მთავარი,სიახლეები

ბათუმში TV პირველის ოპერატორს სცემეს

19.06.2022 • 2338
ბათუმში TV პირველის ოპერატორს სცემეს

ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. შემთხვევა დღეს, 19 ივნისს მოხდა. TV პირველის  გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტის თვითმხილველი გახდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა. TV პირველის ეთერში სწორედ ციალა ქათამიძე უნდა ჩართულიყო. ის პირდაპირ ეთერში ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე [ #შინევროპისკენ] სასაუბროდ იყო მიწვეული.

„ბათუმელებს“ ინციდენტის დეტალები ფაქტის თვითმხილველმა, მალხაზ ჭკადუამ უამბო.

„ციალა ქათამიძე ემზადებოდა ტვ პირველის ეთერში ჩასართავად 20 ივნისის აქციის სამზადისთან დაკავშირებით. ვიდექით კოლონადებთან მელიქიშვილის ქუჩაზე. ოპერატორი მარტო იყო თავის შვილებთან ერთად მოსული. კამერასთან იყო გაჩერებული და ემზადებოდა ჩართვისთვის. მე და ციალა 10-15 მეტრის მოშორებით ვიდექით და ვლაპარაკობდით. ამ დროს მოვიდა ორი ახალგაზრდა პარკის სიღრმიდან, რომ დაინახეს ტვ პირველის ლოგო, იკითხეს ტვ პირველი არისო?

კიო – უპასუხეს.

ამის მერე როგორც ჩანს შეიგინეს. ოპერატორი, თემური ადგა და უთხრა როგორ იგინები, ბავშვები არიან აქო.

რას ჰქვია როგორ ვიგინებითო და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ამ ორთან ერთად ეგრევე მოვიდა სამი-ოთხი ბიჭი, ასევე ახალგაზრდები და დაუწყეს ოპერატორს ცემა.

ინსტიქტურად გავემართე მათკენ. დავიწყე გაშველება.

ვყვიროდი – შეურაცხყოფას როგორ აყენებთ ჟურნალისტს, როგორ სცემთ-მეთქი. ახლავე დაანებეთ თავი-მეთქი. ბოლო ხმაზე ვყვიროდი. ამ ყვირილსა და ჩოჩქოლზე მოგროვდა ხალხი და ეს თავდამსხმელები გინებ-გინებით წავიდნენ. ჩვენ იმწუთსვე დავრეკეთ პოლიციაში. ეკიპაჟი მოვიდა. ახლა ვართ პოლიციის განყოფლებაში გამოკითხვაზე. აშკარაა, რომ საქმე ეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას თქმით, ოპერატორის თემურ ზოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ოპერატორს გარეგნული დაზიანება არ ეტყობა.

კანონის მიხედვით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე მოკვლევა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრეროგატივაა. სპეციალურის საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “ბათუმელებს” განუმარტეს, რომ მომხდარ ფაქტზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მთავარი ფოტო: ადგილი, სადაც TV პირველის ოპერატორს სცემეს

©TV პირველი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: