მთავარი,სიახლეები

ფეისბუქში შეღავათიან სესხებს ჰპირდებოდნენ და განაცხადში ფულს იღებდნენ – პროკურატურამ 1 პირი დააკავა

27.04.2022
ფეისბუქში შეღავათიან სესხებს ჰპირდებოდნენ და განაცხადში ფულს იღებდნენ – პროკურატურამ 1 პირი დააკავა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საუბარია ფეისბუქში ყალბი გვერდის შექმნაზე, სადაც ადამიანებს შეღავათიან კრედიტებს ჰპირდებოდნენ, განაცხადის შევსება კი ფასიანი იყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე ყალბი გვერდი შექმნეს და პოტენციური დაზარალებულების მოტყუების მიზნით, თითქოსდა ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე ოდენობით შეღავათიანი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია განათავსეს.

დანაშაულში ჩართული პირების მითითებით, შეღავათიანი სესხის მიღებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეების თანხები, სასესხო განაცხადის რეგისტრაციის, კრედიტის სადაზღვევო და სხვა გამოგონილი მიზნებისთვის, მოტყუებით ირიცხებოდა დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით“ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ბრალდებულის სახით დააკავეს.  მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: