მთავარი,სიახლეები

რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში

26.04.2022
რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში

პარლამენტმა დღეს, 26 აპრილს, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბათუმში პარკირების წესებს არეგულირებს.

საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 3 პრიმა მუხლს, რაც ითვალისწინებს „ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას“. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პარკირების შესახებ სამართალდარღვევებზე ბათუმში კომპეტენტურ ორგანოებს ფოტოს და ვიდეოს გადაღების უფლება ექნებათ.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რესან კონცელიძე, ზაალ მიქელაძე და ანზორ ბოლქვაძე.

„კანონპროექტის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს უარყოფით გავლენა იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ შესაბამისი ჯარიმების გადახდა, რადგან ვიდეო ან ფოტოფირზე სამართალდარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიზარდოს შესაბამისი სამართალდარღვევების გამოვლენა, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე პრიმა 3 მუხლშია გათვალისწინებული,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ გაიზრდება პარკირებაზე სამართალდარღვევების გამოვლენის მაჩვენებელი:

„აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს სამართალდარღვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიხედვით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა, მეტიც, უცვლელი რჩება დღეს მოქმედ რედაქციაში არსებული
ჯარიმების ოდენობები შესაბამისი სამართალდარღვევებისათვის, რაც თავის მხრივ განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე პრიმა 3 მუხლში,“ – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადაც იზრდება – თუ აქამდე მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეიძლებოდა მოეთხოვათ დამრღვევისთვის ჯარიმის გადახდა, ახლა ეს ვადა ერთ წლამდე გაიზარდა.

ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ბათუმის მერიამ უნდა დაამტკიცოს წესი, თუ როგორ გამოქვეყნდეს ვიდეო, ან ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი.

დეპუტატები აჭარიდან ამ ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით შემოსავალსაც ელიან:

„კანონპროექტის ამოქმედების შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავლები აღირიცხება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, რადგან ვიდეო ან ფოტოფირზე სამართალდარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებელია გაიზარდოს შესაბამისი სამართალდარღვევების გამოვლენა, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125ე- პრიმა 3 მუხლშია გათვალისწინებული,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მას შემდეგ, რაც კანონის პროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს, ის გამოქვეყნდება. ცვლილებას ძალა სწორედ მისი გამოქვეყნებისთანავე მიეცემა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: