მთავარი,სიახლეები

ვის უფრო აწყობს ბათუმის საკრებულოს ხელახალი არჩევნები

26.04.2022 • 1528
ვის უფრო აწყობს ბათუმის საკრებულოს ხელახალი არჩევნები

აღარავინ წუხს იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულო, ფაქტობრივად, პარალიზებულია და ვერ მუშაობს. ერთი შეხედვით, თითქოს არავის არაფერი დაჰკლებია, მაგრამ მესამე კვარტალის ბოლოს, დიდი ალბათობით, მერია რამდენიმე პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზად სწორედ საკრებულოს დაასახელებს.

საქმე იმაშია, რომ საკრებულოს თანხმობის გარეშე მერიას არ შეუძლია კონკრეტული თანხა კონკრეტული საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ერთი მუხლიდან მეორეში გადაიტანოს, ან  ეკონომიებით გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კონკრეტულ სფეროებში გადაანაწილოს. ამ ყველაფერს საკრებულოს თანხმობა სჭირდება.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, თითქმის არ გასულა კვარტალი, მერიას საკრებულოსთვის ბიუჯეტში კორექტირების შეტანაზე თანხმობის თხოვნით რომ არ მიემართა.

სხდომის გამართვის ბოლო მცდელობის შემდეგ „ოცნებაც“ ჩუმად არის და ოპოზიციაც. თუ ასე კიდევ ექვსი თვე გაგრძელდება, საკრებულო სხდომის გამართვას და თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, დაინიშნება ხელახალი არჩევნები ახალი საკრებულოს ასარჩევად.

ბათუმის მოქმედმა საკრებულომ შეკრება მხოლოდ ერთხელ, 3 დეკემებერს მოახერხა. ამის შემდეგ რამდენიმე დაანონსებული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. დარჩა ორ თვეზე მეტი – 4 ივნისამდე  საკრებულო შეკრებას თუ ვერ მოახერხებს, ბათუმის საკრებულოს ახალი არჩევნები დაინიშნება, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბერში ჩატარდება.

ვის უფრო აწყობს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა – „ოცნებას“ თუ ოპოზიციას, ან ვის უფრო დააზარალებს ის? „ამ ეტაპზე ორივე ფიქრობს, რომ აწყობს“, – ამბობს ასლან ჭანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ის მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში როგორც „ოცნებას“, ასევე ოპოზიციას საკუთარი ლოგიკა აქვს.

„ოპოზიციის თვალთახედვით, ეს მათთვის გამარჯვებად ჩაითვლება, პირველი იმის გამო, რომ ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ფლანგიდან ვინმეს გადაბირება მარტივად, იმისთვის, რომ ჩატარდეს სხდომა და ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნონ. გარდა ამისა, ოპოზიციას გაცხადებული აქვს მოთხოვნა, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი ამას პერიოდულად აჟღერებენ და ხშირად აპელირებენ, რომ უფრო ადრე იქნება არჩევნები, ვიდრე ბევრს ჰგონია“, – ამბობს ასლან ჭანიძე.

რაც შეეხება პროგნოზებს, ვინ უფრო მეტად შეიძლება დაზარალდეს ხელახალი არჩევნების გამართვის შემთხვევაში, ასლან ჭანიძის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნები მოიგო, „ოცნებისთვის“ საქმე მარტივად მაინც არ იქნება:

„ოცნებამ“ ბათუმში თვითმმართველობის არჩევნები ფაქტობრივად წააგო. შუალედურ არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს გამარჯვებას, უმრავლესობა მაინც ოპოზიციის იყო. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი წევრი ოპოზიციიდან გავიდა. შესაბამისად, არჩევნები იყო წარუმატებელი „ოცნებისთვის“.

როგორც ვხედავთ, ოპოზიციის ერთიანობაც არ არის მყარი, ამიტომაც ფიქრობს ალბათ „ოცნება“, რომ მარტივად გაიმარჯვებს. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ კვლევებიც, ამომრჩეველი ემოციაზე, სიმპათიაზე დაყრდნობით აძლევს ხმას. ასევე საინტერესოა, როგორ შეასრულებს, თუნდაც შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული რამაზ ჯინჭარაძე დაპირებებს. რამდენი მიიღებს „ოცნების ქალაქში“ ბინას. შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები, გათვალა მხოლოდ ემოციურ ფონზე და რეალურად კამპანია არ ჩაუტარებია“.

__

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა საკრებულოს შეკრებამდე, ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა, 24 ნოემბერს ენმ-მ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ირაკლი თავდგირიძის მსგავსად, „ნეიტრალობას“ აიძულებდნენ.

ამ დრომდე შსს-ს არ გამოუძიებია „ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“.

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები ტარდებოდა, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 400-მდე ადამიანი ბათუმში მცხოვრები გახდა – ასეულობით ადამიანი, ვინც წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა, წინასაარჩევნოდ კი, მათ ხელისუფლება ბინების გადაცემას დაჰპირდა.

საია-მ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ კანონი დაარღვია. საია-მ და სხვა უფლებადამცველებმა ასევე თქვეს, რომ ხელისუფლებას მინიმუმ გამოძიება უნდა დაეწყო ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის და იძულების კუთხით, თუმცა გამოძიება შსს-ს ამ შემთხვევაზე არ დაუწყია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: