მთავარი,სიახლეები

ჩაიკეტოს სივრცე რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის – პეტიცია მთავრობას

26.04.2022
ჩაიკეტოს სივრცე რუსული  გემებისა და თვითმფრინავებისთვის – პეტიცია მთავრობას

საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მთავრობას მიმართავენ, ჩაკეტოს სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისათვის.

პეტიციაში, რომელზე ხელის მოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნათქვამია, რომ „უკრაინაში მიმდინარე ომი არის თავისუფლების ბრძოლა ტირანიასთან, ერის ბრძოლა დამპყრობელთან. თავისუფლების მოყვარე ყველა ხალხის მოვალეობაა, გვერდში დაუდგეს უკრაინელებს“.

პეტიციის ავტორი და მასზე ხელის მომწერები სთხოვენ ხელისუფლებას, გადადგას სასიცოცხლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს საზღვაო-საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს რუსულ გემებსა და თვითმფრინავებს.

„რუსეთის იმპერიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციით. დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე – აირჩიოს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ან რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას შორის. თანამედროვე მსოფლიო ირჩევს თავისუფლებას. რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების წრე თანდათანობით ფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთია რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის საზღვაო და საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.

ქართველ ხალხს, თავისი მცირერიცხოვნების მიუხედავად, არასდროს ჰქონია შიში იმპერიების მიმართ. ჯერ კიდევ იმ ეპოქაში, როდესაც არ არსებობდა ინტერნეტი, გაერო, ნატო ან საერთაშორისო თანამეგობრობა, ქართველი ხალხი მარტო უმკლავდებოდა მსოფლიოს უდიდეს იმპერიებს და მან შეინარჩუნა თავისი ეროვნული ღირსება.

უკრაინის ომი არის ჩვენი ომი. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი თავისი გამანადგურებელი შედეგებით, ჩვენ კარგად გვახსოვს აფხაზეთი. საქართველო ვალდებულია უკრაინას დაეხმაროს ყველა შესაძლო საშუალებებით, მათ შორის, ისეთი ლეგიტიმური საშუალებებით, რომელთა გამოყენების უფლება აქვს ყველა სუვერენულ ქვეყანას,“ – ნათქვამია პეტიციაში.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები. განადგურდა ქალაქები, 10 მილიონზე მეტ უკრაინის მოქალაქეს კი სამშობლოს დატოვება მოუწია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: