ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

2.9 მილიონი ლარი ავარიული სახლების გასამაგრებლად ბათუმში

19.06.2022 • 1278
2.9 მილიონი ლარი ავარიული სახლების გასამაგრებლად ბათუმში

ბათუმში ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2 999 973 ლარით გამოაცხადა.

სამუშაოები ეტაპობრივად, სამმართველოს წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა ჩატარდეს – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 7 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 ივლისს დასრულდება.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში კონკრეტულად რომელ მისამართებზე ჩატარდება სამუშაოები, ეს ტექნიკურ პირობებში მითითებული არ არის.

სამუშაოები ბათუმის მერიის „ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში“ განხორციელდება.

პირობის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელია განსაზღვრული.

საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის [ნაკლოვანებები, დეფექტი] აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობების რეკონსტრუქცია ან/და გამაგრება-გაძლიერება] სამუშაოები 4 000 000 ლარის ოდენობით.

მერიის ინფორმაციით, ბათუმში უკვე გამოვლენილია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი 118 სახლი, სადაც 3000-მდე ოჯახი ცხოვრებს. ეს სახლები გამაგრებას არ ექვემდებარება.

ამავე თემაზე:

სიცოცხლისთვის საშიში 118 სახლი ბათუმში – მერიის ხედვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: