მთავარი,სიახლეები

ევროპული მარში ბათუმში – 20 ივნისს, 19:00 საათზე

19.06.2022 • 1304
ევროპული მარში ბათუმში – 20 ივნისს, 19:00 საათზე

20 ივნისს, 19 საათზე, ცენტრალური პარკის შესასვლელიდან ბათუმში ევროპული მარში დაიწყება.

მოქალაქეები ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისაკენ.

საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება და დაადგენს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილი მშვიდობიანი მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ჩვენი ქვეყნის არაერთი თაობის ბრძოლითა და თავგანწირვით გამყარებული სურვილის ასრულებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.

საქართველო იბრუნებს ისტორიულად კუთვნილ ადგილს ევროპულ სივრცეში – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კეთილდღეობასა და სტაბილურ განვითარებას მოუტანს ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს.

ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად, გვაერთიანებს სწრაფვა, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, გვქონდეს ძლიერი, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო.

ამიტომ აუცილებელია, თბილისთან და სხვა ქალაქებთან ერთად, მოქალაქეთა ერთიანი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ მკაფიოდ გამოჩნდეს ბათუმიდანაც – ქალაქიდან, რომელიც, დაარსების დღიდან, ევროპისკენ გაჭრილი ერთ-ერთი მთავარი კარიბჭეა,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: