მთავარი,სიახლეები

რუსები დღე-ღამეში 40 კმ-ით შესვლას გეგმავდნენ, შედიან მხოლოდ 4-3 კილომეტრით – ინტერვიუ

25.04.2022 • 12683
რუსები დღე-ღამეში 40 კმ-ით შესვლას გეგმავდნენ, შედიან მხოლოდ 4-3 კილომეტრით – ინტერვიუ

„მოულოდნელობის ეფექტით მოქმედებას ვეღარ ახერხებენ რუსები, მათ აშინებთ ინიციატივა,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი და სამხედრო რუკაზე მიგვითითებს, სადაც ჩანს, რომ რუსებმა არათუ ღრმა შემოვლა და ალყის შეკვრა ვერ მოახერხეს, არამედ უკრაინის ვერცერთი ფორტიფიცირებული ხაზი ვერ გაარღვიეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ომის მეორე ფაზა ერთი კვირის წინ დაიწყო.

პუტინი 9 მაისისთვის ემზადება. რას ჩაითვლის რუსეთი გამარჯვებად და რა შემთხვევაში მოახერხებს უკრაინა კონტრშეტევას, რომ უკრაინიდან რუსი ოკუპანტები გააძევოს? – „ბათუმელები“ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია, ასევე სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი. ვახტანგ კაპანაძე ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი.

  • ბატონო ვახტანგ, დღევანდელი გადასახედიდან რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს 9 მაისისთვის, რისთვისაც პუტინი ემზადება? ჩანს, რომ რუსეთი ვერ ახერხებს ღრმა შემოვლას, რაც იყო რუსული არმიის მორიგი სამიზნე დონბასში. 

როგორც ხედავთ, რუსეთმა წამოიწყო გარკვეული მოქმედებები იზიუმისა და გულიაპოლის მიმართულებით. ეს ორი შემხვედრი მიმართულებაა, რომ მარწუხი შეკრას, მაგრამ ფაქტია, რომ ის ვერ განავითარეს, ვერ გადადიან ტაქტიკური მოქმედებიდან ოპერატიულ მოქმედებაზე. არის მოკლე-მოკლე წინსვლები, გარკვეული დასახლებული პუნქტები აიღეს კიდეც, მაგრამ ძირითადად ამ პატარა პუნქტების ალყების გაკეთებით არიან რუსები დაკავებული, რომ უკრაინას ჩამოაცილონ ერთგვარი თავდაცვის უბეები, 9 მაისისთვის ეს მაინც რომ ჰქონდეთ წარმატების გასახმოვანებლად.

ასევე, მარიუპოლში დიდი ალბათობით შეძლებენ საბოლოოდ კონტროლის დამყარებას, ან იტყვიან, რომ „აზოვსტალი“ სრულად ბლოკირებულია და სრულად აკონტროლებენ.

  • არის ინფორმაცია, რომ მარიუპოლიდან ისევ გაჰყავს რუსეთს სამხედრო დანაყოფები და შესაძლოა, იქ გამოიყენონ ქიმიური იარაღი. თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია ეს? 

რეალურად მარიუპოლიდან გაიყვანეს და გაჰყავთ რუსი სამხედროები იმიტომ, რომ ალყის, ასევე, ბლოკირების შენარჩუნებას ნაკლები დანაყოფი სჭირდება, ისინი ჩაანაცვლეს დონეცკი-ლუგანსკის მილიციით და ეს შეიარაღებული ძალები გადაისროლეს გულიაპოლის მიმართულებით, სადაც საუბარია უკრაინის ღრმად ეშელონირებულ, ფორტიფიცირებულ თავდაცვაზე, რომლის გარღვევასაც სჭირდება საკმაოდ დიდი ძალების კონცენტრირება, ასევე, დიდი საცეცხლე ზემოქმედება.

ჯერჯერობით ამ გარღვევას რუსეთი ვერ ახერხებს. ბოლო მონაცემებით, მათ აიღეს დაახლოებით 40-მდე დასახლებული პუნქტი, თუმცა ეს დიდ სიღრმეს არ წარმოადგენს და ეს სოფლები ერთმანეთში გადადის.

  • რა ტაქტიკით მოქმედებს ამჯერად რუსული არმია უკრაინაში? 

რუსები ახლა ახორციელებენ ყველა სახის საარტილერიო დარტყმას. როგორც კი რუსები აწყდებიან წინააღმდეგობას უკრაინელების მხრიდან, უკან ბრუნდება დანაყოფი და ისევ გრძელდება საცეცხლე დარტყმები, ვიდრე საბოლოოდ მართლაც „გადამწვარ მიწას“ არ იღებენ.

საშუალოდ, არმიას აქვს 6-7 დღე-ღამე ამოცანის შესასრულებლად, არმიათა ერთობლიობას კი – 12 – 14 დღე. ამჯერად ამოცანის სიღრმე 600-700 კილომეტრია. თუ ავიღებთ საბჭოთა მოთხოვნებს, რასაც დღემდე ეფუძნებიან რუსული სამხედრო ძალები, რუსები ამ მოთხოვნებს ვერ ასრულებენ.

  • რატომ ვერ ასრულებენ? უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ამბობდა, რომ თავდაპირველად რუსეთი იბრძოდა ახალი სამხედრო ტექნიკით და დღეს ამ მხრივ უფრო უარესად აქვს საქმე, ვიდრე ომის დასაწყისში. ПВО, ავიაცია, ფრთოსანი რაკეტები, მრავალტონიანი ბომბები – რას იყენებს ახლა რუსეთი უკრაინაში? 

დიახ, რაც ჩამოთვალეთ, ყველაფერს იყენებს, ასევე – საარტილერიო დარტყმებს. ეს არ არის უთანამედროვესი აღჭურვილობა, წინა თაობებისაა, თუმცა ის რუსეთს საწყობშიც ბევრი დარჩა.

ჩემი აზრით, რუსული შეიარაღებული ძალები ამოცანას ვერ ახორციელებენ იმიტომ, რომ იქ დაჯგუფება სრულად ვერც შეიქმნა, გადაწყობა ვერ მოახერხეს, გადმოლაგება აქეთკენ მარტივად არ ხდება, თანაც მოხვდნენ უცნობ ტერიტორიაზე.

გამოჩნდა დაგეგმარების უდიდესი მინუსები. როგორც ტაქტიკურ, ისე ოპერატიულ დონეზე, მე ვერ ვხედავ ვერავითარ მოულოდნელობას რუსების მხრიდან, რომ აი, გააოცოს მოწინააღმდეგე, რამე ახალი შესთავაზოს მოულოდნელად – მსგავსი იქ არაფერი ხდება, ძალიან პროგნოზირებადი მოქმედებებია უკვე. რუსი გენერალი სუვოროვი ამბობდა: „გააოცე, გაიმარჯვებ“. სხვათა შორის, ეს მოკლე გამონათქვამი სიმართლეს შეესაბამება, რადგან მოულოდნელობის ეფექტი მართლაც მუშაობს.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ ვერ ქმნიან რუსები მოულოდნელობის ეფექტს? 

იმიტომ, რომ არ ყოფნით გონება, ახალი შესთავაზონ… ძალიან პოლიტიზებულია რუსეთის გენშტაბის მუშაობა, სიახლეები არ აქვთ, გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და ურჩევნიათ ასე, მონიტორულად იმოქმედონ ისე, როგორც იციან.

როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ინიციატივის გამოჩენა შეიძლება იყოს დასჯადი ან დასჯადი არის კიდეც და ამიტომ არ მოქმედებენ.

რუსი სამხედროები ცდილობენ, არ გამოიყენონ ზედმეტი, საერთო ხაზიდან ამოვარდნილი მოქმედებები.

  • თუმცა სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შეცვალა. რა ვერ გათვალეს, თქვენი აზრით? 

ტაქტიკა შეცვალეს, აღარ არის „ბლიც-კრიგი“ და გადაადგილებები სხვადასხვა მიმართულებით. ამჯერად მიდის მეთოდური, კონცენტრირებული დამუშავება და რუსული არმია მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებდა სირიაში.

გარდა ამისა, ჩანს, რომ ცუდად მუშაობს რუსული საჯარისო დონის დაზვერვა და მათ მოქმედებების განხორციელება უწევთ უშუალოდ ბრძოლაში დაზვერვით, რაც გულისხმობს ძალიან დიდ დანაკარგს…

მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ხდება შემდეგი რამ: მაგალითად, არ იცით, სად არის კონკრეტულად მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებები და აძლევ დავალებას ერთ-ერთ დანაყოფს გადაადგილდეს, მას უხსნიან ცეცხლს და თქვენ აფიქსირებთ, საიდან ხდება სროლა. ფაქტობრივად, ეს მცირე დანაყოფი იმიტირებას ახდენს, თითქოს დიდი ზომის დანაყოფია, რომ მოიზიდოს ცეცხლი საკუთარ თავზე. ამ დროს სწრაფად რეაგირებას ვერ ახდენ, რადგან ეს დანაყოფი უკან უნდა გამოიყვანო, გათვლებია საჭირო, საცეცხლე ზემოქმედება…

  • რამდენი ჯარისკაცი ჰყავს ახლა რუსეთს უკრაინაში? რა ძალებით იბრძვის რუსეთი მეორე ფაზის ეტაპზე? 

დაახლოებით 70 – 75 ათასი რუსი ჯარისკაცია ამ ეტაპზე უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის მთლიანად სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულება, რაც ბევრად არ აღემატება უკრაინელების რაოდენობას ამ რეგიონში.

  • რამდენად გაძლიერდა ამასობაში უკრაინის არმია მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობით? დღეს, 25 აპრილს, უკრაინაში მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატებიც ჩავიდნენ. 

ვამბობდი თქვენთან ინტერვიუში, რომ დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს და ასეც მოხდა. ეს 2 თვე სჭირდებოდა ოპერატორების მომზადებას აღჭურვილობაზე სამუშაოდ, ასევე არსებული ვითარების შეფასებას, ბრძოლის სახის ცვლილებას, მორგებას შეიარაღების ახალ მოთხოვნებზე. მოგეხსენებათ, რომ იწყება ლეტალური და შორსმსროლელი აღჭურვილობის მიწოდებაც უკრაინისთვის.

მინდა სწორად გამიგოთ: ყველა ომი გარკვეულწილად არის ლაბორატორია ახალი იარაღის გამოსაცდელად. ამას აკვირდებიან იარაღის მწარმოებლები, რადგან ხედავენ, ეს არაა ერთ და ორდღიანი ომი. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან ახალი ნამუშევრები გამოცადონ. მაგალითად, ჯაველინები გამოცადეს, რომელიც მანამდე მხოლოდ ავღანეთში და რამდენიმე მცირე კონფლიქტში გამოიყენეს. ასევე „დრონი კამიკაძეების“ ახალი მოდელი შეიმუშავეს, „ფენიქსი მოჩვენება“, უშუალოდ უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტურად იქნება ყველაფერი გამოყენებული.

  • უკრაინა ახლა დონბასში უფრო ეფექტურად იბრძვის, ვიდრე კიევთან იბრძოდა? 

უკრაინა უკეთესად იბრძვის, მაგრამ რუსეთიც ახლა უკეთესად მოქმედებს, ადაპტირება მოხდა ერთგვარად საომარი მოქმედებების.

უკრაინისთვის ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია კალიბრების შეცვლა და ნატოს სტანდარტებზე გადასვლა, რადგან, მაგალითად, 132-მილიმეტრიანი საბჭოთა სტანდარტის საარტილერიო ჭურვების მარაგი უკვე ამოეწურათ. ამავე დროს, რუსების ხელში აღმოჩნდა ჭურვების დიდი საწყობი, მარაგი რაც ჰქონდა ამ ჭურვებისა ჩეხეთს და სლოვაკებს, უკვე მიწოდებული იყო უკრაინისთვის, ხოლო თავად უკრაინა მას ვერ აწარმოებს. ამიტომაც, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 155-მილიმეტრიანზე გადასვლა, რაც არის ნატოს სტანდარტი.

ამ გზით შესაბამისი მარაგის შეტანაა შესაძლებელი. ზოგადად, ნატოს სტანდარტებზე გადასვლა უკრაინას უადვილებს მარაგის შევსებას, ვინაიდან მარაგი, რაც ჰქონდა ყოფილი „ვარშავის პაქტის“ ქვეყნებს, მეტწილად გაიხარჯა.

  • ერთი კვირის წინ ინტერვიუში გვითხარით, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობდა ხიდების განადგურებას, რომ უკრაინისთვის შეექმნა ლოჯისტიკური პრობლემა. რა ვითარებაა ამ კუთხით? 

ამ დრომდე გრძელდება ამ კუთხით უკრაინისთვის პრობლემის შექმნა. დღესაც მატარებლის 6 სადგურს დაარტყეს… ფაქტია, რომ ახლა რუსებს აქვთ უკეთესი ლოჯისტიკური მომარაგება, ვიდრე უკრაინას. რუსეთის ტერიტორია არ იბომბება და შეუძლიათ წყნარად, აქტიურად მოხერხდეს ეს გადაადგილებები, როდესაც უკრაინელებს უწევთ პოლონეთის საზღვრიდან დონბასამდე ამ ყველაფრის გადმოსროლა. უკრაინის ზურგის ხაზები დაგრძელებულია, რუსების კი, მოკლეა.

  • გულიაპოლის და კრივოი-როგის მიმართულებით ყველაზე რთულად აქვს უკრაინის არმიას საქმე – ამას ამბობენ თქვენი კოლეგები. ფრონტის როგორი განვითარებაა ამ მიმართულებაზე მოსალოდნელი?

დიახ და აქ არის ასევე პოპასნაია, რომელიც დონბასის ჩრდილოეთ – აღმოსავლეთ მიმართულების დასახლებული პუნქტი, ზემოთ არის ლიმანი, ეს არის მცირე უბის მოკვეთის საშიშროება უკრაინული დაჯგუფებისთვის. ამის გამო უკრაინამ სევეროდონეცკიდან გარკვეული დანაყოფი გადმოიყვანა და ცდილობენ, რომ შეძლონ მოწინააღმდეგის შეჩერება, არ მისცენ გარღვევის საშუალება რუსებს.

ძალიან მძიმე ბრძოლაა ეს უკრაინისთვის, უმძიმესი შეტაკებებია, რაც ჩანს, თუმცა ვხედავთ, რომ უკრაინის ეშელონირებული თავდაცვა ჯერჯერობით უძლებს ამ შეტევას.

  • თქვენი მოლოდინი გაგვიზიარეთ: რამდენად შეძლებს უკრაინა კონტრშეტევაზე გადასვლას? 

ეს გამოჩნდება დაახლოებით 10 დღეში. 10 დღეში დავინახავთ, რა იქნება, რა სახე მიეცემა ამ დაპირისპირებას. ჩემი აზრით, უკრაინა არ მისცემს რუსებს დიდი ალყის, დიდი უბის გაკეთების საშუალებას. რუსებმა შესაძლოა მოახერხონ მცირე ზომის ტაქტიკური ალყები, ასევე გარკვეული მცდელობა იქნება, რომ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდნენ.

როგორც იცით, ლუგანსკის საზღვარი, ფაქტობრივად, რაც არ უნდა გული შეგვტკიოდეს, 90 პროცენტზე მეტი დაკავებული აქვთ. დონეცკის საზღვარზე თუ გავიდნენ, შესაძლოა ეს თქვან 9 მაისს, რომ აი, ჩვენი ამოცანა შევასრულეთ და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავედით, მაგრამ ამ ტემპებით, რასაც ახლა ვუყურებთ, დიდი ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა სრულად შეძლონ გასვლა დონეცკის საზღვარზე.

აქ ახლა უმთავრესია უკრაინის თავდაცვის ზღუდის გარღვევა. თუ მოახერხებს ამ ზღუდეების გარღვევას, ოპერატიულ სივრცეში გაუადვილდებათ გადაადგილება და საომარი მოქმედებების გაშლა, ტემპიც მოიმატებს, თუმცა ამ ეტაპზე რასაც ვუყურებ, ეს ვერანაირ სტანდარტებსა და მოთხოვნებში ვერ ჯდება – რუსულ არმიათა ჯგუფს ამოცანა ჰქონდა დღე-ღამეში 40 კილომეტრის განხორციელება, აქ კი, ვხედავთ, რომ შედიან მხოლოდ 4-3 კილომეტრით.

  • რა შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს კონტრშეტევაზე უკრაინა? 

კონტრშეტევისთვის უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პირობები: 1. მოწინააღმდეგე შეჩერებულია; 2. მოწინააღმდეგეს მიყენებული აქვს საგრძნობი ზარალი; 3. მოწინააღმდეგის მეორე ეშელონებიც ჩართულია უკვე ბრძოლაში; 4. რეზერვები მოწყვეტილია; 5. გვაქვს შესაბამისი საშუალებები და ძალა კონტრშეტევის განსახორციელებლად. ეს პირობები როდესაც ჩამოყალიბდება, დარწმუნებული ვარ, უკრაინა გადავა კონტრშეტევაზე.

ზოგადად ოპერატიული, ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის უკრაინას დასჭირდება კიდევ დამატებით დახმარება. კონტრშეტევის განხორციელება კი, ლოკალურ მიმართულებებზე, მათ შეეძლებათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: