ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის მოახლოება უკვე იგრძნობა, ხალხმრავლობაა განსაკუთრებით დღის მეორე ნახევრიდან ღამის 12 საათამდე, თუმცა აქ ერთხელ გასეირნებითაც მიხვდებით, რომ ბულვარი სეზონისთვის ჯერ მზად არ არის.
ძალიან ბევრ ადგილზე ინფრასტრუქტურა დაზიანებული, მცენარეები კი მოუვლელია. ბევრგან დაგხვდებათ ასევე დასაწყობებული სამშენებლო მასალები, ზოგან კი სარემონტო პროცესი მიმდინარეობს. ამ დრომდე გამწვანებულ ბილიკზეა დაყრილი რკინის კონსტრუქციები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ შტორმმა დააზიანა.
ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ რკინის კონსტრუქციების გატანა ახალი ბულვარის ტერიტორიიდან დღეს, 26 აპრილს, დაიწყეს და ამ პროცესის ამსახველი ფოტოებიც მოგვაწოდეს. გვითხრეს ისიც, რომ ბულვარის ადმინისტრაციას წლების განმავლობაში მოზრდილი მასშტაბის საწყობი არ ჰქონდა, ამიტომაც სხვადასხვა მასალა ხშირად ამფითეატრის მიმდებარედ იყო დასაწყობებული:
„მერიამ გამონახა ჩვენთვის საწყობი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე და დღეიდან ეს პრობლემაც მოგვეხსნება.“
ბულვარის მთელ პერიმეტრზე დიდი ზომის ფილების უმეტესობა დაზიანებული, დაბზარული ან სულ დამტვრეულია. მათგან ბევრი, რომლებიც თითქოს მოწესრიგებულად გამოიყურება, მოშლილია და ყანყალებს, რაც განსაკუთრებით წვიმიან ამინდშია არაკომფორტული, ასევე წვიმის შემდეგაც, ვიდრე ფილების ქვეშ დაგროვილი წყალი კარგად არ გაშრება.
ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა საზაფხულო თეატრის ირგვლივ, შენობის ოთხივე მხარეს, მათ შორის, შესასვლელის მხრიდან, ფილები მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
„ფილების პრობლემა მართლაც აქტუალურია, ეს ჩვენც გვაწუხებს. თუმცა ამ ეტაპზე მის სრულ რეაბილიტაციას ვერ დავგეგმავთ, რადგან სეზონი მოახლოებულია და დამსვენებელს დისკომფორტს ვერ შევუქმნით. გარდა ამისა, სრულ რეაბილიტაციას დიდი ბიუჯეტი სჭირდება, ჩვენს კონტრაქტორებს კი მომსახურების ვადა ამოეწურათ. ამიტომ ჩვენი ძალებით ვცდილობთ დროებით შევაკეთოთ დაზიანებული ნაწილი 150 000 ლარის ფარგლებში, სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. სრულად 15 მაისისთვის უნდა დასრულდეს“, – ამბობს ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფო ლაზიშვილი.
ბულვარის ინვენტარს მოქალაქეები ხშირად ისე გადაადგილებენ, როგორც უნდათ. ნარჩენების ადგილზე დატოვებასაც არ ერიდებიან. როგორც ჩანს, ამ პროცესს არავინ აკონტროლებს, აქ იშვიათად შეხვდებით დაცვის პოლიციელს. არის შემთხვევებიც, როცა ისინი კონკრეტულ დარღვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, ე.წ. სქროლებით სასეირნო ბილიკზე გადასვლა, მცენარეების დაზიანება და ასე შემდეგ, არ/ვერ რეაგირებენ.
ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ დარღვევა ორმხრივია, როგორც „სქროლის“ მომხმარებლები, ასევე ქვეითებიც არღვევენ წესებს და ველობილიკზე გადადიან: „ვერაფერს გავხდით, დაცვის წარმომადგენელს მათი დაჯარიმების უფლება არ აქვს.“
ადგილი, სადაც „პიერ-ბათუმი“ იყო, სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ჩაუხერგავი ღია სივრცე გამვლელებსაც მოსწონთ, თუმცა ადგილი ბოლომდე მოწესრიგებული არ არის. მოუწესრიგებელია მიმდებარედ არსებული კლუბის შესასვლელიც. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს „პლაჟის მოსწორების სამუშაოებიც.“
ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელია ე.წ. ქორწინების სახლი ბულვარის მთავარ შესასვლელში. შენობის შესასვლელთან შადრევნის ავზში არსებული წყალი კი დაბინძურებული და დაჭაობებულია. შენობის უკანა მხარეს შუშის ნაწილზე, არც მეტი არც ნაკლები, პოლიეთილენის პარკია აფარებული. სოფო ლაზიშვილის ინფორმაციით, ეს შენობაც 14 მაისამდე უნდა მოწესრიგდეს: „მის მფლობელთან, იუსტიციის სახლთან, ამაზე გვქონდა მოლაპარაკებები.“
ბათუმის გენგეგმის მიხედვით, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, სამომავლოდ, ე.წ. ქორწინების სახლი ბულვარის შესასვლელში დემონტაჟს ექვემდებარება.