მთავარი,სიახლეები

რუსეთმა მიიღო უკრაინა, რომელიც დღითიდღე ძლიერდება – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

18.06.2022 • 12399
რუსეთმა მიიღო უკრაინა, რომელიც დღითიდღე ძლიერდება – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„კუნძულ ზმეინთან რუსები ცდილობენ თავიანთი ხომალდები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან დაიცვან და გარკვეულწილად „მასკვას“ როლი შეასრულონ, რომელიც უკრაინელებმა ჩაძირეს“, – დასკვნებს გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. რუსული გემის ჩაძირვამდე კი, უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინთან მიახლოებულ რუს სამხედროებს უთხრეს ცნობილი ფრაზა „რუსკი კარაბლზე“.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსებმა პრაქტიკულად უკვე აიღეს ოპერატიული პაუზა და ძირითადად დაკავებული ტერიტორიების დაცვას ცდილობენ. „ბეტონის ქარხნებიც კი აამუშავეს, რომ გრძელვადიანი თავდაცვითი ნაგებობები მოაწყონ ბეტონით,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ზაპოროჟიეს, ასევე ხერსონის მიმართულებებზე საუბრის დროს.

ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ახლა სამხედრო აღჭურვილობის უკრაინისთვის დროული მიწოდებაა, რომ მან მესამე ეტაპზე ოპერატიული კონტრდარტყმა დაიწყოს. „ეს ალბათ შემოდგომაზე დაიწყება, უფრო სექტემბრისთვისო,“ – ვარაუდობს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, დანაკარგების შეფასებით დავიწყოთ: ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი, ადმირალი ტონი რადაკინი ამბობს, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა სახმელეთო ჯარების დაახლოებით 25 პროცენტი. თქვენ ამბობდით, რომ სამხედრო რესურსების ერთი-მესამედის დაკარგვის შემთხვევაში, თავდასხმა ქვეყანამ ვეღარ უნდა შეძლოს

დიახ, ეს არის ოპერატიულ-ტაქტიკური გათვლები, რომელიც რეალობას ხშირად ახლოს არის ხოლმე. დანაკარგებზე, როგორც წესი, ბრიტანელებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ, როგორც ვიცი, იგივე ჯავშანტექნიკის დანაკარგი არის დაახლოებით 10 პროცენტი. ეს მონაცემები ითვლება საერთო რაოდენობიდან და ცხადია, ახალი თაობის მოდელის დანაკარგები მეტია, რადგან ომის საწყის ეტაპზე ძირითადად ახალ ტექნიკას იყენებდნენ.

დანაკარგების შედეგია ის, რომ შეცვლილია გეგმები და რუსები მხოლოდ ერთ ლოკალურ მიმართულებაზე ახორციელებენ ოპერატიულ ეპიზოდს, რაც გულისხმობს შეტევით მოქმედებას – ეს არის აღმოსავლეთ უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილი – იზიუმი, პოპასნაია, სევეროდნეცკის რაიონებში მიმდინარეობს ახლა ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები. სხვა მიმართულებებზე კი, როგორიცაა ზაპოროჟიე, ხერსონი, რუსები აგრძელებენ მხოლოდ თავდაცვის ორგანიზებას. ჩემი ინფორმაციით, რუსებმა აქ დაიწყეს უკვე ბეტონის ქარხნების ამუშავება, რაც გულისხმობს იმას, რომ აპირებენ გრძელვადიანი თავდაცვითი ნაგებობების მოწყობას ბეტონით, ისინი მესამე ზღუდეებს აწყობენ თავდაცვის ამ მიმართულებაზე.

  • ეთანხმებით ადმირალ ტონი რადაკინის შეფასებას, რომ „რუსეთმა სტრატეგიულად ომი უკვე წააგო“? თუ ეთანხმებით, რას გულისხმობს ეს წაგება?  

რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები, თუმცა რუსეთმა ეს ომის სტრატეგიულად წააგო ომის დაწყებიდან მე-3, მე-4 დღეს. ხომ გვახსოვს, რაც იყო რუსეთის ამოცანები: უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა, აეღოთ მთავარი ქალაქები, დენაციფიკაცია, უკრაინის სამხედრო რესურსების განადგურება და პრორუსი ხელისუფლების უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოყვანა. რუსეთის ამოცანა იყო ასევე ის, რომ ნატო დაჰბრუნებოდა 1997 წლის პერიოდს, ვიდრე ის გაფართოებას დაიწყებდა.

მაგრამ რუსეთმა მიიღო უკრაინა, რომელიც დღითიდღე ძლიერდება, იღებს ახალ შეიარაღებას, ფაქტობრივად გადაიარაღებას ახდენს უკრაინა. ამავე დროს ნატო უფრო მიუახლოვდა რუსეთს: უკვე შვედეთი და ფინეთი ხდებიან ნატოს წევრი ქვეყნები და რუსეთი უდიდეს დარტყმას იღებს.

  • ხშირად ისმის მოწოდებები ნატოს ჩარევაზე და საამისოდ იუგოსლავიის მაგალითს იხსენებენ. რამდენად შეიძლება ამ მაგალითის უკრაინასთან მიმართებაში გამოყენება და მართლა ხომ არ დადგება მომენტი, როცა ნატოს ჩარევა რუსეთ-უკრაინის ომში გარდაუვალი გახდება?

ეჭვი მეპარება ამ ეტაპზე ეს მოხდეს, რადგან ამას სჭირდება ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის მხარდაჭერა. ალბათ, უნდა დაველოდოთ მესამე ეტაპს, რომელიც აუცილებლად იქნება ოპერატიული პაუზის შემდეგ. რუსეთს მანამდე აუცილებლად მოუწევს პაუზის აღება, თუ არ უნდა, რომ დამარცხდეს ოპერატიულ დონეზეც, მას სჭირდება დრო გადაჯგუფებისთვის, გაძლიერებისა და გადაიარაღებისთვის. ამის შემდეგ გამოჩნდება, რა შეიძლება მოხდეს ნატოს-თან მიმართებით. მანამდე ნატო ნამდვილად გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.

  • სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ ანალიტიკოსები, მათ შორის, იმაზე, რომ დონეცკი-ლუგანსკის დაკავების შემდეგ დიდი ალბათობით რუსეთი გადავა თავდაცვაზე, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებს გამოიყენებს ერთგვარ პლაცდარმად და შესაბამისად სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.

ზუსტად ამ ვერსიას ველოდები მეც. რუსებმა განაცხადეს კიდეც და ამჯერად მათი პროპაგანდა ამაზე მუშაობს, რომ მათი ამოცანა იყო ლუგანსკის და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა, დენაციფიკაცია და უკრაინის სამხედრო პოტენციალის განადგურება. რუსები სევეროდონეცკში, შუა ქალაქში ვერ გაჩერდებიან, ეს ოპერატიული ეპიზოდი უნდა მიიყვანონ ბოლომდე. არ ვიცი, შეტევა იქნება თუ არა ლისიჩანსკიზე, მაგრამ ამ ეტაპზე რუსებს დაკავებული აქვთ ლუგანსკის დაახლოებით 85 პროცენტი, დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე კი, ვერ გადიან, ფაქტია. დენაციფიკაციის კუთხით იტყვიან, რომ აი, აზოვის პოლკი ტყვედ ავიყვანეთ, ხოლო სამხედრო პოტენციალის განადგურებაზე მუდმივად ავრცელებენ ცნობებს, რამდენი ათასი დარტყმა განახორციელეს.

რუსები თუ ძალით არ გაიყვანე ამ ტერიტორიიდან, ისინი თავისი ნებით არავითარ შემთხვევაში არ წავლენ.

  • ანუ ამოსავალია სამხედრო აღჭურვილობის დროულად მიწოდება. სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვითქმით, შეიარაღება, რასაც ახლა უკრაინა დასავლეთისგან იღებსზღვაში წვეთია.“ თქვენი დაკვირვებით, რამდენად გაიზარდა უკრაინისთვის კონტრშეტევის შესაძლებლობა?

რა აღჭურვილობაც მიაწოდეს უკრაინას, ეს ნამდვილად არ არის ის რაოდენობა, რომლითაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ოპერატიული კონტრდარტყმისთვის. ეს უფრო არის დანაკარგების შევსება და აღდგენა. პრაქტიკულად „ლენდ-ლიზის“ მიწოდება ჯერ არ დაწყებულა.

  • რატომ ვერ დაიწყო? დამაჯერებელია თქვენთვის მიზეზები, რის გამოც უკრაინას შესაბამის და დაპირებულ აღჭურვილობას ამ დრომდე ვერ აწვდიან, თუ ისევ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, ან იქნებ სამხედრო წრეებში ვერ შემუშავდა ერთიანი პოზიცია?

ობიექტური მიზეზია, მაგალითად, ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რადგან პროცედურებს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამერიკის ნაპირიდან ევროპის ნაპირებამდე მისვლას სჭირდება ორ-ნახევარი, სამი კვირა. ჩემი აზრით, ევროპას უფრო მეტად შეუძლია დაეხმაროს, განსაკუთრებით კი, ეს ეხება გერმანიას და საფრანგეთს. ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალი ამ ქვეყნებს აქვთ. ფაქტია, რომ გერმანია თავს იკავებს, ესპანეთსაც კი არ მისცა ნებართვა, რომ გერმანული წარმოების ტანკები მიეწოდებინა უკრაინისთვის.

გერმანიაში, სხვათა შორის, ოპოზიცია და სამხედრო მრეწველობაც ითხოვს, აღჭურვილობა მიაწოდონ უკრაინას, რადგან არსებობს ეკონომიკური ინტერესები, შეიარაღების გამოცდის ინტერესი, მაგრამ გერმანიამ პოლიტიკურად ეს ვერ გაბედა. საფრანგეთიც სიტყვიერად აცხადებს მხარდაჭერას და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვერ აწვდის.

ფაქტი ისაა, რომ დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება უკრაინას ამ აღჭურვილობის მიწოდებით დახმარება. ოპერატიული დონის კონტრდარტყმისთვის უკრაინას სჭირდება ნატო-ს სტანდარტის აღჭურვილობის მქონე ახალი დანაყოფების შექმნა, რომ გაჩნდეს დარტყმითი შესაძლებლობა. მხოლოდ წვეთოვანი მიწოდებებით უკრაინაში ეს შესაძლებლობა ვერ გაჩნდება.

  • რა ხდება ახლა სევეროდონეცკში და ამ ქალაქში მდებარე აზოტის ქარხანაში?  ცნობილია, რომ ამ ქარხნის სარდაფებს აფარებენ უკვე თავს უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები. შეიძლება, აზოვსტალი განმეორდეს ამ ქალაქშიც?

დიახ, შესაძლოა, აზოვსტალი განმეორდეს. მე, სამწუხაროდ, მხოლოდ პესიმისტური მონაცემები მაქვს.

როგორც იცით, იქ განადგურებულია ხიდებიც, რაც ლისიჩანსკისთან აკავშირებს სევეროდონეცკს, გადარჩენილია ერთი ხიდი ნახევრად, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, იქ მოძრაობა ხდება მხოლოდ ნავებით… გასათვალისწინებელია, რომ აზოტის ეს ქარხანა არაა აზოვსტალი და ის მარაგი, რაც აზოვსტალში იყო, აზოტის ქარხანაში არაა. რეალობა არის ის, რომ სევეროდონეცკი და ეს ქარხანაც მოაქციონ ალყაში და იქნება ცუდი მორალური თვალსაზრისით.  სევეროდონეცკს სხვა მხრივ არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ვიცი, უკრაინამ დაიწყო დანაყოფების გამოყვანა და სამხრეთით ცდილობენ გადასვლას, მაგრამ აზოტის ქარხნიდან რამდენად მოხერხდება გამოსვლა, არ ვიცი.

განსაკუთრებით ცუდი იყო ამ პროცესში უცხოელთა ლეგიონის შიგ მოქცევა. იმედია, უცხოელი მოხალისეები არ ჩავარდებიან ტყვედ, რადგან ეს ძალიან ცუდი იქნება. მინიმუმ შეიძლებოდა, ჩემი აზრით, უცხოელთა ლეგიონის იქიდან დროულად გამოყვანა. იმედი მაქვს, მათ გამოიყვანენ.

მიმაჩნია და წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ უმჯობესი იყო დროულად დაეტოვებინათ სევეროდონეცკი და გამაგრებულიყვნენ ლისიჩანსკიზე, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ნაპირი და მდინარე ყოფს სევეროდონეცკიდან. გასაგებია, უკრაინელები დანაკარგს აყენებენ რუსებს, მაგრამ თვითონაც იღებენ დანაკარგს. რუსებისთვის სევეროდნეცკის აღებას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან იტყვიან, რომ პრაქტიკულად გავიდნენ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, უკრაინელები კი, ისე ღრმად შევიდნენ სევეროდონეცკის დაცვაში, რომ მათთვისაც უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სევეროდონეცკის დაცვას.

არ ვიცი, რაღაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ტყუილად ხალხის ჩახოცვას აზრი არა აქვს.

  • ბრძოლა გრძელდება მელიტოპოლში, ხერსონისთვისაც, უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ უკვე ძალიან ახლოს არიან დაპყრობილ ქალაქთან და ელიან იარაღს მისი გათავისუფლების ოპერაციის წამოსაწყებად. რუსები დიდი ხანია იმყოფებიან ხერსონში და ალბათ კარგადაც მოახერხეს გამაგრება. რამდენად ელით, რომ უკრაინა ამ ქალაქს დაიბრუნებს?

ვფიქრობ, ეს ძალიან ოპტიმისტური განაცხადია. ქალაქს რომ ხედავ, ან მის გარეუბანს, არ ნიშნავს, რომ ახლოს ხარ. მდინარე ინგულეცის გადალახვაც და იქ ერთგვარი პლაცდარმის მოწყობაც შეიძლება გამოყენებული იქნება სამომავლო შეტევისთვის.

რთული ქალაქია ხერსონი, ბევრი ყურეებით… მისი დაცვა უფრო იოლია, ვიდრე გათავისუფლება. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ სერიოზული ნაბიჯი გადადგას უკრაინამ ამ მიმართულებით, თუმცა ეს მცირე შეტევები და კონტრშეტევები ამაღლებს უკრაინელების მორალურ სულისკვეთებას, ასევე ამზადებს პლაცდარმს მომავალი, დიდი შეტევისთვის, რისთვისაც ჯერ არ არიან მზად.

  • კუნძულ ზმეინზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ყველას გვახსოვს „რუსკი კარაბლზე“ ცნობილი გამონათქვამით – ამ არეალში რუსებმა დიდი ოდენობით სამხედრო აღჭურვილობა განათავსეს. თქვენ ამბობდით, რომ ამ კუნძულზე კონტროლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოდესის მიმართულებით. ახლა რა ხდება?

ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსები ცდილობენ დაიცვან თავიანთი ხომალდები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან და გარკვეულწილად „მასკვას“ როლი შეასრულონ, რომელიც უკრაინელებმა ჩაძირეს. მეორე ფაქტია ის, რომ რუსებს ეშინიათ „ჰარპუნების“, რომელიც უკვე გამოჩნდა უკრაინელების შეიარაღებაში, ასევე „ნეპტუნები“ სანაპირო დაცვაში. ამიტომაც, რუსები 200 კილომეტრზე ახლოს ვერ უახლოვდებიან უკრაინის სანაპიროს. ასევე, როგორც ვიცი, სახმელეთო დანადგარები დაამაგრეს გემბანზე, რომ ახლო მანძილზე რაკეტების საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. ეს იცით როგორი აბსურდია და როგორ უსუსურობას აჩვენებს? მანქანას რომ დააყენებ ხომალდზე, იმას თავისი რყევა აქვს ზღვის ღელვისგან. ასე ცდილობენ ისინი აიცილონ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება.

შესაბამისად, იქ ეს აღჭურვილობა კი განათავსეს რუსებმა, მაგრამ ჩანს, რომ სადესანტო ოპერაცია არ იგეგმება. ამიტომაც, უკრაინელებიც ამ ეტაპზე ზმეინს არ აქცევენ ყურადღებას. ჩანს, რომ რუსებს ახალი მიმართულებით შეტევის რესურსი არ აქვთ და ამის სამზადისი არაა.

  • რა ჩანს, რისთვის ემზადებიან ამჯერად რუსები?

რთულია რუსეთზე საუბარი, რას გააკეთებენ. მეგონა, რომ რუსები აქამდეც გავიდოდნენ ოპერატიულ პაუზას, მაგრამ აირჩიეს ბრძოლა ქალაქში და უკრაინელებიც ამ დრომდე არ თმობენ, ხორცსაკეპი მანქანით მიდის მუშაობა ამ ქალაქზე, სტრატეგიულად არაფრის მომცემია ბრძოლა ამ ქალაქისთვის.

ჩემი აზრით, სევეროდონეცკის შემდეგ მცირე ალბათობაა, რომ გაგრძელდეს ბრძოლა სლავიანსკის მიმართულებაზე. უფრო ველოდები, რომ იქნება მცირე შეტევები და გადაადგილება, რომ პოზიციები გაიუმჯობესონ და ფაქტობრივად ოპერატიული პაუზა დაწყებულიც კია, როგორც ხედავთ, მთელი აქტიურობა მხოლოდ ერთ მცირე მონაკვეთზეა გადატანილი.

რუსები უკვე ცდილობენ დანაკარგების შევსებას, ჩანს, რომ ჯერჯერობით მოხალისეებიც ჰყავთ, რეზერვს ავსებენ და ზედა ასაკობრივი ცენზიც მოხსნეს, მხოლოდ ფიზიკური მომზადებიდან გამომდინარე იღებენ ადამიანებს რეზერვში კონტრაქტით. მნიშვნელოვანია, რომ ერთჯერადად კონტრაქტორებს უხდიან ნახევარ მილიონ რუბლს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა რუსეთისთვის, სადაც ბევრ რეგიონში საერთოდ განუვითარებელია ეკონომიკა. ისედაც, რუსეთში საშუალო ხელფასი 30 ათასი რუბლია. რუსეთში ბევრია უმუშევარი და ომში წასვლა შემოსავლის წყაროდაც იქცა.

თუმცა ამ ხალხის გადამზადებას დრო სჭირდება, ამისთვისაც სჭირდება რუსეთს ოპერატიული პაუზა, რომ შემდეგ წინა ხაზებზე გააგზავნონ. ახლა მნიშვნელოვანია, რა მოხდება მესამე ეტაპზე, რისთვის იქნება მზად რუსეთი და უკრაინა თუ იქნება მზად, თავად დაიწყოს კონტრშეტევა. მესამე ეტაპი შემოდგომაზე დაიწყება, დაახლოებით სექტემბრისთვის, ალბათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: