მთავარი,სიახლეები

20 ივნისს უნდა ისმოდეს ბათუმის ხმა, ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად – მოქალაქეები

18.06.2022 • 1410
20 ივნისს უნდა ისმოდეს ბათუმის ხმა, ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად – მოქალაქეები

ბათუმში, 20 ივნისს, თბილისის პარალელურად გაიმართება აქცია, – #შინევროპისკენ #წინევროპისკენ, რომლის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„გვსურს ბათუმიდან ისმოდეს ხმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული მომავალი. ორშაბათს, 19:00 საათიდან ცენტრალური პარკის კოლონადებთან ველოდებით ადამიანებს ყველა ასაკის, პროფესიის, სამუშაო ადგილის თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად.

ასევე, საჯარო მოხელებს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს,  რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, დიასპორის წევრებს, სტუდენტებს – ყველას, ვისაც სურს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ბათუმის ხმა ხელისუფლებას, ევროპის საბჭოს, დასავლელ მეგობრებს, რომ ბათუმი, როგორც ერთ-ერთ ევროპული ქალაქი იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს შანსი იყოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“-ამბობს ციალა ქათამიძე, „ევროპული მარშის“ ორგანიზატორი.

ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ასევე მიიჩნევს, რომ 20 ივნისს მოქალაქეების ერთად დგომა და მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ევროპული მომავლისთვის.

„ეს გადამწყვეტი მომენტია ჩვენი მომავლისთვის და ერთად უნდა დავდგეთ ამ მომენტშიც განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ განსხვავებული შეხედულებებისა. ერთად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ევროპა არის ჩვენი მომავალი, ჩვენი ყოველდღიურობა და დღევანდელი დღე. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდეთ“-ამბობს ნათია აფხაზავა.

მისი თქმით, მოქალაქეები უფრო მეტად რომ იყვნენ ინფორმირებული, ამიტომ აპირებენ ფლაერები დაარიგონ მოსახლეობაში, სტუდენტებთან და მოუწოდონ რომ შეუერთდნენ აქციას.

20 ივნისს უნდა ისმოდეს ბათუმის ხმა, ჩვენი ევროპული მომავლისთვის – ამბობენ ბათუმელები

აქცია საზოგადოებრივია და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეუერთდეს. აქციაზე გამოფენილი იქნება მხოლოდ საქართველოს და ევროკავშირის სიმბოლიკები, – დროშები, ბუშტები.

მსვლელობა გაიმართება ბათუმის ცენტრალურიდან პარკიდან ევროპის მოედნამდე დროშებით, სადაც იქნება გამოსვლები.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ 20 ივნისის აქცია არ იქნება საკმარისი მიზნის მიღწევისთვის, რადგან როგორც ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს მისცა გარკვეული ჩამონათვალი და ვადა (წლის ბოლომდე), იმისთვის, რომ დაიწყოს ძირეული რეფორმები და ცვლილებები, იმისთვის, რომ მოიპოვოს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი უკრაინის და მოლდოვას მსგავსად.

„არა მარტო სამოქალაქო აქტიურობაა მნიშვნელოვანი, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაც მკვეთრად უნდა იყოს მიმართული ევროპული ღირებულებების შენარჩუნებისკენ და ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ ეს პროცესი დაიწყოს და უფრო დაქარებულად წარიმართოს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ბევრი წელი დაგვჭირდება იმისთვის რომ ის ჩავარდნები რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, გამოვასწოროთ“-ამბობს ნათია აფხაზავა.

შეკრება დასრულდება საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების გაჟღერებით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: