მთავარი,სიახლეები

საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი – რას ცვლის უკრაინის ომი სამხრეთ კავკასიაში

26.04.2022 • 2267
საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი – რას ცვლის უკრაინის ომი სამხრეთ კავკასიაში

რა შეიცვლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის უკრაინის ომის დასრულების შემდეგ? რის მიღწევას ცდილობენ ეს ქვეყნები? რამდენად ემუქრება სომხეთს ახალი ომის საფრთხე? რატომ შეიძლება დაკარგოს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი? რა გეგმები აქვს აზერბაიჯანს და რამდენად რეალურია რუსეთის იმდენად დასუსტება, რომ თუნდაც უახლესი ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდა საკითხებში ჩარევის უნარი აღარ ჰქონდეს? ამ კითხვებზე პასუხებისთვის „ბათუმელებმა“  კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძეს ესაუბრა.

„ბათუმელებმა“ კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძესთან ინტერვიუ ლონდონში ჩაწერა. ის ამჟამად ბერმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტია.

  • ბატონო ალექსანდრე, რას ალაგებენ ალიევი და ფაშინიანი რუსეთთან, როგორ ფიქრობთ, სუსტდება თუ არა რუსეთის გავლენები კავკასიაში?

უკრაინის ომმა გამოაჩინა რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური შესაძლებლობები და ეს არა მარტო გლობალურად დაინახეს და გადააფასეს, არამედ კავკასიის რეგიონშიც დაიწყო რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების გადაფასება.

ვინაიდან სომხეთი არის კუხოს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი, მას ასევე ეგონა, რომ სანამ არსებობს რუსეთი, ვერც აზერბაიჯანი და მით უმეტეს, ვერც თურქეთი, ვერ გაბედავდნენ სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციას.

ასევე, აზერბაიჯანიც მიხვდა იმას, რომ რუსეთი ვერ შეძლებს მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის წარმოებას. როგორც ჩანს, ამაში აქამდე არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, სწორედ ამიტომ მოაწერა ხელი „სამშვიდობო შეთანხმებას“ სომხეთთან, მისი აზრით,  არახელსაყრელი პირობებით. აზერბაიჯანს არ სურდა რუსი „სამშვიდობოების“ განთავსება ყარაბაღში. ახლა კი ორივე ქვეყანა სხვანაირად ფიქრობს.

მეორე მხრივ, აზერბაიჯანული ჯარი ისეთივე დონეზეა გაწვრთნილი, როგორც თურქული სამთო ბრიგადები და 40-დღიანი ყარაბაღის ომითაც უდიდესი გამოცდილება მიიღო.

  • როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანის მსგავს თვითშეფასებას თურქეთის მხარდაჭერა განაპირობებს?

რომც არ ჰქონდეს თურქეთის მხარდაჭერა, რუსეთს ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს, თუ დააპირა იგივე ე.წ. დენაციფიკაცია აზერბაიჯანში, რასაც უკრაინაში აკეთებს.

როდესაც „სოკარი“ აწვდიდა საწვავს დევნილების დასახმარებლად უკრაინას, რუსეთის დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საჭიროა ბირთვული თავდასხმები „სოკარის“ ნავთობის ობიექტებზე, რადგან რუსეთშიც ხვდებიან, რომ აზერბაიჯანზე ფართომასშტაბიანი შეტევა დიდ ფასად დაუჯდებათ.

აზერბაიჯანს 100-ათასიანი ჯარი ჰყავს და რუსეთს სულ მცირე, 300-ათასიანი კონტინგენტი მაინც დასჭირდება, მის ტერიტორიაზე რომ შევიდეს.

აქედან ძალიან დიდი ნაწილი უკვე მწყობრიდანაა გამოსული. აღარაფერს ვამბობ თურქეთის ჯარზე, რომელიც დაეხმარება ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანს.

რაც შეეხება სომხეთს, სომხეთიც ხვდება, რომ რუსეთი არასანდო მოკავშირეა და არც ისეთი ძლიერი, როგორც მასზე წარმოდგენა არსებობდა. ფაშინიანმა განცხადებაც კი გააკეთა, რომ შეცდომა იყო ყარბაღთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. თქვა ისიც, რომ ყარაბაღის გარშემო არსებული შვიდი რაიონი თავის დროზე რომ გადაგვეცა აზერბაიჯანისთვის, უფრო ხელსაყრელი პირობებით გამოვიდოდით ამ კონფლიქტიდან და არც ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდაო.

ეს იმის ნიშანია, რომ ერთი მხრივ, მიდის გადაფასება რუსეთის ფაქტორის და მეორე მხრივ, იწყება რუსეთის ალტერნატივის ძებნა თუ არა, გახედვა მაინც სხვა მოთამაშეებისკენ.

ნიშანდობლივი იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც შარლ მიშელის ორგანიზებული იყო.

  • ამაზე მინდოდა სწორედ მეკითხა, აქამდე მედიატორის როლს რუსეთი კისრულობდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ახლა გამოჩნდა ევროკავშირი. შარლ მიშელმა თქვა – „ჩვენ გვინდა სტაბილური და აყვავებული კავკასია“. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთი სუსტდება კავკასიაში, ევროკავშირის როლი კი იზრდება?

ევროკავშირი შეეცდება, ჩაანაცვლოს რუსეთი და ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე გახდეს რეგიონში. ამის პარალელურად, მიდის მოლაპარაკება თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ, რაც ითვალისწინებს საზღვრებზე მიმოსვლის აღდგენას და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ძვრები დაიწყო და არსებობს სომხეთის მხრიდან უკვე ინტერესი, რომ ასე ვთქვათ, ევროკავშირი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან, ევროკავშირი ძალიან პასიური იყო კავკასიაში, მაგრამ უკრაინის ომის ფონზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა აზერბაიჯანი, ვინაიდან ევროპის ენერგომომარაგების ერთ-ერთი ალტერნატიული წყაროა. იმ ფონზე, როცა რუსეთის ნავთობის და გაზის ჩანაცვლებაზე მიდის საუბარი, აზერბაიჯანი ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო ხდება. სწორედ ეს აძლიერებს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს.

ასევე, სომხეთი ცდილობს მოიპოვოს საგარეო პოლიტიკური ალტერნატივა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი სომხური დიასპორებიც, რომლებიც ფართოდაა წარმოდგენილი ევროპაში, საკმაოდ გავლენიანი ჯგუფებია და რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროპა სომხეთში.

  • ფაშინიანი ბოლოს როცა იმყოფებოდა პუტინთან, ითქვა, რომ ეს ქვეყნები აპირებენ „ურთიერთობის ახალ ეტაპზე“ გადასვლას. საუბარია სომხეთში რუსული ენის სწავლების გაძლიერებაზე და პირიქით. ბიოუსაფრთხოება ახსენეს და ის, რომ მესამე ქვეყანა ვერ გამოიყენებს მათ ტერიტორიას ერთმანეთის ნებართვის გარეშე. რაში სჭირდება ეს ყველაფერი სომხეთს, თუ რუსეთს აღარ განიხილავს აქტიურ მოკავშირედ?

სომხეთს, რუსეთის მხრიდან მისი ტერიტორიების ოკუპაციის შიში არ აქვს. შესაბამისად, ის პაკეტი, რასაც, მაგალითად, რუსეთი სთავაზობს, თუნდაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ამ წუთას შესაძლოა მისაღები იყოს სომხეთისთვის. ასეთი რიტორიკული ხელშეკრულებები ხშირად იდება რუსეთსა და სომხეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები არ მონაწილეობენ უკრაინის ომში, რატომ? იმიტომ, რომ მომავალზე ფიქრობს და ალტერნატივის ძიებაშია.

  • ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფორმდება „სამშვიდობო შეთანხმება“. ეს დოკუმენტი დაალაგებს საბოლოოდ ურთიერთობას მათ შორის?

ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტებია ჩაწერილი, რასაც ვერ შეეწინააღმდეგება სომხეთი. ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ ორივე ქვეყანამ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს. ეს ითვალისწინებს იმას, რომ სომხეთმა უნდა აღიაროს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე და აღარ გამოთქვას პრეტენზია.

ყარაბაღში სომხეთის ხელისუფლებას ნაკლები ურთიერთობა აქვს სეპარატისტებთანაც, ვეღარ შეჰყავს შეიარაღებული ძალები და იქ ყველაფერს რუსები კურირებენ. ჯერ ხელი არ მოუწერიათ, თუმცა ფაშინიანმა სიტყვიერად მაინც განაცხადა, რომ თანახმაა ცნოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. ამან სომხური, პრორუსული ოპოზიციის და რევანშისტული ძალების გააქტიურება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ფაშინიანი ყიდის ყარაბაღს. ამის საპასუხოდ კი, ალიევმა მსოფლიო კონგრესზე განაცხადა, რომ თუ სომხეთი არ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ თავადაც შეწყვეტენ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიებს, ნახჭევანის ოლქს და შემდეგ თურქეთს.

  • ეს მუქარაა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის მიმართ?

თუნდაც რიტორიკის დონეზე, თუმცა ასეთი მესიჯი გაჟღერდა. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ პრობლემატური იქნება, თუ ალიევი ამაზე წავიდა და სამხედრო ინტერვენცია განახორციელა ზანგეზურის მიმართულებით.

  • სომხეთი ყარაბაღს მშვიდობის სანაცვლოდ თმობს? თუ კიდევ არის სხვა საკითხები?

ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ოთხი წლის შემდეგ, როცა რუს სამშვიდობოებს იქ ყოფნის ვადა გაუვათ. გაახანგრძლივებს თუ არა ამას აზერბაიჯანის ხელისუფლება.

ასევე, არ ვიცით, რას აპირებს აზერბაიჯანი იქ მცხოვრებ სომხებთან დაკავშირებით.

ვიცით, რომ, მაგალითად, ჰადრუთიდან მოსახლეობა წავიდა. მართალია, რიტორიკულ დონეზე აზერბაიჯანი სთავაზობს მათ უკან დაბრუნებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რაიონი დაცლილია. სომხეთში არის შიშები, რომ თუ ყარაბაღი გადაეცემა აზერბაიჯანს, ის საბოლოოდ დაასრულებს ამ ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდას.

  • აი, ამ ფონზე სად ვართ ჩვენ? მაგალითად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი აცხადებს, რომ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს და რუსეთს მიუერთდეს. ასევე ფაქტია ისიც, რომ ბიბილოვი ვერ იმარჯვებს არჩევნებში. რაზე მეტყველებს ეს?

სამაჩაბლოში ბიბილოვის პოზიციები ძალიან მყიფეა. რეფერენდუმი ბიბილოვის თვითშემოქმედება იყო, რადგან მას ეს საარჩევნო ხმებისთვის სჭირდებოდა.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე რუსეთი არ მოახდენს სამაჩაბლოს ანექსიას, რადგან მათ სჭირდებათ თბილისის მხარდაჭერა, თუნდაც იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ.

თუ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, შესაძლოა საქართველო 180 გრადუსით შემობრუნდეს, გააძლიეროს შეიარაღება, უკრაინის მხარდაჭერა და დასცილდეს რუსეთს. სწორედ იმ ფონზე, როცა წყალივით სჭირდება დღეს რუსეთს ისეთი ქვეყანა, საიდანაც შეიძლება სანქციების გვერდის ავლით რაღაცები განახორციელოს.

მით უმეტეს, როცა საქართველოს ხელისუფლებას დიდად არ აწუხებს რუსეთს დეოკუპაციის საკითხი. ამიტომ არსებული სტატუს-კვო რუსებს აწყობთ საქართველოში და სამაჩაბლოს ანექსიას არ მოახდენს.

  • მაშინ, როცა სომხეთიც კი ცდილობს, რომ რუსეთს გარეთ ეძებოს სტრატეგიული პარტნიორი, ასევე იმის ფონზე, რაც გვაჩვენა უკრაინის ომმა, რატომ ცდილობს  საქართველოს ხელისუფლება მოებღაუჭოს რუსულ საცეცებს? 

საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ივანიშვილის კარზე არის მოსაზრება, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთსა და ამერიკას შორის განხეთქილების ვაშლი. თუმცა საქართველომ უნდა ისარგებლოს ევროპული სიკეთეებით, მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ.

ასევე უნდა, რომ შეინარჩუნოს კავშირები რუსეთთან. ეს განაპირობებს ხელისუფლების დღევანდელ ქცევას. პუტინის არგაღიზიანებაში ასევე მოიაზრება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის იგნორირებაც, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა არნახული სანქციები ედებათ რუს ოლიგარქებს, ასევე, იმ სეპარატისტებს, ვინც ცდილობს უკრაინის დანაწევრებას. ამ დროს არც ერთი სანქცია არ განხორციელებულა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საოკუპაციო რეჟიმის მომხრეების წინააღმდეგ, ისინი კომფორტულად არიან და საქართველოს მხრიდან რუსეთი არანაირ დისკომფორტს არ განიცდის ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ამ ფონზე ამაზე დუმილი და ამის არ გამოყენება არის ძალიან დამაზარალებელი საქართველოს პოლიტიკისთვის და შეიძლება ასეთი შანსი, საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, აღარ იყოს.

მთელმა მსოფლიომ დაინახა, რაც არის რუსეთი. დაინგრა ის მითიც, რომ  თითქოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველებსა და ოსებს ან აფხაზებს შორის იყო კონფლიქტი, მაშინ, როცა რეალურად ეს იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მსოფლიო ახლაც უყურებს, თუ რას აკეთებს რუსეთი დონბასში.

ჩვენს თვალწინ აპირებს ხერსონის სახალხო რესპუბლიკად გამოცხადებას და ძალადობრივი გზით იქმნება სეპარატიზმი. იმავეს აკეთებდა რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზეც. ეს ყველაფერი დაინახა მსოფლიომ, ამიტომ ამაზე დუმილი არის დანაშაული. ზელენსკი და ბორის ჯონსონი უფრო ხშირად ახსენებენ საქართველოს, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე.

  • საქართველოს ინტერვენციის რისკები არსებობს დღეს რუსეთის მხრიდან? 

რაც უფრო მეტს ისაუბრებს საქართველო იმის შესახებ, რომ დათვს „ბაბაია“ უნდა დაუძახო, „აბა, რუსეთს მოვერევით?“, „რუსეთი ერთ საათში აგვიღებს“ და ასე შემდეგ, მით უფრო მეტი რისკია და მეტი შანსია რუსეთის მხრიდან ინტერვენციის.

თუ რუსებს ეცოდინებათ, რომ აქ დახვდებათ მეორე მარიუპოლი, ტყეებსა და მთებში შეხვდებათ პარტიზანული ბრძოლა, რაც გამოიწვევს ათიათასობით მსხვერპლს რუსულ ჯარში და მილიარდობით დანაკარგს, ამან შესაძლოა დააფიქროს რუსეთი.

სადღაც მაისის ბოლოდან ძალიან მასშტაბური კონტრშეტევა იგეგმება უკრაინის მხრიდან და საუბარია დონბასისა და ლუგანსკის დაბრუნებაზეც კი. ჩვენ, ამ დროს, თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერებაზეც კი არ ვმუშაობთ. არ მიდის მუშაობა ჯაველინების, ბაირახტარების შეძენაზე და ასე შემდეგ. ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი არ შემოვა, რადგან პოლიტიკურ ელიტებში არის განწყობა, რომ ბიძინას ასე აქვს დალაგებული რუსეთთან.

  • რა მოიაზრება ამ დალაგებაში?

კულისებში რა ხდება, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რამდენიმე ფაქტს ვხედავთ. პირველი ის არის, რომ 2012 წლიდან საქართველოში არც ერთ რუსზე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო. ვხედავთ, რომ გაჩერდა რამდენიმე სერიოზული ამერიკული პროექტი, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტი, გარკვეულ ამერიკულ კომპანიებს, მაგალითად, „ფრონტერას“ დისკომფორტი შეუქმნა ხელისუფლებამ. ვნახეთ, რომ ხელისუფლება საგარეო ფრონტზე არაფრით არ აწუხებს რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის წინ წამოწევით – ძალიან კომფორტულად არიან.

გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ არაერთი საეჭვო წარმომავლობის რუსი ბიზნესმენებისა თუ ოლიგარქის ინტერესები საქართველოში.

  • რუსეთის წინააღმდეგ ხომ აძლევს ხმას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო, რას მოგვიტანს ორი კურდღლის დევნა?

საქართველოში მოსახლეობა არის ანტირუსულად განწყობილი. ეს აჩვენა გავრილოვის ღამემ, ასევე ვხედავთ, როგორ წინააღმდეგობას უწევს ღია პრორუსულ „ალტ-ინფოს“ მოსახლეობა რეგიონებში, რომელიც, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების აზრის, განწყობის გაზომვის საშუალება, თუ რამდენად აიტანს ქართული საზოგადოება პრორუსულ პოლიტიკას საქართველოში და ვხედავთ, რომ არ იტანს.

ეს გაანალიზებული აქვს რუსეთს, ამიტომ აქვს ასეთი შეფარული პოლიტიკა საქართველოში.

  • ევროკავშირის კითხვარი გვაქვს შესავსები, რა მოლოდინები გაქვთ პირადად თქვენ, და შედეგი როგორ შეიძლება აისახოს პოლიტიკურ პროცესებზე?

საქართველო უკრაინაზე გაცილებით წინ იყო ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ უკვე ათი ნაბიჯით გვისწრებს ამ ფრონტზე. ვფიქრობ, უკრაინა ჩვენზე ადრე და უკეთესი პოზიციებით შევა ამ გაერთიანებაში.

შედეგს რაც შეეხება, „მორჩა“ და „არ გიღებ“ ასე არ გვეტყვის, მოგვცემს სიას, თუ რაში ვერ ვაკმაყოფილებთ, ვთქვათ, კრიტერიუმებს და რა დროში უნდა მოხდეს მისი გამოსწორება.

  • სამეზობლო პოლიტიკაზე მინდა  გკითხოთ ისევ, როგორ ფიქრობთ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ყველაფერი გარკვეული აქვს საქართველოს?

ყარაბაღის ომში მარცხის შემდეგ ნაკლებ სავარაუდოა, რომ სომხეთმა ჯავახეთში სეპარატიზმის პედალირება დაიწყოს.

აზერბაიჯანს რაც შეეხება, თუ არ ჩავთვლით საზღვრის დემარკაციას დავით გარეჯთან მიმართებაში, სხვა გასარკვევი საკითხი აზერბაიჯანსა და საქართველოს, ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ აქვს.

არც ენერგომატარებლების თვალსაზრისით კარგავს საქართველო აქტუალობას, რადგან შავ ზღვაზე ყველაზე მოკლე გასასვლელი მაინც საქართველოა.

უკრაინასთან ურთიერთობებს რაც შეეხება, გამარჯვების შემდეგ უკრაინა გადაიქცევა შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ, თურქეთის დონის სახელმწიფოდ, რადგან უკრაინას თურქეთზე მეტი აქვს ინდუსტრიაც და პოტენციალიც.

ჩვენ ვნახეთ რა როლი ითამაშა თურქეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენ, სამწუხაროდ, აქამდე არ გვყავდა ისეთი სტრატეგიული პარტნიორი, როგორიც თურქეთია აზერბაიჯანისთვის. ჩვენთვის თურქეთი ბოლომდე მაინც ვერ გახდება ისეთი პარტნიორი, როგორც აზერბაიჯანისთვის, კულტურული თუ რელიგიური ფაქტორების გამო. ამიტომაც, თუ უკრაინა ფეხზე დადგა და ჩამოყალიბდა შავი ზღვის ისრაელად, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ გამოუჩნდეს სწორედ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც არის თურქეთი აზერბაიჯანისთვის.

  • თუმცა ამ პერსპექტივას აზიანებს დღევანდელი ხელისუფლება.

იმიტომ, რომ ახლომხედველი ხელისუფლება გვყავს. არ უყურებს ასეთ საკითხებს გლობალურად.

ივანიშვილის ერთ-ერთი განცხადება იყო, რომ საქართველო ერთი პატარა სოფელია. ის არ აზროვნებს გეოპოლიტიკურად და, შესაბამისად, ეს ხელისუფლებაც.

ამიტომ აზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს. მეორე მხრივ, ამას აბალანსებენ ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და ქართველი ხალხი, რომელიც ათასობით გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ დაიკარგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: