ნეტგაზეთი • RU

რუსეთი უკრაინაში ჩეჩნეთის სცენარით მოქმედებს – ინტერვიუ ასლან მასხადოვის შვილთან

ავტორები: ანასტასია სვეტლევსკაია, დმიტრი სვიატნენკო

_____

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე ჩეჩნური ბატალიონი იბრძვის. უკრაინაში მყოფი ჩეჩნები ამბობენ, რომ მათ ყველაზე უკეთ იციან, თუ რას ნიშნავს რუსეთი და რუსული ოკუპაცია, რომელიც მათთვის ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როდესაც კრემლმა თავისუფალი იჩქერიის კონტროლქვეშ მოქცევა გადაწყვიტა.

იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის შვილმა უკრაინაში ჩაიტანა რუსი სამხედროების მიერ ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებული მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა ჰააგაში გამოიყენონ. სააგენტო „უნიანთან“ ინტერვიუში, ანზორ მასხადოვი საუბრობს ჩეჩნების ბრძოლაზე, რუსი სამხედროების ქმედებებზე, კადიროვსა და კადიროველებზე და იმაზეც, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება.

  • ანზორ, თქვენ ახლა ევროპაში ცხოვრობთ. მოგვიყევით, როგორი რეაქცია ჰქონდა ჩეჩნურ დიასპორას რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე?

მტკივნეული. ეს ძალიან ჰგავს იმას, როგორც ისინი ჩვენს რესპუბლიკაში შემოიჭრნენ. იგივე მოვლენებია, ჯარების კოლონები, ტაქტიკური რაკეტები. ჩვენც ასე გვბომბავდნენ.

ამ ომს, ამ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ხდება, როგორც ჩვენს ტკივილს, ისე აღვიქვამთ. ვისაც კი ველაპარაკე, ყველა ამბობს, რომ ღამით ვეღარ იძინებს. ადამიანები თვალს ადევნებენ ახალ ამბებს, ღელავენ.

ვფიქრობ, რაღაცნაირად, იმედიც გაჩნდა, რომ ეს პუტინის აგონიაა და მალე ამ რეჟიმის დასასრული დადგება.

ჩეჩნეთში თუ ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები, ძირითადად, არ ეთანხმებიან ამ ომს, თუმცა ეშინიათ ამის თქმა. ეშინიათ, რომ მათ სცემენ, აწამებენ, დევნას დაუწყებენ.

  • შეგვიძლია პარალელი გავავლოთ – როგორც რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და როგორც ჩეჩნეთის ომის დაიწყო?

ვიდრე ისინი მოვიდოდნენ, ჩვენს რესპუბლიკაში ნორმალურად ვცხოვრობდით, მშვიდობიანად… მათ დაიწყეს ეს ომი.

ჯოხარ დუდაევი ჩვენთვის საჭირო ლიდერი იყო და ჩვენგანაც და სხვა ერებისგანაც ძალიან დაფასებული. ყველაფერი კარგად იყო. ელცინი გამოდიოდა, რომ თითქოს, აგერ, გქონდეთ სუვერენიტეტი. დიახ, ჩვენ ნამდვილად გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. თავიდან, თითქოს დაგვანებეს თავი, მაგრამ მერე 1994-ში ომი დაიწყეს  – „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“. ჩვენთვის არ უკითხავთ. არადა, ჩვენ ხომ არანაირი პრობლემა არ გვქონია რესპუბლიკაში!

საბაბი მაშინაც იგივე იყო, რაც ახლა უკრაინაში, რომ თითქოს ნაცისტები არიან და რუსებს ავიწროებენ. ჩვენც გვადანაშაულებდნენ, რომ თითქოს რუსულ მოსახლეობის გენოციდი მოვუწყვეთ.

ყველა მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობისკენ. შედგა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრები და სამშვიდობო შეთანხმება ელცინსა და მამაჩემს შორის. ჩვენ, მაშინ, 1997 წელს, არჩევნები ჩავატარეთ უცხოელი დამკვირვებლებით. მოდიოდა რუსი ჩინოვნიკების ტელეგრამები, რომლებშიც გვილოცავდნენ გამარჯვებას ჩეჩნეთის რესპუბლიკის არჩევნებში. ყველა ოფიციალურ დოკუმენტში  ეწერა – „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“.

თუმცა შემდეგ, როგორც ვიცით, პუტინმა მოინდომა ხელისუფლებაში მოსვლა. როგორც მამაჩემი ამბობდა, ჩეჩნეთის მეორე ომი ჯერ კიდევ 1996 წელს დაიგეგმა. ჩვენი ტერიტორია ჯერ არც კი დაეტოვებინათ, რომ უკვე გეგმავდნენ მეორე ომს, რომელიც უკვე პუტინის დროს დაიწყო.

აქეთკენ მიდიოდნენ. ტერორიზმში გვადანაშაულებდნენ.

დიახ, მკვლელობისა და გატაცების ფაქტები იყო, მაგრამ ვინ იდგა ამის უკან? მე შემიძლია სახელები და გვარები დავასახელო. ეს ხალხი დღეს კადიროვთან მუშაობს. მათი ხელით ცდილობდნენ, იჩქერიისთვის ჩირქი მოეცხოთ.

ანზორ მასხადოვი. ფოტო: სააგენტო “უნიანი”

  • შეგიძლიათ შეადაროთ, როგორ იბრძოდნენ რუსები ოცი წლის წინ და როგორ იბრძვიან ახლა?

იცით, იგივეა. ჩვენთან უარესი იყო. ჩვენ ყოველგვარი დახმარების გარეშე ვიბრძოდით, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ავტომატებითა და ერ-პე-გე-ებით. თვითმფრინავისთვის რომ გვესროლა, სამაგისო არაფერი გვქონდა.

ასე შეძლო რუსეთმა ჩვენი მიწის დაპყრობა. ოკუპაციის დაწყებისთანავე აჩვენეს რუსებმა თავისი „სახე“ – ბარბაროსობა და არაადამიანობა – ვინ არიან ისინი სინამდვილეში. მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდნენ. იგივე ხდებოდა ზუსტად, რაც ბუჩაში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში.

მაგალითად, ალყაში მოაქცევდნენ სოფელ სამაშკის და ცეცხლს დაუშენდნენ. მერე, როგორც ფილმებშია, ფაშისტები რომ მოდიან – ესვრიან, წვავენ… ეს სურათია – ოღონდ რუსებით. „შმელიდან“ ესროდნენ სახლებს. თუ შიგნიდან ხმას გაიგებდნენ, ყუმბარას შეაგდებდნენ. იქ კი მოსახლეობა იყო.

ნამდვილი ფაშისტებივით იქცევიან.

რუსები საკუთარი უსუსურობის გამო აკეთებენ ამას. როდესაც კარგად შევუტევდით და სერიოზულ ზიანს მივაყენებდით, ეგრევე ხალხზე იყრიდნენ ხოლმე ჯავრს. როდესაც გროზნოს იღებდნენ, თავიდან ქვეითი ჯარი წამოვიდა, შინაგანი ჯარები და ომონი… მაგრამ რაღაც მომენტში, უკვე ყველას ბომბავდნენ, განურჩევლად, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ ჩეჩნები არ ცხოვრობდნენ, არამედ რუსები, უკრაინელები, სომხები, ებრაელები.

  • 1997 წელს ბორის ელცინმა და მამათქვენმა, ასლან მასხადოვმა, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. როგორც თქვენ ახსენეთ, ამის მერე მაინც დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელიც რუსებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. უკრაინაში, საომარი მოქმედებების პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის. უნდა მოაწეროს უკრაინამ ხელი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას?

ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენ მაშინ კოლოსალური დანაკარგები გვქონდა. ძალიან რთული იყო ბარბაროსების ასეთ არმიასთან ბრძოლა, ფაქტობრივად, უიარაღოდ. ჩვენს ინტერესებში შედიოდა, როგორმე, ერთი დღით მაინც შეგვეჩერებინა ომი. ისინი ხომ მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გეტყვით – რუსების ნდობა არ ღირს. არ დაუჯეროთ. მე, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ მშვიდობა დადგება რაც შეიძლება მალე, მაგრამ იმაზეც საფიქრალია, კიდევ რა აქვთ მომზადებული? კიდევ რას მოიფიქრებენ ერთი ან ხუთი წლის მერე, თუკი ამოსუნთქვას შეძლებენ?

ჩვენ, ჩეჩნები, ასე ვამბობთ – რუსი აზრს დღეში ცხრაჯერ იცვლის. დღეს დათანხმდება და ერთ საათში გადაიფიქრებს.

ასლან მასხადოვი და ბორის ელცინი, 1997 წელი.

  • რამდენიმე ჩეჩნური ბატალიონი ეხმარება უკრაინელებს ოკუპანტებთან ბრძოლაში. ესაა ჯოხარ დუდაევის სახელობის სამშვიდობო ბატალიონი, რომელიც ილოვაისკთან და დებალცევოსთან ბრძოლებში მონაწილეობდა; ასევე, შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი, რომელიც 2014-2015 წლებში შიროკინოსთვის იბრძოდა და შემდეგ, უკვე წელს – კიევისთვის. თუ გაქვთ ურთიერთობა ამ მებრძოლებთან და თუ ეხმარებით მათ?

დიახ, მე უკვე 16 წელია ნორვეგიაში ვცხოვრობ და რა თქმა უნდა, ვაგროვებთ ნივთებს და ბევრ რამეს, რისი გადაცემაც შეგვიძლია. ესაა ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები, თბილი ტანსაცმელი, მედიკამენტები. არამხოლოდ ჩვენი ბატალიონისთვის, სხვა უკრაინელი სამხედროებისთვისაც. ძალიან კარგია, რომ ჩვენი ძმები აქ არიან, უკრაინაში. კარგია, რომ ისინი პუტინის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან.

  • პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, განაცხადა, რომ კიევთან დაახლოებით ათი ათასამდე კადიროველი იმყოფებოდა. როგორ აფასებთ ამ რიცხვს?

თუ კადიროველებმა თქვეს ეს ათი ათასი, მათ ყველაფრის თქმა შეუძლიათ და მათი არ მჯერა. თუ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ასეთი მონაცემი, მაშინ მჯერა ამის, თუმცა არ მგონია, რომ კადიროვს შეუძლია ამდენი სამხედროს გამოგზავნა.

ჩემი გათვლებით, ალბათ, რამდენიმე ასეული მონაწილეობს ამ ომში. როგორც ვიცი, ისინი ელიტური ნაწილებიდან არ არიან. ვიცი ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ჩეჩნეთის მცხოვრებლებს უკრაინაში წასვლას აიძულებდნენ. დედები ტიროდნენ და ვერ აჩერებდნენ შვილებს. ვიღაც ზეწოლის გამო მიდის, ვიღაც ფულის გამო.

ჩვენც ვცდილობთ მათ გავაგებინოთ – „სად მიდიხართ?“ „სად ეტენებით?“ – რუს ოკუპანტებს აქაც იგივე დაემართებათ, რაც გროზნოში. მაგალითად, შევიდნენ გროზნოში და მთელი ტანკი დაიწვა. აი, რა ელოდებათ მათ უკრაინაში.

  • სხვათა შორის, უკრაინელები დასცინიან კადიროვის სამხედრო დანაყოფებს, „ტიკ-ტოკის ჯარებს“ უწოდებენ. რატომ აჩვენეს მათ თავი ასე უკრაინაში?

ისე წარმოაჩინეს ისინი, როგორც რაღაც ელიტური ნაწილები, თითქოს, მათ რამე შეუძლიათ, მაგრამ არა, მათ არაფერი შეუძლიათ. მე მათ პირდაპირ ვუწოდებ ლაჩრებს. ისინი გაწვრთნეს, რომ მხეცებივით მოექცნენ საკუთარ მოსახლეობას. თუკი გამოჩნდება ვინმე კრიტიკოსი, რომელიც იჩქერიის თემაზე აქტიურობას დაიწყებს, რას აკეთებენ ისინი? იჭერენ მის ნათესავებს, სცემენ, კლავენ. ზეწოლის მეთოდებს იყენებენ.

ამ ომში კი, რამდენადაც ვიცი, ისინი ზურგში არიან. იღებენ ვიდეორგოლებს, როგორ ებრძვიან შუქნიშანს და ასეთი რამეები. ამიტომაც ეძახიან მათ „ტიკ-ტოკერებს“.

  • რამზან კადიროვმა არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინაში იმყოფება. მერე ის, მისივე თქმით, თითქოს გოსტომელშია, მერე უცებ – მარიუპოლში. ამასთან, აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც ის რუსულ ბენზინგასამართ სადგურზე ლოცულობს. როგორ ახასიათებს იჩქერიის ტრადიციები ასეთ კაცს, რომელიც ცრუობს, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს? როგორ აფასებენ მის საქციელს ჩეჩნები?  

ჩვენ მას ისე ვუყურებთ, როგორც კლოუნს. როგორც თქვენ თქვით, ასეთი ბენზინგასამართი სადგურები უკრაინაში არ არსებობს. ეს კაცი წავიდა როსტოვის ოლქში, სადაც სხვა ჯარებიც არიან. იქ ჩავიდა მხოლოდ.

დარწმუნებული ვარ, კადიროვი ვერ გაბედავს წავიდეს უკრაინაში, იქ, სადაც ნამდვილი ომია. სადაც ისვრიან და სადაც მართლა საშიშია, იქ კადიროვს მისი გარემოცვა არ გაუშვებს. მათ მისი დაკარგვა არ უნდათ, რადგან სჭირდებათ. მეორე მისნაირის მოძებნა ძალიან გაუჭირდებათ, ისეთის, ვინც ყველაფერზე წამსვლელია.

რამზან კადიროვი ბენზინგასამართ სადგურზე, ფოტო სოციალური მედიიდან.

 

  • „ახმადი – ძალა“  – რას ფიქრობთ კადიროველების ამ ფრაზის კულტზე, როგორ უყურებენ ამ ლოზუნგს ჩეჩნები?

ისევ და ისევ სასაცილოა. ჩვენ მუსლიმები ვართ და თუკი ნებისმიერ ნორმალურ ჩეჩენს ჰკითხავთ, ის ამას არ დაეთანხმება. რა ძალა? ძალა ღმერთია, სხვა ძალა არ არსებობს. ეს რაღაც ცირკია და მეტი არაფერი. ასეთია მისადმი დამოკიდებულება.

არც კი დაველაპარაკებოდი მე მას.

  • მართალია, რომ კადიროვმა ცუდად იცის ჩეჩნური ენა?  

დიახ. როცა ჩეჩნურად ლაპარაკობს, ზოგჯერ არც კი მესმის, რას ამბობს. მეჩვენება, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ფსიქიკურად დაავადებულია. საკუთარ აზრის ჩამოყალიბება უჭირს, ან უბრალოდ არ შეუძლია.

ჩეჩნებში ჩვენ ვამბობთ, რომ ის ჩეჩენი არაა. ჭეშმარიტი ჩეჩენი საკუთარ ერს სახალხოდ არ დაამცირებს. ჩვენთვის ეს შეურაცხყოფაა, რომ ზოგიერთი ჩეჩენი აქ ჩამოდის და უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. რა დაგვიშავა უკრაინამ? როგორ შეიძლება, ჩეჩენმა თავს უფლება მისცეს და მტრის მხარე დაიჭიროს, მტრის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვკლავდა, იძულებით გვასახლებდა ციმბირსა და ყაზახეთში?!

როგორ შეიძლება, რომ ასეთი მტრის სამსახურში ჩადგე?!

  • ცოტა ხნის წინ, კადიროვმა პუტინის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გააკრიტიკა. როგორ ფიქრობთ, რუსეთის ფედერაციაში უშვებენ იმას, რომ კადროვი შეიძლება პუტინის წინააღმდეგ წავიდეს, თუკი რუსეთის ხელისუფლებაში რყევები დაიწყება?  

პუტინის წინააღმდეგ ის ვერასდროს წავა. სხვების წინააღმდეგ – კი. მან შეიძლება რაღაც თქვას და პუტინი ამას აპატიებს, რადგან დღეს სჭირდება კადიროვი. აი, ასე რომ გაუშვას უკრაინაში ან სირიაში. ეს მეტია, ვიდრე პუტინისა და კადიროვის მეგობრობა.

  • უშვებთ, რომ თუკი კადიროვი ერთ დღეს აღარ იქნება პუტინისთვის სასარგებლო, უფრო გაკადნიერდება ან უმართავი გახდება, რუსებმა მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტონ?

ვუშვებ. ეს შესაძლებელია და ამის მჯერა. შეიძლება, ის დღესაც კი მოიშორონ. კადიროვმა ბევრი იცის. მამამისიც რუსებმა მოკლეს. ჩვენს წინააღმდეგობას არ მოუკლავს უფროსი კადიროვი.

  • და პუტინის სიკვდილის შემთხვევაში? გაუჩნდება კადიროვს შანსი, რომ რუსეთის მეთაური გახდეს?

ამის არ მჯერა. არ მგონია, ასეთი გეგმები არსებობდეს. ვფიქრობ, მათ უკვე აქვთ გეგმა, ვინ უნდა მოვიდეს, თუკი პუტინი აღარ იქნება. ვფიქრობ, ყველაფერი უკვე გაწერილია. თუმცა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ აღარაა პუტინი და აი, მაშინ კლავენ კადიროვს.

  • მოგვიყევით, რა მიზნით ჩამოხვედით უკრაინაში და თუ აპირებთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას?

ტურისტად არ ჩამოვსულვარ. უკრაინაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, კიევშიც და სხვა ქალაქებშიც. ჩამოვედი, რადგან აქ ომია. ალბათ, მინდოდა, რაც შემეძლო გამეკეთებინა უკრაინისთვის.

დიახ, ვისურვებდი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას, ასევე სხვა ადამიანებთანაც უკრაინაში, რომ რაიმე სარგებელი მოვუტანო უკრაინას ჩვენი მხრიდან, ჩეჩნების მხრიდან, რომ გავაკეთო, რაც შემიძლია თქვენთვის და ჩვენთვის, ყველასთვის.

ჩვენ მოვიტანეთ თითქმის სრული ანგარიში (ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის გენერალური პროკურატურის) ჩეჩნეთში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

ანზორ მასხადოვის თქმით, მან უკრაინაში რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებები ჩაიტანა. ფოტო: სააგენტო “უნიანი”

  • შესაძლებელია ამ ინფორმაციის, როგორც დამატებითი მტკიცებულებების გამოყენება ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ?

დიახ, შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს ვიდეომასალებიც. ერთობლივი მუშაობაც შეგვიძლია. ეს არის გენერალური პროკურატურის მიერ პრეზიდენტისთვის 2002 წელს წარდგენილი ანგარიში.

ჩვენ, ჩეჩნებსა და უკრაინელებს, შეგვიძლია ერთად წარმოვადგინოთ იმის მტკიცებულებები, თუ რას სჩადიოდნენ რუსი ოკუპანტები. დოკუმენტებში დასახელებულია რუსი სამხედროები, კონკრეტული დანაშაულები, თარიღები, დანაშაულის ადგილი და ა.შ.

  • თქვენ უშვებთ, რომ უკრაინა ლეგიტიმურად აღიარებს იჩქერიის დევნილ მთავრობას და არა რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩეჩნეთის, კადიროვის, ხელისუფლებას?

აღიარებას რაც შეეხება კარგია, რომ ადამიანებმა დღეს მსოფლიოში უკვე იციან, ვინაა სინამდვილეში ტერორისტი და რომ იჩქერია არაა დამნაშავე ომის დაწყებაში. ჩვენც გვინდოდა მშვიდობა ჩვენს მიწაზე! ჩვენ ვთავაზობდით მშვიდობას, მაგრამ მამაჩემი სწორედ მაშინ მოკლეს, როდესაც მან ომი შეაჩერა. წარმოიდგინეთ, რუსეთი ასეთ სულმდაბლობაზე მიდის, რომ კლავს ჩვენს პრეზიდენტს მაშინ, როდესაც ის მშვიდობას აცხადებს.

კარგი იქნება, თუ ასეთ აღიარებას მივიღებთ უკრაინისგან. ეს ჩეჩნებს ყველა თვალსაზრისით დაგვეხმარებოდა.

  • ვინ შეძლებდა დღეს იჩქერიის პრეზიდენტი გახდეს?

ეს უკვე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ლიდერი. მე ხალხის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. ადამიანი იმედოვნებს. ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ხალხი უნდა ირჩევდეს თავის პრეზიდენტს.

სხვათა შორის, ჩვენი ყველა პრეზიდენტი რუსეთმა მოკლა, ომის ან ოკუპაციის დროს.

  • რუსები თქვენც გდევნიდნენ, მაშინაც, როცა უკვე ევროპაში ცხოვრობდით. კვლავაც გრძელდება ეს?

დღემდე. მუქარები, ზეწოლა. თუნდაც მაგომედ დაუდოვის სიტყვები. ის კადიროვის კაბინეტში ამბობდა, რომ ანზორი უნდა შეაჩერონ. შეაჩერონ ჩემი აქტივობა, ყველა შესაძლო მეთოდით. მან ასე თქვა, – „ჩვენ ვიცით, სად არიან დედამისი და მისი და“.

ახლახან, ნორვეგიაში იპოვეს ადამიანი, რომელიც მზადაა, ფულის სანაცვლოდ მომკლას. აი, ასეთი ვითარებაა. ერთი სიტყვით, მე მათ ძალიან ვუშლი ხელს.

  • საკმარისი ძალა აქვს დღეს ოპოზიციას ჩეჩნეთში რევოლუციის მოსაწყობად?

მე მიმაჩნია, რომ საკმარისი. რა აკლიათ? მწარე გამოცდილება, რომ ჩვენ ყოველგვარი დახმარების გარეშე ვიბრძოდით. მადლობას ვწირავ უფალს და დღევანდელ დროებას, რომ ადამიანებმა, ბოლოს და ბოლოს გაიგეს, ვინაა სინამდვილეში ტერორისტი და საშიში ადამიანი. პუტინს ვგულისხმობ.

მთავარი ფოტო: ანზორ მასხადოვი, სააგენტო “უნიანი”

თარგმნა: თამარ რუხაძე

____

ამავე თემაზე:

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.