ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

თუმცა, შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს წევრები, კანდიდატის სტატუსის მხოლოდ უკრაინისა და მოლდივისათვის მისანიჭებლად მიიწვია, როგორც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო აღნიშნული.

„ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია.

გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

პარალელურად გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას,“ – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

 

 

ვიდეომიმართვის ტექსტი:

„რამდენიმე დღეში, ევროკავშირის 27 ლიდერი შეიკრიბება ბრიუსელში და მინდა გითხრათ თუ რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი.

პირველ რიგში, ჩვენ მოგვიწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მჯერა, ახლა დროა ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია.

უფრო კონკრეტულად ჩემი განზრახვაა, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს მოუწევთ პირობების შესრულება ევროპულ გზაზე. განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლი საკითხებში.

უკრაინელმა ხლხმა აირჩია თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული მომავალი. ახლა კი ისინი ამისთვის იბრძვიან და ჩვენ მათ გვერდით ვართ.

ევროპაში დაბრუნებული ომის ფონზე, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და სტაბილურობა, არა მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში, არამედ კონტინენტის ირგვლივ არსებულ სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების ამ იდეას შეუძლია ხელი შეუწყოს თანამშრომლობას და უფრო უსაფრთხო, აყვავებული ევროპის შექმნას.

ეს იდეა არ არის გაფართოების ჩანაცვლება. ასე რომ ჩვენ განვაახლებთ დასავლეთ ბალკანეთთან გაფართოების პროცესს და წავიყვანთ მათი ინტეგრაციისკენ. დასავლეთ ბაკანეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ევროკავშირი მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთისთვის.

ბოლოს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ოჯახები და ბიზნესები ომით გამოწვეული შედეგების წნეხის ქვეშ არიან. ეს არის ყოველდღიური მოხმარების საქონელსა და სერვისზე ფასების ზრდა. სურსათი, ენერგეტიკა. ინფლაცია იზრდება. ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ გზებს, რათა ყველას დავეხმაროთ ცხოვრების გაზრდილ ფასებთან გამკლავებაში.

სწორედ ამიტომ, ევროპული საბჭოს ამ კვირის შეხვედრა შეიტანს წვლილს ჩვენი საერთო მომავლის ფორმირებაში“.

___________

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე ევროკომისია მხარს არ უჭერს

„გმადლობთ, რომ მოხვედით“ – ევროპარლამენტარ გრეგოროვას მიმართვა თბილისის აქციაზე 

„ჩემთვის ესაა მომავალი (საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აჩვენებს). დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. გმადლობთ, რომ ზრუნავთ, გმადლობთ, რომ მოხვედით. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვიზრუნებ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე“, – ასე დაიწყო თავისი მიმართვის ტექსტი თბილისის აქციაზე – „შინ ევროპისკენ“ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არამხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ამას (აჩვენებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს) ჩვენ ურთიერთობებს, ჩვენ სურვილს პროგრესს მიაღწიოთ და შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ.

ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენს უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, რომ ევროპელი იდეალისტები დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“.

„ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი ვეღარ უნდა მოატყუოს“ – რა დრო სჭირდება კლანის დაშლას

„რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის,“ – მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და „სასამართლოს გუშაგი“ ხელმძღვანელი რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გაუწერა, მათ შორის, სასამართლო სისტემის ნაწილში.

ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, ხელისუფლება, პირველ რიგში, სასამართლო კლანის არსებობას უნდა დაუპირისპირდეს, თუ მას გაუჩნდება ნება, რეალურად დაუახლოვდეს ევროპას და რეფორმები ფორმალური არ იქნება –  სასამართლო სისტემაში რეფორმების 4 ტალღა უკვე განხორციელდა.

„აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი,“ – გვიყვება ნაზი ჯანეზაშვილი. მას ვესაუბრეთ, რა დრო და რესურსი შეიძლება დასჭირდეს სასამართლო ხელისუფლების ნაწილში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

  • ქალბატონო ნაზი, ევროკომისიის რეკომენდაცია ეხება სასამართლოს სისტემას – „გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია“ – წერია ამ ნაწილში და ხაზგასმულია, რომ საუბარია არა მხოლოდ რეფორმაზე, არამედ სასამართლოზე, რომელიც იქნება „სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი“. თქვენი აზრით, რა რესურსი და დრო დასჭირდება ამ პროცესს, ცხადია, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში? 

საკითხები, რომელიც ჩამოთვლილია დოკუმენტში, საჭიროებს ფუნდამენტურ მიდგომას, რასაც სჭირდება დრო, თუმცა რაღაც ნაწილი შეიძლება ხვალვე გააკეთოს პარლამენტმა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, გამოაცხადოს კონკურსი არამოსამართლე წევრების არჩევაზე.

ჩემი აზრით, ყველაზე მწვავე საკითხების გადაჭრას და პირველი რიგის პრობლემების მოგვარებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება… უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები: რის გაკეთება შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში, რა არის გრძელვადიანი. ვიცით, რომ წლებია საუბარია ამაზე, რეფორმების ტალღაზე, სასამართლოს სტრატეგიაშიც გაწერილია ბევრი რამ, დიაგნოზი დასმულია და ვიცით, რა სჭირდება სასამართლო სისტემას. მთავარია პოლიტიკური  ნება, რომ ორგანიზებულად წავიდეს ეს პროცესი.

მე არ ვიცი, ამ ეტაპზე რას დათმობს ხელისუფლება, ხელისუფლების პოზიციაც ამ დოკუმენტში სასამართლო სისტემის ნაწილზეც არ მოგვისმენია, თუმცა ევროკომისიის დოკუმენტი გულისხმობს სასამართლოს რეალურ გაძლიერებას და არა ფორმალურად რეფორმების ჩატარებას. ცხადია ერთი რამ: რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის. რეკომენდაციებში სიტყვა „კლანი“ ნახსენები არ არის, მაგრამ ხაზგასმულია ის, რომ ეს რეფორმები უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, ეფექტური და არა ფორმალური და თვალთმაქცური.

აქამდე ჩვენ არაერთხელ გვინახავს ხელისუფლების თვითკმაყოფილება, რომ ოთხი ტალღა განახორციელეს წარმატებით. ახლაც შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები გაატარონ, მაგრამ თუ ეს რეფორმა არ იქნება ნამდვილი, ისინი ვეღარ მოატყუებენ ევროკავშირს, ეს უკვე გამორიცხულია.

  • ევროკომისია აქცენტს აკეთებს „ძალაუფლების გადანაწილების“ საჭიროებაზე, როცა სასამართლო სისტემაზე საუბრობს. ეს რა გზავნილია? 

იმის, რომ რეალურად პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო, საქართველოში ფაქტობრივად ერთია პოლიტიკურად. ხელისუფლების დანაწილება იმიტომ არსებობს, რომ არსებობდეს ურთიერთშეკავება და კონტროლის მექანიზმი. მაგრამ საქართველოში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ მუშაობს, ამას კი ყველაზე მკაფიოდ სასამართლო აჩვენებს.

ამ კუთხით კანონი არ გვაქვს შესაცვლელი. ხელისუფლების დანაწილება კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, თუმცა პრაქტიკაში ასე არ არის. ამის შეცვლასაც სჭირდება პოლიტიკური ნება.

  • სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის გამო ევროპარლამენტის რეზოლუცია ეხებოდა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიასაც. თქვენი აზრით, რატომ აღარ არის მათ შესახებ საუბარი ევროკომისიის რეკომენდაციებში? 

არ ვიცი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ეს რეკომენდაციები მიემართება კონკრეტული ინსტიტუციების გაძლიერებას და არა კონკრეტულ ადამიანებს.

  • თქვენი აზრით, რატომ გამოყო სასამართლო სისტემის რეკომენდაციაში ევროკომისიამ უზენაესი სასამართლო და მისი „სათანადო ფუნქციონირებასაც“ გაუსვა ხაზი? 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა მოხდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ, ეუთო/ოდირის არაერთ დასკვნაშიც კი მოხვდა ეს საკითხი.

ფუნქციონირებაში კი ის იგულისხმება, რომ მოსამართლეები, რომლებიც აირჩიეს, უნდა განახორციელონ მართლმსაჯულება იმ ხარისხით და დამოუკიდებლობით, რაც კანონით არის განსაზღვრული. როცა ისინი ძალიან საეჭვოდ არიან არჩეულები, ბუნებრივია, უფლებების დაცვის გარანტი ვერ იქნებიან.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში, ევროკომისია ითხოვს „საფუძვლიან რეფორმას“. რას მოიცავს ეს რეფორმა და ამას რა დროს დასჭირდება? 

ბუნებრივია, იუსტიციის საბჭოს სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. პირველ რიგში, უნდა გაანალიზდეს პრობლემები, რაც არსებობს. მაგალითად, იუსტიციის საბჭომ შესაძლოა ჩანიშნოს სხდომა, მიხვიდეთ სხდომაზე და სხდომა არ ჩატარდეს ისე, რომ განმარტებაც კი არ გაკეთდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, რაც მისი ვალდებულებაა კანონით. თუ შეიკრიბებიან, იმსჯელებენ მოსამართლეების გამწესებაზე და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

ცხადია, აქ მასშტაბური ხასიათის ცვლილებებია საჭირო, თუმცა ამ შემთხვევაშიც 6 თვეა საჭირო რამდენიმე კომპონენტი რომ ავიღოთ, რაც არსებითი ხასიათის პრობლემებს ეხება. ამ დროში პირველი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება. მთავარია, ხელისუფლება რამდენად წამოვა ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომელიც მართლაც მოგვიტანს ხელშესახებ ცვლილებებს… ბევრი რამ უკვე გაკეთებულია სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და შესაძლებელია, სწრაფ რეჟიმში წავიდეს ეს პროცესი წინ.

  • რა შეიძლება იყოს რეალური რეფორმების ბერკეტი? თქვენ სად ხედავთ რესურსს, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემაში რეალურ ცვლილებებს დაიწყებს?

ერთადერთ გამოსავალს ვხედავ თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, რომელიც უნდა იყოს ადეკვატური. ეს პრობლემები, რაც დგას მართლმსაჯულების წინაში, გავლენას არ ახდენს მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე, ეს ადრე თუ გვიან შეეხება ყველას. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს შეაჩეროს, ისინი არიან, მნიშვნელოვანია, ეს უკმაყოფილება იარსებებს თუ არა საერთოდ და ეს იქნება ამოსავალი. იმედი მაქვს ის იმოქმედებს, რომ ჩვენ შეიძლება ვყოფილიყავით წარმატებული ქვეყანა და აშკარად ჩამორჩენა გვაქვს.

ვფიქრობ, მოსამართლეებიც, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ, დაფიქრდებიან ამაზე, ამ ჩამორჩენაზე იმ დროს, როცა შეგვეძლო, სამაგალითო ვყოფილიყავით.

თანაც, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამ პროცესში: ახლა კი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილია. ამიტომაც წერია ძალიან მკაფიოდ ახლა ამ რეკომენდაციებში, – რეფორმები უნდა იყოს ნამდვილი. „ოცნება“ ვეღარავის ვეღარ მოატყუებს. იმედი მაქვს, არც მისი ამომრჩეველი აღარ მოტყუვდება.

ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება – კანონპროექტი

ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება – ამის შესახებ ახალ კანონპროექტში წერია, რომელიც უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო.

ბომბებისგან დამცავი თავშესაფრები აფეთქების ტალღების, ქიმიური, რადიოაქტიური და ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების დაზიანებისგან მოსახლეობის დასაცავად აშენდება.

ურბანული დაგეგმარების დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამოქალაქო დაცვის დაგეგმილი საინჟინრო და ტექნიკური ღონისძიებების შესახებ.

პაველ ფროლოვი, უმაღლესი რადას რეგლამენტის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი, თავის ტელეგრამის არხზე წერს, რომ კანონპროექტით შემოთავაზებულია საიმედო თავშესაფრების აშენება, რომლებიც დაიცავს ადამიანებს საჰაერო ან ქიმიური შეტევებისგან.

კანონპროექტის თანახმად, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უკრაინაში დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის მოწმობა არ გაიცემა.

ფოტოს წყარო: Украина Сейчас

8 ივლისს ბათუმში KALUSH Orchestra-ს კონცერტი გაიმართება

ბათუმში კონცერტს გამართავს „ევროვიზიის“ წლევანდელი გამარჯვებული, უკრაინული ჯგუფი KALUSH Orchestra.

კონცერტი 8 ივლისს, ბულვარში მდებარე MONO HALL-ში გაიმართება. კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30, 40 და 50 ლარია.

Kalush Orchestra 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული   გახდა სიმღერით – Stefania.

როგორც ჯგუფი წერს იუთუბის არხზე, სიმღერა ავტორმა დედას მიუძღვნა, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ამ სიმღერამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

„მიუხედავად იმისა, რომ სიმღერაში არაფერია ნათქვამი ომის შესახებ, ბევრმა დაიწყო სიმღერის ასოცირება დედა უკრაინასთან. უფრო მეტიც, საზოგადოებამ მას ჩვენი ომის ჰიმნი უწოდა!თუ სტეფანია ახლა ჩვენი ომის ჰიმნია, ვისურვებდი, რომ ის ჩვენი გამარჯვების ჰიმნი გახდეს,“ – წერს Kalush Orchestra.

„ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემდეგ უკრაინულმა ჯგუფმა სიმღერის ახალი კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია უკრაინაში, ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებში: ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, გოსტომელში და ა.შ.

YouTube video player

_________________

ფოტო: EPA-EFE/ALESSANDRO DI MARCO

კაცი, რომელმაც ქორწილში საცოლეს დაარტყა, უზბეკეთის სასამართლომ არ დასაჯა 

უზბეკეთის სასამართლომ არანაირი სასჯელი არ დააკისრა კაცს, რომელმაც ქორწილში საცოლეს დაარტყა. ამის მიზეზად სასამართლომ ქალის მხრიდან პრეტენზიის არარსებობა დაასახელა.

ინციდენტი 6 ივნისს მოხდა, წყვილის ქორწილში. მომხდარის ამსახველ ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ჩანს, რომ სიძე ძლიერად ურტყამს თავში პატარძალს, სიძის მეჯვარე იცინის, პატარძალი კი სცენიდან გაჰყავთ. ვიდეოდან ირკვევა ისიც, რომ კაცის საქციელს დარბაზში უკმაყოფილება არ მოჰყოლია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარს წინ უძღოდა კონკურსი – სიძე და პატარძალი ერთმანეთს კანფეტის სწრაფად გახსნაში ეჯიბრებოდნენ. კონკურსი საცოლემ მოიგო, რის შემდეგაც გაბრაზებულმა საქმრომ მას თავში ძლიერად ჩაარტყა.

სურხანდარიის ოლქის პოლიციამ საქმე ადმინისტრაციული კოდექსით, მსუბუქი ხულიგნობის მუხლით, ვიდეოს გავრცელებისა და საზოგადოების გამოხმაურების შემდეგ აღძრა.

ადგილობრივი ტელეკომპანიის სიუჟეტის მიხედვით, საქმრომ საცოლეს ბოდიში მოუხადა და დაჰპირდა, რომ მსგავსი რამ აღარასდროს გამეორდება. „თავი ვერ შევიკავე, ხელი თავისით გამექცა. გაუგებრობა მოგვარდა და ქორწილიც გაგრძელდა. ბოდიში მოვიხადე. ასეთი რამ აღარასოდეს გამეორდება,“  – თქვა კაცმა.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ წყვილი ერთი წლის წინ დაინიშნა, ქორწილიდან 9 დღის შემდეგ კი ქორწინების მოწმობაც აიღეს. ტელეარხთან ინტერვიუში ქალის დედა ჰყვება, რომ ცოლ-ქმარი დღეს ბედნიერად ცხოვრობს.

უზბეკი ბლოგერი და ქალთა უფლებების დამცველი აკიდა ხანუმი ამბობს, რომ ის, რაც აუდიტორიამ ამ ვიდეოში ნახა, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და უზბეკი საზოგადოება ქალის მიმართ ამგვარ მოპყრობას და ძალადობას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს.

მთავარი ფოტო: სქრინი ქორწილის ვიდეოდან

დანილოვი რუსეთის აგენტების ევროპაში შეგზავნასა და უკრაინის მოღალატეებზე

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, იმ ფონზე, როდესაც ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას, რუსეთი ევროპულ ქვეყნებში თავის აგენტურულ ქსელს აძლიერებს და დეზინფორმაციის გავრცელებით, უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ცდილობს.

უკრაინულ გამოცემა Liga.net-თან ინტერვიუში, დანილოვი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომების ნაწილი სწორედ რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლებას ეხება. მისი თქმით, არაერთხელ საჯაროდ დასახელდა რუსეთის აგენტებისა და გაულაიტერების ვინაობაც, მათ შორის, რადას ყოფილი დეპუტატი ევგენი მურაევი, რომელსაც, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრემლი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე განიხილავდა კანდიდატად, ვისაც  უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის ფონზე ქვეყნის მართვას ჩააბარებდა.

ოლექსი დანილოვის თქმით, უცნობია, სად იმყოფება ახლა მურაევი, „ის შეიძლება მოსკოვში ან ვენაში იყოს“. ავსტრიის დედაქალაქი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მტკიცებით, რუსეთის აგენტებითაა სავსე.

„ვენა გახდა კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულ აგენტურას იფარებს. გადავსებულია იქაურობა. ისტორიულად ასე აეწყო,“ – ამბობს ოლექსი დანილოვი.

Новое Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში, დანილოვმა იმ კოლაბორაციონისტებზეც ილაპარაკა, რომლებმაც, მისი თქმით, უკრაინას უღალატეს და ოკუპანტის მხარეს გადავიდნენ:

ხერსონში დროებით მმართველად პრორუსული შეხედულებებით ცნობილი ვლადიმირ სალდო დანიშნეს. დანილოვის ინფორმაციით, ის რუსეთის სამხედრო აგრესიამდე რამდენიმე დღით ადრე, სავარაუდოდ, იმ საიდუმლო შეკრებაშიც მონაწილეობდა, რომელზეც ქალაქის თავდაცვის საკითხებს განიხილავდნენ.

სვიატოგორსკში, რომელიც რუსებმა გასულ კვირას დაიკავეს, მერმა ვლადიმირ ბანდურამ განაცხადა, რომ თანახმაა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ შეთავაზებული პოსტი დაიკავოს. უკრაინის პროკურატურამ მას უკვე წაუყენა ბრალი სამშობლოს ღალატში.

ოლექსი დანილოვის აზრით, უკრაინის დაზვერვას კოლაბორაციონისტებზე გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მათ „ცხელ კვალზე“ დასაკავებლად საჭირო იყო კონკრეტული და პირდაპირი მიზეზი.

„მე ძალიან ვაფასებ ჩვენი კონტრდაზვერვის მუშაობას. ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, თუმცა ყველაფერი საჯარო არაა. ჩვენ რომ ვიცოდეთ, 24 თებერვლის შემდეგ რამდენი ადამიანი გაანეიტრალა კონტრდაზვერვამ, სხვანაირად ვილაპარაკებდით. ნეტავ ყველა ისე ასრულებდეს დავალებას, როგორც ისინი. სწორედ კონტრდაზვერვის დამსახურებაა, რომ მედვედჩუკი დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა და არა სადმე რუსეთში, და კიდევ უამრავი ადამიანი, რომლებზეც თქვენ არაფერი იცით.“

ოლექსი დანილოვმა დასძინა, რომ მოღალატეთა მხილება და დაკავება უკრაინის კონტრდაზვერვის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.

____

მთავარი ფოტო: ოლექსი დანილოვი/ფოტო: rnbo.gov.ua

ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულებს 20 და 21 წელი მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს გორში ოთხი პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულს.

ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი ის მდინარე მტკვარში დაახრჩვეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ბრალდებულებმა უთხრეს მეგობარს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცავებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს. ოთხს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის მუხლებით წარედგინა. ხოლო ერთ პირს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობისთვის წარედგინა ბრალდება.

გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის, ბრალდებულებს 21 და 20-20 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, პროკურატურის ცნობით, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება.

მეტოლკინზე კონტროლი დავკარგეთ, სევეროდონეცკში ბრძოლა გრძელდება – გაიდაი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის მახლობლად, დაბა მეტოლკინზე კონტროლი დაიკარგეს – ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

გაიდაი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს სახმელეთო და საჰაერო დარტყმები, ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონასა და ქალაქის გარეუბანში, ტოშკოვკასა და უსტინივკას რაიონებში, ასევე, ლისიჩანსკის მიმდებარე სოფლებში.

ქალაქ სევეროდენცკსა და მის მიმდებარე სოფლებში ერთი თვეა ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. მიუხედავად დიდი მობილიზებისა, რუსული მხარე ჯერჯერობით ამ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.

________________

ფოტოზე: სევეროდონეცკი, ლუგანსკის ოლქი, უკრაინა. ფოტო: EPA-EFE/STR

სევეროდონეცკში 28 კადიროველი მოკლეს – უკრაინული მედია

გასულ კვირაში სევეროდენცკისთვის ბრძოლებში 28 კადიროველი მოკლეს – ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი ავრცელებს. როგორც ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, დაჭრილია კადიროველთა რაზმ „ახმადის“ 47 მებრძოლი, რომლებიც უკრაინაში ჩეჩნეთიდან ჩავიდნენ.

რომან ციმბალიუკი რამდენიმე მოკლულ კადიროველსაც ასახელებს: მაჰმუდ დოლდაევი, მოვლა მუსაევი, ხოვაჯი ბაკმურზაევი, მაგომედ იბლიევი, მალიკ ჯაბრაილოვი, ზაინულ ლიუბხანი, ასლან იანდიევი.

ჟურნალისტის თქმით, „ახმადი“ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს, კადიროველები ძირითადად სახლებისა და ქუჩების „წმენდით“ არიან დაკავებული.

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პიოტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, კადიროველები მარიუპოლშიც იმყოფებიან. აქ ისინი არა ქალაქის ცენტრში, არამედ გარეუბნებში არიან განლაგებული. ორი კვირის წინ ლუგანსკის ოლქში დაიჭრა კადიროვის საგანგებო პოლკის მეთაურის მოადგილე, პოდპოლკოვნიკი მეჯედ უცმიგოვი.

სევეროდენცკი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, რუსეთის ქალაქს სრულად ვერ აკონტროლებს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს, ამ მიმართულებაზე, რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ძალა და შეიარაღება გადაისროლოს.

გონიოში მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს დაეჯახა

ბათუმში, გონიოში, მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც ავტომანქანაში მარტო იჯდა. მას კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

მთავარი ფოტო: ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში, მერაბ ღოღობერიძის ფოტოები

რუსეთის ავიაციამ უპირატესობა ვერ მოიპოვა, ის მოქმედებს სარისკო სტილით – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის ავიაციის მოქმედებებს აფასებს. უწყების მოსაზრებით, რუსეთის საჰაერო ძალებმა, უკრაინასთან ომში, საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს.

„სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რამაც რუსეთის ძალიან შეზღუდული წარმატება განაპირობა“, – წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა 20 ივნისის სადაზვერვო ცნობარში.

დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ჰაერში სრული უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებს:

„რუსეთის ავიაცია მუდმივად მოქმედებს სარისკო სტილით, იშვიათად შედის ღრმად უკრაინული ძალების ზურგში. ავიაციასთან დაკავშირებული სირთულეების ნაწილი ასევე, გადაჯაჭვულია ქვეითი ჯარების პრობლემებთან“.

უწყება მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში, რუსეთის საჰაერო-საბრძოლო ძალების მომზადება, დიდი ალბათობით, მორგებული იყო მხოლოდ იმაზე, რომ კრემლის მაღალჩინოსნებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

„რუსეთს ნამდვილად აქვს თანამედროვე და ბრძოლისუნარიანი სამხედრო თვითმფრინავების შთამბეჭდავი სია. ამის მიუხედავად, სამხედრო-საჰაერო ძალებმა მაინც ვერ შეძლეს ვერც ინსტიტუციური კულტურის განვითარება და ვერც იმ აუცილებელი უნარების შეძენა, რომლებიც პირად შემადგენლობას უფრო მეტად დასავლური სტილის, თანამედროვე, საჰაერო ბრძოლის საწარმოებლად სჭირდება“.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინასთან ომში, მთელი დატვირთვა გადავიდა სახმელეთო ჯარებზე, რომლებიც უკვე ძალაგამოცლილნი არიან და ფრთოსან რაკეტებზე, რომელთა მარაგიც რუსეთს ასევე ეწურება.

რაც შეეხება აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს, დაზვერვა მიუთითებს, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში, რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები კვლავაც ფოკუსირებული იყო დონბასის ცენტრალურ სექტორზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 19 ივნისის განახლებაში, დაზვერვა აღნიშნავდა, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო განწყობის დაქვეითება შეიმჩნევა.

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ი., წარსულში ნასამართლევები: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 2001 წელს დაბადებული ნ. ბ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1988 წელს დაბადებულ ე.მ.-ს თანხას სძალავდნენ. ე.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ბრალდებულები ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით, მას მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, რის შედეგადაც დადასტურდა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ე.მ. -ის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები.

პოლიციამ სამივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, აჭარაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.“ – აცხადებს შსს.

ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 20 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 33 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 477 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 3 588 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 749 ერთეული [+4]
  • MLRS – 238 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 98 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 181 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 601 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 130 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 527 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 208 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 260 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 345 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 696 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 2 055 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 731 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ისაუბროს „ძალის პოზიციიდან“ – არახამია[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსი გენერალი გადააყენეს მედესანტეებს შორის დიდი დანაკარგის გამო – ISW

ანას ცხოვრება 2 შვილთან ერთად 8 კვადრატში 

34 წლის არაქსი (ანა) 2 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. არაქსი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს და ამ სახელით მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებში მიმართავენ. სხვა ყველა იცნობს, როგორც ანას.

პროფესია არ აქვს. 16 წლის იყო, როდესაც მოიტაცეს. მხოლოდ სკოლის დამთავრება შეძლო.

„მამაჩემი ისეთი ადამიანი იყო, უკან არ დამაბრუნებდა სახლში. არც დავბრუნდი. უბრალოდ გავჩუმდი,“ – იხსენებს ანა საკუთარი ქორწინების ისტორიას.

ქმართან მხოლოდ რამდენიმე წელი იცხოვრა. ორი შვილი გააჩინა. უმცროსი გოგო 2 თვის იყო, როდესაც ქმარს დაშორდა და უკან, მშობლიურ სახლში დაბრუნდა.

ანა ქმართან ერთად თანაცხოვრებაზე ბევრს არ ლაპარაკობს. ამბობს, რომ მისი ქმარი „თამაშობდა“. თუმცა იხსენებს ერთ ისტორიას დედამთილზე.

„ჩემი დედამთილი ჩამოვიდა საბერძნეთიდან. საჭმელი გავაკეთე. ვიფიქრე, ბავშვებს ვაჭმევ-მეთქი. მოვიდა ჩემი დედამთილი. შენ ვინ მოგცა უფლება, ჩემს მაცივარში ხელი ჩაგეყოო. ტაფა აიღო და ჩამარტყა თავში. ჩალურჯება მქონდა, მაგრამ მამაჩემმა არ დამიჯერა – ალბათ სადღაც წაიქეციო.

განქორწინებამდე ერთი დღით ადრე აჩუქა ყოფილმა ქმარმა ბინა დედამისს, მე რომ რამე არ მომეთხოვა. არადა, არაფერი არ მომითხოვია მათგან,“ – იხსენებს ანა.

განქორწინების საბუთებს ისე მოაწერა ხელი, რომ ალიმენტი არ მოუთხოვია.

„გერმანიაში ცხოვრობს ახლა. შარშან იყო ჩამოსული. მოვიდა აქ, ცოლთან და ორ შვილთან ერთად. იმ ზაფხულს დაჰყავდა ბავშვები საქანელებზე, ზღვაზე. ბოლოს 10-10 ევრო აჩუქა და ეს იყო, მეტი არაფერი,“ – ამბობს ანა მარკარიანი.

ანა ამბობს, რომ მისი რთული ცხოვრება განქორწინების შემდეგ უფრო გართულდა. ანა იხსენებს, რომ განქორწინების შემდეგ განსაკუთრებით გაუჭირდა.

„დავრჩით  უსაკვებოდ. უარაფროდ. მაშინ არც სოციალური გვქონდა. 8 წლის ბავშვს ვერ ეტყვი – არ მაქვს. მე და ჩემი ბიჭი დავდიოდით და ვითხოვდით – გაქვთ ერთჯერადი საკვები, რომ ბავშვებს ვაჭამო?“ – უყვება „ბათუმელებს“ ანა მარკარიანი.

ახლა ანა მარკარიანი ორ შვილთან ერთად 8 კვადრატული მეტრი ბარაკის ტიპის ნაგებობაში ცხოვრობს.

პატარა ოთახში დევს გასაშლელი დივანი – ის საწოლის ფუნქციასაც ასრულებს სახლში მცხოვრები სამი ადამიანისთვის. ოთახში ასევე დგას მაგიდა ოთხი დამტვრეული სკამით და ორი პატარა ტუმბო. მარცხენა კუთხეში მდგარ პატარა ტუმბოზე გაფუჭებული ტელევიზორია. მას ფეხსაცმლის კარადადაც იყენებენ. მარჯვენა კუთხეში მდგარ ტუმბოზე, კი ანას მამის ფოტოებია. ოთახის კედელი წვიმისა და ნესტისგან გაშავებულია და ბათქაშჩამოყრილი. იატაკზე მეტლახია დაგებული. ანას თქმით, სწორედ მეტლახის გამო მიიღო მაღალი სოციალური ქულა – 63 000.

ანა სოციალური დახმარების სახით თვეში 290 ლარს იღებს. ასევე სარგებლობს უფასო სასადილოთი, საიდანაც მისი 13 წლის შვილი ეზიდება ყოველდღიურად საჭმელს.

მეტლახის იატაკი ზაფხულში ანას საწოლი ხდება, რადგან ცხელა და პატარა დივანზე სამი ადამიანი ვეღარ თავსდება. ანა ამბობს, რომ მაგიდა, სკამები და ტელევიზორი ჩერნოვეცკის ფონდმა მოუტანა. თუმცა დროთა განმავლობაში სკამები დაიმტვრა, ტელევიზორი კი – გაფუჭდა. ანას თქმით, ერთი პერიოდი ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებდა, რადგან მათ ჩანთები და ტანსაცმელი არ ჰქონდათ.

„არ დადიოდნენ სკოლაში ბავშვები, არავის უკითხავს, რატომ არ დადიანო. ახლა დაიწყეს სიარული. ახლა ჩანთაც ვუყიდე, ცოტა რაღაცებს მოვაკელი. როცა რვეული ან რამე მჭირდება, თიკო აბაშიძე [ფონდი „იალქანი“] მეხმარება. აჭარის ანსამბლში დადის პატარა გოგო, ძალიან მიხარია. დიდი ბიჭი იძახის, დედა, მე არსად არ მინდა სიარული, მინდა მათემატიკა ვისწავლო ძალიან კარგად, მეზღვაური გავხდე და აქედან გავიდეთო. ბავშვი ამაზე არ უნდა ფიქრობდეს, ბავშვს უნდა ჰქონდეს ბავშვობა,“ – ამბობს აცრემლებული ანა.

ანას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

„ახლა რომ შემხედონ, იტყვიან – ახალგაზრდაა, რატომ არ მუშაობს. თიკო აბაშიძე [ფონდი „იალქანი“] დამპირდა კბილების გაკეთებას. ასე მიმიღონ სამსახურში, რთულია,“ – ამბობს ანა და კბილებს გვაჩვენებს.

მისი პირის ღრუ თითქმის ცარიელია. 34 წლის ქალს არც ერთი კბილი  მთელი არ აქვს.

ანა ამბობს, რომ „სულ ასე არ იყო“.

„ჩემი მიზანი იყო სწავლა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მინდოდა მესწავლა უნივერსიტეტში და ინგლისურის მასწავლებელი გამოვსულიყავი.

ნაადრევმა ქორწინებამ ეს გეგმები ჩაშალა. ჩვენ არ გადავიხდით სწავლის ფულსო – ჩემი ქმრის ოჯახმა. მამაჩემი აღარ დადიოდა მაშინ გემზე და აღარ ჰქონდა ფული. დავრჩი ასე.

საკომუნიკაციო ინგლისური ვიცი, სკოლიდან. „ორბში“ ვმუშაობდი, ადმინისტრატორი ვიყავი. ასევე მეორადებში ვმუშაობდი. ზედნადებებს ვწერდი. ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო იძულებული გახდა სამუშაო მიეტოვებინა. „ამდენი რამის გადატანა ძალიან ძნელია,“ – ამბობს ანა მარკარიანი.

რა გჭირდებათ ყველაზე მეტად, ვკითხეთ ანას. „ალბათ ბავშვების სიხარული, სხვა არ ვიცი,“ – ამბობს ის.

ანა მარკარიანი

აჭარის მუნიციპალიტეტებმა 34 მილიონი ლარი ვერ აითვისეს – აუდიტი ბიუჯეტის შესრულებაზე

აჭარის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან, 2021 წელს აუთვისებელი დარჩა 34 646 300 ლარი – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

აუდიტის მიხედვით:

[crosslist]

  • „მუნიციპალიტეტებისგან წარმოდგენილი ინფორმაციების ანალიზით ირკვევა, რომ ბიუჯეტის აუთვისებლობა ხშირად დაკავშირებულია ტენდერებიდან და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიებთან, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე განისაზღვრება;
  • გარდა ამისა, დაგეგმილი რიგი სახელმწიფო შესყიდვები არ განხორციელდა ან განხორციელდა არაჯეროვნად, ან/და მიმწოდებლები არ ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
  • ასევე, ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დასრულებულია, თუმცა 2021 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არ დაფინანსდა.“

[/crosslist]

„მიზანშეწონილია ეფექტიანი მონიტორინგი განხორციელდეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადაცემული კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარების დროულად ათვისების მიზნით, გამოკვლეულ იქნეს ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზები და გატარდეს ქმედითი ღონისძიებები.“ – აცხადებს აუდიტი.

[toggle title=”შეუსრულებელი პროექტების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“] ინფორმაცია რიგი პროექტების შესახებ [ათასი ლარი], რომლებიც 2021 წელს ვერ შესრულდა:

წყარო: აუდიტის მოხსენება

გარდა ამისა, აუდიტის განცხადებით, დაზუსტებული გეგმის შეუსრულებლობის გამო, 2021 წელს არ განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად:

ქვეპროგრამის − „აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების განვითარება“, 2021 წლის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 1 219 900 ლარს. ქვეპროგრამის საკასო ხარჯი კი, არ გაწეულა.

ქვეპროგრამა ითვალისწინებდა ორი ღონისძიების განხორციელებას: „კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავება“, ღირებულებით − 250 ათასი ლარი და „გომარდულის სარეკრეაციო ადგილის ინფრასტრუქტრის განვითარების“ სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით − 969 900 ლარი.

აღნიშნულ შემთხვევებში, დაგეგმილი შესყიდვების მოსამზადებელი ეტაპების არასათანადოდ განხორციელებამ, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობა და შესაბამისად, საბიუჯეტო ასიგნების აუთვისებლობა განაპირობა.

მოპოვებული დოკუმენტაციით, გეგმის შეუსრულებლობის ძირითადი მიზეზი პროგრამებისა და შესყიდვების დაგეგმვა-განხორციელების საქმეში არსებული ხარვეზებია. მაგალითად:

  • „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში აუთვისებელი დარჩა 17 170 400 ლარი. პროგრამის ფარგლებში ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქი“-ავტ.] შენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო არაუგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბერი.

მიმწოდებელმა განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება, შედეგად აუთვისებელი დარჩა მოცულობითი საბიუჯეტო რესურსი. აღსანიშნავია, რომ შესაბამის ხელშეკრულებაში 2022 წლის 13 აპრილს შესული ცვლილებებით სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით;

  • „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 4 644 300 ლარი, რაც ძირითადად შესაბამისი ტენდერების განუხორციელებლობამ განაპირობა. კერძოდ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭოროხის გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე და შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ კარაპეტის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგებით. ამასთანავე, კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაგვიანებით შეასრულეს, რის გამოც ვერ მოხერხდა დადგენილ ვადებში ანაზღაურება;
  • „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამაში კი, აუთვისებელი დარჩა 2 081 300 ლარი, რაც განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებით, ასევე მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებების შეწყვეტით.

პროგრამების შედგენა-შესრულებასთან დაკავშირებით არსებული ნაკლოვანებები ასახულია რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წინა წლის მოხსენებასა და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები, რამაც პროგრამების არაჯეროვანი შესრულება განაპირობა.“

სახელმწიფო აუდიტმა მოხსენება, აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშზე, ორი დღის წინ, 17 ივნისს, გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, „2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მთლიანი მოცულობის 75.8% [248 943 900 ლარი] ხარჯებმა შეადგინა, რაც ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული მაჩვენებლის 83%-ია. ხარჯების საკასო შესრულება კი, 50 869 200 ლარით ჩამორჩება გეგმურ მაჩვენებელს. ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 34 733 400 ლარი“.

„რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული შემოსულობების გეგმური მაჩვენებლები შესრულებულია 94.1%-თ, ხოლო დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებლები − 78.2%-ით, რაც რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემოსულობების შესაბამის კომპონენტებში ფაქტობრივი მონაცემების საფუძვლიანი ანალიზისა და არსებული გამოწვევების სათანადო შეფასების გარეშე განსაზღვრაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსალოდნელ რისკებზე მიუთითებდა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე წარდგენილ დასკვნაში, თუმცა რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული.“ – აცხადებს აუდიტი.

[/toggle]

 

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 31 საწარმოდან, 2021 წელს დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ სამ საწარმოს [შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ − 1 330 700 ლარი, შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“ – 121 300 ლარი, შპს „აჭარის ტექნიკური სპეციალისტების მომზადების ცენტრი“ − 27 900 ლარი]

„აღნიშნული საწარმოები, წინა წლებშიც, დივიდენდის საბიუჯეტო გეგმის შესრულებაში ძირითად როლს ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, სათანადოდ არ ხდება საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგებების განხილვა-შეფასება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელება, ბიზნესგეგმების დამტკიცება და ა.შ., რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საწარმოების არაეფექტიან მენეჯმენტს და, შესაბამისად, უარყოფით ფინანსურ შედეგებს.“ – აცხადებს აუდიტი.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, კონტროლის განმახორციელებელი სამინისტროების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არამომგებიან საწარმოებზე, გამოკვლეულ იქნეს მიზეზები და განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის, შემოსავლების ახალი წყაროების მოძიების და ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე მიზანშეწონილია, მაკონტროლებელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილ იქნეს სამოქმედო გეგმა არამომგებიანი საწარმოების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, შერწყმის ან პრივატიზაციის მიმართულებით“.

აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებში სულ გაიხარჯა 49 677 800 ლარი. მათ შორის, „შრომის ანაზღაურებამ“ შეადგინა 37 164 500 ლარი [რაც 157.1 ათასი ლარით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს], ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებამ“ – 12 513 300 ლარი [რაც 1 054 800 ლარით აღემატება 2020 წლის ჩვენებელს].

2021 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ჯამური ხარჯი 1 211 800 ლარით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს / წყარო: აუდიტი

ამავე თემაზე:

უშტატო თანამშრომლებზე აჭარის მთავრობამ საარჩევნო წელს 1 მილიონით მეტი დახარჯა

უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ისაუბროს „ძალის პოზიციიდან“ – არახამია

უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი, დავით არახამია, აშშ-ში იმყოფება. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში არახამიამ ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს პერსპექტივაზე. „ამერიკის ხმასთან“ მან განაცხადა, რა შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს ომი დიპლომატიური და პოლიტიკური გზით.

რუსეთის ფედერაციის პოზიცია აგვისტოსთვის შეიცვლება, უკრაინას კი მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ისაუბროს „ძალის პოზიციიდან“, სწორედ აგვისტოში შეიძლება ველოდოთ კონტრშეტევას, განაცხადა რუსეთთან მოლაპარაკების ჯგუფის უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დეპუტატნა დავით არახამიამ.

„მინიმალური სიცოცხლისუნარიანი შეთანხმება – თუ ჩვენ მათ გავიყვანთ ან თავად რუსული ჯარი დაუბრუნდება იმ პოზიციებს, სადაც იყო 24 თებერვლამდე. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ტერიტორიის დაკარგვას, ეს იურიდიულად შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ისეთი პოლიტიკური შეთანხმება, როგორიც შევთავაზეთ სტამბოლში განსახილველად“, – განაცხადა არახამიამ „ამერიკის ხმასთან“.

„ამგვარად, ჩვენ არ დავაყენებდით, მაგალითად, ყირიმის საკითხს, რამდენიმე წლის განმავლობაში. ამრიგად, შეთანხმება იქნებოდა მიღწეული არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური და პოლიტიკური გზით. და ეს იქნებოდა კომპრომისი“, –  თქვა მან.

ევროპული მარში ბათუმში – 20 ივნისს, 19:00 საათზე

20 ივნისს, 19 საათზე, ცენტრალური პარკის შესასვლელიდან ბათუმში ევროპული მარში დაიწყება.

მოქალაქეები ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისაკენ.

საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება და დაადგენს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილი მშვიდობიანი მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ჩვენი ქვეყნის არაერთი თაობის ბრძოლითა და თავგანწირვით გამყარებული სურვილის ასრულებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.

საქართველო იბრუნებს ისტორიულად კუთვნილ ადგილს ევროპულ სივრცეში – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კეთილდღეობასა და სტაბილურ განვითარებას მოუტანს ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს.

ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად, გვაერთიანებს სწრაფვა, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, გვქონდეს ძლიერი, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო.

ამიტომ აუცილებელია, თბილისთან და სხვა ქალაქებთან ერთად, მოქალაქეთა ერთიანი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ მკაფიოდ გამოჩნდეს ბათუმიდანაც – ქალაქიდან, რომელიც, დაარსების დღიდან, ევროპისკენ გაჭრილი ერთ-ერთი მთავარი კარიბჭეა,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

რუსი გენერალი გადააყენეს მედესანტეებს შორის დიდი დანაკარგის გამო – ISW

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის ცნობით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ახალი მეთაური დონბასის მკვიდრი გახდა.

აქამდე საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი იყო. თუმცა კრემლი აგრძელებს უკრაინასთან წარუმატებელ ომის „განტევების ვაცის“ ძიებას. შესაბამისად, გენერალ-პოლკოვნიკი სერდიუკოვი რუსი მედესანტეების რიგებში მასობრივი დანაკარგების გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).

სერდიუკოვი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობდა ყირიმის აღების ოპერაციას 2014 წელს, მოგვიანებით – 2019 წლის აპრილიდან სექტემბრამდე – ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებას სირიაში. 2022 წლის იანვარში, მისი მეთაურობით, ყაზახეთში პროტესტის ჩასახშობად შეიყვანეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტი.

სერდიუკოვს დააკისრეს პასუხისმგებლობა უკრაინაში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფების დაბალ ეფექტურობასა და დიდ დანაკარგებზე, განსაკუთრებით კიევის მახლობლად პირველი კვირების ოპერაციების დროს, – წერს ISW.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ის იყო მეთაური, როდესაც კიევის მახლობლად რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ჯავშანტექნიკის 60%-ზე მეტი განადგურდა, ხოლო უკან დახევის შემდეგ მან, საბრძოლო მზადყოფნის აღდგენის გარეშე, გააგზავნა მედესანტეები ხარკოვის მიმართულებით. აქ საჰაერო-სადესანტო ძალებმა შეიმუშავეს ახალი დევიზი: „ჩვენ გარდა არავინ, ჩვენ კი თქვენს შემდეგ“.

ანდრეი სერდიუკოვი 2016 წლის 4 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური იყო, 2017 წლის მაისში კი უკრაინის სანქციების სიაში მოხვდა.

ISW-ის ცნობით, სერდიუკოვი შეცვალა ცენტრალური სამხედრო ოლქის შტაბის უფროსმა, დონეცკის ოლქის მკვიდრმა გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ ტეპლინსკიმ.

ტეპლინსკი 1969 წელს დაიბადა მოსპინოში, დონეცკის ოლქში. 1992-1993 წლებში მონაწილეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის ლიკვიდაციაში. 1994-1995 წლებში – ჩეჩნეთის პირველ ომში. 1995 წელს მიიღო რუსეთის გმირის წოდება. 2019 წლიდან ის ხელმძღვანელობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ადმინისტრაციულ ერთეულს – ცენტრალური სამხედროოლქის შტაბს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის ომში უკვე დაკარგა 33 ათასზე მეტი ჯარისკაცი.

TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, TV პირველის ოპერატორზე, მურმან ზოიძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე, გამოძიება დაიწყო.

„დავიწყეთ გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. დღეს დღის პირველ ნახევარშია ოპერატორი გამოკითხვაზე დაბარებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით TV პირველის ოპერატორის და თვითმხილველების გამოკითხვა მომხდარ ფაქტზე ამჟამად მიმდინარეობს.

„ახლა არიან შესულები გამოკითხვაზე. მხოლოდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც 11 საათზე გასულ საინფორმაციოში ვთქვი, რომ ოპერატორს არავინ დაკავშირებია გამოსაკითხად. კარგახანს იმას არკვევდნენ, ოპერატორს თემური ერქვა თუ მურმანი,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ TV პირველის ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ.

ბათუმში TV პირველის ოპერატორი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. TV პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტს ჰყავდა თვითმხილველები.

ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე განცხადება გაავრცელა მედიის ადვოკატირების კოალიციამ და ხელისუფლებას მოუწოდა საქმე დროულად გამოიძიონ.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან,“- ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ბათუმში TV პირველის ოპერატორს სცემეს

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივნისის 21 საათიდან 20 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 12-17, დღისით 23-28 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში 21 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო ორ დღეს [22 და 23 ივნისს] მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

 

 

 

2.9 მილიონი ლარი ავარიული სახლების გასამაგრებლად ბათუმში

ბათუმში ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2 999 973 ლარით გამოაცხადა.

სამუშაოები ეტაპობრივად, სამმართველოს წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა ჩატარდეს – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 7 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 ივლისს დასრულდება.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში კონკრეტულად რომელ მისამართებზე ჩატარდება სამუშაოები, ეს ტექნიკურ პირობებში მითითებული არ არის.

სამუშაოები ბათუმის მერიის „ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში“ განხორციელდება.

პირობის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელია განსაზღვრული.

საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის [ნაკლოვანებები, დეფექტი] აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობების რეკონსტრუქცია ან/და გამაგრება-გაძლიერება] სამუშაოები 4 000 000 ლარის ოდენობით.

მერიის ინფორმაციით, ბათუმში უკვე გამოვლენილია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი 118 სახლი, სადაც 3000-მდე ოჯახი ცხოვრებს. ეს სახლები გამაგრებას არ ექვემდებარება.

ამავე თემაზე:

სიცოცხლისთვის საშიში 118 სახლი ბათუმში – მერიის ხედვა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 33 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
  • ტანკი – 1 468 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 3 577 ერთეული [4]
  • საარტილერიო სისტემა – 745 ერთეული [+6]
  • MLRS – 235 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 98 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 181 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 598 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 130 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 523 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 207 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 249 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 344 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 683 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 562 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 2 043 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 715 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]დამიჯერეთ, უკრაინა გაიმარჯვებს მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე – ვანო ნადირაძე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთმა მიიღო უკრაინა, რომელიც დღითიდღე ძლიერდება – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

მედიის ადვოკატირების კოალიცია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება

მედიის ადვოკატირების კოალიცია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

„2022 წლის 19 ივნისს, ქალაქ ბათუმში, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით], ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ “TV პირველის” სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, თავდასხმა ცალსახად უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას.

ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.

კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა.

დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. მათ შორის, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს 2022 წლის 18 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში “TV პირველის” გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.“ – აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ბათუმში TV პირველის ოპერატორს სცემეს

ბათუმში TV პირველის ოპერატორს სცემეს

ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. შემთხვევა დღეს, 19 ივნისს მოხდა. TV პირველის  გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტის თვითმხილველი გახდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა. TV პირველის ეთერში სწორედ ციალა ქათამიძე უნდა ჩართულიყო. ის პირდაპირ ეთერში ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე [ #შინევროპისკენ] სასაუბროდ იყო მიწვეული.

„ბათუმელებს“ ინციდენტის დეტალები ფაქტის თვითმხილველმა, მალხაზ ჭკადუამ უამბო.

„ციალა ქათამიძე ემზადებოდა ტვ პირველის ეთერში ჩასართავად 20 ივნისის აქციის სამზადისთან დაკავშირებით. ვიდექით კოლონადებთან მელიქიშვილის ქუჩაზე. ოპერატორი მარტო იყო თავის შვილებთან ერთად მოსული. კამერასთან იყო გაჩერებული და ემზადებოდა ჩართვისთვის. მე და ციალა 10-15 მეტრის მოშორებით ვიდექით და ვლაპარაკობდით. ამ დროს მოვიდა ორი ახალგაზრდა პარკის სიღრმიდან, რომ დაინახეს ტვ პირველის ლოგო, იკითხეს ტვ პირველი არისო?

კიო – უპასუხეს.

ამის მერე როგორც ჩანს შეიგინეს. ოპერატორი, თემური ადგა და უთხრა როგორ იგინები, ბავშვები არიან აქო.

რას ჰქვია როგორ ვიგინებითო და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ამ ორთან ერთად ეგრევე მოვიდა სამი-ოთხი ბიჭი, ასევე ახალგაზრდები და დაუწყეს ოპერატორს ცემა.

ინსტიქტურად გავემართე მათკენ. დავიწყე გაშველება.

ვყვიროდი – შეურაცხყოფას როგორ აყენებთ ჟურნალისტს, როგორ სცემთ-მეთქი. ახლავე დაანებეთ თავი-მეთქი. ბოლო ხმაზე ვყვიროდი. ამ ყვირილსა და ჩოჩქოლზე მოგროვდა ხალხი და ეს თავდამსხმელები გინებ-გინებით წავიდნენ. ჩვენ იმწუთსვე დავრეკეთ პოლიციაში. ეკიპაჟი მოვიდა. ახლა ვართ პოლიციის განყოფლებაში გამოკითხვაზე. აშკარაა, რომ საქმე ეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას თქმით, ოპერატორის თემურ ზოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ოპერატორს გარეგნული დაზიანება არ ეტყობა.

კანონის მიხედვით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე მოკვლევა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრეროგატივაა. სპეციალურის საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “ბათუმელებს” განუმარტეს, რომ მომხდარ ფაქტზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მთავარი ფოტო: ადგილი, სადაც TV პირველის ოპერატორს სცემეს

©TV პირველი

დამიჯერეთ, უკრაინა გაიმარჯვებს მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე – ვანო ნადირაძე

ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე უკრაინაში მიკოლაევი-ხერსონის ფრონტზე იბრძვის. ამ რეგიონის მთავარი ქალაქი, ხერსონი ომის დაწყების პირველივე დღეებში დაიპყრო რუსულმა არმიამ. ახლა უკრაინის არმია ცდილობს რეგიონი გაწმინდოს ოკუპანტებისგან, ექსპერტების თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღებას მიიღებს. თავად ვანო ნადირაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ძირითადი ომი სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება უკრაინის გამარჯვებით.

  • ბატონო ვანო, ახლა თქვენ ძირითადად სად გიწევთ ბრძოლები, რომელი მიმართულებით?

მიკოლაევი-ხერსონის მიმართულებით ვამაგრებთ ჩვენ პოზიციებს. კონტრშეტევა დაწყებულია, სოფელი-სოფელზე თავისუფლდება. ფაქტობრივად, დასავლეთის მხრიდან ხერსონის შესასვლელამდე, 26 კილომეტრია დარჩენილი. ახლაც ძირითადად საარტილერიო და საავიაციო ბრძოლები მიდის.

  • როგორია დანაკარგები ცოცხალი ძალის, ტექნიკის ამ კვირაში თქვენი შეფასებით?

დანაკარგები იზრდება, როგორც უკრაინის, ასევე რუსების მხრიდანაც. ძალიან ბევრი ჰყავთ ცოცხალი ძალა, ვინც კი ქუჩაში ხვდებათ, მგონი ყველა ფრონტზე მოჰყავთ. საზარბაზნე მასა ჰყავთ მოყვანილი, მაგრამ წინსვლა მაინც არსად არ აქვთ, გარდა სევეროდონეცკისა, სადაც ყველაფერი გადაისროლეს, რომ პუტინისთვის რაღაც ეამებინათ.

  • როგორც ვიცით, ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმი, პაპასნა, სევეროდონეცკის მიმართულებებზე. რას გვეტყვით, რა შეიცვალა ამ კვირაში ბრძოლის ხაზზე?

ჩათვალეთ, რომ სევეროდონეცკი დაკარგული გვაქვს უკვე, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. პატარა ქალაქია, სადღაც 100 ათასი მოსახლით. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს ქალაქი თავიდანვე სეპარატიზმის ბუდე იყო.

რუსებს რაიმე იარაღი თუ გააჩნიათ, ყველაფერი ამ მიმართულებაზე აქვთ გადმოსროლილი. შეფარდება არის 1/10-ზე და უფრო მეტი ადამიანური რესურსი ჰყავთ.

  • ახლა ყველაზე სტრატეგიულად რომელი ქალაქი, მიმართულება მიჩნევა?

ლისიჩანსკი არ უნდა დათმონ, ბახმუტი-ლისიჩანსკის მაგისტრალი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ლისიჩანსკთან ახლოს არსებული პატარა ქალაქები პაპასნას მხრიდან არ მოყვნენ ალყაში.

დღესდღეობით, ყველაზე სტრატეგიულად ეს მიმართულება მიმაჩნია მე. ერთი თვეა თითქმის რუსები ცდილობენ ბახმუტის მაგისტრალზე გამოსვლას და ვერ გამოდიან, საკმაოდ მყარად იცავენ უკრაინელები ამ გზას. ეს გზა თუ დავკარგეთ, ჩათვალეთ, რომ ლისიჩანსკიც დაკარგული გვაქვს. თუმცა ლისიჩანსკის ისეთი სიმაღლე აქვს, რომ არ უნდა დავკარგოთ არცერთ შემთხვევაში.

პაპასნასაც აქვს სიმაღლე, ამიტომ წესით არც ეს უნდა დაგვეკარგა, მაგრამ, სამწუხაროდ, დავკარგეთ ორი თვის წინ. უკრაინის რელიეფიდან გამომდინარე პაპასნა მდებარეობს ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლეზე. ეს საკმაო სიმაღლეა არტილერიისთვის, იგივეა ლისიჩანსკიც.

რუსებს მყარი პოზიციების გამაგრების საშუალებას არ აძლევენ უკრაინელები. 14-ში უნდა დაემთავრებინათ ლუჰანსკის იმ საზღვრებში მოქცევა, რაშიც აღიარებული აქვთ, მაგრამ არ მიეცათ მაგის საშუალება.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ მდინარე სევერო დონეცზე გადმოსვლას ვეღარ ახერხებენ და თვითონ ააფეთქეს სამი ხიდი, უკრაინელები რომ ვერ გადასულიყვნენ. რომელ პოზიციების გამყარებაზეა საუბარი.

სევეროდონეცკი არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი არ არის, ამიტომ დიდი რესურსები არც აქამდე უნდა დახარჯულიყო ამ მიმართულებით.

  • იმ ტერიტორიებიდან, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ დაიკავეს რუსებმა, მაგრამ უკრაინელებმა მოახერხეს მათი გაწმენდა, რომელიმე მიმართულება ხელმეორედ ხომ არ დაუკავებიათ რუსებს, თუ ყველას ინარჩუნებს უკრაინა?

კი, ინარჩუნებენ. ერთადერთი, სევეროდონეცკის მიმართულებაზე აქვთ პატარა „გამარჯვება“, რადგან მთელი ძალები ჰყავთ გადასროლილი. მე მაინც არ ვთვლი ამას რუსების გამარჯვებად, რადგან წინ ვერსად ვერ მიიწევენ.

ხერსონის მიმართულებით კი სოფელს-სოფელზე კარგავენ. სევეროდონეცკი არის ერთი პატარა რიგითი ქალაქი, რუსთავი რომ გვაქვს ჩვენ იმაზე პატარაა, სტრატეგიული მნიშვნელობაც კი არ აქვს.

  • როგორც ვიცით, აზოტის ბუნკერებში ბევრი ადამიანია ჩარჩენილი, საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება მეორე აზოვსტალი განმეორდეს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

ეს არის სევეროდონეცკის ტერიტორიაზე. როგორც ვიცი, ჩარჩენილები არიან მეომრები ქარხნის ბუნკერებში, მაგრამ ბევრი არ არის. სადღაც 300-მდე მებრძოლი შეიძლება იყოს. თუმცა, თუ ისინი ტყვედ აიყვანეს, აზოვსტალელებისგან განსხვავებით, მათ მალე გაცვლიან. ასე ვფიქრობ.

  • ამ კვირაში ისევ გააქტიურდა განცხადებები იარაღის დროულ მოწოდებაზე. როგორი მდგომარეობაა ადგილზე, გაქვთ დასავლური შეიარაღება?

არის ადგილზე პოლონური, მუშაობს ამერიკული „ჰაუბიცები“. როგორც ვიცი, გუშინაც ძალიან დიდი შეიარაღება შემოვიდა: ჯაველინები, სტინგერები, ყველა ელოდება ამერიკული „ჰაიმარსის“ შემოსვლას. უფრო ადრე უნდა შემოსულიყო, მაგრამ დააგვიანეს, მინიმუმ ორი კვირის უკან უნდა შემოსულიყო.

ფრანგული „ზუზანა“ – თვითმავალი ქვემეხები ადგილზეა, მუშაობენ. „ჰარპუნებმა“ დაიწყეს უკვე მუშაობა და გუშინ ერთი გემიც ჩაძირეს.

  • ძირითადად მაინც რუტინული ბრძოლები მიდის, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა თქვენი აზრით?

დამიჯერეთ, უკრაინა გაიმარჯვებს მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე. არასწორი მიდგომა აქვთ რუსებს, როდემდე ეყოფათ ეს არტილერია და ავიაცია? მით უმეტეს ახლა, დასავლურ არტილერიას ნამდვილად ვეღარ დაუპირისპირდებიან.

  • სექტემბერს როცა ამბობთ, აქ გულისხმობთ ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლებასაც, თუ 24 თებერვლის შემდგომ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გაწმენდა გაქვთ მხედველობაში?

ახალ ტერიტორიებსაც ვგულისხმობ და უკვე შიგნით შესვლასაც იმ ძველ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დამიჯერეთ, ჰაიმარსები რომ შემოვა, აუცილებლად მიფრინდება ქერჩის ხიდთანაც. დარწმუნებული ვარ, იმ ხიდზე რაკეტები მალე მიფრინდება.

ხერსონთან გაუჩინარდა 20-წლიანი გამოცდილების ამერიკელი საზღვაო ქვეითი

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ უკრაინაში 3 ამერიკელი ჯარისკაცი გაუჩინარდა. მესამეა საზღვაო ქვეითების ვეტერანი, კაპიტანი გრეიდი კურპასი. კურპასი, სავარაუდოდ, ხერსონის მხარეში ასრულებდა სამხედრო დავალებას. ინფორმაციას გამოცდილი ამერიკელი ჯარისკაცის გაუჩინარებაზე „24-ე კანალი“ ავრცელებს.

კურპასის გაუჩინარება მედიას მისმა მეუღლემ დაუდასტურა. თავად სახელმწიფო დეპარტამენტი გაუჩინარებულების ვინაობას არ ასახელებს.

ნათესავებმა და მეგობრებმა კურპასისგან ახალი ამბები უკანასკნელად 23-24 აპრილს შეიტყვეს.

სამხედროს მეგობარი ჯორჯ ჰიტი აცხადებს, რომ კურპასი 20 წლის განმავლობაში მსახურობდა საზღვაო ქვეითებში. ის 2021 წლის ნოემბერში პენსიაზე გავიდა.

ვეტერანმა ჯარისკაცმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე გადაწყვიტა უკრაინელებს დახმარება – აღნიშნა, რომ მისი უნარები შეიძლება გამოსადეგი ყოფილიყო.

ამერიკელი უკრაინაში 7 მარტს ჩავიდა, 2 კვირის შემდეგ კი კიევში იმყოფებოდა. ჰიტის ცნობით, კურპასის და უცხოური ლეგიონის სხვა მებრძოლებს, ხერსონის რეგიონში სადამკვირვებლო პუნქტის აღჭურვა დაავალეს.

საზღვაო ქვეითის მეგობრის თქმით, კურპასიმ და კიდევ ერთმა ჯარისკაცმა სადამკვირვებლო პუნქტი იმის სანახავად დატოვეს, თუ საიდან ისროდნენ. ამერიკელის თქმით, ამ დროს მას ცეცხლი გაუხსნეს და კავშირი გაწყდა.

ჰიტს კი სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს, რომ მისი მეგობარი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს, რადგან სამხედროს ცხედარი ნაპოვნი არ არის.

რა არის ცნობილი გრეიდ კურპასის შესახებ:

საზღვაო ქვეითებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეუერთდა.

ოთხჯერ იყო უცხოეთის სამხედრო მისიებში, სამჯერ – ერაყში.

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო მამაცობისა და მიღწევებისთვის, მათ შორის Purple Heart

საზღვაო ქვეითებში ხელმძღვანელობდა ოცეულს.

პენსიაზე გასვლის შემდეგ განაცხადი შეიტანა სტენფორდში დოქტორანტურაზე, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა.

რა არის ცნობილი კიდევ ორ დაკარგული ამერიკელზე

კურპასის გაუჩინარებამდე მედია ავრცელებდა ინფორმაციას ალაბამელების – 39 წლის ალექსანდრ დრუკეს და 27 წლის ენდი ჰუინჰის გაუჩინარებაზე. ისინი ხარკოვის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძოდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ტყვედ ჩავარდნენ. ფოტოც კი იყო, სადაც ორივე ამერიკელი რუსულ სამხედრო მანქანაში ისხდა, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია, როდის არის ეს ფოტო გადაღებული.

__

ფოტო: 24 კანალი

მოსკოველებსა და პეტერბურგელებს წინა ხაზზე არ გზავნიან – იღუპებიან დაღესტანელები და ბურიატები

„მედიაზონას“ ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა შეძლეს 3 798 იმ რუსი ჯარისკაცის მონაცემების დადგენა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა – დაღესტნელები და ბურიატები არიან.

რუსი ჟურნალისტების მონაცემების თანახმად, ბურიატიაში თითქმის ყოველდღიურად მარხავენ დაღუპულებს. მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მცხოვრებლები კი, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის 12%-ზე მეტს შეადგენენ, პრაქტიკულად არ არიან მოხსენებებში.

სად ჰყავთ რუსებს ყველაზე მეტი მსხვერპლი?

„მედიაზონას“ ჟურნალისტების ინფორმაციით, შესწავლილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა დაღესტანში (207 დაიღუპა) და შემდეგ ბურიატიაში (164). ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ცნობები ძირითადად ღარიბი რეგიონებიდან მოდის. მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლებს შორის კი ცნობილია 8 და 26 გარდაცვლილის შესახებ.

გამოცემის ცნობით, 3 798 გარდაცვლილს შორის 652 შემთხვევაში მოკლული ოფიცერია. დაღუპული ოფიცრების მეოთხედი კი მაღალი პერსონალია, სახელდობრ, მაიორი, პოდპოლკოვნიკი და პოლკოვნიკი. 65 მათგანის ჩინი კი იყო პოდპოლკოვნიკი და ზემოთ.

გამოცემის ცნობით, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს საჯარისო ნაწილებმა, რომლებიც ელიტურ და ბრძოლისუნარიან დანაყოფებად ითვლება – საჰაერო-სადესანტო დანაყოფმა, საზღვაო ქვეითები და სპეცრაზმმა.

გამოცემის თანახმად, ყველაზე მეტი დანაკარგი მედესანტეებმა განიცადეს: ამ დანაყოფს, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, მინიმუმ 774 მებრძოლი დაეღუპა.

ჟურნალისტები წერენ, რომ შესწავლილი მონაცემების მიხედვით, ასევე დაიღუპა სულ მცირე 202 საზღვაო ქვეითი, 10 ვერტმფრენისა და 29 თვითმფრინავის პილოტი.

გამოცემის თანახმად, „ჯარისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია დანაკარგები მფრინავებს შორის: საბრძოლო ავიაციის პირველი კლასის ერთი პილოტის მომზადებას 7-8 წელი სჭირდება და თითქმის 3,4 მილიონი დოლარი ღირს“.

დაიღუპა 1 ბავშვი – ბათუმში ავტომობილი 2 ბავშვს დაეჯახა

დღეს 18 ივნისს, ბათუმში ტაბიძის ქუჩაზე ავტომობილი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.

შსს ინფორმაციით გარდაიცვალა ერთი, 10 წლამდე ბავშვი, მეორე კი დაშავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არის ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კოდექსის მიხედვით, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

რა მიანიშნებს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობაზე – ექიმის რჩევები

კალციუმის ჯანსაღი დონე ორგანიზმში აუცილებელია ძლიერი ძვლების საშენებლად და შემდეგ მათ შესანარჩუნებლად. კალციუმი ასევე აუცილებელია გულის, კუნთებისა და ნერვული გამტარებლობის სწორად ფუნქციონირებისთვის. დეფიციტის დროს ორგანიზმი კალციუმს ძვლებისგან სესხულობს, ეს კი საბოლოოდ ძვლებს ფიტავს და სხვა სირთულეებს იწვევს.

„ბუნებამ ისე მოაწყო ორგანიზმი, რომ ყოველთვის, როცა კალციუმის დეფიციტია, მას ძვლისგან იღებს, რათა გამოიყენოს ის მისთვის აუცილებელ საერთო ნივთიერებათა ცვლაში, ძვალი კი ამ დროს იფიტება, კარგავს კალციუმს“ – განმარტავს ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე.

რა იწვევს კალციუმის ნაკლებობას, როგორ დავადგინოთ, გვაქვს თუ არა ეს პრობლემა და რა არის კალციუმის საუკეთესო წყარო? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა გიზო გორგილაძეს. 

  • ბატონო გიზო, რაში სჭირდება ორგანიზმს კალციუმი, რაზეა ის პასუხისმგებელი?

ისევე როგორც სხვა მიკროელემენტები, კალციუმი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალურად მუშაობისთვის, მისი ნაკლებობა და სიჭარბეც [რაც გამონაკლის შემთხვევებში ხდება] ორგანოთა თითქმის ყველა სისტემაზე აისახება ნეგატიურად.

კალციუმი ძირითადად წარმოადგენს ძვლოვანი მასის საშენ მასალას და ორგანიზმში მისი [იონიზირებული კალციუმი] 99% არის ძვალში, დანარჩენი 1% კი ცირკულირებს სისხლში. ის გამოიყენება, მაგალითად, კუნთების შეკუმშვისთვის, სისხლის კოაგულაციისთვის, ნერვული გამტარებლობის რეგულაციისთვის, გულის ნორმალური მუშაობისთვის, ასევე, ჰორმონების ფუნქციონირებისთვის.

კალციუმის ნაკლებობის შედეგად ვითარდება ოსტეოპოროზი, იგივე ძვლების გამოფიტვა, რის დროსაც ხშირია მოტეხილობა და საჭირო ხდება ამ არეში საკმაოდ სერიოზული ოპერაციები.

  • რით შეიძლება იყოს გამოწვეული კალციუმის დეფიციტი ორგანიზმში?

კალციუმის ნაკლებობა ორგანიზმში შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული გენეტიკური ფაქტორებით, სხვა ვიტამინების დეფიციტით ორგანიზმში ან გარკვეული დაავადებების შედეგად.

მაგალითად, კალციუმის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობამ, რადგანაც იგი კალციუმის შეწოვის პროცესში მონაწილეობს, ასევე, მაგნიუმის ნაკლებობამ. დაავადებებს რაც შეეხება, მიზეზი შეიძლება გახდეს პანკრეატიტი, თირკმლის უკმარისობა. კალციუმის დეფიციტს უწყობს ხელს ალკოჰოლიზმი, კოფეინის ჭარბი მიღება და ცხადია, თუ რაციონში მცირეა კალციუმის შემცველი პროდუქტები.

გარდა ამისა, კალციუმის დეფიციტი შეიძლება შეიქმნას მენოპაუზის შემდეგ, ჰორმონალური ცვლილებების შედეგად.

45-50 წლის შემდგომ ასაკში კალციუმის ჩალაგება უფრო ნაკლებად ხდება, ვიდრე მისი ხარჯვა და ძვალი იფიტება; ორსულობის დროს ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ფორმირებისთვის უფრო მეტ კალციუმს მოიხმარს ორგანიზმი და თუ ეს მიკროელემენტები არ იქნება ორსულობის პერიოდში დანიშნული, შეიძლება ნაყოფსაც და დედასაც შეექმნას ძვლოვან სისტემაზე პრობლემა.

ბუნებამ ისე მოაწყო ორგანიზმი, რომ ყოველთვის, როცა კალციუმის დეფიციტია, მას ძვლისგან იღებს, რათა ის გამოიყენოს საერთო ნივთიერებათა ცვლაში, რაც მას სჭირდება, ძვალი კი ამ დროს იფიტება, კარგავს კალციუმს.

  • როგორ უნდა ამოვიცნოთ კალციუმის ნაკლებობა?

გარეგნული ნიშნებით ეს შეიძლება გამოხატული იყოს თმის ცვენით, თხელი, მსხვრევადი ფრჩხილებით, კანის სიმშრალით, ახასიათებს ზოგადი სისუსტე, გულის რითმის დარღვევა, დაჭიმულობა კუნთებში, კუნთების სპაზმი, ცვლილებები მადაში, მომატებულია აგზნებადობა, ოფლიანობა. კალციუმის ნაკლებობა საბოლოოდ ძალიან ნეგატიურად აისახება კბილებზეც.

აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი გამოკვლევის ჩატარება. თუ გვინდა სწორად განვსაზღვროთ ძვლის სიმკვრივე, რამდენად შეიცავს იგი კალციუმს, უნდა განისაზღვროს იონიზირებული კალციუმი სისხლში.

  • როგორ შევივსოთ კალციუმი ორგანიზმში?

კალციუმის ჯანსაღი დონის შენარჩუნებაში ძალიან დიდი როლი აქვს კვების რაციონს. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს, პირველ რიგში, რძის პროდუქტები, თევზი და მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. თუ ადამიანი არ იკვებება ცხოველური პროდუქტებით, კალციუმის შესავსებად ხილ-ბოსტნეულიდან რეკომენდებულია ბროკოლი, მწვანილი, ძალიან კარგია სხვადასხვა ლობიო, მუხუდო, ნუში.

საჭიროების შემთხვევაში ინიშნება კალციუმის შემცველი დანამატები, თუნდაც ორსულებში.

რუსეთმა მიიღო უკრაინა, რომელიც დღითიდღე ძლიერდება – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„კუნძულ ზმეინთან რუსები ცდილობენ თავიანთი ხომალდები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან დაიცვან და გარკვეულწილად „მასკვას“ როლი შეასრულონ, რომელიც უკრაინელებმა ჩაძირეს“, – დასკვნებს გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. რუსული გემის ჩაძირვამდე კი, უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინთან მიახლოებულ რუს სამხედროებს უთხრეს ცნობილი ფრაზა „რუსკი კარაბლზე“.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსებმა პრაქტიკულად უკვე აიღეს ოპერატიული პაუზა და ძირითადად დაკავებული ტერიტორიების დაცვას ცდილობენ. „ბეტონის ქარხნებიც კი აამუშავეს, რომ გრძელვადიანი თავდაცვითი ნაგებობები მოაწყონ ბეტონით,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ზაპოროჟიეს, ასევე ხერსონის მიმართულებებზე საუბრის დროს.

ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ახლა სამხედრო აღჭურვილობის უკრაინისთვის დროული მიწოდებაა, რომ მან მესამე ეტაპზე ოპერატიული კონტრდარტყმა დაიწყოს. „ეს ალბათ შემოდგომაზე დაიწყება, უფრო სექტემბრისთვისო,“ – ვარაუდობს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, დანაკარგების შეფასებით დავიწყოთ: ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი, ადმირალი ტონი რადაკინი ამბობს, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა სახმელეთო ჯარების დაახლოებით 25 პროცენტი. თქვენ ამბობდით, რომ სამხედრო რესურსების ერთი-მესამედის დაკარგვის შემთხვევაში, თავდასხმა ქვეყანამ ვეღარ უნდა შეძლოს

დიახ, ეს არის ოპერატიულ-ტაქტიკური გათვლები, რომელიც რეალობას ხშირად ახლოს არის ხოლმე. დანაკარგებზე, როგორც წესი, ბრიტანელებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ, როგორც ვიცი, იგივე ჯავშანტექნიკის დანაკარგი არის დაახლოებით 10 პროცენტი. ეს მონაცემები ითვლება საერთო რაოდენობიდან და ცხადია, ახალი თაობის მოდელის დანაკარგები მეტია, რადგან ომის საწყის ეტაპზე ძირითადად ახალ ტექნიკას იყენებდნენ.

დანაკარგების შედეგია ის, რომ შეცვლილია გეგმები და რუსები მხოლოდ ერთ ლოკალურ მიმართულებაზე ახორციელებენ ოპერატიულ ეპიზოდს, რაც გულისხმობს შეტევით მოქმედებას – ეს არის აღმოსავლეთ უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილი – იზიუმი, პოპასნაია, სევეროდნეცკის რაიონებში მიმდინარეობს ახლა ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები. სხვა მიმართულებებზე კი, როგორიცაა ზაპოროჟიე, ხერსონი, რუსები აგრძელებენ მხოლოდ თავდაცვის ორგანიზებას. ჩემი ინფორმაციით, რუსებმა აქ დაიწყეს უკვე ბეტონის ქარხნების ამუშავება, რაც გულისხმობს იმას, რომ აპირებენ გრძელვადიანი თავდაცვითი ნაგებობების მოწყობას ბეტონით, ისინი მესამე ზღუდეებს აწყობენ თავდაცვის ამ მიმართულებაზე.

  • ეთანხმებით ადმირალ ტონი რადაკინის შეფასებას, რომ „რუსეთმა სტრატეგიულად ომი უკვე წააგო“? თუ ეთანხმებით, რას გულისხმობს ეს წაგება?  

რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები, თუმცა რუსეთმა ეს ომის სტრატეგიულად წააგო ომის დაწყებიდან მე-3, მე-4 დღეს. ხომ გვახსოვს, რაც იყო რუსეთის ამოცანები: უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა, აეღოთ მთავარი ქალაქები, დენაციფიკაცია, უკრაინის სამხედრო რესურსების განადგურება და პრორუსი ხელისუფლების უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოყვანა. რუსეთის ამოცანა იყო ასევე ის, რომ ნატო დაჰბრუნებოდა 1997 წლის პერიოდს, ვიდრე ის გაფართოებას დაიწყებდა.

მაგრამ რუსეთმა მიიღო უკრაინა, რომელიც დღითიდღე ძლიერდება, იღებს ახალ შეიარაღებას, ფაქტობრივად გადაიარაღებას ახდენს უკრაინა. ამავე დროს ნატო უფრო მიუახლოვდა რუსეთს: უკვე შვედეთი და ფინეთი ხდებიან ნატოს წევრი ქვეყნები და რუსეთი უდიდეს დარტყმას იღებს.

  • ხშირად ისმის მოწოდებები ნატოს ჩარევაზე და საამისოდ იუგოსლავიის მაგალითს იხსენებენ. რამდენად შეიძლება ამ მაგალითის უკრაინასთან მიმართებაში გამოყენება და მართლა ხომ არ დადგება მომენტი, როცა ნატოს ჩარევა რუსეთ-უკრაინის ომში გარდაუვალი გახდება?

ეჭვი მეპარება ამ ეტაპზე ეს მოხდეს, რადგან ამას სჭირდება ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის მხარდაჭერა. ალბათ, უნდა დაველოდოთ მესამე ეტაპს, რომელიც აუცილებლად იქნება ოპერატიული პაუზის შემდეგ. რუსეთს მანამდე აუცილებლად მოუწევს პაუზის აღება, თუ არ უნდა, რომ დამარცხდეს ოპერატიულ დონეზეც, მას სჭირდება დრო გადაჯგუფებისთვის, გაძლიერებისა და გადაიარაღებისთვის. ამის შემდეგ გამოჩნდება, რა შეიძლება მოხდეს ნატოს-თან მიმართებით. მანამდე ნატო ნამდვილად გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.

  • სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ ანალიტიკოსები, მათ შორის, იმაზე, რომ დონეცკი-ლუგანსკის დაკავების შემდეგ დიდი ალბათობით რუსეთი გადავა თავდაცვაზე, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებს გამოიყენებს ერთგვარ პლაცდარმად და შესაბამისად სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.

ზუსტად ამ ვერსიას ველოდები მეც. რუსებმა განაცხადეს კიდეც და ამჯერად მათი პროპაგანდა ამაზე მუშაობს, რომ მათი ამოცანა იყო ლუგანსკის და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა, დენაციფიკაცია და უკრაინის სამხედრო პოტენციალის განადგურება. რუსები სევეროდონეცკში, შუა ქალაქში ვერ გაჩერდებიან, ეს ოპერატიული ეპიზოდი უნდა მიიყვანონ ბოლომდე. არ ვიცი, შეტევა იქნება თუ არა ლისიჩანსკიზე, მაგრამ ამ ეტაპზე რუსებს დაკავებული აქვთ ლუგანსკის დაახლოებით 85 პროცენტი, დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე კი, ვერ გადიან, ფაქტია. დენაციფიკაციის კუთხით იტყვიან, რომ აი, აზოვის პოლკი ტყვედ ავიყვანეთ, ხოლო სამხედრო პოტენციალის განადგურებაზე მუდმივად ავრცელებენ ცნობებს, რამდენი ათასი დარტყმა განახორციელეს.

რუსები თუ ძალით არ გაიყვანე ამ ტერიტორიიდან, ისინი თავისი ნებით არავითარ შემთხვევაში არ წავლენ.

  • ანუ ამოსავალია სამხედრო აღჭურვილობის დროულად მიწოდება. სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვითქმით, შეიარაღება, რასაც ახლა უკრაინა დასავლეთისგან იღებსზღვაში წვეთია.“ თქვენი დაკვირვებით, რამდენად გაიზარდა უკრაინისთვის კონტრშეტევის შესაძლებლობა?

რა აღჭურვილობაც მიაწოდეს უკრაინას, ეს ნამდვილად არ არის ის რაოდენობა, რომლითაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ოპერატიული კონტრდარტყმისთვის. ეს უფრო არის დანაკარგების შევსება და აღდგენა. პრაქტიკულად „ლენდ-ლიზის“ მიწოდება ჯერ არ დაწყებულა.

  • რატომ ვერ დაიწყო? დამაჯერებელია თქვენთვის მიზეზები, რის გამოც უკრაინას შესაბამის და დაპირებულ აღჭურვილობას ამ დრომდე ვერ აწვდიან, თუ ისევ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, ან იქნებ სამხედრო წრეებში ვერ შემუშავდა ერთიანი პოზიცია?

ობიექტური მიზეზია, მაგალითად, ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რადგან პროცედურებს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამერიკის ნაპირიდან ევროპის ნაპირებამდე მისვლას სჭირდება ორ-ნახევარი, სამი კვირა. ჩემი აზრით, ევროპას უფრო მეტად შეუძლია დაეხმაროს, განსაკუთრებით კი, ეს ეხება გერმანიას და საფრანგეთს. ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალი ამ ქვეყნებს აქვთ. ფაქტია, რომ გერმანია თავს იკავებს, ესპანეთსაც კი არ მისცა ნებართვა, რომ გერმანული წარმოების ტანკები მიეწოდებინა უკრაინისთვის.

გერმანიაში, სხვათა შორის, ოპოზიცია და სამხედრო მრეწველობაც ითხოვს, აღჭურვილობა მიაწოდონ უკრაინას, რადგან არსებობს ეკონომიკური ინტერესები, შეიარაღების გამოცდის ინტერესი, მაგრამ გერმანიამ პოლიტიკურად ეს ვერ გაბედა. საფრანგეთიც სიტყვიერად აცხადებს მხარდაჭერას და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვერ აწვდის.

ფაქტი ისაა, რომ დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება უკრაინას ამ აღჭურვილობის მიწოდებით დახმარება. ოპერატიული დონის კონტრდარტყმისთვის უკრაინას სჭირდება ნატო-ს სტანდარტის აღჭურვილობის მქონე ახალი დანაყოფების შექმნა, რომ გაჩნდეს დარტყმითი შესაძლებლობა. მხოლოდ წვეთოვანი მიწოდებებით უკრაინაში ეს შესაძლებლობა ვერ გაჩნდება.

  • რა ხდება ახლა სევეროდონეცკში და ამ ქალაქში მდებარე აზოტის ქარხანაში?  ცნობილია, რომ ამ ქარხნის სარდაფებს აფარებენ უკვე თავს უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები. შეიძლება, აზოვსტალი განმეორდეს ამ ქალაქშიც?

დიახ, შესაძლოა, აზოვსტალი განმეორდეს. მე, სამწუხაროდ, მხოლოდ პესიმისტური მონაცემები მაქვს.

როგორც იცით, იქ განადგურებულია ხიდებიც, რაც ლისიჩანსკისთან აკავშირებს სევეროდონეცკს, გადარჩენილია ერთი ხიდი ნახევრად, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, იქ მოძრაობა ხდება მხოლოდ ნავებით… გასათვალისწინებელია, რომ აზოტის ეს ქარხანა არაა აზოვსტალი და ის მარაგი, რაც აზოვსტალში იყო, აზოტის ქარხანაში არაა. რეალობა არის ის, რომ სევეროდონეცკი და ეს ქარხანაც მოაქციონ ალყაში და იქნება ცუდი მორალური თვალსაზრისით.  სევეროდონეცკს სხვა მხრივ არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ვიცი, უკრაინამ დაიწყო დანაყოფების გამოყვანა და სამხრეთით ცდილობენ გადასვლას, მაგრამ აზოტის ქარხნიდან რამდენად მოხერხდება გამოსვლა, არ ვიცი.

განსაკუთრებით ცუდი იყო ამ პროცესში უცხოელთა ლეგიონის შიგ მოქცევა. იმედია, უცხოელი მოხალისეები არ ჩავარდებიან ტყვედ, რადგან ეს ძალიან ცუდი იქნება. მინიმუმ შეიძლებოდა, ჩემი აზრით, უცხოელთა ლეგიონის იქიდან დროულად გამოყვანა. იმედი მაქვს, მათ გამოიყვანენ.

მიმაჩნია და წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ უმჯობესი იყო დროულად დაეტოვებინათ სევეროდონეცკი და გამაგრებულიყვნენ ლისიჩანსკიზე, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ნაპირი და მდინარე ყოფს სევეროდონეცკიდან. გასაგებია, უკრაინელები დანაკარგს აყენებენ რუსებს, მაგრამ თვითონაც იღებენ დანაკარგს. რუსებისთვის სევეროდნეცკის აღებას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან იტყვიან, რომ პრაქტიკულად გავიდნენ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, უკრაინელები კი, ისე ღრმად შევიდნენ სევეროდონეცკის დაცვაში, რომ მათთვისაც უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სევეროდონეცკის დაცვას.

არ ვიცი, რაღაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ტყუილად ხალხის ჩახოცვას აზრი არა აქვს.

  • ბრძოლა გრძელდება მელიტოპოლში, ხერსონისთვისაც, უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ უკვე ძალიან ახლოს არიან დაპყრობილ ქალაქთან და ელიან იარაღს მისი გათავისუფლების ოპერაციის წამოსაწყებად. რუსები დიდი ხანია იმყოფებიან ხერსონში და ალბათ კარგადაც მოახერხეს გამაგრება. რამდენად ელით, რომ უკრაინა ამ ქალაქს დაიბრუნებს?

ვფიქრობ, ეს ძალიან ოპტიმისტური განაცხადია. ქალაქს რომ ხედავ, ან მის გარეუბანს, არ ნიშნავს, რომ ახლოს ხარ. მდინარე ინგულეცის გადალახვაც და იქ ერთგვარი პლაცდარმის მოწყობაც შეიძლება გამოყენებული იქნება სამომავლო შეტევისთვის.

რთული ქალაქია ხერსონი, ბევრი ყურეებით… მისი დაცვა უფრო იოლია, ვიდრე გათავისუფლება. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ სერიოზული ნაბიჯი გადადგას უკრაინამ ამ მიმართულებით, თუმცა ეს მცირე შეტევები და კონტრშეტევები ამაღლებს უკრაინელების მორალურ სულისკვეთებას, ასევე ამზადებს პლაცდარმს მომავალი, დიდი შეტევისთვის, რისთვისაც ჯერ არ არიან მზად.

  • კუნძულ ზმეინზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ყველას გვახსოვს „რუსკი კარაბლზე“ ცნობილი გამონათქვამით – ამ არეალში რუსებმა დიდი ოდენობით სამხედრო აღჭურვილობა განათავსეს. თქვენ ამბობდით, რომ ამ კუნძულზე კონტროლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოდესის მიმართულებით. ახლა რა ხდება?

ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსები ცდილობენ დაიცვან თავიანთი ხომალდები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან და გარკვეულწილად „მასკვას“ როლი შეასრულონ, რომელიც უკრაინელებმა ჩაძირეს. მეორე ფაქტია ის, რომ რუსებს ეშინიათ „ჰარპუნების“, რომელიც უკვე გამოჩნდა უკრაინელების შეიარაღებაში, ასევე „ნეპტუნები“ სანაპირო დაცვაში. ამიტომაც, რუსები 200 კილომეტრზე ახლოს ვერ უახლოვდებიან უკრაინის სანაპიროს. ასევე, როგორც ვიცი, სახმელეთო დანადგარები დაამაგრეს გემბანზე, რომ ახლო მანძილზე რაკეტების საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. ეს იცით როგორი აბსურდია და როგორ უსუსურობას აჩვენებს? მანქანას რომ დააყენებ ხომალდზე, იმას თავისი რყევა აქვს ზღვის ღელვისგან. ასე ცდილობენ ისინი აიცილონ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება.

შესაბამისად, იქ ეს აღჭურვილობა კი განათავსეს რუსებმა, მაგრამ ჩანს, რომ სადესანტო ოპერაცია არ იგეგმება. ამიტომაც, უკრაინელებიც ამ ეტაპზე ზმეინს არ აქცევენ ყურადღებას. ჩანს, რომ რუსებს ახალი მიმართულებით შეტევის რესურსი არ აქვთ და ამის სამზადისი არაა.

  • რა ჩანს, რისთვის ემზადებიან ამჯერად რუსები?

რთულია რუსეთზე საუბარი, რას გააკეთებენ. მეგონა, რომ რუსები აქამდეც გავიდოდნენ ოპერატიულ პაუზას, მაგრამ აირჩიეს ბრძოლა ქალაქში და უკრაინელებიც ამ დრომდე არ თმობენ, ხორცსაკეპი მანქანით მიდის მუშაობა ამ ქალაქზე, სტრატეგიულად არაფრის მომცემია ბრძოლა ამ ქალაქისთვის.

ჩემი აზრით, სევეროდონეცკის შემდეგ მცირე ალბათობაა, რომ გაგრძელდეს ბრძოლა სლავიანსკის მიმართულებაზე. უფრო ველოდები, რომ იქნება მცირე შეტევები და გადაადგილება, რომ პოზიციები გაიუმჯობესონ და ფაქტობრივად ოპერატიული პაუზა დაწყებულიც კია, როგორც ხედავთ, მთელი აქტიურობა მხოლოდ ერთ მცირე მონაკვეთზეა გადატანილი.

რუსები უკვე ცდილობენ დანაკარგების შევსებას, ჩანს, რომ ჯერჯერობით მოხალისეებიც ჰყავთ, რეზერვს ავსებენ და ზედა ასაკობრივი ცენზიც მოხსნეს, მხოლოდ ფიზიკური მომზადებიდან გამომდინარე იღებენ ადამიანებს რეზერვში კონტრაქტით. მნიშვნელოვანია, რომ ერთჯერადად კონტრაქტორებს უხდიან ნახევარ მილიონ რუბლს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა რუსეთისთვის, სადაც ბევრ რეგიონში საერთოდ განუვითარებელია ეკონომიკა. ისედაც, რუსეთში საშუალო ხელფასი 30 ათასი რუბლია. რუსეთში ბევრია უმუშევარი და ომში წასვლა შემოსავლის წყაროდაც იქცა.

თუმცა ამ ხალხის გადამზადებას დრო სჭირდება, ამისთვისაც სჭირდება რუსეთს ოპერატიული პაუზა, რომ შემდეგ წინა ხაზებზე გააგზავნონ. ახლა მნიშვნელოვანია, რა მოხდება მესამე ეტაპზე, რისთვის იქნება მზად რუსეთი და უკრაინა თუ იქნება მზად, თავად დაიწყოს კონტრშეტევა. მესამე ეტაპი შემოდგომაზე დაიწყება, დაახლოებით სექტემბრისთვის, ალბათ.

ოკუპირებულ ხერსონში ციხის უფროსის ავტომანქანა ააფეთქეს

УНИАН-ის  ინფორმაციით, ხერსონში აფეთქდა ავტომანქანა, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ციხის უფროსი ევგენი სობოლევი იმყოფებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ის ოკუპანტებთან თანამშრომლობდა.

წყაროს ცნობით, ავტომანქანა დროებით ოკუპირებულ ხერსონში სენიავინის ქუჩაზე აფეთქდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ხეზე იყო მიმაგრებული.

„უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ყოფილმა აგენტმა ევგენი შევჩენკომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად, 90-ე სასჯელაღსრულების კოლონიის ხელმძღვანელი ევგენი სობოლევი ლიკვიდირებულია. ჩვენ ველოდებით დადასტურებას“-იტყობინება УНИАН-ი.

ამავე წყაროს ცნობით, რუსმა სამხედროებმა თავდასხმაში „უკრაინელი პარტიზანები“ დაადანაშაულეს და მომხდარს „მკვლელობის მცდელობა“ უწოდეს.

ხერსონში კოლაბორაციონისტი ციხის უფროსის მანქანა ააფეთქეს.

18 ივნისის მონაცემებით რუსებმა უკრაინაში 323 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 18 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 323 ბავშვია მოკლული.

უკრაინის არასრულწლოვანთა პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 323 ბავშვი და დაშავდა 583-ზე მეტი.

▪️ 16 ივნისს ზაპოროჟიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, პოლოგის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მტრის რაკეტის აფეთქების შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა.

▪ 17 ივნისს მიკოლაივის ოკუპანტების მიერ დაბომბვისას 7 წლის ბიჭი დაჭრეს.

▪️14 ივნისს რუსული ჯარების მიერ საარტილერიო დაბომბვის შედეგად სოფელ ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონში, სავინცში 15 წლის გოგონა დაჭრეს.

ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2028 სასწავლო დაწესებულება. „მათგან 209 მთლიანად განადგურებულია“.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა – EECMD

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, თავიდან აარიდოს ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება და მთელი ძალისხმევა მიმართოს საჭირო რეფორმების განხორციელებისკენ“-ამ განცხადებას დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაცია ავრცელებს.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78 – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია – აღნიშნული მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო სტრუქტურებს, უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

„თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რიტორიკა, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამტკიცებას არ ემსახურება. მეტიც, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ფასდება როგორც დემოკრატიის უკუსვლა და წარმოადგენს დაბრკოლებას ევროპული მომავლის გზაზე.

მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გაითვალისწინონ ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტი, ასევე რეგიონში არსებული საფრთხეები და მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ქართველმა ხალხმა წლების განმავლობაში სისხლით, შრომით და ბრძოლით დაამტკიცა თავისი ერთგულება ამ სტრატეგიული არჩევანის მიმართ.

მიგვაჩნია, რომ ევროპული პერსპექტივა არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს რუსული ოკუპაციისგან თავის დასაღწევად და განვითარების რელსებზე გადასასვლელად. ამრიგად, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ურყევ ნებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა“-აცხადებს დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაცია ლიანსი.

მათი განცხადებით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

„დღეს საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც 1921 წლის მოვლენებს შეიძლება შევადაროთ. 24 ივნისს გადაწყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი, საბოლოოდ დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს, თუ დავკარგავთ ამ ისტორიულ შანსს.

ახლა როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ერთიანი და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ კონსტიტუციით გამყარებული სამოქალაქო კონსენსუსი- საქართველო გახდეს ევროკავშირის და ევროატლანტიკური ალიანსის წევრი.

მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, დავდგეთ ერთად და ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ისტორიული არჩევანი –  ქვეყნის დეკლარირებული დასავლური  კურსი.“-აცხადებენ დემოკრატიული სკოლის ასოციაციის წევრები.

__________________

მსგავს თემაზე:

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე ევროკომისია მხარს არ უჭერს

20 ივნისს უნდა ისმოდეს ბათუმის ხმა, ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად – მოქალაქეები

ბათუმში, 20 ივნისს, თბილისის პარალელურად გაიმართება აქცია, – #შინევროპისკენ #წინევროპისკენ, რომლის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„გვსურს ბათუმიდან ისმოდეს ხმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული მომავალი. ორშაბათს, 19:00 საათიდან ცენტრალური პარკის კოლონადებთან ველოდებით ადამიანებს ყველა ასაკის, პროფესიის, სამუშაო ადგილის თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად.

ასევე, საჯარო მოხელებს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს,  რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, დიასპორის წევრებს, სტუდენტებს – ყველას, ვისაც სურს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ბათუმის ხმა ხელისუფლებას, ევროპის საბჭოს, დასავლელ მეგობრებს, რომ ბათუმი, როგორც ერთ-ერთ ევროპული ქალაქი იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს შანსი იყოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“-ამბობს ციალა ქათამიძე, „ევროპული მარშის“ ორგანიზატორი.

ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ასევე მიიჩნევს, რომ 20 ივნისს მოქალაქეების ერთად დგომა და მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ევროპული მომავლისთვის.

„ეს გადამწყვეტი მომენტია ჩვენი მომავლისთვის და ერთად უნდა დავდგეთ ამ მომენტშიც განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ განსხვავებული შეხედულებებისა. ერთად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ევროპა არის ჩვენი მომავალი, ჩვენი ყოველდღიურობა და დღევანდელი დღე. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდეთ“-ამბობს ნათია აფხაზავა.

მისი თქმით, მოქალაქეები უფრო მეტად რომ იყვნენ ინფორმირებული, ამიტომ აპირებენ ფლაერები დაარიგონ მოსახლეობაში, სტუდენტებთან და მოუწოდონ რომ შეუერთდნენ აქციას.

20 ივნისს უნდა ისმოდეს ბათუმის ხმა, ჩვენი ევროპული მომავლისთვის – ამბობენ ბათუმელები

აქცია საზოგადოებრივია და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეუერთდეს. აქციაზე გამოფენილი იქნება მხოლოდ საქართველოს და ევროკავშირის სიმბოლიკები, – დროშები, ბუშტები.

მსვლელობა გაიმართება ბათუმის ცენტრალურიდან პარკიდან ევროპის მოედნამდე დროშებით, სადაც იქნება გამოსვლები.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ 20 ივნისის აქცია არ იქნება საკმარისი მიზნის მიღწევისთვის, რადგან როგორც ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს მისცა გარკვეული ჩამონათვალი და ვადა (წლის ბოლომდე), იმისთვის, რომ დაიწყოს ძირეული რეფორმები და ცვლილებები, იმისთვის, რომ მოიპოვოს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი უკრაინის და მოლდოვას მსგავსად.

„არა მარტო სამოქალაქო აქტიურობაა მნიშვნელოვანი, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაც მკვეთრად უნდა იყოს მიმართული ევროპული ღირებულებების შენარჩუნებისკენ და ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ ეს პროცესი დაიწყოს და უფრო დაქარებულად წარიმართოს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ბევრი წელი დაგვჭირდება იმისთვის რომ ის ჩავარდნები რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, გამოვასწოროთ“-ამბობს ნათია აფხაზავა.

შეკრება დასრულდება საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების გაჟღერებით.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 18 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 33 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 465 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 3 573 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 739 ერთეული [+5]
  • MLRS – 233 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 98 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 216 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 180 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 594 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+1]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 513 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 206 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 241 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 343 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 613 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 547 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 2 032 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 687 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]აშშ იძიებს, როგორ მოხვდა ამერიკული ჩიპები რუსულ სამხედრო ტექნიკაში[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რომ არა აშშ-ის ჩართულობა უკრაინაში, იხილავდით ქაოსს ევროპაში – ბაიდენი

Exit mobile version