, შშმ პირთა უფლებების დაცვის მხრივ, სამართლებრივი დავებიც გააქტიურდა. შედეგად, სასამართლოსა და სახალხო დამცველის აპარატში, დისკრიმინაციის მიმართულებით, არაერთი სარჩელია განხილვის ეტაპზე. რიგი საქმეები უკვე მოიგეს კიდეც.

გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ ბმულზე – https://bit.ly/3jbDeUK

ეს რამინისა და დეას სამოქალაქო აქტივიზმის მხოლოდ მცირე ნაწილია. მიღწევები ბევრია – ზოგი მცირე, ზოგიც უფრო მნიშვნელოვანი. თუმცა აქტივისტები, თანამოაზრეებთან ერთად, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ჯერ ისევ აგრძელებენ და წინ კიდევ მრავალი ინიციატივაც აქვთ. მაგრამ ფაქტია, ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, მათი ჩართულობით, აჭარაში მცხოვრები შშმ პირები სახლებიდან გამოდიან, საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და თუკი, დიალოგის შედეგად, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სერვისები დაინერგება, სხვების მსგავსად, ისინიც შეძლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, ნოტარიუსთან ვიზიტს, მატარებლის ბილეთების ელექტრონულად შეძენას, სანაპიროზე სეირონობას თუ სხვა, მათთვის სასურველი აქტივობების განხორციელებას.

მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლმა პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც უნდა ჩააბაროს

დღეიდან, 26 აპრილიდან, B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები.

შსს-ს ცნობით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთანავე, დაინტერესებული პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

ასევე, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კანდიდატს შეუძლია მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე.

შს სამინისტროს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. თუმცა შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი.

შსს-ს ცნობით, ცვლილება კანონში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებითაა გათვალისწინებული.

ბათუმში თბილი, უნალექო დღეები იქნება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 აპრილს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_______________

ჩაიკეტოს სივრცე რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის – პეტიცია მთავრობას

საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მთავრობას მიმართავენ, ჩაკეტოს სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისათვის.

პეტიციაში, რომელზე ხელის მოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნათქვამია, რომ „უკრაინაში მიმდინარე ომი არის თავისუფლების ბრძოლა ტირანიასთან, ერის ბრძოლა დამპყრობელთან. თავისუფლების მოყვარე ყველა ხალხის მოვალეობაა, გვერდში დაუდგეს უკრაინელებს“.

პეტიციის ავტორი და მასზე ხელის მომწერები სთხოვენ ხელისუფლებას, გადადგას სასიცოცხლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს საზღვაო-საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს რუსულ გემებსა და თვითმფრინავებს.

„რუსეთის იმპერიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციით. დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე – აირჩიოს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ან რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას შორის. თანამედროვე მსოფლიო ირჩევს თავისუფლებას. რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების წრე თანდათანობით ფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთია რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის საზღვაო და საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.

ქართველ ხალხს, თავისი მცირერიცხოვნების მიუხედავად, არასდროს ჰქონია შიში იმპერიების მიმართ. ჯერ კიდევ იმ ეპოქაში, როდესაც არ არსებობდა ინტერნეტი, გაერო, ნატო ან საერთაშორისო თანამეგობრობა, ქართველი ხალხი მარტო უმკლავდებოდა მსოფლიოს უდიდეს იმპერიებს და მან შეინარჩუნა თავისი ეროვნული ღირსება.

უკრაინის ომი არის ჩვენი ომი. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი თავისი გამანადგურებელი შედეგებით, ჩვენ კარგად გვახსოვს აფხაზეთი. საქართველო ვალდებულია უკრაინას დაეხმაროს ყველა შესაძლო საშუალებებით, მათ შორის, ისეთი ლეგიტიმური საშუალებებით, რომელთა გამოყენების უფლება აქვს ყველა სუვერენულ ქვეყანას,“ – ნათქვამია პეტიციაში.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები. განადგურდა ქალაქები, 10 მილიონზე მეტ უკრაინის მოქალაქეს კი სამშობლოს დატოვება მოუწია.

„მიღებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა“ – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

„მიღებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა, დაძაბული ბრძოლები გრძელდება იზიუმის სამხრეთით, რუსეთის ძალები ცდილობენ, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წაიწიონ წინ სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“, – ამის შესახებ წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე.

უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების 26 აპრილის განახლებას აქვეყნებს.

„რუსული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის მყარად გამაგრებული პოზიციები ქვეყნის აღმოსავლეთში“.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ემზადებიან ზაპოროჟიეს დასაცავად, რადგან არსებობს სამხრეთიდან რუსეთის არმიის თავდასხმის ალბათობა.

გუშინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ „რუსეთს ჯერ კიდევ არ მიუღწევია მნიშვნელოვანი გარღვევისთვის“.

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აპრილის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 22 100 ადამიანი
  • ტანკი – 918 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 308 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 416 ერთეული
  • MLRS – 149 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ერთეული
  • თვითმფრინავი – 184 ერთეული
  • ვერტმფრენი – 154 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 643 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 205
  • სპეციალური აღჭურვილობა – 31
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 141 თვითმფრინავი
  • 110 ვერტმფრენი
  • 570 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 554 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 265 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 283 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 104 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 380 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„მოულოდნელობის ეფექტით მოქმედებას ვეღარ ახერხებენ რუსები, მათ აშინებთ ინიციატივა,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი და სამხედრო რუკაზე მიგვითითებს, სადაც ჩანს, რომ რუსებმა არათუ ღრმა შემოვლა და ალყის შეკვრა ვერ მოახერხეს, არამედ უკრაინის ვერცერთი ფორტიფიცირებული ხაზი ვერ გაარღვიეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ომის მეორე ფაზა ერთი კვირის წინ დაიწყო:

რუსები დღე-ღამეში 40 კმ-ით შესვლას გეგმავდნენ, შედიან მხოლოდ 4-3 კილომეტრით – ინტერვიუ

 

თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება

თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება. კომპანიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 21 აპრილიდან, თიბისის ფილიალებში, არასამუშაო საათებში, განათება შემცირდება. შედეგად, კომპანია დაზოგავს რესურსებს, რაც  დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე.

მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის 134 ფილიალში, არასამუშაო საათებში, განათების ოპტიმიზაციით, კომპანია 120 000 კვტ.ს ელექტროენერგიას დაზოგავს. შედეგად, თიბისი წლიურად გამოფრქვევებს 23 400 კგ. ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტით შეამცირებს.  აღნიშნული რაოდენობა იმ გამონაბოლქვის რაოდენობის ტოლფასია, რომელსაც დიზელის ძრავზე მომუშავე ერთი ავტომობილი 140 400 კმ-ის გავლის შედეგად გამოაფრქვევს.

დედამიწის დღე, მსოფლიოში, 1970 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება და მას 174 ქვეყანაში, 17 000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. პლანეტის დაცვისთვის განხორციელებულ აქტივობებში მილიარდზე მეტი ადამიანია ჩართული.

დედამიწის დღე გარემოზე ზრუნვასა და მის დაცვასთან დაკავშირებულ ქმედებებს ეძღვნება,  რომლებიც ჯანმრთელი, უსაფრთხო, ეკოლოგიური გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. მსოფლიოში ეს დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღინიშნება, როგორიცაა: ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების დასუფთავება, სხვადასხვა რესურსის მოხმარების შემცირება და სხვა.

 

დადასტურდა კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა

26 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გასულ დღე-ღამეში არავინ გარდაცვლილა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარაში – 2, იმერეთში – 13, ქვემო ქართლში – 2, შიდა ქართლში – 1, გურიაში – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 4, კახეთში – 5, მცხეთა-მთიანეთში –1, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 26 აპრილის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 654 375 , ბოლო 24 საათში – 62
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 636 108 , ბოლო 24 საათში – 104
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 800
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 4 576, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 245, PCR ტესტით – 1 331
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,35%, ბოლო 14 დღის – 1,13%, ბოლო 7 დღის – 1,05%
  • სულ აცრილია – 2 877 175, დღიურად აცრილია – 16
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 1 441, მათგან 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოშიმათ შორისთბილისის საავადმყოფოებში – 192, აჭარაში – 11, იმერეთში – 76. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 74 პირიმათ შორისთბილისში – 49, აჭარაში – 5, იმერეთში – 9. 108 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გენინსპექციამ შსს-ს 971 თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა

გასულ წელს გენერალურმა ინსპექციამ შემოწმების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 971 თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სახდელი, რომელიც მოიცავს საყვედურს, სასტიკ საყვედურს, შენიშვნას, თანამდებობიდან ჩამოქვეითებას, სამსახურიდან დათხოვნას, რიგგარეშე სამ განაწესამდე დანიშვნას და მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.

შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე პოპულარული ფორმა „შენიშვნაა“, რომელიც გამოიყენება მცირემნიშვნელობის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი თანამშრომლის/სამხედრო მოსამსახურის მიმართ.

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში გენინსპექციის მიერ გამოვლენილი გადაცდომების გამო სამსახურიდან დაითხოვეს შს სამინისტროს 1319 თანამშრომელი.

გენერალური ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში შიდაუწყებრივად აკონტროლებს შსს-ს ქვედანაყოფების საქმიანობას.

გენერალური ინსპექცია ავლენს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებს და ახდენს სათანადო რეაგირებას.

გენერალური ინსპექციისთვის საჩივრით მიმართვა შეუძლია ყველას.

გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

ვის უფრო აწყობს ბათუმის საკრებულოს ხელახალი არჩევნები

აღარავინ წუხს იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულო, ფაქტობრივად, პარალიზებულია და ვერ მუშაობს. ერთი შეხედვით, თითქოს არავის არაფერი დაჰკლებია, მაგრამ მესამე კვარტალის ბოლოს, დიდი ალბათობით, მერია რამდენიმე პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზად სწორედ საკრებულოს დაასახელებს.

საქმე იმაშია, რომ საკრებულოს თანხმობის გარეშე მერიას არ შეუძლია კონკრეტული თანხა კონკრეტული საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ერთი მუხლიდან მეორეში გადაიტანოს, ან  ეკონომიებით გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კონკრეტულ სფეროებში გადაანაწილოს. ამ ყველაფერს საკრებულოს თანხმობა სჭირდება.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, თითქმის არ გასულა კვარტალი, მერიას საკრებულოსთვის ბიუჯეტში კორექტირების შეტანაზე თანხმობის თხოვნით რომ არ მიემართა.

სხდომის გამართვის ბოლო მცდელობის შემდეგ „ოცნებაც“ ჩუმად არის და ოპოზიციაც. თუ ასე კიდევ ექვსი თვე გაგრძელდება, საკრებულო სხდომის გამართვას და თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, დაინიშნება ხელახალი არჩევნები ახალი საკრებულოს ასარჩევად.

ბათუმის მოქმედმა საკრებულომ შეკრება მხოლოდ ერთხელ, 3 დეკემებერს მოახერხა. ამის შემდეგ რამდენიმე დაანონსებული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. დარჩა ორ თვეზე მეტი – 4 ივნისამდე  საკრებულო შეკრებას თუ ვერ მოახერხებს, ბათუმის საკრებულოს ახალი არჩევნები დაინიშნება, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბერში ჩატარდება.

ვის უფრო აწყობს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა – „ოცნებას“ თუ ოპოზიციას, ან ვის უფრო დააზარალებს ის? „ამ ეტაპზე ორივე ფიქრობს, რომ აწყობს“, – ამბობს ასლან ჭანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ის მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში როგორც „ოცნებას“, ასევე ოპოზიციას საკუთარი ლოგიკა აქვს.

„ოპოზიციის თვალთახედვით, ეს მათთვის გამარჯვებად ჩაითვლება, პირველი იმის გამო, რომ ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ფლანგიდან ვინმეს გადაბირება მარტივად, იმისთვის, რომ ჩატარდეს სხდომა და ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნონ. გარდა ამისა, ოპოზიციას გაცხადებული აქვს მოთხოვნა, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი ამას პერიოდულად აჟღერებენ და ხშირად აპელირებენ, რომ უფრო ადრე იქნება არჩევნები, ვიდრე ბევრს ჰგონია“, – ამბობს ასლან ჭანიძე.

რაც შეეხება პროგნოზებს, ვინ უფრო მეტად შეიძლება დაზარალდეს ხელახალი არჩევნების გამართვის შემთხვევაში, ასლან ჭანიძის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნები მოიგო, „ოცნებისთვის“ საქმე მარტივად მაინც არ იქნება:

„ოცნებამ“ ბათუმში თვითმმართველობის არჩევნები ფაქტობრივად წააგო. შუალედურ არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს გამარჯვებას, უმრავლესობა მაინც ოპოზიციის იყო. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი წევრი ოპოზიციიდან გავიდა. შესაბამისად, არჩევნები იყო წარუმატებელი „ოცნებისთვის“.

როგორც ვხედავთ, ოპოზიციის ერთიანობაც არ არის მყარი, ამიტომაც ფიქრობს ალბათ „ოცნება“, რომ მარტივად გაიმარჯვებს. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ კვლევებიც, ამომრჩეველი ემოციაზე, სიმპათიაზე დაყრდნობით აძლევს ხმას. ასევე საინტერესოა, როგორ შეასრულებს, თუნდაც შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული რამაზ ჯინჭარაძე დაპირებებს. რამდენი მიიღებს „ოცნების ქალაქში“ ბინას. შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები, გათვალა მხოლოდ ემოციურ ფონზე და რეალურად კამპანია არ ჩაუტარებია“.

__

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა საკრებულოს შეკრებამდე, ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა, 24 ნოემბერს ენმ-მ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ირაკლი თავდგირიძის მსგავსად, „ნეიტრალობას“ აიძულებდნენ.

ამ დრომდე შსს-ს არ გამოუძიებია „ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“.

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები ტარდებოდა, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 400-მდე ადამიანი ბათუმში მცხოვრები გახდა – ასეულობით ადამიანი, ვინც წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა, წინასაარჩევნოდ კი, მათ ხელისუფლება ბინების გადაცემას დაჰპირდა.

საია-მ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ კანონი დაარღვია. საია-მ და სხვა უფლებადამცველებმა ასევე თქვეს, რომ ხელისუფლებას მინიმუმ გამოძიება უნდა დაეწყო ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის და იძულების კუთხით, თუმცა გამოძიება შსს-ს ამ შემთხვევაზე არ დაუწყია.

რუსები დღე-ღამეში 40 კმ-ით შესვლას გეგმავდნენ, შედიან მხოლოდ 4-3 კილომეტრით – ინტერვიუ

„მოულოდნელობის ეფექტით მოქმედებას ვეღარ ახერხებენ რუსები, მათ აშინებთ ინიციატივა,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი და სამხედრო რუკაზე მიგვითითებს, სადაც ჩანს, რომ რუსებმა არათუ ღრმა შემოვლა და ალყის შეკვრა ვერ მოახერხეს, არამედ უკრაინის ვერცერთი ფორტიფიცირებული ხაზი ვერ გაარღვიეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ომის მეორე ფაზა ერთი კვირის წინ დაიწყო.

პუტინი 9 მაისისთვის ემზადება. რას ჩაითვლის რუსეთი გამარჯვებად და რა შემთხვევაში მოახერხებს უკრაინა კონტრშეტევას, რომ უკრაინიდან რუსი ოკუპანტები გააძევოს? – „ბათუმელები“ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია, ასევე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი. ვახტანგ კაპანაძე ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი.

  • ბატონო ვახტანგ, დღევანდელი გადასახედიდან რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს 9 მაისისთვის, რისთვისაც პუტინი ემზადება? ჩანს, რომ რუსეთი ვერ ახერხებს ღრმა შემოვლას, რაც იყო რუსული არმიის მორიგი სამიზნე დონბასში. 

როგორც ხედავთ, რუსეთმა წამოიწყო გარკვეული მოქმედებები იზიუმისა და გულიაპოლის მიმართულებით. ეს ორი შემხვედრი მიმართულებაა, რომ მარწუხი შეკრას, მაგრამ ფაქტია, რომ ის ვერ განავითარეს, ვერ გადადიან ტაქტიკური მოქმედებიდან ოპერატიულ მოქმედებაზე. არის მოკლე-მოკლე წინსვლები, გარკვეული დასახლებული პუნქტები აიღეს კიდეც, მაგრამ ძირითადად ამ პატარა პუნქტების ალყების გაკეთებით არიან რუსები დაკავებული, რომ უკრაინას ჩამოაცილონ ერთგვარი თავდაცვის უბეები, 9 მაისისთვის ეს მაინც რომ ჰქონდეთ წარმატების გასახმოვანებლად.

ასევე, მარიუპოლში დიდი ალბათობით შეძლებენ საბოლოოდ კონტროლის დამყარებას, ან იტყვიან, რომ „აზოვსტალი“ სრულად ბლოკირებულია და სრულად აკონტროლებენ.

  • არის ინფორმაცია, რომ მარიუპოლიდან ისევ გაჰყავს რუსეთს სამხედრო დანაყოფები და შესაძლოა, იქ გამოიყენონ ქიმიური იარაღი. თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია ეს? 

რეალურად მარიუპოლიდან გაიყვანეს და გაჰყავთ რუსი სამხედროები იმიტომ, რომ ალყის, ასევე, ბლოკირების შენარჩუნებას ნაკლები დანაყოფი სჭირდება, ისინი ჩაანაცვლეს დონეცკი-ლუგანსკის მილიციით და ეს შეიარაღებული ძალები გადაისროლეს გულიაპოლის მიმართულებით, სადაც საუბარია უკრაინის ღრმად ეშელონირებულ, ფორტიფიცირებულ თავდაცვაზე, რომლის გარღვევასაც სჭირდება საკმაოდ დიდი ძალების კონცენტრირება, ასევე, დიდი საცეცხლე ზემოქმედება.

ჯერჯერობით ამ გარღვევას რუსეთი ვერ ახერხებს. ბოლო მონაცემებით, მათ აიღეს დაახლოებით 40-მდე დასახლებული პუნქტი, თუმცა ეს დიდ სიღრმეს არ წარმოადგენს და ეს სოფლები ერთმანეთში გადადის.

  • რა ტაქტიკით მოქმედებს ამჯერად რუსული არმია უკრაინაში? 

რუსები ახლა ახორციელებენ ყველა სახის საარტილერიო დარტყმას. როგორც კი რუსები აწყდებიან წინააღმდეგობას უკრაინელების მხრიდან, უკან ბრუნდება დანაყოფი და ისევ გრძელდება საცეცხლე დარტყმები, ვიდრე საბოლოოდ მართლაც „გადამწვარ მიწას“ არ იღებენ.

საშუალოდ, არმიას აქვს 6-7 დღე-ღამე ამოცანის შესასრულებლად, არმიათა ერთობლიობას კი – 12 – 14 დღე. ამჯერად ამოცანის სიღრმე 600-700 კილომეტრია. თუ ავიღებთ საბჭოთა მოთხოვნებს, რასაც დღემდე ეფუძნებიან რუსული სამხედრო ძალები, რუსები ამ მოთხოვნებს ვერ ასრულებენ.

  • რატომ ვერ ასრულებენ? უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ამბობდა, რომ თავდაპირველად რუსეთი იბრძოდა ახალი სამხედრო ტექნიკით და დღეს ამ მხრივ უფრო უარესად აქვს საქმე, ვიდრე ომის დასაწყისში. ПВО, ავიაცია, ფრთოსანი რაკეტები, მრავალტონიანი ბომბები – რას იყენებს ახლა რუსეთი უკრაინაში? 

დიახ, რაც ჩამოთვალეთ, ყველაფერს იყენებს, ასევე – საარტილერიო დარტყმებს. ეს არ არის უთანამედროვესი აღჭურვილობა, წინა თაობებისაა, თუმცა ის რუსეთს საწყობშიც ბევრი დარჩა.

ჩემი აზრით, რუსული შეიარაღებული ძალები ამოცანას ვერ ახორციელებენ იმიტომ, რომ იქ დაჯგუფება სრულად ვერც შეიქმნა, გადაწყობა ვერ მოახერხეს, გადმოლაგება აქეთკენ მარტივად არ ხდება, თანაც მოხვდნენ უცნობ ტერიტორიაზე.

გამოჩნდა დაგეგმარების უდიდესი მინუსები. როგორც ტაქტიკურ, ისე ოპერატიულ დონეზე, მე ვერ ვხედავ ვერავითარ მოულოდნელობას რუსების მხრიდან, რომ აი, გააოცოს მოწინააღმდეგე, რამე ახალი შესთავაზოს მოულოდნელად – მსგავსი იქ არაფერი ხდება, ძალიან პროგნოზირებადი მოქმედებებია უკვე. რუსი გენერალი სუვოროვი ამბობდა: „გააოცე, გაიმარჯვებ“. სხვათა შორის, ეს მოკლე გამონათქვამი სიმართლეს შეესაბამება, რადგან მოულოდნელობის ეფექტი მართლაც მუშაობს.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ ვერ ქმნიან რუსები მოულოდნელობის ეფექტს? 

იმიტომ, რომ არ ყოფნით გონება, ახალი შესთავაზონ… ძალიან პოლიტიზებულია რუსეთის გენშტაბის მუშაობა, სიახლეები არ აქვთ, გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და ურჩევნიათ ასე, მონიტორულად იმოქმედონ ისე, როგორც იციან.

როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ინიციატივის გამოჩენა შეიძლება იყოს დასჯადი ან დასჯადი არის კიდეც და ამიტომ არ მოქმედებენ.

რუსი სამხედროები ცდილობენ, არ გამოიყენონ ზედმეტი, საერთო ხაზიდან ამოვარდნილი მოქმედებები.

  • თუმცა სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შეცვალა. რა ვერ გათვალეს, თქვენი აზრით? 

ტაქტიკა შეცვალეს, აღარ არის „ბლიც-კრიგი“ და გადაადგილებები სხვადასხვა მიმართულებით. ამჯერად მიდის მეთოდური, კონცენტრირებული დამუშავება და რუსული არმია მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებდა სირიაში.

გარდა ამისა, ჩანს, რომ ცუდად მუშაობს რუსული საჯარისო დონის დაზვერვა და მათ მოქმედებების განხორციელება უწევთ უშუალოდ ბრძოლაში დაზვერვით, რაც გულისხმობს ძალიან დიდ დანაკარგს…

მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ხდება შემდეგი რამ: მაგალითად, არ იცით, სად არის კონკრეტულად მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებები და აძლევ დავალებას ერთ-ერთ დანაყოფს გადაადგილდეს, მას უხსნიან ცეცხლს და თქვენ აფიქსირებთ, საიდან ხდება სროლა. ფაქტობრივად, ეს მცირე დანაყოფი იმიტირებას ახდენს, თითქოს დიდი ზომის დანაყოფია, რომ მოიზიდოს ცეცხლი საკუთარ თავზე. ამ დროს სწრაფად რეაგირებას ვერ ახდენ, რადგან ეს დანაყოფი უკან უნდა გამოიყვანო, გათვლებია საჭირო, საცეცხლე ზემოქმედება…

  • რამდენი ჯარისკაცი ჰყავს ახლა რუსეთს უკრაინაში? რა ძალებით იბრძვის რუსეთი მეორე ფაზის ეტაპზე? 

დაახლოებით 70 – 75 ათასი რუსი ჯარისკაცია ამ ეტაპზე უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის მთლიანად სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულება, რაც ბევრად არ აღემატება უკრაინელების რაოდენობას ამ რეგიონში.

  • რამდენად გაძლიერდა ამასობაში უკრაინის არმია მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობით? დღეს, 25 აპრილს, უკრაინაში მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატებიც ჩავიდნენ. 

ვამბობდი თქვენთან ინტერვიუში, რომ დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს და ასეც მოხდა. ეს 2 თვე სჭირდებოდა ოპერატორების მომზადებას აღჭურვილობაზე სამუშაოდ, ასევე არსებული ვითარების შეფასებას, ბრძოლის სახის ცვლილებას, მორგებას შეიარაღების ახალ მოთხოვნებზე. მოგეხსენებათ, რომ იწყება ლეტალური და შორსმსროლელი აღჭურვილობის მიწოდებაც უკრაინისთვის.

მინდა სწორად გამიგოთ: ყველა ომი გარკვეულწილად არის ლაბორატორია ახალი იარაღის გამოსაცდელად. ამას აკვირდებიან იარაღის მწარმოებლები, რადგან ხედავენ, ეს არაა ერთ და ორდღიანი ომი. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან ახალი ნამუშევრები გამოცადონ. მაგალითად, ჯაველინები გამოცადეს, რომელიც მანამდე მხოლოდ ავღანეთში და რამდენიმე მცირე კონფლიქტში გამოიყენეს. ასევე „დრონი კამიკაძეების“ ახალი მოდელი შეიმუშავეს, „ფენიქსი მოჩვენება“, უშუალოდ უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტურად იქნება ყველაფერი გამოყენებული.

  • უკრაინა ახლა დონბასში უფრო ეფექტურად იბრძვის, ვიდრე კიევთან იბრძოდა? 

უკრაინა უკეთესად იბრძვის, მაგრამ რუსეთიც ახლა უკეთესად მოქმედებს, ადაპტირება მოხდა ერთგვარად საომარი მოქმედებების.

უკრაინისთვის ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია კალიბრების შეცვლა და ნატოს სტანდარტებზე გადასვლა, რადგან, მაგალითად, 132-მილიმეტრიანი საბჭოთა სტანდარტის საარტილერიო ჭურვების მარაგი უკვე ამოეწურათ. ამავე დროს, რუსების ხელში აღმოჩნდა ჭურვების დიდი საწყობი, მარაგი რაც ჰქონდა ამ ჭურვებისა ჩეხეთს და სლოვაკებს, უკვე მიწოდებული იყო უკრაინისთვის, ხოლო თავად უკრაინა მას ვერ აწარმოებს. ამიტომაც, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 155-მილიმეტრიანზე გადასვლა, რაც არის ნატოს სტანდარტი.

ამ გზით შესაბამისი მარაგის შეტანაა შესაძლებელი. ზოგადად, ნატოს სტანდარტებზე გადასვლა უკრაინას უადვილებს მარაგის შევსებას, ვინაიდან მარაგი, რაც ჰქონდა ყოფილი „ვარშავის პაქტის“ ქვეყნებს, მეტწილად გაიხარჯა.

  • ერთი კვირის წინ ინტერვიუში გვითხარით, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობდა ხიდების განადგურებას, რომ უკრაინისთვის შეექმნა ლოჯისტიკური პრობლემა. რა ვითარებაა ამ კუთხით? 

ამ დრომდე გრძელდება ამ კუთხით უკრაინისთვის პრობლემის შექმნა. დღესაც მატარებლის 6 სადგურს დაარტყეს… ფაქტია, რომ ახლა რუსებს აქვთ უკეთესი ლოჯისტიკური მომარაგება, ვიდრე უკრაინას. რუსეთის ტერიტორია არ იბომბება და შეუძლიათ წყნარად, აქტიურად მოხერხდეს ეს გადაადგილებები, როდესაც უკრაინელებს უწევთ პოლონეთის საზღვრიდან დონბასამდე ამ ყველაფრის გადმოსროლა. უკრაინის ზურგის ხაზები დაგრძელებულია, რუსების კი, მოკლეა.

  • გულიაპოლის და კრივოი-როგის მიმართულებით ყველაზე რთულად აქვს უკრაინის არმიას საქმე – ამას ამბობენ თქვენი კოლეგები. ფრონტის როგორი განვითარებაა ამ მიმართულებაზე მოსალოდნელი?

დიახ და აქ არის ასევე პოპასნაია, რომელიც დონბასის ჩრდილოეთ – აღმოსავლეთ მიმართულების დასახლებული პუნქტი, ზემოთ არის ლიმანი, ეს არის მცირე უბის მოკვეთის საშიშროება უკრაინული დაჯგუფებისთვის. ამის გამო უკრაინამ სევეროდონეცკიდან გარკვეული დანაყოფი გადმოიყვანა და ცდილობენ, რომ შეძლონ მოწინააღმდეგის შეჩერება, არ მისცენ გარღვევის საშუალება რუსებს.

ძალიან მძიმე ბრძოლაა ეს უკრაინისთვის, უმძიმესი შეტაკებებია, რაც ჩანს, თუმცა ვხედავთ, რომ უკრაინის ეშელონირებული თავდაცვა ჯერჯერობით უძლებს ამ შეტევას.

  • თქვენი მოლოდინი გაგვიზიარეთ: რამდენად შეძლებს უკრაინა კონტრშეტევაზე გადასვლას? 

ეს გამოჩნდება დაახლოებით 10 დღეში. 10 დღეში დავინახავთ, რა იქნება, რა სახე მიეცემა ამ დაპირისპირებას. ჩემი აზრით, უკრაინა არ მისცემს რუსებს დიდი ალყის, დიდი უბის გაკეთების საშუალებას. რუსებმა შესაძლოა მოახერხონ მცირე ზომის ტაქტიკური ალყები, ასევე გარკვეული მცდელობა იქნება, რომ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდნენ.

როგორც იცით, ლუგანსკის საზღვარი, ფაქტობრივად, რაც არ უნდა გული შეგვტკიოდეს, 90 პროცენტზე მეტი დაკავებული აქვთ. დონეცკის საზღვარზე თუ გავიდნენ, შესაძლოა ეს თქვან 9 მაისს, რომ აი, ჩვენი ამოცანა შევასრულეთ და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავედით, მაგრამ ამ ტემპებით, რასაც ახლა ვუყურებთ, დიდი ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა სრულად შეძლონ გასვლა დონეცკის საზღვარზე.

აქ ახლა უმთავრესია უკრაინის თავდაცვის ზღუდის გარღვევა. თუ მოახერხებს ამ ზღუდეების გარღვევას, ოპერატიულ სივრცეში გაუადვილდებათ გადაადგილება და საომარი მოქმედებების გაშლა, ტემპიც მოიმატებს, თუმცა ამ ეტაპზე რასაც ვუყურებ, ეს ვერანაირ სტანდარტებსა და მოთხოვნებში ვერ ჯდება – რუსულ არმიათა ჯგუფს ამოცანა ჰქონდა დღე-ღამეში 40 კილომეტრის განხორციელება, აქ კი, ვხედავთ, რომ შედიან მხოლოდ 4-3 კილომეტრით.

  • რა შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს კონტრშეტევაზე უკრაინა? 

კონტრშეტევისთვის უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პირობები: 1. მოწინააღმდეგე შეჩერებულია; 2. მოწინააღმდეგეს მიყენებული აქვს საგრძნობი ზარალი; 3. მოწინააღმდეგის მეორე ეშელონებიც ჩართულია უკვე ბრძოლაში; 4. რეზერვები მოწყვეტილია; 5. გვაქვს შესაბამისი საშუალებები და ძალა კონტრშეტევის განსახორციელებლად. ეს პირობები როდესაც ჩამოყალიბდება, დარწმუნებული ვარ, უკრაინა გადავა კონტრშეტევაზე.

ზოგადად ოპერატიული, ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის უკრაინას დასჭირდება კიდევ დამატებით დახმარება. კონტრშეტევის განხორციელება კი, ლოკალურ მიმართულებებზე, მათ შეეძლებათ.

ხერსონში 58 ბავშვი თვეზე მეტია ეკლესიის სარდაფში იმალება – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა ხერსონის ოლქიდან ობოლი და მზრუნველობამოკლებული 58 ბავშვის ევაკუაციის მოთხოვნით განცხადებას ავრცელებს:

„მივმართავ ამ პროცესებში ჩართულ და არაგულგრილს ყველა პირს, ხერსონის ბავშვთა სახლის ბავშვების, უკრაინის უსაფრთხო ტერიტორიაზე სასწრაფოდ ევაკუაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

58 ობოლი და მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვი თვეზე მეტია ადგილობრივი ეკლესიის სარდაფში იმალება.

აქედან 10 ბავშვი 4 თვიდან 1 წლამდე ასაკისაა, დანარჩენი – 4 წლამდე ასაკის, მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა ესაჭიროებათ” – წერს დენისოვა.

დენისოვა აცხადებს, რომ ამ ბავშვებისთვის უსაფრთხო ადგილი უკვე ნაპოვნია უკრაინის იმ რეგიონში, სადაც არ მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები, „იქ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება, მკურნალობა და მოვლა“ – ამბობს ის.

„ვთხოვ ყველას, ვისაც შეუძლია ხელი შეგვიწყოს, გადავიყვანოთ ეს ბავშვები უკრაინის უსაფრთხო რეგიონში, არ დადგეთ განზე და მიიღეთ თქვენზე დამოკიდებული ყველა ზომა,  რათა გაიხსნას და იმუშაოს ჰუმანიტარულმა დერეფნებმა“ – წერს დენისოვა.

400-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს 28 ქვეყნიდან – რუსეთის საგარეო

24 თებერვლის, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, დასავლეთის 28 ქვეყნიდან დაახლოებით 400 რუსი დიპლომატი გააძევეს. ამის შესახებ ორშაბათს, 25 აპრილს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ივანოვმა განაცხადა.

„უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ჩვენი საგარეო მისიების 400-მდე თანამშრომელი გააძევეს დასავლეთის 28 ქვეყნიდან. ლიდერები არიან პოლონეთი, გერმანია, სლოვენია, სლოვაკეთი, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი”, – თქვა მან.

მისივე თმით, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში შემცირდა რუსეთის საკონსულოების თანამშრომელთა რაოდენობაც. მისი აზრით, „ეს კეთდება იმისათვის, რომ გართულდეს ნებისმიერი დახმარების გაწევა, რუსეთის მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნებში მცხოვრები რუსებისთვის“.

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას. რუსეთი თავდასხმას უკრაინაზე ომის ნაცვლად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV

ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა – არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ დასავლეთში პირადი სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს.

არახამია ტელეგრამზე წერს, რომ ქართველები და უკრაინელები ყოველთვის იყვნენ და დარჩებიან მოძმე ერებად. იგი ხაზს უსვამს ქართველი საზოგადო მოღვაწეების, აქტივისტებისა და უკრაინაში ომში მონაწილე მოხალისეების მხარდაჭერას და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ იმავეს ვერ იტყვის საქართველოს ხელისუფლებაზე”.

ამის მიზეზად უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი „ბიძინა ივანიშვილის რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან არსებულ ახლო კავშირებს“ ასახელებს, რის დასტურადაც 25 აპრილს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი მოჰყავს.

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი უბრალოდ კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მათი რიტორიკის – რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების არაღიარებისა და რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების მიზეზი.

დღეს ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი მეგობრები ატარებენ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, რომელსაც ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. მათ სურთ ქართველებსა და უკრაინელებს შორის ჩამოაგდონ დაპირისპირება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება. ამის თავიდან ასაცილებლად, მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის აქტივებზე დასავლეთში პირადი სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაექცეს – არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარება,“ – წერს დავით არახამია.

Exit mobile version