მთავარი,სიახლეები

TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19.06.2022 • 1370
TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, TV პირველის ოპერატორზე, მურმან ზოიძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე, გამოძიება დაიწყო.

„დავიწყეთ გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. დღეს დღის პირველ ნახევარშია ოპერატორი გამოკითხვაზე დაბარებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით TV პირველის ოპერატორის და თვითმხილველების გამოკითხვა მომხდარ ფაქტზე ამჟამად მიმდინარეობს.

„ახლა არიან შესულები გამოკითხვაზე. მხოლოდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც 11 საათზე გასულ საინფორმაციოში ვთქვი, რომ ოპერატორს არავინ დაკავშირებია გამოსაკითხად. კარგახანს იმას არკვევდნენ, ოპერატორს თემური ერქვა თუ მურმანი,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ TV პირველის ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ.

ბათუმში TV პირველის ოპერატორი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. TV პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტს ჰყავდა თვითმხილველები.

ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე განცხადება გაავრცელა მედიის ადვოკატირების კოალიციამ და ხელისუფლებას მოუწოდა საქმე დროულად გამოიძიონ.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან,“- ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ბათუმში TV პირველის ოპერატორს სცემეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: