მთავარი,სიახლეები

დამიჯერეთ, უკრაინა გაიმარჯვებს მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე – ვანო ნადირაძე

18.06.2022 • 10151
დამიჯერეთ, უკრაინა გაიმარჯვებს მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე – ვანო ნადირაძე

ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე უკრაინაში მიკოლაევი-ხერსონის ფრონტზე იბრძვის. ამ რეგიონის მთავარი ქალაქი, ხერსონი ომის დაწყების პირველივე დღეებში დაიპყრო რუსულმა არმიამ. ახლა უკრაინის არმია ცდილობს რეგიონი გაწმინდოს ოკუპანტებისგან, ექსპერტების თქმით, ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინა პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღებას მიიღებს. თავად ვანო ნადირაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ძირითადი ომი სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება უკრაინის გამარჯვებით.

  • ბატონო ვანო, ახლა თქვენ ძირითადად სად გიწევთ ბრძოლები, რომელი მიმართულებით?

მიკოლაევი-ხერსონის მიმართულებით ვამაგრებთ ჩვენ პოზიციებს. კონტრშეტევა დაწყებულია, სოფელი-სოფელზე თავისუფლდება. ფაქტობრივად, დასავლეთის მხრიდან ხერსონის შესასვლელამდე, 26 კილომეტრია დარჩენილი. ახლაც ძირითადად საარტილერიო და საავიაციო ბრძოლები მიდის.

  • როგორია დანაკარგები ცოცხალი ძალის, ტექნიკის ამ კვირაში თქვენი შეფასებით?

დანაკარგები იზრდება, როგორც უკრაინის, ასევე რუსების მხრიდანაც. ძალიან ბევრი ჰყავთ ცოცხალი ძალა, ვინც კი ქუჩაში ხვდებათ, მგონი ყველა ფრონტზე მოჰყავთ. საზარბაზნე მასა ჰყავთ მოყვანილი, მაგრამ წინსვლა მაინც არსად არ აქვთ, გარდა სევეროდონეცკისა, სადაც ყველაფერი გადაისროლეს, რომ პუტინისთვის რაღაც ეამებინათ.

  • როგორც ვიცით, ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმი, პაპასნა, სევეროდონეცკის მიმართულებებზე. რას გვეტყვით, რა შეიცვალა ამ კვირაში ბრძოლის ხაზზე?

ჩათვალეთ, რომ სევეროდონეცკი დაკარგული გვაქვს უკვე, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. პატარა ქალაქია, სადღაც 100 ათასი მოსახლით. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს ქალაქი თავიდანვე სეპარატიზმის ბუდე იყო.

რუსებს რაიმე იარაღი თუ გააჩნიათ, ყველაფერი ამ მიმართულებაზე აქვთ გადმოსროლილი. შეფარდება არის 1/10-ზე და უფრო მეტი ადამიანური რესურსი ჰყავთ.

  • ახლა ყველაზე სტრატეგიულად რომელი ქალაქი, მიმართულება მიჩნევა?

ლისიჩანსკი არ უნდა დათმონ, ბახმუტი-ლისიჩანსკის მაგისტრალი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ლისიჩანსკთან ახლოს არსებული პატარა ქალაქები პაპასნას მხრიდან არ მოყვნენ ალყაში.

დღესდღეობით, ყველაზე სტრატეგიულად ეს მიმართულება მიმაჩნია მე. ერთი თვეა თითქმის რუსები ცდილობენ ბახმუტის მაგისტრალზე გამოსვლას და ვერ გამოდიან, საკმაოდ მყარად იცავენ უკრაინელები ამ გზას. ეს გზა თუ დავკარგეთ, ჩათვალეთ, რომ ლისიჩანსკიც დაკარგული გვაქვს. თუმცა ლისიჩანსკის ისეთი სიმაღლე აქვს, რომ არ უნდა დავკარგოთ არცერთ შემთხვევაში.

პაპასნასაც აქვს სიმაღლე, ამიტომ წესით არც ეს უნდა დაგვეკარგა, მაგრამ, სამწუხაროდ, დავკარგეთ ორი თვის წინ. უკრაინის რელიეფიდან გამომდინარე პაპასნა მდებარეობს ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლეზე. ეს საკმაო სიმაღლეა არტილერიისთვის, იგივეა ლისიჩანსკიც.

რუსებს მყარი პოზიციების გამაგრების საშუალებას არ აძლევენ უკრაინელები. 14-ში უნდა დაემთავრებინათ ლუჰანსკის იმ საზღვრებში მოქცევა, რაშიც აღიარებული აქვთ, მაგრამ არ მიეცათ მაგის საშუალება.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ მდინარე სევერო დონეცზე გადმოსვლას ვეღარ ახერხებენ და თვითონ ააფეთქეს სამი ხიდი, უკრაინელები რომ ვერ გადასულიყვნენ. რომელ პოზიციების გამყარებაზეა საუბარი.

სევეროდონეცკი არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი არ არის, ამიტომ დიდი რესურსები არც აქამდე უნდა დახარჯულიყო ამ მიმართულებით.

  • იმ ტერიტორიებიდან, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ დაიკავეს რუსებმა, მაგრამ უკრაინელებმა მოახერხეს მათი გაწმენდა, რომელიმე მიმართულება ხელმეორედ ხომ არ დაუკავებიათ რუსებს, თუ ყველას ინარჩუნებს უკრაინა?

კი, ინარჩუნებენ. ერთადერთი, სევეროდონეცკის მიმართულებაზე აქვთ პატარა „გამარჯვება“, რადგან მთელი ძალები ჰყავთ გადასროლილი. მე მაინც არ ვთვლი ამას რუსების გამარჯვებად, რადგან წინ ვერსად ვერ მიიწევენ.

ხერსონის მიმართულებით კი სოფელს-სოფელზე კარგავენ. სევეროდონეცკი არის ერთი პატარა რიგითი ქალაქი, რუსთავი რომ გვაქვს ჩვენ იმაზე პატარაა, სტრატეგიული მნიშვნელობაც კი არ აქვს.

  • როგორც ვიცით, აზოტის ბუნკერებში ბევრი ადამიანია ჩარჩენილი, საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება მეორე აზოვსტალი განმეორდეს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

ეს არის სევეროდონეცკის ტერიტორიაზე. როგორც ვიცი, ჩარჩენილები არიან მეომრები ქარხნის ბუნკერებში, მაგრამ ბევრი არ არის. სადღაც 300-მდე მებრძოლი შეიძლება იყოს. თუმცა, თუ ისინი ტყვედ აიყვანეს, აზოვსტალელებისგან განსხვავებით, მათ მალე გაცვლიან. ასე ვფიქრობ.

  • ამ კვირაში ისევ გააქტიურდა განცხადებები იარაღის დროულ მოწოდებაზე. როგორი მდგომარეობაა ადგილზე, გაქვთ დასავლური შეიარაღება?

არის ადგილზე პოლონური, მუშაობს ამერიკული „ჰაუბიცები“. როგორც ვიცი, გუშინაც ძალიან დიდი შეიარაღება შემოვიდა: ჯაველინები, სტინგერები, ყველა ელოდება ამერიკული „ჰაიმარსის“ შემოსვლას. უფრო ადრე უნდა შემოსულიყო, მაგრამ დააგვიანეს, მინიმუმ ორი კვირის უკან უნდა შემოსულიყო.

ფრანგული „ზუზანა“ – თვითმავალი ქვემეხები ადგილზეა, მუშაობენ. „ჰარპუნებმა“ დაიწყეს უკვე მუშაობა და გუშინ ერთი გემიც ჩაძირეს.

  • ძირითადად მაინც რუტინული ბრძოლები მიდის, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა თქვენი აზრით?

დამიჯერეთ, უკრაინა გაიმარჯვებს მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე. არასწორი მიდგომა აქვთ რუსებს, როდემდე ეყოფათ ეს არტილერია და ავიაცია? მით უმეტეს ახლა, დასავლურ არტილერიას ნამდვილად ვეღარ დაუპირისპირდებიან.

  • სექტემბერს როცა ამბობთ, აქ გულისხმობთ ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლებასაც, თუ 24 თებერვლის შემდგომ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გაწმენდა გაქვთ მხედველობაში?

ახალ ტერიტორიებსაც ვგულისხმობ და უკვე შიგნით შესვლასაც იმ ძველ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დამიჯერეთ, ჰაიმარსები რომ შემოვა, აუცილებლად მიფრინდება ქერჩის ხიდთანაც. დარწმუნებული ვარ, იმ ხიდზე რაკეტები მალე მიფრინდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: