მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რამდენიმე კლინიკაში ინფექციის კონტროლის კუთხით სავალალო მდგომარეობაა – ჯანდაცვის მინისტრი

26.04.2022 • 1216
რამდენიმე კლინიკაში ინფექციის კონტროლის კუთხით სავალალო მდგომარეობაა – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 26 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყო და აღნიშნა, რომ მონიტორინგისას საქართველოს კლინიკებში გამოიკვეთა სისტემური პრობლემები, ასევე სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო, კოვიდის პერიოდში, სრულად უზრუნველყოფდა, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე იკვეთება ისეთი შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერად ხდებოდა ფაქტობრივი ანგარიშგებების წარმოდგენა და ასევე, რამდენიმე კლინიკაში იკვეთება, რომ არის ძალიან სამწუხარო და სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით.

ზოგიერთ კლინიკაში საერთოდ მოშლილია და სახეზე გვაქვს ის სისტემური პრობლემები, რაც სამწუხაროდ კოვიდმა კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა. ამიტომ, იმ დატვირთულობის ფონზე, რაც კლინიკებს ჰქონდათ 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ რეალობამდე ვართ დღეს მისული,“ – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

ამჟამად სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლის, სხვადასხვა პროტოკოლისა და გაიდლაინების შესრულების, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების მართლზომიერებისა და ფინანსური მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებს.

აზარაშვილის თქმით, მონიტორინგი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. „ამას ექნება სისტემური სახე და ჩვენი თანამშრომლები მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე, კონკრეტულ ვადებში, ხელმეორედ მივლენ და შეამოწმებენ კლინიკებს“, – აღნიშნა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: