მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი ცოცხალია, ჯანმრთელია და დიდხანს იქნება ბედნიერად – წულუკიანი ჩანაწერებზე

26.04.2022
ივანიშვილი ცოცხალია, ჯანმრთელია და დიდხანს იქნება ბედნიერად – წულუკიანი ჩანაწერებზე

რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს, 26 აპრილს, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სთხოვეს ჟურნალისტებმა კომენტარი. კითხვას, ადასტურებს თუ არა ჩანაწერი, რომ ივანიშვილი კვლავ არის ხელისუფლების ჩრდილოვანი მმართველი, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა:

„რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად ისახავს იმას, რომ ხავსს ეჭიდებით და ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ ეს მთავრობა არის ხელშემწყობი გარკვეული ნეგატიური პროცესების უკრაინის მიმართ და იმ უბედურების კონტექსტში, რაც უკრაინაში ტრიალებს. ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა არის საძრახისი საქციელით დაკავებული,“ – ამბობს წულუკიანი.

მისი თქმით, დავით ხიდაშელმა მოგვიანებით განმარტა, რომ ევტუშენკოვი მისი მეშვეობით ცდილობდა ღარიბაშვილთან დაკავშირებას, რაც არ შემდგარა.

„სინამდვილეში დავით ხიდაშელმა დაადასტურა, რომ ის არის მონაწილე ევტუშენკოვთან ურთიერთობების და შუამავლობდა, რომ მოცემული ბიზნესმენი მისი შუამავლობით საქართველოში დაკავშირებულიყო სხვადასხვა წრეებს. ამან სინათლე შეიტანა ფაქტებში. ის ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და ის გადაამისამართა ბიზნესწრეებთან.

ცრუ აჟიოტაჟი ამტყდარია არაფრის გამო, მეორე მხრივ, უკვე ტრადიციადქცეული ბატონი არესტოვიჩის [უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი] განცხადებები, რომელიც პრაქტიკულად გშიფრავთ თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს, ამბობს, რომ ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, იმიტომ ვართ მავანისთვის მიუღებელი, რომ არ ვართ ომის ადამიანები და არ ვიწყებთ ომს ჩვენივე ქვეყანაში, იმისთვის, რომ რუსეთის ყურადღება და სამხედრო ძალები გადანაწილდეს უკრაინასა და სხვა ფრონტებს შორის.

თქვენი პრიორიტეტი არის ომი და ამას ადასტურებს ბატონი არესტოვიჩიც, რომ სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, დღეს იქნებოდა საქართველო ომის ალში გახვეული და სწორედ ეს არის ის, რასაც ვერ ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ,“ – თქვა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, თუნდაც მყიფე.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავარდეს ტყვია, მათ შორის, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მოხდეს დაპირისპირება. ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვქონდეს მინიმუმ ქვეყანაში ის, რაც დღეს არის – მყიფე მშვიდობა, მაგრამ განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად,“ – ამბობს თეა წულუკიანი.

რაც შეეხება ივანიშვილის ჩრდილოვან მმართველობას, წულუკიანის თქმის, „ივანიშვილი არ არის ჩრდილოვანი მმართველი, მაგრამ ის არსებობს, ის ცოცხალია და დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად. ის არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თქვენ წაართვით, და ეს თქვენ გადგათ ყელზე, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და კიდევ იქნება დიდხანს.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: