მთავარი,სიახლეები

გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინას 88 „ლეოპარდი“ მიაწოდოს

26.04.2022
გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინას 88 „ლეოპარდი“ მიაწოდოს

გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა [რაინმეტალი] გერმანიის მთავრობას სთხოვა ნებართვა, რომ მიაწოდოს კიევს 88 ძველი ტანკი, „ლეოპარდი“.

შეთავაზებაში ასევე შედის: ეკიპაჟის მომზადება გერმანიაში, ტანკების ტექმომსახურების სწავლება, ხელსაწყოები, სათადარიგო ნაწილები, ტექმომსახურების სადგური და საბრძოლო მასალა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემები Die Welt-ი და „დოიჩე ველე“ ავრცელებენ.

მედიის ცნობით, ამ მიწოდების ნებართვაზე განაცხადი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში გასული კვირის ბოლოს შევიდა.

გერმანიის მთავრობამ აქამდე მიიღო კიდევ ერთი მოთხოვნა Rheinmetall-ისგან, რათა უკრაინას მიაწოდოს 100 Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა რუსული აგრესიისგან დასაცავად. გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა 25 აპრილს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღება.

გარდა ამისა, Die Welt-ის ცნობით, იარაღის კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ი (KMW) მზად არის მიაწოდოს უკრაინას 100 თვითმავალი „ჰაუბიცა 2000“, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეს 40 კილომეტრამდე მანძილზე. ნიდერლანდები მზადაა უკრაინას გადასცეს ეს მძიმე არტილერია, ხოლო გერმანიის მთავრობა მათ ჯერ მხოლოდ სასწავლო დახმარებას და საბრძოლო მასალას ჰპირდება.

„ლეოპარდის“ ტანკები განეკუთვნება 1A5 მოდელს, რომელიც წარმოებული იყო 1960-იანი წლების დასაწყისში და გამოიყენებოდა 2003 წლამდე. Rheinmetall-ს შეუძლია პირველი ეგზემპლარების ტრანსპორტირება უკრაინაში რამდენიმე კვირაში. ამ სამხედრო შეკვეთის ღირებულება 115 მილიონ ევროს შეადგენს.

______________

ფოტო: „დოიჩე ველე“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: