ნეტგაზეთი • RU

აჭარის მუნიციპალიტეტებმა 34 მილიონი ლარი ვერ აითვისეს – აუდიტი ბიუჯეტის შესრულებაზე

აჭარის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან, 2021 წელს აუთვისებელი დარჩა 34 646 300 ლარი – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

აუდიტის მიხედვით:

  • „მუნიციპალიტეტებისგან წარმოდგენილი ინფორმაციების ანალიზით ირკვევა, რომ ბიუჯეტის აუთვისებლობა ხშირად დაკავშირებულია ტენდერებიდან და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიებთან, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე განისაზღვრება;
  • გარდა ამისა, დაგეგმილი რიგი სახელმწიფო შესყიდვები არ განხორციელდა ან განხორციელდა არაჯეროვნად, ან/და მიმწოდებლები არ ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
  • ასევე, ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დასრულებულია, თუმცა 2021 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არ დაფინანსდა.“

„მიზანშეწონილია ეფექტიანი მონიტორინგი განხორციელდეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადაცემული კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარების დროულად ათვისების მიზნით, გამოკვლეულ იქნეს ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზები და გატარდეს ქმედითი ღონისძიებები.“ – აცხადებს აუდიტი.

შეუსრულებელი პროექტების სანახავად დააწკაპუნეთ აქ
ინფორმაცია რიგი პროექტების შესახებ [ათასი ლარი], რომლებიც 2021 წელს ვერ შესრულდა:

წყარო: აუდიტის მოხსენება

გარდა ამისა, აუდიტის განცხადებით, დაზუსტებული გეგმის შეუსრულებლობის გამო, 2021 წელს არ განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად:

ქვეპროგრამის − „აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების განვითარება“, 2021 წლის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 1 219 900 ლარს. ქვეპროგრამის საკასო ხარჯი კი, არ გაწეულა.

ქვეპროგრამა ითვალისწინებდა ორი ღონისძიების განხორციელებას: „კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავება“, ღირებულებით − 250 ათასი ლარი და „გომარდულის სარეკრეაციო ადგილის ინფრასტრუქტრის განვითარების“ სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით − 969 900 ლარი.

აღნიშნულ შემთხვევებში, დაგეგმილი შესყიდვების მოსამზადებელი ეტაპების არასათანადოდ განხორციელებამ, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობა და შესაბამისად, საბიუჯეტო ასიგნების აუთვისებლობა განაპირობა.

მოპოვებული დოკუმენტაციით, გეგმის შეუსრულებლობის ძირითადი მიზეზი პროგრამებისა და შესყიდვების დაგეგმვა-განხორციელების საქმეში არსებული ხარვეზებია. მაგალითად:

  • „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში აუთვისებელი დარჩა 17 170 400 ლარი. პროგრამის ფარგლებში ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქი“-ავტ.] შენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო არაუგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბერი.

მიმწოდებელმა განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება, შედეგად აუთვისებელი დარჩა მოცულობითი საბიუჯეტო რესურსი. აღსანიშნავია, რომ შესაბამის ხელშეკრულებაში 2022 წლის 13 აპრილს შესული ცვლილებებით სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით;

  • „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 4 644 300 ლარი, რაც ძირითადად შესაბამისი ტენდერების განუხორციელებლობამ განაპირობა. კერძოდ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭოროხის გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე და შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ კარაპეტის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგებით. ამასთანავე, კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაგვიანებით შეასრულეს, რის გამოც ვერ მოხერხდა დადგენილ ვადებში ანაზღაურება;
  • „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამაში კი, აუთვისებელი დარჩა 2 081 300 ლარი, რაც განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებით, ასევე მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებების შეწყვეტით.

პროგრამების შედგენა-შესრულებასთან დაკავშირებით არსებული ნაკლოვანებები ასახულია რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წინა წლის მოხსენებასა და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები, რამაც პროგრამების არაჯეროვანი შესრულება განაპირობა.“

სახელმწიფო აუდიტმა მოხსენება, აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშზე, ორი დღის წინ, 17 ივნისს, გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, „2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მთლიანი მოცულობის 75.8% [248 943 900 ლარი] ხარჯებმა შეადგინა, რაც ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული მაჩვენებლის 83%-ია. ხარჯების საკასო შესრულება კი, 50 869 200 ლარით ჩამორჩება გეგმურ მაჩვენებელს. ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 34 733 400 ლარი“.

„რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული შემოსულობების გეგმური მაჩვენებლები შესრულებულია 94.1%-თ, ხოლო დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებლები − 78.2%-ით, რაც რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემოსულობების შესაბამის კომპონენტებში ფაქტობრივი მონაცემების საფუძვლიანი ანალიზისა და არსებული გამოწვევების სათანადო შეფასების გარეშე განსაზღვრაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსალოდნელ რისკებზე მიუთითებდა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე წარდგენილ დასკვნაში, თუმცა რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული.“ – აცხადებს აუდიტი.

 

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 31 საწარმოდან, 2021 წელს დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ სამ საწარმოს [შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ − 1 330 700 ლარი, შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“ – 121 300 ლარი, შპს „აჭარის ტექნიკური სპეციალისტების მომზადების ცენტრი“ − 27 900 ლარი]

„აღნიშნული საწარმოები, წინა წლებშიც, დივიდენდის საბიუჯეტო გეგმის შესრულებაში ძირითად როლს ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, სათანადოდ არ ხდება საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგებების განხილვა-შეფასება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელება, ბიზნესგეგმების დამტკიცება და ა.შ., რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საწარმოების არაეფექტიან მენეჯმენტს და, შესაბამისად, უარყოფით ფინანსურ შედეგებს.“ – აცხადებს აუდიტი.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, კონტროლის განმახორციელებელი სამინისტროების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არამომგებიან საწარმოებზე, გამოკვლეულ იქნეს მიზეზები და განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის, შემოსავლების ახალი წყაროების მოძიების და ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე მიზანშეწონილია, მაკონტროლებელი სამინისტროების მიერ წარმოდგენილ იქნეს სამოქმედო გეგმა არამომგებიანი საწარმოების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, შერწყმის ან პრივატიზაციის მიმართულებით“.

აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებში სულ გაიხარჯა 49 677 800 ლარი. მათ შორის, „შრომის ანაზღაურებამ“ შეადგინა 37 164 500 ლარი [რაც 157.1 ათასი ლარით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს], ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებამ“ – 12 513 300 ლარი [რაც 1 054 800 ლარით აღემატება 2020 წლის ჩვენებელს].

2021 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ჯამური ხარჯი 1 211 800 ლარით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს / წყარო: აუდიტი

ამავე თემაზე:

უშტატო თანამშრომლებზე აჭარის მთავრობამ საარჩევნო წელს 1 მილიონით მეტი დახარჯა

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com